Facebook Twitter

საქმე №ას-1827-2019 20 თებერვალი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

თამარ ზამბახიძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ზ.ხ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „პ.ბ–ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი, იპოთეკარი ან ბანკი), ზ.ხ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი აპელანტი ან კასატორი) და შპს „ლ–ას“ (შემდეგში: კომპანია) შორის 2016 წლის 28 მარტს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება № FW75.1169 (შემდეგში: გენერალური ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა - 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, 360 თვის ვადით, წლიური 36%-ის გადახდით (ტ.1,ს.ფ.19-20).

2. გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ბანკსა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 25 მარტს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ...... ბინა № 17, ფართი 132.70 კვ.მ, ს/კ: ...... იმავე მიზნით, 2016 წლის 18 მარტს ბანკსა და თ.ხ–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, ....., ფართი 127.91 კვ.მ, ს/კ: .... (ტ.1,ს.ფ.23-31).

3. მსესხებელსა და ბანკს შორის 2016 წლის 28 მარტს გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ №670671734-041 ხელშეკრულება, რომლის 2.1 პუნქტის მიხედვით სოლიდარული მოვალე იღებს ვალდებულებას და თანახმაა მსესხებელს და ბანკს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებით და მის საფუძველზე მოქმედი შემადგენელი ხელშეკრულებებით, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებები მსესხებელთან ერთად იკისროს სოლიდარულად, ისე რომ მან მიიღოს მონაწილეობა მსესხებელთან ერთად მთლიანი ვალდებულების შესრულებაში, რის საფუძველზეც ბანკს უფლება ეძლევა თავისი სურვილისამებრ მთლიანი ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ სოლიდარულ მოვალეს (ტ.1,ს.ფ.32).

4. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 28 მარტს ბანკსა და კომპანიას შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება №75.3593, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 100 700 აშშ დოლარი, შვიდი თვის ვადით, წლიური 11% სარგებლის დარიცხვით. იმავე ხელშეკრულების 3.2 პუნქტის მიხედვით - კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ.1,ს.ფ.21-22).

5. გენერალური ხელშეკრულების 6.1 პუნქტის მიხედვით, მხარეებმა გაითვალისწინეს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

6. მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც დავალიანებამ შეადგინა 154 009.46 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 100 700 აშშ დოლარი, სარგებელი - 6535.53 აშშ დოლარი, 90 დღის პირგასამტეხლო კი - 46 773.93 აშშ დოლარია, რომლის შემცირების შემდგომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარით (ტ.1,ს.ფ. 33).

7. სასარჩელო მოთხოვნა

7.1. ბანკმა, 2018 წლის 6 ივლისს სარჩელის აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, მოითხოვა:

7.1.1. მოპასუხეებისთვის, ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად 122 235.53 აშშ დოლარის დაკისრება - საიდანაც სესხის ძირი თანხა - 100 700 აშშ დოლარი, სარგებელი - 6535.53 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 15 000 აშშ დოლარია;

7.1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, იპოთეკით დატვირთული მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ......, ფართი 132.70 კვ.მ, ს/კ ..... და მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, ......, ს/კ ..... რეალიზაცია;

7.1.3. იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში მსესხებლისა და კომპანიის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა;

7.1.4. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება;

8. მოპასუხეების პოზიცია

8.1. კომპანიამ და მსესხებელმა (პირველმა მოპასუხემ) მთავარ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნეს - სესხის ძირითადი თანხის 100 700 აშშ დოლარის, სარგებლის - 6535.53 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს - 750 აშშ დოლარის ნაწილში.

8.2. მსესხებელმა და მეორე მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნები - იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ ცნეს.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

9.1.1. კომპანიასა და მსესხებელს (კასატორი) ბანკის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ - 107 985.53 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 100 700 აშშ დოლარი, სარგებელი - 6535.53 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 750 აშშ დოლარია;

9.1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა პირველი და მეორე მოპასუხეების საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ორი უძრავი ქონება;

9.1.3. იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად კრედიტორის მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში სარეალიზაციოდ მიექცა მსესხებლისა და კომპანიის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება;

9.1.4. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისთვის 14 250 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

9.1.5. მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდა;

9.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 301-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3 და 131-ე მუხლებით.

10. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრეს (გასაჩივრებული გადაწყვეტილების 1.3 პუნქტში, რომლითაც იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად კრედიტორის მოთხოვნების არასრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღსასრულებლად მიექცეოდა კომპანიისა და მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონება) პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, მისი გასაჩივრებული ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელი.

11.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

11.3. სააპელაციო სასამართლომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილზე (იხ. წინამდებარე განჩინების 10.1 ქვეპუნქტი) მსჯელობისთვის, დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მხარეთა შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების 4.1 და 4.3 პუნქტებზე მითითებით განმარტა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ვალდებულების დასაფარად, იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის, არასაკმარისობის შემთხვევაში, სოლიდარულ მოვალეთა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესაძლებლობა, რის გამოც აპელანტების სააპელაციო პრეტენზია დაუსაბუთებელი იყო.

12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

12.1. მსესხებელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

12.2. კასატორის განმარტებით, კომპანიისა და მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა მიუღებელია, ვინაიდან მათ ქონებრივი პასუხისმგებლობა გასწიეს მათ ხელთ არსებული და ბანკის მიერ შეფასებული ქონებით.

12.3. კასატორი აგრეთვე არ ეთანხმება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას. მისი განმარტებით, დაუყოვნებლივი აღსრულების გარეშე საგადასახადო კანონმდებლობისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, ბანკს ზარალი არ მიადგება. ამასთან, მხარეთა შეთანხმება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე, არ შეესაბამება სსსკ-ის 268-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან, სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებაში პირდაპირ არ არის მითითებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე მხარეთა შეთანხმების თაობაზე.

12.4. კასატორის განმარტებით, მას არ აქვს მთლიანი თანხის გადახდის საშუალება, თუმცა თანახმაა გარკვეული პერიოდის შემდეგ დაფაროს დავალიანების მხოლოდ ნაწილი, მიუხედავად ამისა ბანკი უარს ამბობს მორიგების აღნიშნულ პირობებზე, რის გამოც უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს მსესხებლებს.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები №ას-1172-2018, 2019 წლის 8 თებერვლის განჩინება; №ას-164-158-2011, 2011 წლის 1 აგვისტოს განჩინება; №ას-828-786-2013, 2014 წლის 24 იანვრის განჩინება).

17. საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახულ, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე გაამახვილებს ყურადღებას და დამატებით განმარტავს, რომ ერთის მხრივ ბანკს და მეორეს მხრივ კასატორსა და კომპანიას შორის დადებული იყო გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაცემული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის (ბანკის) მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დადებული იყო იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლითაც დაიტვირთა კასატორისა და მისი მეუღლის ორი უძრავი ქონება, ასევე უშუალოდ კასატორთან სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სოლიდარული მოვალე იღებდა ვალდებულებას, მსესხებლის ძირითადი ხელშეკრულებიდან (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) წარმოშობილი სრული ვალდებულება შეესრულებინა ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში და პირობებით.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ნამდვილობა მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, მეტიც, კასატორი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე გადაწყვეტილების შესაბამის ნაწილს სადავოდ არ ხდის. ამავე ხელშეკრულებებით (გენერალური ხელშეკრულება, იპოთეკის ხელშეკრულება, სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება), მხარეები შეთანხმდნენ, ხელშეკრულების შესაბამის პირობებზე, მათ შორის ისეთ არსებით პირობაზე (იხ. სსკ-ის 327-ე მუხლი), რომლის მიხედვითაც ვალდებულების დასაფარად, იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის, არასაკმარისობის შემთხვევაში, სოლიდარულ მოვალეთა ქონებაზე აღსრულების მიქცევა იქნებოდა შესაძლებელი (იხ. მხარეთა შორის დადებული გენერალური ხელშეკრულება, პ.4.1 და 4.3; იპოთეკის ხელშეკრულება პ.2.8).

19. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები და სსკ-ის 301-ე მუხლის 11 „მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი“ ნაწილი წარმოადგენს.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესაძლებლობა დადგენილია აღსრულების წესთან დაკავშირებულ მხარეთა შეთანხმებაში. შეთანხმების აღნიშნული პირობა კი, ბანკს აძლევს ლეგიტიმურ მოლოდინს, რომ მოვალისათვის დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის, ასევე, იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დავალიანების სრულად დაფარვის მიზნით, მოვალის და სოლიდარული თავდების, საკუთრებაში არსებული ყველა სხვა ქონებების რეალიზაციის თაობაზე მოთხოვნა, გამომდინარეობს სსკ-ის 301.1 და სსკ-ის 301.11 მუხლების დანაწესიდან და მხარეთა შეთანხმებიდან.

21. კასატორის პრეტენზიის - სესხის რესტრუქტურიზაციის შეთანხმებაში, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ ჩანაწერის არარსებობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ 2019 წლის 18 მარტს, კასატორმა, კერძო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის გაუქმება. აღნიშნული კერძო საჩივარი, ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ, 2019 წლის 13 ივნისს არ დააკმაყოფილა. დასახელებულ შემთხვევაში, სსსკ-ის 419-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება, რის გამოც საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიაზე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის დაუსაბუთებლობის/დასაბუთებულობის თაობაზე, აღარ იმსჯელებს.

22. კასატორის პრეტენზია, მორიგების შესახებ, ბანკის უარის დაუშვებლობის თაობაზე არ წარმოადგენს, დასაბუთებულ შედავებას განსახილველი დავის გათვალისწინებით, რაც ვერ გახდება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. სსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ხ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ზ.ხ–ძეს (პ/ნ:....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N8965561511, გადახდის თარიღი 2020 წლის 21 იანვარი), 70% –105 (ას ხუთი) ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ზამბახიძე

ლ. მიქაბერიძე