№ ას-1320-2019 14 იანვარი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ც–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – თ.ხ–ძე, კ.უ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ.ც–ძე (შემდგომში − „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“), თ.ხ–ძე (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“) და კ.უ–ძე (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“) არიან მეზობლები და ცხოვრობენ ქ. …….
2. მოსარჩელეს ეკუთვნის სახლის მე-5 სართულზე მდებარე ბინა №38.
3. პირველი მოპასუხე ცხოვრობს მე-4 სართულზე, მოსარჩელის ბინის ქვევით, ხოლო მეორე მოპასუხე – მე-5 სართულზე, მოსარჩელის ბინის გვერდით.
4. მოპასუხეებს თავიანთ ბინებში დამონტაჟებული აქვთ გაზგამათბობელი მოწყობილობები, რომელთა გამწოვი წერტილები განთავსებულია საცხოვრებელი სახლის კედელზე.
5. 2018 წლის 22 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს დაკისრებოდათ ვალდებულება მოეხსნათ მათ საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები და გამართულ მდგომარეობაში, შესაბამისი სპეციალისტის მიერ განეხორციელებინათ მათი მონტაჟი კანონით განსაზღვრულ ადგილას, ისე, რომ აღნიშნულს ზიანი არ მიეყენებინა მოსარჩელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
6. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
6.1. მოპასუხეებს გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები არასწორად აქვთ დამონტაჟებული. აღნიშნული მოწყობილობები უმეტესწილად გამოჰყოფს გამონაბოლქვს და გაზიც ჟონავს, რის გამოც მოსარჩელის ბინაში სუნთქვა შეუძლებელია;
6.2. მოსარჩელეს მისი ჯანმრთელობისათვის მავნე გარემოში უწევს ცხოვრება. მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობასა და მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა თხოვნით და გაფრთხილებით მოპასუხეებს გამართულ მდგომარეობაში დაემონტაჟებინათ გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები, თუმცა უშედეგოდ.
7. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
8. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოსარჩელე ვალდებული იყო მოპასუხეთა ქონებიდან გამომდინარე ზემოქმედება ეთმინა.
12. სააპელაციო პალატის მითითებით, იმ საკითხის კვლევას, იყო თუ არა მოპასუხეთა კუთვნილი გამწოვი წერტილები დამონტაჟებული „კანონით განსაზღვრულ ადგილზე“, დავის საგანთან კავშირი არ ჰქონდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარემ სასამართლოს შეიძლება სარჩელით მიმართოს მხოლოდ თავისი დარღვეული უფლების დასაცავად. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის უფლება შეიძლებოდა გამწოვი წერტილიდან გამომავალი აირით და არა თავად მათი დამონტაჟების ადგილით დარღვეულიყო. შესაბამისად, მოსარჩელის პრეტენზია სადავო ნივთების არასწორი მონტაჟის თაობაზე უსაფუძვლო იყო.
13. სააპელაციო პალატის მითითებით, შპს „ს.ჯ.გ–ის“ 2018 წლის 12 ივნისის წერილით ირკვეოდა, რომ მოპასუხეთა კუთვნილი გაზდანადგარები გაზის სისტემის უსაფრთხოების ზოგადი ნორმების დაცვით, ე.ი. მართებულად იყო დამონტაჟებული. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ მის კუთვნილ ქონებასა ან/და თავად მასზე მოპასუხეთა კუთვნილი გაზდანადგარებიდან გამომდინარე აირის ზემოქმედების ფაქტი ვერ დაამტკიცა.
14. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ქსელის წესების 70-ე, 71-ე და 76-ე მუხლების თანახმად, პირდაპირი მომხმარებლის მიერ გაზის მოწყობილობების გამოყენებაზე ზედამხედველობას ტრანსპორტირების ლიცენზიანტი ახორციელებს.
15. სააპელაციო პალატის მითითებით, შპს „ს.ჯ.გ–ის“ წერილიდან ცალსახად დგინდებოდა, რომ გაზიფიცირების ქსელის სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში ჯანმრთელობისათვის მავნე (საშიში) აირების გამოყოფა გამორიცხული იყო. იმის თაობაზე კი, რომ მოპასუხეები გაზმომარაგების სისტებას არასწორად იყენებდნენ, მოსარჩელეს არ მიუთითებია. მისი პრეტენზია თავად ამ სისტემის არსებობის წინააღმდეგ იყო მიმართული.
16. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის პოზიცია არ დადასტურდა არც სასამართლოს მიერ სპეციალისტების, შპს „ს.ჯ.გ–ის“ წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარებული ადგილის დათვალიერებით. სააპელაციო პალატის მითითებით, სპეციალისტებმა მოსამართლისა და მხარეთა მონაწილეობით სპეციალური აპარატით ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეამოწმეს მოპასუხეთა კუთვნილი მოწყობილობებიდან მოსარჩელის ბინაში გამონაბოლქვის მოხვედრის შესაძლებლობა და დაადგინეს, რომ აღნიშნული შეუძლებელი იყო.
17. სააპელაციო პალატის მითითებით, სამედიცინო ცნობით დგინდებოდა, რომ მოსარჩელე ქრონიკულად იყო ავად არტერიული ჰიპერტენზიითა და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევებით, თუმცა საქმეში არ იყო არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც მის ავადმყოფობასა და გაზმომარაგების სისტემას შორის კავშირის დადგენა იქნებოდა შესაძლებელი.
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
19. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
19.1. სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა შეჯიბრებითობის პრინციპზე ზოგადი მითითებით;
19.2. სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი, კერძოდ, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო მოპასუხეების ქონებიდან გამომდინარე ზემოქმედება ეთმინა. თუმცა სწორედ აღნიშნული ნორმიდან ირკვევა, რომ გაზის, ორთქლის, სუნის და ა.შ. ზემოქმედება ხელს არ უნდა უშლიდეს მესაკუთრეს, ან მისი ზემოქმედება უნდა იყოს უმნიშვნელო. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მთელი საქმის წარმოების განმავლობაში ამტკიცებს, რომ მოპასუხეების ქონებიდან გამომდინარე ზემოქმედებით ზიანი ადგება მის ჯანმრთელობას. მოსარჩელეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და მისთვის ჯანსაღ გარემოში ყოფნა აუცილებელია, თუმცა მოპასუხეთა უკანონო ქმედების გამო მისი ბინა საცხოვრებლად უვარგისია;
19.3. მოპასუხეებს ტექნიკა არასწორ ადგილზე აქვთ დამონტაჟებული. დანართის სახით წარმოდგენილ 5-სართულიანი სახლის ტიპიურ პროექტში მოცემულია თუ თავდაპირველად სად იყო შეყვანილი გაზის წერტილები, რომლებიც დაარღვიეს მოპასუხეებმა და გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები დაამონტაჟეს თვითნებურად შერჩეულ ადგილებზე, რამაც გამოიწვია მათი ნორმალური ექსპლუატაციის პირობების დარღვევა. სასამართლომ ჩაატარა ადგილზე დათვალიერება და ჰქონდა საშუალება თვალნათლივ დაენახა, რომ მოპასუხეების მხრიდან ადგილი აქვს ბინის პროექტის დარღვევას. მოსარჩელე ითხოვს, რომ გამათბობლები დამონტაჟდეს კანონით (ბინის პროექტით) გათვალისწინებულ ადგილზე, კერძოდ, წყლის გამათბობელი უნდა დამონტაჟდეს სარკმელთან, ხოლო ოთახის გამათბობელი – სამზარეულოს მხარეს, მისაღები ოთახის კედელზე;
19.4. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა თხოვნითა და გაფრთხილებით მოპასუხეებს. ამასთან, იგი ხშირად იძახებს შპს „ს.ჯ.გ–ის“ წარმომადგენლებს ადგილის შესამოწმებლად, თუმცა შპს „ს.ჯ.გ–ის“ წარმომადგენელი გამოძახებიდან დაახლოებით საათნახევრის შემდეგ მიდის ადგილზე და მოსარჩელეს ემუქრება ცრუ გამოძახებისთვის დაჯარიმებით. ერთ-ერთი მორიგი გამოძახებისას მოსარჩელის მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და იგი ცნეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. ამასთან, ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიღო დადგენილება მოსარჩელის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების შესახებ.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
24. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხეები არიან მეზობლები. შესაბამისად, მართებულია სასამართლოს მიერ სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელ ნორმათა გამოყენება.
25. სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას.
26. სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. აღნიშნული ნორმა, რომელიც სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს პატივი სცენ ერთმანეთს. ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, ეხება თითოეული მესაკუთრის ვალდებულებას ქონებით სარგებლობისას პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება. სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილი საკუთრებით სარგებლობის შესაძლო შეზღუდვისას სწორედ თმენის ვალდებულებას ეხება, თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას (იხ. სუსგ №ას- 413-396-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).
27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მოპასუხეთა ქონებიდან გამომდინარე ზემოქმედებით ზიანი ადგება მის ჯანმრთელობას.
28. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 12 თებერვალს სასამართლომ სპეციალისტების, შპს „ს.ჯ.გ–ის“ წარმომადგენლებისა და მხარეთა მონაწილეობით ჩაატარა ადგილის დათვალიერება. ადგილის დათვალიერებისას სპეციალისტებმა სპეციალური აპარატით ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეამოწმეს მოპასუხეთა კუთვნილი მოწყობილობებიდან მოსარჩელის ბინაში გამონაბოლქვის მოხვედრის შესაძლებლობა და დაადგინეს, რომ აღნიშნული შეუძლებელი იყო.
29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე საქმის მასალებში არსებულ შპს „ს.ჯ.გ–ის“ 2018 წლის 12 ივნისის წერილზე, რომლის საფუძველზეც სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეთა კუთვნილი გაზდანადგარები გაზის სისტემის უსაფრთხოების ზოგადი ნორმების დაცვით იყო დამონტაჟებული და რომ გაზიფიცირების ქსელის სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში, მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში ჯანმრთელობისათვის მავნე (საშიში) აირების გამოყოფა გამორიცხული იყო.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
31. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, რასაც კანონმდებელი უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ ბედს. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელის ზეპირი განმარტება და სადავო ურთიერთობის მისეული შეფასება საკმარისი არ არის, არამედ აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, იქნება ეს წერილობითი დოკუმენტები, მოწმეთა ჩვენებები თუ კანონით გათვალისწინებული სხვა სახის მტკიცებულება.
32. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა მასზე ან მის ქონებაზე მოპასუხეთა კუთვნილი მოწყობილობებიდან გამომდინარე აირის ზემოქმედების ფაქტი, თუმცა საკუთარი განმარტების გარდა, მხარემ სხვა მტკიცებულებაზე ვერ მიუთითა მაშინ, როდესაც 2019 წლის 12 თებერვალს სასამართლოს მიერ ჩატარებული ადგილის დათვალიერებითა და შპს „ს.ჯ.გ–ის“ 2018 წლის 12 ივნისის წერილით დადგენილია, რომ მოპასუხეთა კუთვნილი მოწყობილობებიდან მოსარჩელეს არანაირი ზიანი არ ადგება.
33. მოცემული საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის ვერც ის პრეტენზია, რომ მოპასუხეებს გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებლები არასწორ ადგილზე აქვთ დამონტაჟებული. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტშია ასახული და მიუთითებს, რომ, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია მოპასუხეთა კუთვნილი მოწყობილობებიდან მოსარჩელესა და მის ქონებაზე მავნე ზემოქმედების არ არსებობის ფაქტი, მოცემული საკითხის კვლევა ცდება განსახილველი დავის ფარგლებს.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
35. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
36. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (პირადობის მოწმობის ასლი; სახლის ტიპიური პროექტი; ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება და განკარგულება; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინება), მთლიანობაში „21“ ფურცლად (ს.ფ. 238-239, 241-259).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ.ც–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ ლ.ც–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (პირადობის მოწმობის ასლი; სახლის ტიპიური პროექტი; ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 ივლისის დადგენილება და განკარგულება; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივნისის განჩინება), მთლიანობაში „21“ ფურცლად (ს.ფ. 238-239, 241-259);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე