Facebook Twitter

საქმე №ას-43-2020 28 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი - დ.ა–ძე (განმცხადებელი)

II საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.კ–ძე (მხარდაჭერის მიმღები პირი)

წარმომადგენელი - ე.ტ–ძე

მესამე პირი - სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით განცხადების სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – მხარდაჭერის ფარგლების განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით დ.ა–ძის განცხადება მ.კ–ძის მხარდამჭერად ცნობისა და მხარდაჭერის ფარგლების განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ.ა–ძემ და მ.კ–ძის წარმომადგენელმა ე.ტ–ძემ, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით განცხადების სრულად დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებით დ.ა–ძისა და მ.კ–ძის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე დ.ა–ძემ და მ.კ–ძემ შეიტანეს საკასაციო საჩივრები, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით დ.ა–ძისა და მ.კ–ძის წარმომადგენლის, ე.ტ–ძის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2020 წლის 18 თებერვალს დ.ა–ძისა და მ.კ–ძის წარმომადგენლმა, ე.ტ–ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა მ.კ–ძის გარდაცვალების მოწმობა და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა სსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ პუქნტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრების ავტორების წარმომადგენლის განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი ითვალისწინებს საპროცესო უფლებამონაცვლეობის შესაძლებლობას პროცესის ყოველ სტადიაზე. (იხ. შ. ქურდაძე /ნ. ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბილისი, 2015, 168). უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა. (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, 137.) საპროცესო უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი საფუძველია მოქალაქის გარდაცვალება. საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად დამოკიდებულია მატერიალურ სამართალზე. თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დაუშვებელია, მაშინ დაუშვებელია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც (სუსგ №ას-54-53-2014, 30.04.2015).

სსსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ პუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

კანონის მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საპროცესო უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირიდან მეორე პირზე. საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეებისა და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვდა განცხადების დაკმაყოფილებას იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა უძრავი ქონების განკარგვის ნაწილში მხარდაჭერის დანიშვნის თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36315-ის 1-ლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს პირის მხარდაჭერის საჭიროება მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით. ამ ნორმათა შესაბამისად, ამა თუ იმ, სფეროში მხარდაჭერის დასანიშნად მხარდაჭერის მიმღების ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხის დადგენა საკმარისი არ არის. პირის მხარდაჭერის საკითხის გადაწყვეტის დროს უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნას მხარდასაჭერი პირის ნება, ინტერესი და საჭიროება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13041-ე მუხლის მიხედვით, მხარდაჭერა შეწყდება, თუ მხარდაჭერის მიმღები გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, ვერც მის მემკვიდრეებზე გადავა რაიმე სახის უფლება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.

სსსკ-ის 187.2 მუხლის მიხედვით, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). აქედან გამომდინარე, დ.ა–ძისა და მ.კ–ძის წარმომადგენლის, ე.ტ–ძის საკასაციო საჩივრებზე საქმისწარმოება უნდა შეწყდეს, სსსკ-ის 272-ე მუხლის „ე“ პუნქტის საფუძველზე.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო უნდა გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92, 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ.ა–ძისა და მ.კ–ძის წარმომადგენლის, ე.ტ–ძის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. დ.ა–ძისა და მ.კ–ძის წარმომადგენლის, ე.ტ–ძის საკასაციო საჩივრებზე შეწყდეს საქმის წარმოება;

3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება;

4. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

ვ. კაკაბაძე