№ ას-52-2020 20 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე ლევან მიქაბერიძე,
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ.ტ.პ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „რ.ტ.პ–ი“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია, შემნახველი, აპელანტი) წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონაში მომსახურე ორგანიზაციას, რომელიც მის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვას.
2. შემოსავლების სამსახურის მიერ 2013 წლის 13 მარტს გამოცემულ იქნა ბრძანება მოსარჩელისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 231-ე მუხლის მე-5 ნაწილის და 2011 წლის 5 იანვრის საქართველოს მთავრობის #9 დადგენილებით დამტკიცებული „საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესების შესახებ“ ინსტრუქციის მე-8 მუხლისა და 2001 წლის 23 მაისის საქართველოს ფინანსთა მინისტრის #303 ბრძანების მე-14 მუხლის ნ3 ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლითაც გაუქმდა მოსარჩელის საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობა #000064 და გაიცა საწყობის საქმიანობის ნებართვა - სანებართვო მოწმობა #000086.
3. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობის თანახმად, მოსარჩელის საწყობის ადგილმდებარეობაა ქ. რუსთავი, .... მიმდებარე ტერიტორია 40212.67 მ2 ფართის ღია მოედანი.
4. შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს (შემდეგში: სააგენტო) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ტერმინალის სისტემის კომპიუტერული პროგრამიდან ამონაწერის მიხედვით, გ.გ–ის (შემდეგში: მოპასუხე, მიმბარებელი, კასატორი) კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება LAND ROVER (VIN-SA.....) მოსარჩელის საბაჟო ტერმინალში განთავსდა 2010 წლის 05 მაისს, მას გამოეყო სტანდარტული სადგომი №176, დღეების რაოდენობა - 1267, დავალიანება - 5083 ლარი (ტ.1, ს.ფ. 236);
5. მოპასუხემ, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ გაურკვეველი პერიოდის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების განბაჟებას ვერ ახერხებდა, ავტომანქანა ტერმინალის ტერიტორიაზე შეიყვანა, რისთვისაც მას მანქანის ტერიტორიაზე დგომის საფასური უნდა გადაეხადა. საბაჟო კონტროლის ზონა წარმოადგენს ღია მოედანს, რომელიც მდებარეობს ავტომანქანების ბაზრობის ტერიტორიაზე და შემოსაზღვრულია სპეციალური ნიშნულებით, სადაც მითითებულია, რომ ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას. მოსარჩელის განმარტებით, ავტომანქანის მფლობელისთვის ცნობილი იყო საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილი წესების შესახებ, რომელიც განთავსებულია თვალსაჩინო ადგილას და საზოგადოების ვებ გვერდზე. გადასახდელი თანხა თითო დღეზე შეადგენს, საპარკინგე ადგილის მიხედვით - 8 (რვა), 7 (შვიდი), 5 (ხუთი) ან 2 (ორი) ლარს თითოეული ავტომანქანისთვის. მიუხედავად ტერმინალის არაერთი მიმართვისა, მოპასუხემ არ დაფარა არსებული დავალიანება.
6. დავის განხილვის დროისთვის, სატრანსპორტო საშუალება არ არის დეკლარირებული, მოპასუხის მიმართ არ არის შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, ავტოსატრანსპორტო საშუალების დეკლარირების ვადის დარღვევის გამო, არ არის გატარებული საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებები, ასევე მხარეთა შორის არ დადებულა ინდივიდუალური ხელშეკრულებები.
7. სარჩელის მოთხოვნა
7.1. მოსარჩელემ, სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.გ–ის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის, 5 083 ლარისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყოველდღიურად 2 ლარის გადახდის დაკისრება;
7.2. მოსარჩელემ, მოთხოვნის საფუძვლად, წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა.
8. მოპასუხის პოზიცია
8.1. მოპასუხემ, წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და დამატებით განმარტა, რომ, 2010 წლის 5 მაისს, ავტომანქანის საბაჟო კონტროლის ზონაში შეყვანის დროს, მას მოსთხოვეს 1 100 ლარი. იმ დროისთვის მანქანის ღირებულება შეადგენდა 500 აშშ დოლარს - 800 ლარს. თანხის გადახდის შეუძლებლობის გამო, მომსახურე პერსონალს განუმარტა ავტომობილის მიტოვების შესახებ, რის გამოც მოსარჩელის მიმართ ვალდებულება არ აკისრია.
8.2. მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელის მხრიდან რაიმე შეტყობინება არ მიუღია.
9. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
9.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
10.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) და მიუთითა მათზე.
11.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე უარჰყოფდა სადგომის საფასურის გადახდის შესახებ მხარეთა შორის შეთანხმების ფაქტს და განმარტავდა, რომ არ ჰქონდა მიღებული პარკირებისთვის არსებული ტარიფის შესახებ ინფორმაცია.
11.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ფაქტი საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.
11.5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ), 763-ე „მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი“ და 764-ე „1. მიბარება უსასყიდლოა, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ შემნახველი ახორციელებს შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, მაშინ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ჩაითვლება. 2. თუ საზღაურის ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ ტარიფების არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო ტარიფების არარსებობისას - ჩვეულებრივი საზღაური.“ მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელე ხელშეკრულების ზეპირი ფორმით დადებაზე მიუთითებდა და განმარტავდა, რომ მოპასუხის ავტომანქანისთვის სადგომის ღირებულება შეადგენდა 7 ლარს, თუმცა, მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს ვერ წარუდგინა სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოპასუხისთვის ცნობილი იყო მოსარჩელის ტერიტორიაზე მანქანის განთავსებისათვის დადგენილი ტარიფების (დღეში 2, 5, 7, 8 და 9 ლარი) შესახებ და, რომ ის დაეთანხა ამ ტარიფებს. მოსარჩელეს, ასევე, არ ჰქონდა წარდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილი წესები განთავსებული იყო თვალსაჩინო ადგილას, ასევე, საზოგადოების ვებ-გვერდზე და შესაბამისად, ისინი ხელმისაწვდომი იყო მეორე მხარისთვის.
11.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლოს კვლევის საგანი იყო სარჩელში მითითებული ფულადი ვალდებულების არსებობა-არარსებობის დადგენა. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელი იყო, თუ მოსარჩელე სასამართლოს ვერ წარუდგენდა მტკიცებულებას მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების არსებითი პირობების შესახებ. მხოლოდ მოსარჩელე მხარის ზეპირი ახსნა-განმარტება, რომელიც შედავებული იყო მოპასუხეების მიერ, სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ განახორციელა და მოპასუხის პოზიცია, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა შეთანხმება ავტომანქანის სადგომის საფასურთან დაკავშირებით, ვერ გააბათილა და ვერ დაუპირისპირა ისეთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ხელშეკრულების არსებით პირობებზე (სადგომის ტარიფზე) შეთანხმების ფაქტს.
12. კომპანიის საკასაციო საჩივარი
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კომპანიამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2017 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
14. საკასაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
14.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სადავოს არ წარმოადგენდა, რომ მოპასუხემ, მოსარჩელის საბაჟო ტერმინალზე განათავსა ავტომობილი, შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოშობილი იყო მიბარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა.
14.3. საკასაციო სასამართლომ, სსკ-ის 764-ე (ნორმის დეფინიცია, იხ. წინამდებარე განჩინების 11.5 ქვეპუნქტში) მუხლისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით განმარტა, რომ მოსარჩელე კომპანია, საბაჟო კონტროლის ზონაში, საბაჟო საწყობში მომსახურე ორგანიზაციას წარმოადგენდა, რომელიც მისი კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე ახორციელებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების დროებით შენახვას.
14.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავო იყო, რომ კომპანია ახორციელებდა შენახვას სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში, რაც წარმოშობდა პრეზუმფციას, რომ საზღაური დუმილითაც შეთანხმებულად ითვლებოდა.
14.5. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სადავოს აღარ წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მოპასუხემ, ავტომანქანის კომპანიის საბაჟო ტერმინალზე განთავსებით, ანუ კონკლუდენტური მოქმედებით ზეპირი, სასყიდლიანი მიბარების ხელშეკრულება დადო, სხვა საკითხია, რა ოდენობის იყო აღნიშნული საზღაური. გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მიმართული იყო სწორედ იქითკენ, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა მის ტერიტორიაზე მანქანების განთავსებისათვის დადგენილი ტარიფების (დღეში 2, 5, 7, 8 და 9 ლარი) თაობაზე მოპასუხის ინფორმირებულობის ფაქტი.
14.6. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, არ დასტურდება მხარეთა შორის კონკრეტულ სატარიფო განაკვეთებზე შეთანხმების ფაქტი, აღნიშნული განხილული უნდა იქნეს ისეთ შემთხვევად, როდესაც ტარიფები არ არის განსაზღვრული, რა დროსაც წარმოიშობა ჩვეულებრივი საზღაურის დადგენის ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ არ განახორციელა. შესაბამისად, უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა სარჩელი.
15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით:
15.1.1. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
15.1.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების, ს.კ–სა და გ.გ–ის მიმართ, შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
15.1.3. კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
15.1.4. მოპასუხეს (კასატორს), მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 5 მაისიდან 2016 წლის 9 თებერვლამდე სადგომის საფასურის ანაზღაურება ყოველდღიურად 2 ლარის ოდენობით;
15.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხის განმარტებაზე, რომელიც უარჰყოფდა მხარეთა შორის სადგომის საფასურის გადახდის შესახებ შეთანხმების არსებობის ფაქტს.
15.3. სააპელაციო პალატამ საკასაციო სასამართლოს მსჯელობაზე მიუთითა, (იხ. წინამდებარე განჩინების 14.2-14.6 ქვეპუნქტები) და დამატებით განმარტა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ,,112“-ის მიერ 2019 წლის 09 იანვარს გაცემული ინფორმაციის თანახმად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის 112-ის მომსახურების საფასურის, მისი განაკვეთისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ 2011 წლის 27 დეკემბრის საქართველოს მთავრობის #489 დადგენილების მე-4 მუხლის თანახმად, ,,112“-ის სპეციალურად დაცულ (საჯარიმო) სადგომზე მექანიკური სატრანპორტო საშუალების - მსუბუქი ავტომანქანის ნივთმტკიცების სახით დგომის საფასური შეადგენდა: ა) სადგომზე შეყვანისა და 1-5 დღე-ღამის ჩათვლით დგომის პერიოდში - 1 დღე-ღამე - 8 ლარი; ბ) 5 დღე-ღამის შემდეგ დგომის პერიოდში - 1 დღე-ღამე - 1 ლარი (მტკიცებულება წარდგენილია მოპასუხის მიერ); სს ,,ფ.ს.ნ–ში“ ავტო-მტვირთველის შენახვის საფასური განსაზღვრული იყო ყოველდღიურად 20 ლარის ოდენობით (მტკიცებულება წარდგენილია მოსარჩელის მიერ); შპს ,,მ.ჯ–ში“ პარკირების საფასური შეადგენს 5 ლარს (მტკიცებულება წარდგენილია მოსარჩელის მიერ);
15.4. სააპელაციო სასამართლომ, ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ, ვერ დაამტკიცა მის მიერ მითითებული სატარიფო განაკვეთების თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების ფაქტი, თუმცა უდავო იყო, რომ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, სატრანსპორტო საშუალების დროებით შენახვისათვის განსაზღვრულად მიიჩნია ჩვეულებრივი საზღაური - 2 ლარი ყოველდღიურად.
15.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ტარიფის განსაზღვრისას ხელმძღვანელობდა, როგორც დასახელებული მტკიცებულებით, აგრეთვე იმ ფაქტობრივი მოცემულობით, რომ თავად მოსარჩელეს მანქანების განთავსებისათვის დადგენილი ჰქონდა სხვადასხვა ტარიფი, მათ შორის 2 ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, ტარიფის ოდენობას განსაზღვრავდა სადგომის ადგილმდებარეობა. კონრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისთვის ყოვედღიურად 2 ლარის დაკისრებას, რაც საფუძვლიანი იყო, ვინაიდან დასახელებული ოდენობით საზღაური არ აღემატებოდა სხვა შემთხვევებში შეთანხმებულ სატარიფო განაკვეთს.
15.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის ავტოსადგომზე, მოპასუხის მანქანა განთავსდა 2010 წლის 5 მაისს (ტ.1. ს.ფ. 236), ხოლო 2016 წლის 9 თებერვალს გადაეცა სახელმწიფოს (იხ. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის #2959 ბრძანება - ტ.4, ს.ფ. 109). შესაბამისად, მოპასუხეს კომპანიის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა სადგომის საფასურის ანაზღაურება 2010 წლის 05 მაისიდან 2016 წლის 09 თებერვლამდე ყოველდღიურად 2 ლარის ოდენობით.
16. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
16.2. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელე კომპანიასთან სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონია. მისი განმარტებით, ტერმინალზე განთავსებული მისაბმელი იმდენად ძვირი იყო, რომ ყოფილმა პატრონმა მიატოვა. მას კი საერთოდ არ ჰქონია ინფორმაცია მისაბმელის ადგილსამყოფელის შესახებ, ამის თაობაზე, სარჩელის ჩაბარების შემდეგ შეიტყო.
16.3. კასატორის მტკიცებით, მისაბმელი არასდროს უნახავს, თავიდანვე მიატოვა, სააპელაციო სასამართლომ კი დაუსაბუთებლად დააკისრა თანხის გადახდა.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული და დამატებით განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში სადავოს აღარ წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაცია და მიბარების ურთიერთობის ფარგლებში ხელშეკრულების სასყიდლიანობა, არამედ კასატორი სადავოდ ხდის იმ ფაქტს, რომ მას არ უნდა დაეკისროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული თანხა, ვინაიდან არ წარმოადგენს მიბარებული მოძრავი ქონების მესაკუთრეს.
21. საკასაციო სასამართლო უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა შორის კონკლუდენტურად დადებულ მიბარების ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც, 2010 წლის 5 მაისს კასატორმა ავტოსატრანსპორტო საშუალება LAND ROVER (VIN-SAXXPDWEB....), განათავსა კომპანიის (საწყობის საქმიანობის ნებართვის მქონე იურიდიული პირის), საბაჟო ტერმინალზე (ავტოსადგომზე).
22. საქმეში არსებული, მოსარჩელე კომპანიის მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ 2013 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მიმბარებელს ერიცხებოდა დავალიანება 4 469 ლარი (ტ.1,ს.ფ. 26).
23. სააგენტოს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ტერმინალის სისტემის კომპიუტერული პროგრამიდან ამონაწერის მიხედვით, კასატორს, ავტომობილის ტერმინალზე განთავსებისთვის ერიცხებოდა 5 083 ლარი (ტ.1,ს.ფ. 236).
24. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2016 წლის 9 თებერვლის №2959 ბრძანებით ირკვევა, რომ 2010 წლის 15 აპრილს მოპასუხემ (კასატორმა) საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთის პორტის“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიყვანა ავტომობილი LAND ROVER (VIN-SAXXPDWEB....).
25. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობაზე მიუთითებს და დამატებით, ზემოხსენებულის გათვალისწინებით განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებული სასყიდლიანი მიბარების ხელშეკრულების გათვალისწინებით (იხ. სსკ-ის 763-ე-764-ე მუხლები), ვინაიდან, საქმეში მხარეთა შორის ხელშეკრულების ტარიფის თაობაზე, კონკრეტული შეთანხმების დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიპოვება, გონივრულია სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე განჩინების 15.3-15.5 ქვეპუნქტებში ასახული მსჯელობის შესაბამისად მხარისთვის ყოველდღიურად, სადგომით სარგებლობის ჩვეულებრივ საფასურად 2 ლარის განსაზღვრა.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ.ტ–ის (პ/ნ:.......) მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს №8335652630 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. გ.გ–ს (პ/ნ: .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, საკასაციო საჩივარზე, ლ.ტ–ის (პ/ნ:.....) მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს №8335652630 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე