Facebook Twitter

ბს-503-477(კ-06) 1 ნოემბერი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს ,,მ-ოს» წარმომადგენელი ა. კ-ი

თავდაპირველი მოსარჩელე – სს ,,რ-ი»

სარჩელზე მოპასუხე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 ივლისის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 30 მაისს სს ,,რ-მა» სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სს ,,რ-ის» სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურში შპს ,,რ-ის» სახელზე რიცხული ქონების სს ,,რ-ზე» მესაკუთრის უფლებით რეგისტრაცია.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,მ-ოს» წარმომადგენელმა ა. კ-მა, რომელმაც ზემოაღნიშნული საჩივრით მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 ივლისის განჩინებით შპს ,,მ-ოს» სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შესაბამისად, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობა იმპერატიულად განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირებს, კერძოდ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებს. აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლო პროცესის მონაწილეებს წარმოადგენდნენ მოსარჩელე სს ,,რ-ი» და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტო, სააპელაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,მ-ო» კი განსახილველ დავაში მხარეს არ წარმოადგენდა და ამასთან, მას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად, არ მიუმართავს სასამართლოსათვის სარჩელით, ასევე ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილი წესით არ მოუთხოვია დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით საქმეში მესამე პირად ჩაბმა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრცაიული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, გარდა მხარისა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირისა, აქვთ საქმეში სავალდებულო წესით მოწვეულ მესამე პირებს, რომლებიც არიან სადავო სამართალურთიერთობის მონაწილენი და რომელზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.

სააპელაციო პალატამ საქმის შესწავლის შედაეგად მიიჩნია, რომ შპს ,,მ-ო» არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებულ, სავალდებულო წესით მოსაწვევ მესამე პირს. რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,მ-ოს» წარმომადგენელმა ა. კ-მა.

კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლო შეცდომით გულისხმობს ,,მხარეში» მხოლოდ პროცესში მონაწილე მხარეს, მხარე სინამდვილეში არის ისიც, ვინც პროცესის შედეგისადმი თავისი იურიდიული ინტერესით იმსახურებს ,,მხარედ» აღიარებას. ის, რომ მხარე ფართე გაგებით უნდა იყოს გამოყენებული, დასტურდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის ნაწილითაც, რადგან ყოვლად შეუძლებელია პროცესში მონაწილე მხარემ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვოს. ამიტომ, ამ მუხლში მხარის ცნებაში მხოლოდ ის პირი იგულისხმება, ვინც პროცეში მიწვეული არ ყოფილა და ვისაც პროცესის შედეგებისადმი იურიდიული ინტერესი გააჩნია. სწორედ ასეთია შპს ,,მ-ო».

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 ივლისის განჩინების გაუქმებასა და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2006 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს ,,მ-ოს» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,მ-ოს” კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებით შპს ,,მ-ოს” სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის შესაბამისად, არ ჰქონდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური უფლებამოსილება.

შპს ,,მ-ო” არაკანონიერად მიიჩნევს მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და თვლის, რომ საოლქო სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები.

საკასაციო სასამართლომ შპს ,,მ-ოს” კერძო საჩივრის საფუძველზე შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან არ დარღვეულა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მე-3 პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში, რომელიც არის სააპელაციო სასამართლო.

ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი პროცესის სხვა მუხლებთან ერთობლიობაში საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, ნაწილობრივ დაადასტუროს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობის მართებულობა და აღნიშნავს, რომ პროცესის ეკონომიურობის თვალსაზრისიდან გამომდინარე, დასაშვებია რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა მხარეებისა და დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მე-3 პირების გარდა, მიეცეთ იმ პირებს, რომლებიც საქმეში არ მონაწილეობდნენ არც ერთი ზემოაღნიშნული სტატუსით. ასეთი პირების განსაზღვრისას, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს ამ პირების სამართლებრივი კავშირს დადგენას თავად გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა დაშვებულია იმ პირებისათვის, რომლებიც, მართალია, გადაწყვეტილებაში არ ფიგურირებენ არანაირი პროცესუალური სტატუსით, მაგრამ გადაწყვეტილებამ განსაზღვრა მათი უფლებები და მოვალეობები, რის საფუძველზეც დაირღვა პირის ფუნდამენტალური უფლება, მიეღო მონაწილეობა საქმის განხილვაში და უზრუნველეყო საკუთარი უფლებების დაცვა.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მიერ განვითარებულ მსჯელობას და ვერ გაიზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ყველა იმ პირს, ვისაც პროცესის შედეგისადმი გააჩნია იურიდიული ინტერესი, ეძლევა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.

აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო სასამართლო განმარტავს შემდეგს: ყველა იმ პირს, რომელიც თვლის, რომ გადაწყვეტილებით დაირღვა ან შეილახა მისი უფლება, შეუძლია მიმართოს სასამართლოს საერთო სარჩელო წესის დაცვით. რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესაძლებლობას, როგორც ზემოთ აღინიშნა, მითითებული დასაშვებია მხოლოდ იმ პირებისათვის, რომელთა მიმართაც გადაწყვეტილებამ განსაზღვრა ან დაადგინა გარკვეული უფლება-მოვალეობები.

კერძო საჩივრის ავტორი ვერ უთითებს, შპს ,,მ-ოსთან” მიმართებაში რა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკასაციო სასამართლო მსჯელობას განავითარებს უფლებრივ საკითხთან მიმართებაში, საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა ქონებრივი საკითხის განსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებას და თვლის რომ სწორედ მითითებულმა გადაწყვეტილებამ მოახდინა ქონებრივი (უფლებრივი) დავის გადაწყვეტა, რაზეც, თავის მხრივ, გავლენას ვერ იქონიებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს პროცესუალურ უფლებამოსილებას და აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების დასაშვებობისა თუ კანონიერების საკითხის შემოწმება სცილდება საკასაციო სასამართლოს პროცესუალურ შესაძლებლობებს და ვერ იქცევა საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგნად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ადასტურებს საოლქო სასამართლოს მსჯელობის მართებულობას და თვლის, რომ შპს ,,მ-ო” არ წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირს, რის გამოც არ არსებობს სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,მ-ოს” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 ივლისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.