Facebook Twitter

საქმე №ას-1831-2019 12 მარტი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ც.ყ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ნ.ი–ი“, ნოტარიუსი ნ.ხ–ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ც.ყ–მა (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ნ.ი–ისა“ (შემდგომ – პირველი მოპასუხე) და ნოტარიუს ნ.ხ–ას (შემდეგში - მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმება.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით - ც.ყ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინებით - მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. აპელანტი სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბერს, 16:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით იყო მიწვეული.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელს 2019 წლის 27 სექტემბერს სხდომის თაობაზე ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ. 3 / ს.ფ. 71).

7. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტისათვის სასამართლო სხდომის თაობაზე ცნობილი იყო და სხდომაზე არ გამოცხადდა, მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

8. სსსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის, 372-ე მუხლისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება - სააპელაციო საჩივრის განხილვა.

10. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ სასამართლოდან დაურეკეს, თუმცა განმარტავს, რომ სატელეფონო საუბარი ხარვეზით მიმდინარეობდა. მან ვერ გაიგო, რომელი სასამართლოს შემადგენლობიდან ურეკავდნენ და რომელი საქმის განხილვის თარიღი შეატყობინეს. მხოლოდ ერთხელ დაურეკეს და, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო სასამართლო სხდომის თარიღი, რამაც მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა განაპირობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, კანონი ქმნის შესაძლებლობას, სააპელაციო წარმოებისას, სასამართლომ იხელმძღვანელოს პირველი ინსტანციით საქმის განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ მოწესრიგების სფეროს.

13. კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

14. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

15. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით რეგულირებულია საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგები, კერძოდ, სსსკ-ის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

19. სსსკ-ის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

16. ამ ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივარი დატოვოს განუხილველად, იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება ჩაჰბარდა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს (მოითხოვს) ან თანხმობას აცხადებს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

17. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში.

18. კერძო საჩივრის პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის იმ ნორმებზე, რომლებითაც განსაზღვრულია მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების წესი, კერძოდ, სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

19. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. იმავე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად კი, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

20. ამდენად, როდესაც საპროცესო მხარის უფლებებს სასამართლოში იცავს მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი (ადვოკატი), რომლის წარმომადგენლობა დადასტურებულია კანონის შესაბამისად გაცემული მინდობილობით (სსსკ-ის 96-ე, 98-ე მუხლები), სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლო უწყების გაგზავნას (და მის ჩაბარებას) ერთ-ერთი მათგანისათვის, მათ შორის - უწყების ჩაბარებას ტექნიკური (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და სხვა) საშუალებით.

21. სსსკ-ის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტის მიხედვით, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება ტელეფონის შემთხვევაში, დასტურდება – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით. ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას უწყების გადაცემის დრო აღინიშნება ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით მოწოდებულ დადასტურებაში ან/და ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილ აქტში.

22. საქმის მასალების მიხედვით, აპელანტის წარმომადგენელს, 2019 წლის 27 სექტემბრის სატელეფონო შეტყობინების აქტის (იხ. ტ.3, ს.ფ. 71) თანახმად, 2019 წლის 21 ნოემბერს, 16:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა სათანადო წესით.

23. კერძო საჩივრის ავტორს ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს, ადასტურებს სასამართლოს მოხელესთან სატელეფონო საუბარს, თუმცა სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ სატელეფონო საუბარი მიმდინარეობდა ხარვეზით, რის გამოც მან ვერ გაიგო, რომელი სასამართლოს შემადგენლობიდან ურეკავდნენ და რომელი საქმის განხილვის თარიღი შეატყობინეს.

24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სატელეფონო შეტყობინების შესახებ აქტზე, რომელიც 2019 წლის 27 სექტემბერს შედგა და დადასტურებულია როგორც უწყების შინაარსისა და გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ კერძო საჩივრის ავტორის ინფორიმირება, ასევე - სატელეფონო საუბრის კომპიუტერული ჩანაწერის შენახვა შესაბამისი ფორმატით (ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალება), (ს.ფ. 71).

25. პალატა სამოქალაქო პროცესში მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის კერძო საჩივრის ავტორის პოზიციის მიმართ ობიექტური რწმენის შესაძლებლობას და მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს იმ სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებას, რომელიც სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლიანობას დაადასტურებდა.

27. სატელეფონო საუბრის ტექნიკური ხარვეზით მიმდინარეობის პირობებში, კერძო საჩივრის ავტორს სულ მცირე, შეეძლო სასამართლოდან გამოეთხოვა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლითაც მის მიერ მითითებული ფაქტობრივ გარემოებები დადასტურდებოდა. მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში კი, კერძო საჩივრის ავტორის მიერ სადავოდ გახდილი ფაქტობრივი გარემოების გაზიარება შეუძლებელია.

28. უფრო მეტიც, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელს ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით) არაერთხელ ეცნობა ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების შესახებ, კერძოდ, 2019 წლის 4 ივნისს - 2019 წლის 23 მაისის, ხოლო 2019 წლის 1 ივლისს 2019 წლის 27 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ.

29. დავას არ იწვევს ის ფაქტიც, რომ ტექნიკური საშუალებით მხარეს ინფორმაცია ორივე შემთხვევაში მიაწოდა ერთმა და იმავე პირმა (მოსამართლის თანაშემწემ), რასაც შედეგად აპელანტის მხრიდან ხარვეზის გამოსწორება მოჰყვა. ამას ადასტურებს მოსამართლის სახელზე, ხარვეზის შევსების მიზნით, აპელანტის წარმომადგენლის მიერ სასამართლოში წარდგენილი არაერთი განცხადება.

30. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2019 წლის 27 სექტემბერს, სატელეფონო შეტყობინებისას, აპელანტის წარმომადგენელს სხდომაზე გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ აცნობა იმავე პირმა (მოსამართლის თანაშემწემ), რაც საფუძველს აცლის კერძო საჩივრის არგუმენტს, აპელანტისათვის გაურკვეველი იყო, რომელი შემადგენლობიდან უკავშირდებოდნენ.

31. აღსანიშნავია ისიც, რომ აპელანტის წარმომადგენელი ადვოკატია, რომელსაც კლიენტის ინტერესების დაცვის მიზნით, სრული უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს საადვოკატო საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა ფაქტობრივი მონაცემები, შესაბამისად, მას ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, 2019 წლის 27 სექტემბირს სატელეფონო გასაუბრების ხარვეზიანად მიმდინარეობის შემთხვევის დაშვების პირობებშიც კი, მიეღო სასამართლოდან 2019 წლის 21 ნოემბერს დანიშნული სხდომის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია, მით უფრო იმ ვითარებაში, როცა სადავოდ არ ხდის საქმის განხილვის თარიღის შესახებ შეტყობინების მიღებას და მისი ძირითადი პრეტენზია შეეხება მხოლოდ იმ საკითხს, რომ ვერ გაიგო რომელი შემადგენლობიდან ურეკავდნენ და რომელი საქმის განხილვის თარიღი შეატყობინეს.

32. საქმის მასალების მიხედვით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე. იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მოპასუხის შუამდგომლობა.

33. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

34. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც.ყ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე