Facebook Twitter

საქმე №ას-1073-2019 30 ოქტომბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – მ.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ჯ.ე.ე.ჯ–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2018 წლის 20 მარტს შპს „ჯ.ე.ე.ჯ–მა“ (შემდეგში - შპს, მოსარჩელე) სარჩელი აღძრა მ.ბ–ის, ა.ბ–ის, ზ.ჯ–ძის, ო.ჯ–ძის, ნ.ჯ–ძისა და ა.ბ–ის (შემდეგში - მოპასუხეები, აპელანტები) წინააღმდეგ და მოითხოვა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული თბილისში, ...... (ნაკვეთი ...) N1 სართულზე მდებარე ბინა N3-ის (ს/კ N.....) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

- სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და მესაკუთრეს გამოთავისუფლებული გადაეცა;

- გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ მოსარჩელეს უარი ეთქვა.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით, კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო, აპელანტთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5. აღნიშნული განჩინება მ.ბ–მა (შემდეგში - კერძო საჩივრის ავტორი) კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მისი გაუქმება მოითხოვა.

5.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მას პირადად არ ჩაჰბარებია. გზავნილი ჩაიბარა მისმა შვილმა - ო.ჯ–ძემ, რომელთანაც, ოჯახური პრობლემების გამო, არ აქვს ურთიერთობა ერთ წელზე მეტია. ამ უკანასკნელმა დაგვიანებით გადასცა კერძო საჩივრის ავტორს გზავნილი, თორემ თავად გადაცემიდან 7 დღეში წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

5.2. სასამართლომ არ შეისწავლა, ვინ და როდის ჩაიბარა გადაწყვეტილება. დანარჩენი მოპასუხეები არც სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ და დღემდე არც გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებიათ. შესაბამისად, რომ არ დაირღვეს მოპასუხეთა უფლება, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სააპელაციო სასამართლომ საქმე არსებითად განიხილოს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.

7. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ისაა, რომ მისი სააპელაციო საჩივარი სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია.

8. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

9. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასამართლოს გზავნილი მოპასუხეებს მათ მიერ მითითებულ მისამართზე არ ჰბარდებოდათ, რის გამოც სასამართლომ გზავნილის ჩაბარება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამმართველოს, რომლის მეშვეობითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილება 2018 წლის 14 დეკემბერს ჩაიბარა ერთ-ერთმა მოპასუხემ - ო.ჯ–ძემ. ეს უკანასკნელი დანარჩენ მოპასუხეთა, მათ შორის - კერძო საჩივრის ავტორის ოჯახის წევრია.

10. ვინაიდან დადგენილია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი, რომელიც გაიგზავნა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, ჩაჰბარდა აპელანტის ოჯახის წევრს - შვილს, მიიჩნევა, რომ გზავნილი ჩაიბარა სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა – ადრესატის ოჯახის წევრმა. შესაბამისად, გზავნილი მოპასუხისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის შედავება, რომ გადაწყვეტილება მას პირადად არ ჩაჰბარებია, დაუსაბუთებელია.

11. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ, თუ მხარის მიერ დასახელებულ მისამართზე სასამართლო კორესპონდენციის გაგზავნისას ადრესატი საცხოვრებელ ადგილას დროებით არ იმყოფება და ამავე მისამართზე მყოფი პირი მიუთითებს, რომ მხარის ოჯახის ქმედუნარიანი წევრია, სასამართლო გზავნილს მხარის ოჯახის წევრისათვის ჩაბარებულად მიიჩნევს, რაც თავად მხარისათვის გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევას უთანაბრდება. აღნიშნულის საწინააღმდეგო გარემოების დადასტურება კი, თავად მხარეს ევალება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

12. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ისაა, რომ მას ერთი წელია შვილთან აღარ აქვს ურთიერთობა ოჯახური კოფლიქტის გამო. ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, ჯერ ერთი, აპელანტის შვილმა გადაწყვეტილება სწორედ იმ მისამართზე ჩაიბარა, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობს და, მეორეც, თავად აპელანტის განმარტებით, შვილმა მას გადასცა სასამართლო გზავნილი. მითითებული გზავნილის დაგვიანებით გადაცემა (თუკი მართლაც ასე მოხდა), გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევისათვის არაარსებითია, ვინაიდან კანონის თანახმად, გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნევა სწორედ ოჯახის წევრისათვის გადაცემის მომენტიდან, მიუხედავად იმისა, გადასცეს თუ არა ის ადრესატს.

13. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

14. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 15 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 28 დეკემბერს. სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 2019 წლის 9 იანვარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი, როგორც კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარდგენილი, მართებულად დატოვა განუხილველად (შდრ. სუსგ №ას-581-552-2015, 20.07.2015 წელი; №ას-119-119-2018, 30.03.2018 წელი; საქმე №ას-1959-2018, 19.04.2019 წელი).

15. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არშეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი