საქმე №ას-1839-2019 20 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ი.ზ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.შ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 სექტემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2012 წლის 24 სექტემბრიდან 2017 წლის 13 თებერვლამდე ე.შ–ი (შემდგომში „მოსარჩელე“) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი.ზ–ძესთან (შემდგომში „მოპასუხე“ ან „საჩივრის ავტორი“).
2. 2011 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ქონება (მდებარე ქ. თბილისი, ...... (ს/კ: ......), ხოლო 2014 წლის 26 მარტს აღნიშნული ქონების მართვის მიზნით გასცა მინდობილობა მოპასუხის სახელზე.
3. განქორწინებიდან დაახლოებით 4 თვის შემდეგ, მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთარ სახელზე დაირეგისტრირა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება.
4. ზემოაღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლისა და ქონების დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის, 200 000 ლარის მისთვის დაკისრების მოთხოვნით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ და მოპასუხეს აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების (მდებარე, ქ. თბილისი, ......., ს/კ: ......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
8. საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 18 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
9. საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე საპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
10. 2019 წლის 6 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა მოპასუხის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე (მდებარე, ქ. თბილისი, ......., ს/კ: ......) სხვა კრედიტორის (კრედიტორ ლ.გ–ძის) მოთხოვნით დაწყებული სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 სექტემბრის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა. შეჩერდა აღმასრულებელ ლ.პ–ის წარმოებაში არსებული #A19113797-008/001 სააღსრულებო საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე #2ბ/5312-19 სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე ის გარემოება, რომ საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების ნასყიდობის საფასურის - 200 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ.
13. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 271-ე მუხლებით, ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია. სასამართლოს მითითებით, როგორც საქმის მასალებით ირკვევა მოპასუხეს კრედიტორ ლ.გ–ძის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს დავალიანება, რის გამოც სადავო უძრავ ქონებაზე ინიშნება აუქციონი. აღნიშნული ქონების აუქციონზე გატანით და შემდგომ გასხვისებით კი შესაძლებელია საფრთხე შეექმნას სამომავლოდ მოცემულ საქმეზე მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის შუამდგომლობა სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება. საჩივრის ავტორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლო არის ტენდენციური და მიკერძოებული, ვინაიდან ერთ შემთხვევაში იცავს ერთი კრედიტორის, ხოლო ამავე განჩინებით უხეშად არღვევს მეორე კრედიტორის ინტერესებს. სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენა ისე, რომ საქმეში მესამე პირად არ ჩაურთავს კრედიტორი ლ.გ–ძე. უფრო მეტიც, სასამართლომ მიიღო აღნიშნული პირის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება და თავისი განჩინებით მოუსპო მას სამართლიანი სასამართლოს უფლება.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარდგენილი საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
18. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააღსრულებო წარმოების შეჩერების გამოყენების მართლზომიერება.
19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე სარჩელით ითხოვს ქ. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონების (ს/კ: ......) ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის, 200 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია მოსარჩელის ზემოაღნიშნული მოთხოვნა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მოპასუხის მიერ და საქმის წარმოება მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში. ამავე დროს, მოსარჩელე ითხოვს მისი სარჩელის უზრუნველყოფას და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ #A19113797-008/001 საქმეზე დაწყებული იძულებითი აღსრულების შეჩერებას, რომელიც, თავის მხრივ, დაიწყო სხვა კრედიტორის (კრედიტორი: ლ.გ–ძე) განცხადების საფუძველზე და რომლის შესაბამისად, აუქციონზე გასატანად მზადდება მოპასუხის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება (მდებარე ქ. თბილისი, ...... (ს/კ: ........).
20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული განცხადება წარმოადგენს მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნას.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო იმ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხს, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული არ არის, განიხილავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტისათვის დადგენილი წესების შესაბამისად.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი შეიცავს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ჩამონათვალს (კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს: ა) ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან; ბ) მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა; გ) მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით; დ) სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება; ე) ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ქონების რეალიზაციის შეჩერება, გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა ; ვ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება; ზ) სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ), თუმცა ამავე მუხლის მე-3 ნაწილი აზუსტებს, რომ სასამართლოს გარდა ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებული უზრუნველყოფის სახეებისა, შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის.
23. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლზე, რომლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია აღსრულების შეჩერების საფუძვლები, თუმცა იგი ასევე არ არის ამომწურავი, რასაც ადასტურებს ნორმის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მითითება - „სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს აღსრულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“.
24. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
25. იმისათვის, რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები/რეგულაციები, რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან/და კანონიერ ინტერესებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/2/596 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო − დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"., II-4).
26. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად განსაზღვრულია სასამართლოს მიერ იმ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. აღნიშნული თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.
27. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის ერთობლივი ანალიზის შესაბამისად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში კერძო აღმასრულებლის წარმოებაში არსებული #A19113797-008/001 სააღსრულებო საქმის წარმოების შეჩერება წარმოადგენს წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების გარანტირებისათვის აუცილებელ პირობას.
28. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს თავდაპირველად სარჩელი აღძრული ჰქონდა სწორედ იმ ქონების საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით, რომელზეც ზემოაღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სხვა კრედიტორის მოთხოვნით დაწყებულია იძულებითი აღსრულება (იხ. ტ. 1, ს.ფ 31-40), თუმცა ვინაიდან მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მან კვლავ მიმართა სასამართლოს ნასყიდობის საფასურის (უძრავი ქონების ღირებულების) მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით. აღსანიშნავია ისიც, რომ საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოცემული დავა დასრულდება მოსარჩელის სასარგებლოდ და დადგინდება სადავო ქონების ნასყიდობის თანხის მოპასუხისთვის დაკისრება, ხოლო აღნიშნულ ქონებაზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება გაგრძელდება და მოხდება ქონების რეალიზაცია, სასამართლოს გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება. ამით კი საფუძველი გამოეცლება და აზრი დაეკარგება წინამდებარე დავას, რაც არღვევს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ თანაზომიერების პრინციპს, რომლის მიხედვით, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღსრულების გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს.
29. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ წინამდებარე სარჩელი წინ უსწრებს სხვა კრედიტორის (ლ.გ–ძის) მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ დაწყებულ სააღსრულებო წარმოებას, რაც კიდევ უფრო ამყარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას აღნიშნული სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძვლიანობის თაობაზე.
30. სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოცემულ დავაში საპროცესო მხარედ არ არის ჩაბმული კრედიტორი ლ.გ–ძე (რომლის მოთხოვნის საფუძველზეც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებულ #A19113797-008/001 საქმეზე დაწყებულია იძულებითი აღსრულება), სასამართლოს არ ჰქონდა უფლება მის წინააღმდეგ მიეღო განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ.
31. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი უფლებამოსილია სასამართლოს განცხადებით, სარჩელით ან საჩივრით (საკასაციო) მიმართოს მხოლოდ თავისი უფლების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი ფაქტობრივად ასაჩივრებს არა საკუთარი, არამედ სხვა პირის (კრედიტორ ლ.გ–ძის) უფლებების დარღვევის ფაქტს, რაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე დაუშვებელია.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.ზ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
თ. ზამბახიძე