Facebook Twitter

საქმე №ა-324-შ-6-2020 9 მარტი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.გ–ი

წარმომადგენელი - ნ.ა–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე - საბერძნეთის ქალაქ სალონიკის ერთწევრიანი სასამართლოს №2273-2012 გადაწყვეტილება

დავის საგანი - არასრულწლოვან შვილზე მზრუნველობა-მეურვეობის მამისთვის ჩამორთმევა და მამიდისთვის მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საბერძნეთის ქალაქ სალონიკის ერთწევრიანი სასამართლოს მიერ 14.05.2012წ. გამოცხადებული №2273/2012 გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სრულად ჩამოერთვა/წაერთვა მოპასუხე ა.გ–ს (მამის სახელი: მ.) თავის არასრულწლოვან შვილზე, მამრობითი სქესის ბავშვზე მ. გ–ზე, მამის სახელი: ა., დედის სახელი: ი., დაბადებული 29.09.2004 წელს, მშობლის მზრუნველობა-მეურვეობა და იგი მთლიანად მიენიჭა არასრულწლოვანი ბავშვის მამიდას (თავისი მამის დას) ი.გ–ს, მამის სახელი: მ., მცხოვრები სალონიკი.

2. 27.01.2020წ. ი.გ–ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა საბერძნეთის ქალაქ სალონიკის ერთწევრიანი სასამართლოს 29.03.2012წ. გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.02.2020წ. განჩინებით ი.გ–ს დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ ი.გ–ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.02.2020წ. განჩინებით ი.გ–ს ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაეზუსტებინა იმ გადაწყვეტილების მიღების თარიღი, რომლის ცნობასა და აღსრულებასაც მოითხოვდა და წარმოედგინა ცნობა, რომლითაც დადასტურდებოდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.02.2020წ. განჩინება ი.გ–ის წარმომადგენელს - ნ.ა–ძეს პირადად 2020 წლის 4 თებერვალს ჩაბარდა.

7. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 5 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 14 თებერვალს.

8. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.

9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (სუსგ საქმეზე №ა-3772-შ-93-2018, 7 სექტემბერი, 2018 წელი).

10. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი.გ–ის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით, სსსკ-ის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.გ–ის შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე