Facebook Twitter

№ ას-1823-2019 20 თებერვალი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები - ვ.ა–ი, ე.გ–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.ს–ი, ნ.ს–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2016 წლის 3 თებერვალს ვ.ა–სა (გამყიდველი) და მ.ს–ს (მყიდველი) შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გორის რაიონის სოფელ ..... მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა (ფართობი 74.00 კვ.მ.) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (ს/კ: .....) (შემდგომში „სადავო უძრავი ქონება“).

2. ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 8 000 ლარით, რომელიც მყიდველის მიერ სრულად იქნა გადახდილი.

3. სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა მყიდველის სახელზე.

სასარჩელო მოთხოვნა:

4. გამყიდველმა და მისმა მეუღლემ, ე.გ–ძემ (შემდგომში „მოსარჩელეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მყიდველისა და მისი მეუღლის, ნ.ს–ის (შემდგომში „მოპასუხეები“) მიმართ, მოითხოვეს სადავო უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება შემდეგ გარემოებებზე მითითებით: გამყიდველსა და მყიდველს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია მოტყუებით. რეალურად კი აღნიშნული ხელშეკრულების დადების მიზანი იყო მყიდველის კუთვნილი სასურსათო მაღაზიიდან სხვადასხვა დროს მოსარჩელეთა მიერ ნისიად წაღებული პროდუქტების, ასევე ნ.ს–ისგან შეძენილი პირუტყვის, ძროხის გადაუხდელი ნასყიდობის საფასურის უზრუნველყოფა/გარანტია. მხარეთა შორის დადებული პირობის თანახმად, თანხის სრულად დაფარვის შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონება უკან დაუბრუნდებოდა გამყიდველს. მიუხედავად მოსარჩელეთა მიერ თანხის გადახდისა, მყიდველმა უარი განაცხადა უძრავი ქონების დაბრუნებაზე.

მოპასუხეთა შესაგებელი:

5. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მასში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება რეალობას. მყიდველმა გამყიდველისგან ნამდვილად შეიძინა სადავო უძრავი ქონება და ამ ნასყიდობის ხელშეკრულებას საერთო არაფერი აქვს სურსათის მაღაზიიდან საფასურის გადახდის გარეშე წაღებული პორდუქციის ღირებულებასთან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები:

7. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები.

9. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებს ეკისრებოდათ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხეების მიმართ მათ გააჩნდათ სხვა სახის ვალდებულებები და სწორედ ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად იყო დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სადავო უძრავ ნივთზე. სწორედ მათ უნდა წარედგინათ სასამართლოსთვის იურიდიულად სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებები. სასამართლომ სადავო გარემოების დამადასტურებელ სარწმუნო მტკიცებულებად არ მიიჩნია მოწმის ჩვენება და განმარტა, რომ მოწმე ნ.პ–ძემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას მიუთითა საკუთარ პრეტენზიებზე ნ.ს–ის მიმართ (რომ ეს უკანასკნელი მაღაზიიდან საფასურის გარეშე წაღებულ პროდუქტზე უფრო მეტ თანხას ახდევინებდა, ვიდრე რეალურად ჰქონდა), უშუალოდ მხარეთა შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე კი მას არ მიუთითებია. ამასთან, მოსარჩელეები მიუთითებდნენ რა, რომ 9 თვის განმავლობაში ისინი ბანკიდან სესხის სახით აღებული 7000 ლარის დასაფარად მოპასუხეებს უხდიდნენ ყოველთვიურად 340 ლარს (მათ მიერ საერთო ჯამში გადახდილმა თანხამ შეადგინა 3060 ლარი), აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები მათ არ წარუდგენიათ. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს სადავო უძრავ ნივთზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადების სხვა საფუძვლის (სხვა ვალდებულების დასაფარად დადების) არსებობის ფაქტი.

10. სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 55-ე, 56-ე, 81-ე მუხლებზე და განმარტა, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტები არ შეესაბამებოდა დასახელებული ნორმების შემადგენლობას, მოსარჩელეებს არ წარუდგენიათ ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს და გამყიდველის მიერ გამოვლენილ ნებას არანამდვილად აქცევდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობდა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

კასატორების მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და მოპასუხეთა მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების მოტყუებით დადების ფაქტის დამტკიცების მოვალეობა ისე დააკისრა მოსარჩელეებს, რომ საერთოდ არ უმსჯელია მხარეთა შორის არსებულ ნდობის ფაქტორზე. თუ არა ნდობის არსებობა, გაურკვეველია, რის გამო შეიძლებოდა მოსარჩელეებს მოპასუხეებისთვის საფასურის გადახდის გარეშე გაეტანებინათ მაღაზიიდან 3 200 ლარის პროდუქცია და აღნიშნული ვალის დაფარვამდე კვლავ ნისიად მიეყიდათ პირუტყვი - ძროხა. ამდენად, სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად მიიჩნია ნამდვილად გამყიდველის მიერ გამოხატული ნება;

6.2. არასწორია გადაწყვეტილებაში ასახული ფაქტობრივი გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, 8000 ლარი მყიდველის მიერ გადახდილია. საკასაციო საჩივრის ავტორთა განცხადებით, სასამართლომ აღნიშნული ჩანაწერი გადაწყვეტილებაში გააკეთა ნასყიდობის ხელშეკრულებაში არსებული სტანდარტული დათქმის და არა მოპასუხე მხარის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტზე მითითებით.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ას-1529-1443-2012, 9 დეკემბერი, 2013 წელი; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი, §187).

12. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მოსამართლისათვის სავალდებულო არ არის მხარეთა მოსაზრებები, თუ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რა სამართლებრივი საფუძველი უნდა იქნეს გამოყენებული და არც კანონის იმპერატიული დათქმაა, რომ გამოტანილი გადაწყვეტილება დაეფუძნოს მხარეთა მიერ მითითებულ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს სამოსამართლო საქმიანობას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სამართლის სუბიექტთა დარღვეული უფლებებისა და ინტერესების სრულყოფილად და ეფექტურად დაცვას (იხ. სუსგ №ას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი; №ას-1170-1125-2016, 13 ივნისი, 2017 წელი).

13. განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით მოსარჩელეები აღწერდნენ თვალთმაქცური გარიგების შემთხვევას, თუმცა გარიგების ბათილობას მისი მოტყუებით დადების საფუძვლით ითხოვდნენ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სადავო ხელშეკრულება მართებულად მიიჩნია თვალთმაქცურ გარიგებად და სწორად განსაზღვრა მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

14. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, „თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ(სსკ 56.2 მუხლი: თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ“ (იხ. სუსგ საქმე#ას-487-461-2015, 17.06.2015წ, საქმე#ას-474-455-2016, 7.07.2016, საქმე#ას-871-821-2015, 2.02.2016, საქმე#ას-60-58-2016, 12.07.2016).

15. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეში განმარტა, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს გამოვლენილი ნების თავისებურებები კონკრეტული საქმის მასალებით უნდა დასტურდებოდეს. აღნიშნული კი, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება სხვა გარიგების დაფარვის მიზნის არსებობაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარეებს სურთ, მიაღწიონ სხვა შედეგს და არა იმ შედეგს, რასაც იძლევა მათ მიერ გარეგნულად გამოხატული ნება. ამრიგად, თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (იხ. სუსგ №ას-1142-1088-2014, 23 იანვარი, 2015 წელი).

16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები მიუთითებენ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით მოპასუხეთა მიერ მაღაზიიდან ნისიად წაღებული პროდუქტის ღირებულებისა და ძროხის ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის დაფარვაზე, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება მათ სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ. საკასაციო პალატა დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს კასატორების იმ პრეტენზიას, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მხარეთა შორის არსებული განსაკუთრებული ნდობის ფაქტი (რაც მათივე მოსაზრებით, ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენების საფუძვლით გარიგების ბათილობის წინაპირობა შესაძლოა გამხდარიყო) და არასწორად მიიჩნია ნამდვილად გამყიდველის მიერ ქონების გაყიდვაზე გამოვლენილი ნება.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1301-1221-2015, 11 მარტი, 2016 წელი).

18. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები მიუთითებენ მყიდველის მხრიდან მოტყუების გამო გამყიდველის მიერ გამოვლენილ არანამდვილ ნებაზე, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება მათ სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ.

19. საკასაციო პალატა დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს კასატორების ვერც იმ პრეტენზიას, რომ სასამართლომ მხარეთა შორის არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი და გარიგების დადებისას ნების ნაკლის დამტკიცების მოვალეობა მოპასუხეთა ნაცვლად მოსარჩელეებს დააკისრა. აღნიშნულის საპირისპიროდ, პალატა მიუთითებს მოცემულ საკითხზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის შესაბამისად, გარიგების დადებისას ნების ნაკლის მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს, რომელმაც ზემოხსენებული პრეზუმფცია სარწმუნო მტკიცებულებებით უნდა გააქარწყლოს (იხ. სუსგ საქმე №ას-83-2019, 2 აგვისტო, 2019 წელი).

20. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

21. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საკასაციო საჩივრის ავტორებს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ რაიმე მტკიცებულება, რომელიც სადავო ხელშეკრულების თვალთმაქცურობას დაადასტურებდა (კასატორებმა ვერ დაამტკიცეს, რომ მოპასუხეებს მათ მიმართ გააჩნდათ სხვა სახის ვალდებულებები - გადასახდელი ჰქონდათ მაღაზიიდან ნისიად წაღებული პროდუქტისა და შეძენილი პირუტყვის საფასური, რომელთა უზრუნველყოფის მიზნითაც დადებული იყო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება), საკასაციო პალატა მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული საფუძვლით გარიგების ბათილად ცნობისა და ქონების მესაკუთრედ მოსარჩელეთა აღიარების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

22. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობისა და ქონების საკუთრებაში დაბრუნების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულიყო. ამასთან, კასატორებს არც დასაბუთებული პოზიცია წარმოუდგენიათ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ.ა–ისა და ე.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

თ. ზამბახიძე