საქმე №ას-1819-2019 19 თებერვალი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე/მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ქ.კ–ი“ (მოპასუხე/შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“, „მოპასუხე შეგებებული სარჩელში“, „შემსყიდველი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ქ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „შეგებებული მოსარჩელე“, „მიმწოდებელი“) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით, 2014 წლის 27 აპრილიდან 2014 წლის 14 ივლისამდე პერიოდზე, ჯამში 79 913,24 ლარის ოდენობით.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელესა და შპს „თ–ს“ (მისი უფლებამონაცვლეა მოპასუხე) შორის 2014 წლის 10 თებერვალს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №2.9.21/30/31-4 ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა თბილისში, გლდანის, დიდუბის, ნაძალადევის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე №2, №13, №14, №19, №24, №31, №32, №39, №40, №42, №48, №52, №70, №85, №91, №100, №107, №123, №137, №142, №158, №185, №208, №211, №212, სმენადაქვეითებულთა, „ა–ის“, „ა–ის“ და „ი–ის“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გათბობისა და ცხელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 1 011 560 ლარს. სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღით (მიწოდების ბოლო ვადა 2014 წლის 26 აპრილი).
2.2. მოპასუხემ შეასრულა 1 011 560 ლარის ღირებულების სამუშაოები, საიდანაც ვადაში შეასრულა მხოლოდ 870 619,19 ლარის სამუშაოები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრული მოცულობით დასრულდა 2014 წლის 14 ივლისს. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0,1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის 27 აპრილიდან 2014 წლის 14 ივლისის ჩათვლით (ვადაგადაცილება 79 დღე) – ჯამში 79 913,24 ლარის ოდენობით.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2014 წლის 26 აპრილს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით მოპასუხემ 870 619,19 ლარის ნაწილში შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.
3.2. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მითითებას, რომ სამუშაოები დასრულდა 2014 წლის 14 ივლისს. მოპასუხის განმარტებით, მიმწოდებელმა სამუშაოები დაასრულა 2014 წლის 03 ივნისს, რასაც ადასტურებს მის მიერ ექსპერტიზის ბიუროსთვის მიმართვის ფაქტი.
4. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:
მიმწოდებელი შეგებებული სარჩელით ითხოვს შემსყიდველს შესრულებული სამუშაოების ღირებულების ვადაგადაცილებით ანაზღაურების გამო დაეკისროს პირგასამტეხლო ჯამში 47 702,01 ლარის ოდენობით.
5. შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
5.1. 2014 წლის 16 აპრილს მიმწოდებელმა დაასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ძირითადი ნაწილი, რის შესახებაც იმავე დღეს აცნობა შემსყიდველს და მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამუშაოები სრულად ვერ მთავრდებოდა მოპასუხისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. 2014 წლის 26 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი 870 619,19 ლარზე. თანხა შემსყიდველს მიმწოდებლისთვის უნდა გადაეხადა აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში, არაუგვიანეს 2014 წლის 26 მა–ისა. მოპასუხემ 2014 წლის 01 ივლისს, 35 დღის დაგვიანებით გადაიხადა 166 938,82 ლარი.
5.2. 2014 წლის 03 ივნისს მიმწოდებელმა მიმართა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შესრულებული სამუშაოების მოცულობის დასადგენად. 2014 წლის 14 ივლისს გაცემული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და შემსყიდველს გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასურის დარჩენილი ნაწილი - 140 940,8 ლარი. მიმწოდებელმა 2014 წლის 17 ნოემბერს მიმართა შემსყიდველს და შესრულებული სამუშაოს მისაღებად განუსაზღვრა ვადა, რომელიც გავიდა 2014 წლის 27 ნოემბერს. შემსყიდველს 30 კალენდარულ დღეში, 2014 წლის 27 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასურის დარჩენილი ნაწილი - 140 940,8 ლარი, თუმცა შემსყიდველმა ეს თანხა გადაიხადა 297 დღის დაგვიანებით, კერძოდ, 2015 წლის 19 ოქტომბერს.
შეგებებული სარჩელის მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - ჯამში 47 702,01 ლარი.
6. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია:
6.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ დაადასტურა 166 938,82 ლარის 2014 წლის 01 ივლისს გადახდის ფაქტი, თუმცა მიუთითა, რომ ეს გარემოება განაპირობა ფულადი თანხების რესურსის ამოწურვამ, რაც გამორიცხავს შემსყიდველის ბრალს.
6.2. შემსყიდველს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშობოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და არა მიმწოდებლის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. მიღება-ჩაბარების აქტები დათარიღებულია 2015 წლის 21 მა–ით, შესაბამისად, 140 940,8 ლარი შემსყიდველს უნდა გადაეხადა 2015 წლის 21 ივნისამდე. ამასთან, ამ დროისთვის ანგარიშსწორება ვერ მოხდა, რადგან ანგარიშსწორება 2014 წლის ბიუჯეტის სახსრებით იყო გათვალისწინებული და არა 2015 წლის ბიუჯეტით.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1.1. მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 39 956,62 ლარის გადახდა.
2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი:
2.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლოს 11 377,67 ლარის ოდენობით გადახდა (აქედან 2014 წლის 27 მა–იდან 2014 წლის 01 ივლისამდე გადახდის ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლო განისაზღვრა 2921,27 ლარით; ხოლო 2015 წლის 22 ივნისიდან 2015 წლის 19 ოქტომბრამდე 120 დღიანი ვადაგადაცილებისთვის დარიცხული პირგასამტეხლო დადგინდა 8 454,4 ლარით (ტ.3, ს.ფ.519)).
გადაწყვეტილება ორივე მხარის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
3. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
4. შეგებებულ სარჩელის მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 20,929.70 ლარის ოდენობით.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის მოპასუხისთვის 2921 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად (სარეზოლუციო ნაწილის 2.1. პუნქტის შემადგენელი თანხა).
6. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
7. მოპასუხეს დაეკისრა 4482,17 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
8.1. პალატამ აღნიშნა, რომ დავა გამომდინარეობს ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან და მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გათბობისა და ცხელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა ღირებულება 1 011 560,00 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა იყო 2014 წლის 26 აპრილი. ანგარიშსწორება მოხდებოდა 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის სახსრებით ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში. სამუშაოების შესრულების ვადის, ასევე ანგარიშსწორების ვადის გადაცილებისთვის, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო.
8.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ შესრულების ვადები დაარღვია ორივე მხარემ. სააპელაციო საჩივრით სადავო იყო გამხდარი როგორც სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილების, ისე ანგარიშსწორების (140 940, 80 ლარის ნაწილში) ვადაგადაცილების პერიოდები.
8.3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა შეგებებული მოსარჩელის სააპელაციო პრეტენზია და მიიჩნია, რომ შემსყიდველის მიერ შესრულების საფასურის -140 940, 80 ლარის გადახდის ვადაგადაცილების პერიოდად უნდა განისაზღვროს 2014 წლის 27 დეკემბრიდან 2015 წლის 19 ოქტომბრამდე მონაკვეთი. პალატის ასეთი დასკვნა შემდეგ გარემოებებს ემყარება:
8.3.1. სადავო არ არის გარემოება, რომ მიმწოდებელმა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, შესრულებული სამუშაოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმართა 2014 წლის 03 ივნისს, ხოლო შესაბამისი საექსპერტო დასკვნა გაიცა 2014 წლის 14 ივლისს.
8.3.2. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა მიღება-ჩაბარების აქტები და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც დასტურდებოდა შესრულებული სამუშაოს მოცულობა 1 011 560 ლარის ოდენობით, ხელმოსაწერად წარუდგინა 2014 წლის 22 აგვისტოს (ტ.3., ს.ფ. 95). აღნიშნულზე მოსარჩელემ 2014 წლის 1 ოქტომბრის წერილით შეატყობინა, რომ მერიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო საჭირო იყო დაკორექტირებული მიღება-ჩაბარების აქტების წარმოდგენა (ტ.3, ს.ფ. 93).
8.3.3. მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, დაკორექტირებული მიღება-ჩაბარების აქტები წარადგინა 2014 წლის 8 ოქტომბერს, თუმცა შესრულების დადასტურება ისევ ვერ მიიღო. უფრო მეტიც, 8 ოქტომბრის მიმართვაზე შემსყიდველს რეაგირება არ მოუხდენია, რის გამოც მიმწოდებელმა 2014 წლის 22 ოქტომბერს კვლავ მიმართა წერილით და შესრულების მიუღებლობის მიზეზების განმარტება ითხოვა. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 5 ნოემბრის შეტყობინებით დგინდება, რომ შემსყიდველმა მოითხოვა თითოეული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მიხედვით ფორმა N2-ების წარდგენა ცალ-ცალკე ნაზარდი ჯამით, ასევე შესრულებული აქტის ნაერთი ფორმა N2-ის წარდგენა ნაზარდი ჯამით (ტ.3, ს.ფ. 97).
8.3.4. იმ საფუძვლით, რომ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება არ გამომდინარეობდა არც კანონმდებლობიდან და არც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან, 2014 წლის 17 ნოემბერს მიმწოდებელმა წერილით მიმართა შემსყიდველს და შესრულებული სამუშაოს მისაღებად 2014 წლის 27 ნოემბრამდე განუსაზღვრა ვადა, რაზედაც შემსყიდველს კვლავ არ ჰქონდა რეაგირება (აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის).
8.3.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლზე, ასევე, ამავე კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისთვის. აღნიშნული სტანდარტის დაცვის შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.
8.3.6. სადავო არ არის, რომ შემსყიდველმა საბოლოოდ, 2015 წლის 21 მა–ს სამუშაოების შესრულება დაადასტურა ზუსტად იმ მოცემულობით, რაც 2014 წლის 14 ივლისის ექსპერტიზის დასკვნით იყო დადასტურებული. ასეთ ვითარებაში შემსყიდველს წარმოეშვა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, თუ რა გონივრული და ობიექტური გამართლება ჰქონდა მისი მხრიდან შესრულებული სამუშაოების 2015 წლის 21 მა–ის მდგომარეობით დადასტურებას მაშინ, როდესაც სწორედ ასეთ დადასტურებას უკავშირდებოდა კონტრაჰენტის მნიშვნელოვანი ფინანსური ინტერესი (ხელშეკრულების მიხედვით, შესრულების საფასურის გადახდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერის შემდგომ უნდა განხორციელებულიყო). სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შემსყიდველის მიერ ასეთ გარემოებად საბიუჯეტო რესურსების ამოწურვაზე მითითება არაკვალიფიციურ შედავებას წარმოადგენდა.
8.3.7. მოსარჩელის ქმედება, მათ შორის, იმ ნაწილში, რომლითაც მან რეაგირების გარეშე დატოვა მოპასუხის 2014 წლის 17 ნოემბრის წერილი (რომლითაც მხარე მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერას ითხოვდა), ეწინააღმდეგება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულების, ასევე, ერთმანეთის უფლებებისადმი და მოვალეობებისადმი პატივისცემით მოპყრობის სტანდარტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ საფუძვლიანია მოპასუხის (შეგებებული მოსარჩელის) სააპელაციო პრეტენზია, რომ მოსარჩელის (შეგებებული სარჩელის მოპასუხის) მიერ შესრულებული სამუშაოს დარჩენილი საფასურის ანგარიშსწორებისთვის დადგენილი ვადის გადაცილების ათვლის მომენტად უნდა განისაზღვროს არა 2015 წლის 22 ივნისი (მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერიდან 30-ე დღე), არამედ 2014 წლის 28 დეკემბერი (2014 წლის 17 ნოემბრის წერილზე რეაგირებისთვის დადგენილი 10-დღიანი ვადის ამოწურვიდან 30-ე დღე).
8.3.8. დადგენილია, რომ შემსყიდველმა 140 940, 80 ლარი მიმწოდებელს ჩაურიცხა 2015 წლის 19 ოქტომბერს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა მოხდეს 2014 წლის 27 დეკემბრიდან 2015 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდზე (297 დღე), 140 940, 80 ლარის 0,05%-ის ოდენობით, რაც 20 929,59 ლარს შეადგენს. (მოპასუხის სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავოდ არ არის გამხდარი იმ ნაწილში, რომლითაც პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა და ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,05%-ით განისაზღვრა).
8.3.9. სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა მოპასუხის სააპელაციო პრეტენზია იმ ნაწილში, რომ მის მიერ შესასრულებელი სამუშაოები სრული მოცულობით დასრულდა არა 2014 წლის 14 ივლისს (საექსპერტო დასკვნის გაცემის თარიღი), არამედ 2014 წლის 03 ივნისს, რაც დასტურდება მოპასუხის მიერ ექსპერტიზის ბიუროსათვის მიმართვის ფაქტით. სააპელაციო პალატამ მთლიანი სამუშაოების დასრულების თარიღად 2014 წლის 3 ივნისის განსაზღვრისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტების თანახმად, შემსყიდველმა 2015 წლის 21 მა–ის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით შესრულება ჩაიბარა ზუსტად იმ სახითა და მოცულობით, რაც მოპასუხეს 2014 წლის 3 ივნისის მდგომარეობით ჰქონდა შესრულებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმწოდებლის მხრიდან სახეზეა 38 დღიანი ვადაგადაცილება (2014 წლის 26 აპრილიდან 2014 წლის 3 ივნისამდე).
8.4. პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების დავალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (სუსგ. №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა შეცვლილიყო პირგასამტეხლოს დაანგარიშების პრინციპი და პირგასამტეხლო უნდა დარიცხვოდა არა მთლიან სახელშეკრულებო თანხას, არამედ, მხოლოდ შეუსრულებელ ვალდებულებას.
8.5. მოპასუხის 2015 წლის 9 ივნისის წერილის საფუძველზე პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 27 აპრილიდან 3 ივნისის ჩათვლით, მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების ღირებულება 117 951.90 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაკისრებოდა მხოლოდ შეუსრულებელი ვალდებულების (117 951.90 ლარის) ღირებულების 0.1%, რაც 4482,17 ლარს შეადგენს. სარჩელის პრეტენზია, პირგასამტეხლოს სახით 0.1%-ის განსაზღვრასთან დაკავშირებით იყო გონივრული, რადგან შეიცვალა თავად პირგასამტეხლოს დასარიცხი თანხის ოდენობა და ნაცვლად 1 011 560,00 ლარისა, იგი დაერიცხა მხოლოდ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობას -117 951.90 ლარს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის პრეტენზიით, დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, სახელდობრ:
9.1. უსწოროა სასამართლოს მსჯელობა, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო, არამედ მხარის მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %, თუკი ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლო შეადგენს ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0.1 %-ს. ამდენად, გამიჯნულია, ერთი მხრივ, მთლიანი ვალდებულების შეუსრულებლობა/არაჯეროვანი შესრულება/შესრულების ვადის გადაცილება, ხოლო მეორე მხრივ, ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობა. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა სრულად, თუმცა ვადის გადაცილებით, შესაბამისად, მხარეს პირგასამტეხლო დაეკისრა სწორედ ვადის გადაცილებისთვის. სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს. მხარეები უფლებამოსილი არიან, თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების პირობები. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისთვის ხელშეკრულების დადებისას ცნობილი იყო ხელშეკრულების პირობები, რასაც იგი დაეთანხმა და სადავოდ არ გაუხდია.
9.2. სააპელაციო სასამართლომ სამუშაოების დასრულების ვადად მიიჩნია არა 2014 წლის 14 ივლისი (საექსპერტო დასკვნის გაცემის თარიღი), არამედ 2014 წლის 3 ივნისი (მოპასუხის მიერ ექსპერტიზის ბიუროსთვის მიმართვის თარიღი). უსწოროა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სამუშაოები დასრულდა 2014 წლის 3 ივნისს. ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) მიიჩნევა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით ცალსახად დასტურდება, რომ სამუშაოები დასრულდა 2014 წლის 14 ივლისს. ვინაიდან მხარემ დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა, მხარეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 2014 წლის 27 აპრილიდან 2014 წლის 14 ივლისის ჩათვლით პერიოდზე (ვადაგადაცილება 79 დღე) და არა მხოლოდ 38 დღეზე.
9.3. რაც შეეხება საკასაციო საჩივარს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერებაზე, კასატორის განმარტებით, 166 938.82 ლარის 2014 წლის პირველ ივლისს ჩარიცხვა განაპირობა მეორე კვარტალში შესაბამის ეკონომიკურ მუხლში (,,სხვადასხვა კაპიტალური ხარჯები“) რესურსის ამოწურვამ (ცვლილება შევიდა 2014 წლის 19 ივნისს), რაც გამორიცხავს კასატორის ბრალს. აღსანიშნავია, რომ თანხის ნაწილი - 303 680.37 ლარი - ანაზღაურდა ვადის დაცვით, კერძოდ, 2014 წლის 19 მა–ს, რაც ადასტურებს, რომ შემსყიდველის მიზანი არ ყოფილა ხელშეკრულების პირობების დარღვევა და შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულებისათვის თავის არიდება.
140 940,80 ლარის 2015 წლის 19 ოქტომბერს ჩარიცხვასთან მიმართებით კასატორი განმარტავს, რომ ხელშეკრულების 8.2 პუნქტიდან გამომდინარე, ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო 2014 წლის თბილისის ბიუჯეტის სახსრებით, რაც შეუძლებელი იყო, ვინაიდან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები დათარიღებულია 2015 წლის 21 მა–ით. 2015 წლის ბიუჯეტით აღარ იყო გათვალისწინებული სამუშაოების დასაფინანსებელი პროგრამა (ასიგნება) და საჭირო გახდა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებლად.
9.4. არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, თუმცა არსებობის შემთხვევაშიც, ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა 2014 წლის 27 დეკემბრიდან, არამედ 2015 წლის 21 ივნისიდან. 2015 წლის 21 მა–ს გაფორმდა N2, N3 და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები. ვინაიდან მიღება-ჩაბარების აქტები დათარიღებულია 2015 წლის 21 მა–ით, ერთ თვიანი ვადა აითვლება სწორედ აღნიშნული თარიღიდან.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებებს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთი ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ 08.04.2016წ., საქმეზე #ას-1053-993-2015; ასევე სუსგ 06.05.2015წ. საქმეზე #ას-1158-1104-2014).
14. კასატორი პრეტენზიას აცხადებს გადაწყვეტილებაზე იმ კუთხით, რომ მისი სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო დაანგარიშდა არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან, კერძოდ, 117 951.90 ლარიდან. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (სუსგ 28.07.2016წ., საქმეზე Nას-164-160-2016; ას-971-2019, 28.10.2019წ.).
15. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მიმწოდებელს სამუშაოები შესრულებული ჰქონდა 2014 წლის 3 ივნისს, როდესაც მან მიმართა საექსპერტო დაწესებულებას (სამუშაოს დასრულების დროის განსაზღვრის საკითხზე ასევე, იხ.: სუსგ 12.11.2018წ. საქმეზე Nას-948-2018). ამასთან, მითითებული გარემოების დადგენისას განმსაზღვრელია ის ფაქტორი, რომ შემსყიდველმა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით შესრულება ჩაიბარა ზუსტად იმ სახით და მოცულობით, რაც მიმწოდებელმა 2014 წლის 3 ივნისის მდგომარეობით შეასრულა. მითითებულ გარემოებაზე დასაბუთებულ შედავებას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად დაიანგარიშა ვადაგადაცილების ხანგრძლივობა.
16. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებასა და შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით დადასტურებასთან დაკავშირებით, პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი არცერთი ნორმის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება კონკრეტულ დროს ვალდებულების შესრულება, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ ვადაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლად ან/და ვადაგადაცილებით შესრულებულად მიჩნევას (შდრ. სუსგ. #ას-323-307-2011, 01.12.2011წ.; #ას-939-879-2017, 29.09.2017წ.).
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კეთილსინდისიერება, როგორც სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, გულისხმობს კეთილსინდისიერებას ობიექტური გაგებით. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობას და სიმყარეს (იხ.:სუსგ 18.11.2015წ. საქმეზე №ას-549-521-2015).
კეთილსინდისიერება გამოხატავს სამოქალაქო ბრუნვაში, ე.ი. უფლებათა შეძენის, განხორციელების, დაცვის, ასევე, ვალდებულებათა შესრულებისას, სამართლის სუბიექტის ზნეობრივად მოქმედების შესახებ საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ წარმოდგენებს. ყოველი პირი უფლების განხორციელებისა თუ ვალდებულების შესრულების დროს უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთ უფლებები და მოვალეობები. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ შემსყიდველის მხრიდან მიმწოდებლის 2014 წლის 17 ნოემბრის წერილის რეაგირების გარეშე დატოვება, რომლითაც მხარე სამუშაოს მიღებას - მიღება-ჩაბარების აქტებზე ხელმოწერას ითხოვდა, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მიმართ კეთილსინდისიერი დამოკიდებულების, ასევე, ერთმანეთის უფლებებისადმი და მოვალეობებისადმი პატივისცემით მოპყრობის სტანდარტს. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა საბოლოოდ, 2015 წლის 21 მა–ს, სამუშაოების შესრულება დაადასტურა ზუსტად იმ მოცემულობით, რაც 2014 წლის 14 ივლისის ექსპერტიზის დასკვნით იყო დადასტურებული. ასეთ ვითარებაში გაზიარებული უნდა იქნეს მსჯელობა, რომ შემსყიდველს წარმოეშვა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, თუ რა გონივრული და ობიექტური გამართლება ჰქონდა მისი მხრიდან შესრულებული სამუშაოების 2015 წლის 21 მა–ის მდგომარეობით დადასტურებას. პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას, რომ ასეთ გარემოებად საბიუჯეტო რესურსების ამოწურვაზე მითითება არაკვალიფიციურ შედავებას წარმოადგენს. იმ პირობებში, როდესაც დგინდება სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების და ამ შესრულების სანაცვლოდ შესაბამისი ანაზღაურების გაცემაზე ვადამოსული ვალდებულების არსებობის ფაქტი, ადმინისტრაციული ორგანოს მითითება საბიუჯეტო რესურსის ამოწურვაზე და შესაბამისი რესურსის მოსაძიებლად გარკვეული ღონისძიებების აუცილებლობაზე, ვერ შეფასდება ვალდებულების შეუსრულებლობაში კონტრაჰენტი მხარის ბრალის გამომრიცხველ გარემოებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი
პაატა ქათამაძე