№ას-1775-2018 31 ოქტომბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ა(ა)იპ „ბ.ს.ბ.გ–ა“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ს.ფ–ა“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2015 წლის 3 თებერვალს შპს „ს.ფ–ასა“ (შემდეგში - ფოსტა, მოპასუხე) და ააიპ „ბ.ს.ბ.გ–ას“ (შემდეგში - ააიპი, შემკვეთი, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) შორის დაიდო საფოსტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (N37/15/6004), რომლის მიხედვით, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ფოსტამ იკისრა საფოსტო მომსახურების გაწევის ვალდებულება ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების პროდუქტების ფარგლებში. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბრამდე.
2. ხელშეკრულების დანართის (1.7 პუნქტის) მიხედვით, საფოსტო მომსახურების მიღების მიზნით, შემკვეთის მიერ საფოსტო გზავნილის ფოსტისათვის გადაცემა დასტურდება გზავნილის შესაბამის რეესტრში რეგისტრაციისა და მაიდენტიფიცირებელი ნომრის მინიჭებით, რის შემდეგაც საფოსტო გზავნილი მიიჩნევა რეგისტრირებულად (შეკვეთილად). დანართის (2.2.1 პუნქტის) თანახმადვე, ფოსტა ვალდებულია, საფოსტო გზავნილი პირველად მიიტანოს მომსახურების მიღების ჩვეული რეჟიმის შემთხვევაში - 72 საათის განმავლობაში, საფოსტო გზავნილი მიღების სწრაფი (დაჩქარებული) რეჟიმის შემთხვევაში - 24 საათის განმავლობაში.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ჯ.ა.ს.ჯ–ის“ (შემდეგში - შპს) სარჩელი (ააიპის დირექტორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტისა და შპს-სათვის პირგასამტეხლოს სახით 32 599.75 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე), ააიპის მიმართ არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს-მ. მითითებულ საქმეზე ააიპიმ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შესაგებელი, რომელიც ადრესატს 2015 წლის 18 აგვისტოს ჩაჰბარდა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ააიპის მიერ წარდგენილი სააპელაციო შესაგებელი, საპროცესო ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველად, ხოლო შპს-ს სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და გასაჩივრებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 19 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N98 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და შპს-სათვის პირგასამტეხლოს - 32 599.75 ლარის დაკისრების თაობაზე ააიპ-ის 2014 წლის 23 ივნისის N27 ბრძანება.
5. 2016 წლის 19 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 32 599.00 ლარის დაკისრების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ ფოსტამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, მოსარჩელის საფოსტო გზავნილი ადრესატს - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაგვიანებით გაუგზავნა, კერძოდ, მოსარჩელემ ფოსტას შესაგებელი 2015 წლის 11 აგვისტოს, ამ უკანასკნელმა კი - გზავნილი ადრესატს 2015 წლის 18 აგვისტოს ჩააბარა, რამაც განაპირობა ააიპის წინააღმდეგ, 32 599.00 ლარის მატერიალური ზიანის მომტანი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.
6. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი მითითებით, ფოსტას ვალდებულება არ დაურღვევია. გზავნილი, რომელიც მას 2015 წლის 17 ოქტომბერს გადაეცა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გაუგზავნა ადრესატს.
7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი, არ დაკმაყოფილდა; დავის მოსაწესრიგებლად, სასამართლომ სსკ-ის 629.1, 394.1, 411-412 მუხლები გამოიყენა.
8. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულების წარდგენა, კერძოდ, მტკიცებულების, რომელიც დაადასტურებდა, რომ ააიპიმ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსათვის გასაგზავნი შესაგებელი ფოსტას ჩააბარა 2015 წლის 11 აგვისტოს, ამ უკანასკნელმა კი, გზავნილი ფოსტის რეესტრში 17 აგვისტოს დაარეგისტრირა.
10. აღნიშნული განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
10.1. კასატორის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. მისივე მტკიცებით, ხელშეკრულებითა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადასტურებულია, რომ ზიანი გამოიწვია ფოსტის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევამ.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
14. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
16. მოსარჩელის მოთხოვნა სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
17. პალატა მიუთითებს, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება დაარღვია, მოსარჩელეს ეკისრება (სსსკ-ის 4.1. და 102.1 მუხლები), რომელმაც სათანადო მტკიცებულებით მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების - გზავნილის მოპასუხისათვის 2015 წლის 11 აგვისტოს გადაცემის ფაქტის დამტკიცება ვერ შეძლო. შესაბამისად, ვერ დადასტურდა ამ უკანასკნელის მიერ გზავნილის გადაცემიდან 72 საათის შემდეგ გაგზავნის ფაქტი. ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება ვერ დაედება საფუძვლად სარჩელით მოთხოვნილი ზიანის მოპასუხისათვის დაკისრებას. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ შემკვეთის სარჩელი უსაფუძვლოა.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-115-2019, 17.07.2019; Nას-589-589-2018, 6.07.2018).
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
21. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ „ბ.ს.ბ.გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე