Facebook Twitter

საქმე №ას-1670-2019 12 მარტი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. და თ. ქ–ი (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის ავტორები)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ა–ძე (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა (ძირითად სარჩელში), ვალდებულების შესრულება, ურთიერთგაქვითვის გზით სესხისა და ქირავნობის მოთხოვნების შეწყვეტა და უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ე.ა–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. (შემდგომ – მსესხებელი მოპასუხე) და თ. ქ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მსესხებელი მოპასუხისათვის სესხის – 11 950 აშშ დოლარის დაკისრება, მოპასუხეებს შორის 2014 წლის 6 თებერვალს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა თანმდევი შედეგით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 7 თებერვალს მსესხებელ მოპასუხეს ასესხა 6000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო რეესტრში იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა. მხარეთა ზეპირი შეთანხებით სესხის დაბრუნების ვადა გაგრძელდა.

3. მოგვიანებით მოპასუხემ კვლავ სთხოვა მოსარჩელეს თანხის სესხება. სესხის ხელშეკრულება გააფორმეს 2015 წლის 26 იანვარს, თუმცა 6000 აშშ დოლარი მოსარჩელემ გადასცა უფრო ადრე. ხელშეკრულებაში დასაბრუნებელ თანხად მიეთითა 5950 აშშ დოლარი, რადგან გამოაკლდა ხელშეკრულების დამოწმების ხარჯი. თანხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა ერთი წლით, მაგრამ მოპასუხე შეპირდა, რომ მთელ თანხას უფრო ადრეც დაუბრუნებდა, რადგან ბინის გაყიდვას აპირებდა.

4. მოსარჩელემ შეიტყო, რომ 2014 წლის 6 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი ბინა გადაუფორმდა მოპასუხეს, თუმცა მსესხებელ მოპასუხეს მეორე სესხის გაფორმების დროს ამის შესახებ არ უცნობებია. მოპასუხის საქციელი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მას ფულის დაბრუნების არც სურვილი და არც საშუალება არ გააჩნია. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, ასეთ პირობებში მოითხოვოს სესხის დაბრუნება ვადამდე. მოპასუხე მსესხებელი მოპასუხის შვილია, ამჟამად სადავო საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ ირიცხება, შესაბამისად, მისი, როგორც შემძენის არაკეთილსინდისიერება სადავო არ უნდა იყოს.

5. ამასთან, მან ნასყიდობა გააფორმა იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე, ანუ მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის წინა დღეს.

მოპასუხეებისა და შეგებებული სარჩელის ავტორების პოზიცია:

6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოსარჩელის მიმართ. მათ მოითხოვეს, რომ მოსარჩელეს დაეკისროა 2013 წლის თებერვლიდან 2016 წლის 7 თებერვლამდე ქირა – ყოველთვიურად 300 ლარი, ხოლო 36 თვეში – 10.800 ლარი, სესხის და ქირავნობის მოთხოვნები შეწყდეს ურთიერთგაქვითვის გზით და რეგისტრირებული იპოთეკა გაუქმდეს.

7. მოპასუხეებმა მიუთითეს, რომ 2013 წლის 7 თებერვალს მსესხებელ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 4000 აშშ დოლარს, ხოლო საერთო საპროცენტო სარგებელი – 2000 აშშ დოლარს, რაც იმ დროისათვის იყო 300 ლარი – 1 აშშ დოლარის ეკვივალენტი კურსით.

8. სესხის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოსარჩელემ იქირავა იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა 300 ლარად, საპროცენტო სარგებელიც იგივე ოდენობას შეადგენდა და რეალურად ქირა გაიქვითებოდა. ძმის მძიმე ავადმყოფობის გამო, მსესხებელმა მოპასუხემ ვერ შეძლო დროულად თანხის უკან დაბრუნება, რადგან მისი გადარჩენისთვის დასჭირდა სერიოზული მატერიალური სახსრები. მოსარჩელემ გადაუვადა სესხის დაბრუნების ვადა. მხარეებს ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა. მოსარჩელემ იცოდა, რომ მსესხებელმა მოპასუხემ ძმის მკურნალობისთვის აიღო ვალები და უნდოდა ბინის გაყიდვა, შესაბამისად, ისინი შეთანხმდნენ, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის ვადას გააგრძელებდნენ იპოთეკით უზრუნველყოფის გარეშე, იმ პირობით, რომ მსესხებელი მთლიან თანხას აღიარებდა.

9. მსესხებელი მოპასუხის განმარტებით, მან მოსარჩელეს რეალურად გადაუხადა 2000 აშშ დოლარზე მეტი, რასაც ამჟამად იგი არ აღიარებს. სესხის ხელშეკრულება გაფორმდა 2015 წლის 26 იანვარს. მოსარჩელემ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე მოითხოვა თანხის დაბრუნება და პირველადი ხელშეკრულების უზრუნველყოფის ნივთის რეალიზაცია, რაც მას თავიდანვე ჰქონია განზრახული.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის – 11950 აშშ დოლარის გადახდა, დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია, ძირითადი სარჩელით 2014 წლის 6 თებერვალს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა, ასევე, უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელს.

11. ამავე სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებით მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი 600 ლარის ანაზღაურება.

12. რაიონული სასამართლოს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 7 თებერვალს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებლემა მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 6000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებელი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში.

15. 2013 წლის 7 თებერვალს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით დადგინდა, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტი გათვალისწინებულია არ ყოფილა.

16. 2015 წლის 26 იანვარს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელმა მოპასუხემ ისესხა 5950 აშშ დოლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხს ყოველთვიური სარგებელი არ დაერიცხებოდა. სესხი უნდა დაბრუნებულიყო ერთი წლის ვადაში, 2016 წლის 26 იანვრის ჩათვლით სრულად.

17. 2014 წლის 6 თებერვლის მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული სადავო ბინა აღირიცხა საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე.

18. სარჩელისაგან თავის დასაცავად მსესხებელმა მოპასუხემ მიუთითა, რომ მოსარჩელესთან მან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა 2013 წლის 7 თებერვალს, ხოლო 2015 წლის 26 იანვარს გაფორმდა არა ახალი ხელშეკრულება, არამედ განახლდა სახელშეკრულებო პირობები იმავე თანხაზე. აღნიშნულის დასტურად მსესხებელმა მიუთითა 2014 წლის 9 აგვისტოს შედგენილ ხელწერილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსესხებელმა მოპასუხემ მოსარჩელისაგან ვალად აიღო 5944 დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2015 წლის 9 აგვისტოს. მსესხებელი ასევე მიუთითებს, რომ მას სესხის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი აქვს 2000 აშშ დოლარზე მეტი, რასაც მოსარჩელე არ აღიარებს.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 623-ე და 624-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის – გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016). სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (სუსგ №ას-361-343-2015, 14.12.2015; სუსგ №1425-1345-2017, 30.04.2018წ.).

20. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი, რომლის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ვალდებულების შესრულების ვადა ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა, მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი, მოპასუხემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

21. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა რა წერილობითი ფორმით შედგენილი სესხის ხელშეკრულებები, დაადასტურა აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით მოპასუხესთან სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი. რაც შეეხება მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ რეალურად მხარეთა შორის გაფორმებული იყო მხოლოდ ერთი, 2013 წლის ხელშეკრულება და 2015 წლის 26 იანვრის ხელშეკრულებით განახლდა 2013 წელს გაცემული სესხის სახელშეკრულებო პირობები, აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ასეთ მტკიცებულებად ვერ განიხილება 2014 წლის 9 აგვისტოს შედგენილი ხელწერილი, რომლითაც მსესხებელი იღებს ვალდებულებას, ნასესხები 5944 აშშ დოლარი კრედიტორს დაუბრუნოს 2015 წლის 9 აგვისტოს. მოპასუხის განმარტებების საპასუხოდ მოსარჩელემ მიუთითა, რომ მსესხებელმა მოპასუხემ 2013 წლის 7 თებერვალს გაცემული სესხი ვერ დაუბრუნა ერთი წლის ვადაში, სთხოვა ვადის გაზრდა 2014 წლის ზაფხულამდე, შემდეგ კი კრედიტორს განუცხადა, რომ ჰქონდა უარესი პრობლემა და სთხოვა ფულის სესხება, რასაც დაუბრუნებდა ბინის გაყიდვის შედეგად. ხელწერილი მოპასუხემ დაწერა თანხის გადაცემის დროს და მოსარჩელის განმარტებით, ეს არ ყოფილა პირველი სესხის გაგრძელება ან/და ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მას გააუქმებდენ, ან პირობების შეცვლას კვლავ საჯარო რეესტრში მოახდენდნენ.

22. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს დაარღვევდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაადასტურა მოპასუხესთან სარჩელით მოთხოვნილი ოდენობაზე სასესხო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, ხოლო მოპასუხემ ვერ შეძლო საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა.

23. საქმის მასალებით დადასტურებული არ არის მსესხებელი მოპასუხის მიერ სესხის თანხის გადახდის ფაქტი.

24. სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

25. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან.

26. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შესძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.

27. ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს, შესაბამისი მტკიცებულება კი სსკ-ის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

28. განსახილველ შემთხვევაში რაიმე მტკიცებულება, რაც მსესხებლის მიერ თანხის გადახდის ფაქტს დაადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი არ არის. პალატამ მიიჩნია, რომ მსესხებელი ვერ ადასტურებს მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სესხის თანხის გადახდის თაობაზე.

29. შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვს, მოსარჩელეს დაეკისროს 2013 წლის თებერვლიდან 2016 წლის 7 თებერვლამდე ქირავნობის თანხა ყოველთვიურად 300 ლარი, ხოლო 36 თვეზე, სულ – 10.800 ლარის ოდენობით, სესხის და ქირავნობის მოთხოვნები შეწყდეს ურთიერთგაქვითვის გზით და, შესაბამისად, გაუქმდეს სადავო უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იპოთეკა.

30. მოპასუხის განმარტებით, მართალია, იგი გარკვეული პერიოდულობით სარგებლობდა უძრავი ნივთით, თუმცა მხარეთა შორის ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ ყოფილა. მოპასუხის მითითებით, იგი ძირითადად არის საზღვარგარეთ, სადაც მუშაობს და ფულს აგროვებდა საცხოვრებელი ბინის შესაძენად. მოსარჩელემ თვითონ შესთავაზა, რომ, როცა ჩამოვიდოდა მის ბინაში დარჩენილიყო, რადგან დაკეტილი ჰქონდა. ეს შეთავაზება იყო 2015 წლის იანვარში, როცა გააფორმეს ნოტარიალურად მეორე სესხის ხელშეკრულება. სესხის ხელშეკრულება იყო უპროცენტო და მოსარჩელემ ამიტომაც შესთავაზა ეს წინადადება. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

31. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო სასყიდლიანი ქირავნობის ხელშეკრულება, ბინით სარგებლობის სანაცვლოდ, ყოველთვიურად 300 ლარის გადახდის თაობაზე, ეკისრება შეგებებული სარჩელის ავტორს, რომელსაც აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ასეთ მტკიცებულებად შეფასებული ვერ იქნება შეგეგებულ სარჩელზე დართული აქტი, რომელშიც კონკრეტულ მისამართზე მცხოვრები პირები მიუთითებენ მოსარჩელის მიერ სადავო ბინის ფლობაზე. შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებში გაზიარებული ვერ იქნება შეგებებული სარჩელის ავტორის მსჯელობა, რომ მხარეები შეთანხმდნენ 300 ლარის ოდენობით ქირაზე, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იყო, ვინაიდან სესხის თანხის საპროცენტო სარგებელიც იგივე ოდენობას შეადგენდა. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ როგორც 2013 წლის 7 თებერვალს, ისე 2015 წლის 26 იანვარს სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული არ ყოფილა პროცენტი და უსაფუძვლოა მსჯელობა, რომ მხარეთა შეთანხმებით უნდა მომხდარიყო ქირის თანხის გაქვითვა საპროცენტო სარგებელში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დგინდება, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი ვერ ადასტურებს მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას სასყიდლიანი ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის თაობაზე. არ არსებობს მოსარჩელისათვის ქირავნობის თანხის დაკისრების, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის და იპოთეკის გაუქმების საფუძველი.

32. სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემი. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი მსესხებელი მოპასუხისათვის სესხის თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

33. აპელანტი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებდა ასევე 2018 წლის 26 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილებას, რომლითაც მსესხებელ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან 600 ანაზღაურება.

34. სსსკ-ის 261-ე მუხლისა და 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის მასალებში წარმოდგენილია მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, ასევე, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისათვის 1200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

35. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული დავის საგნის ღირებულების პროპორციულად, მსესხებელი მოპასუხისათვის დაკისრებული ადვოკატების მომსახურების ხარჯი ჯამში 1000 ლარის ოდენობით ექცევა სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული ოდენობის ფარგლებში და არ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა.

36. რაც შეეხება მხარის პრეტენზიას, რომ დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე მისთვის სასამართლოს არ უცნობებია, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია, დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო ზეპირი მოსმენის გარეშე. სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

37. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

38. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სსკ-ის 531-ე, 54-ე, 531-ე, 319-ე, 442-ე მუხლები და არასწორად განმარტა სსკ-ის 316-317-ე, 301-ე, 442-ე მუხლები.

39. კასატორებმა ჩათვალეს, რომ სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისს მესამე ნაწილის, მე-31 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო ვალდებული იყო, მოპასუხე მხარისათვის შეეტყობინებინა ზეპირი მოსმენის დრო და ადგილი, ასევე, შუამდგომლობის შინაარსი, რომელიც მოსარჩელემ სასამართლოს 7-დღიანი ვადის დარღვევით წარუდგენა. ამდენად, დამატებითი გადაწყვეტილება მიღებულია საპროცესო კანონმდებლობის სრული დარღვევით.

40. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეთა შორის ბინით სარგებლობის შესახებ ზეპირი შეთანხმება არ დადებულა. ფაქტობრივად, მოსარჩელე სადავო ბინაში ცხოვრობდა 2013 წლის თებერვლიდან 2016 წლის მარტის შუა რიცხვებამდე. ამის შესახებ შედგა მეზობლების აქტი, რომელსაც მოსარჩელემ ხელი შეგნებულად არ მოაწერა. მოპასუხე მხარე შუამდგომლობდა მოწმეთა სასამართლოში დაკითხვის შესახებ, თუმცა ახსნა-განმარტების მოსარჩელემ მითითებული გარემოება აღიარა, რის გამოც მოპასუხე მხარემ უარი თქვა ზემოაღნიშნულ შუამდომლობაზე. გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ უგულებელყო სსსკ-ის 131-ე მუხლის დათქმა მოსარჩელის აღიარებასთან მიმართებით. სასამართლომ საკმარის მტკიცებულებად არ ჩათვალა მოსარჩელის აღიარება და განმარტა, რომ ბინის გამოთავისუფლების შესახებ მეზობლების მიერ შედგენილი აქტი არ იყო კანონის დაცვით შედგენილი და ეს გარემოება დააფუძნა სსსკ-ის 153-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველად მიღებულ განმარტებად.

41. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მსესხებელი მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მსესხებელი მოპასუხის ძმის ავადმყოფობის შესახებ, რის გამოც მხარემ პირველი სესხი ვერ დააბრუნა ფინანსური პრობლემებისა და უმუშევრობის გამო, შესაბამისად, ამ პირობებში მოსარჩელე მეორედ იმავე რაოდენობის თანხას სესხად აღარ გადასცემდა. ამდენად, 2015 წლის 26 იანვრის შეთანხმება შეეხება თანხის გადახდის ვადის გაგრძელებას და მას ხელახალი სესხის გაცემა პრაქტიკულად არ მოჰყოლია.

42. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო სესხის ხელშეკრულებას და მიიჩნია, რომ თანხა შეადგენდა 11861,33 ლარს, 1 აშშ დოლარი – 1,9935 ლარის კურსით, ხოლო სარეზოლუციო ნაწილში კი არასწორად მოპასუხეს დააკისრა 11950 აშშ დოლარი. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ სესხის ხელშეკრულებასთან განსხვავებული თანხა იმიტომ იყო მოთხოვნილი, რომ მას გამოაკლდა ხელშეკრულების გაფორმების ხარჯი, რა დროსაც არ გაიზიარა შუალედში შინაურულ ხელწერილში დაფიქსირებული თანხის ოდენობა.

43. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ არასწორად დაეკისრათ დამატებითი გადაწყვეტილებით 600 ლარის გადახდა, რადგან აღნიშნული თანხის ანაზღაურება მოსარჩელეს საქმის განხილვისას არ მოუთხოვია.

44. სასამართლოს გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უკანონოდ, ვინაიდან მხარემ დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ სასამართლოს მიმართა კანონით დადგენილი 7-დღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ვადა ვრცელდება მხოლოდ მხარეებზე, ხოლო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების კუთხით რაიმე შეზღუდვა არ გააჩნია. მას შეუძლია, საკუთარი ინიციატივით დამატებითი გადაწყვეტილება ნებისმიერ დროს მიიღოს.

45. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

46. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, ხოლო სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში საკასაციო საჩივარი კი ცნობილ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

47. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

48. 2013 წლის 7 თებერვალს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებლემა მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 6000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებელი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში.

49. 2013 წლის 7 თებერვალს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით დადგინდა, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტი გათვალისწინებულია არ ყოფილა.

50. 2015 წლის 26 იანვარს მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელმა მოპასუხემ ისესხა 5950 აშშ დოლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხს ყოველთვიური სარგებელი არ დაერიცხებოდა. სესხი უნდა დაბრუნებულიყო ერთი წლის ვადაში, 2016 წლის 26 იანვრის ჩათვლით სრულად.

51. 2014 წლის 6 თებერვლის მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული სადავო ბინა აღირიცხა საჯარო რეესტრში მოპასუხის სახელზე.

52. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

53. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს ძირითადი – 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

54. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის (ძირი თანხა) დაბრუნების მოთხოვნა – სსკ-ის 623-ე მუხლი [სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი], თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები:

55. მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და უნდა კისრულობდეს განსაზღვრულ ვადაში, გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას.

56. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით:

57. სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა.

58. სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი ვალდებულია, დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

59. სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს. მარტო შეთანხმება სესხის თაობაზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს ხელშეკრულების დადებას.

60. ერთ-ერთ საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: „სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის – გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (ხელშეკრულების დადება)“ (შდრ: სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016წ.). სხვა საქმეშიც საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას ანუ, იგი დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ, საქმეზე №ას-361-343-2015, 14.12. 2015).

61. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მარტოოდენ სესხის შესახებ შეთანხმება, ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგან სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და სამართლებრივი ძალის აუცილებელი პირობაა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლის საკუთრებაში რეალურად გადაცემა, სადავოობის შემთხვევაში, მოსარჩელემ (გამსესხებელმა) უნდა ამტკიცოს არა მხოლოდ სესხზე შეთანხმების არსებობა, არამედ სესხის საგნის რეალურად გადაცემის შესახებაც ფაქტობრივი გარემოებაც.

62. საგულისხმოა, რომ საკითხი იმის შესახებ თუ დავის მონაწილე რომელმა მხარემ უნდა ადასტუროს თანხის გადაცემის ანუ, ხელშეკრულების დადების შესახებ გარემოება, არ რეგულირდება მატერიალური სამართლის ნორმით. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის მომწესრიგებელი არცერთი ნორმა მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს არ გვთავაზობს, რის გამოც, გამოყენებულ უნდა იქნას სსსკ-ის ზოგადი ნორმა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილებისთვის [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი], რომლის თანახმად თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება. ანუ გამსესხებლის ვალდებულება შემოიფარგლება სესხის თანხის გადაცემისა და გადაცემული თანხის ოდენობის მტკიცებით, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით.

63. სსკ-ის 624-ე მუხლის თანახმად, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა, უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (შდრ: სუსგ №ას-398-371-2017, 06 ივნისი, 2017 წელი).

64. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს.

65. მაშასადამე, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან გარიგებით შეთანხმებულ ვადაში (შდრ. სუსგ №ას-361-343-2015, 14.12.2015წ.). შესაბამისად, მარტოოდენ, სესხის შესახებ შეთანხმება (არსებით პირობებზე შეთანხმება) ხელშეკრულების საგნის გადაცემის გარეშე, არ ნიშნავს სესხის ხელშეკრულების დადებას. რადგანაც სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის აუცილებელი პირობაა ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის მსესხებლისთვის რეალურად (ფიზიკურად) გადაცემა.

66. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიულ ლიტერატურასა და კანონმდებლობაში ცნობილია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვადასხვა საშუალება. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები ვალდებულების ჯეროვანი შესრულების საშუალებებია. ისინი იყოფიან უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით-სამართლებრივ საშუალებებად. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებებს მიეკუთვნება გირავნობა და იპოთეკა. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებების თავისებურება ისაა, რომ ისინი გარანტირებულს ხდიან ვალდებულების შესრულებას მისი დარღვევის შემთხვევაში და სწორედ ამ მიზანმიმართულებით ხასიათდებიან. სანივთო უზრუნველყოფის საშუალებები მთლიანად შესრულების ფუნქციით არიან დატვირთული და არ წარმოადგენენ რაიმე დამატებით საჯარიმო ხასიათის დატვირთვებს მოვალისათვის. ამიტომაცაა, რომ ისინი ყველაზე გავრცელებული უზრუნველყოფის საშუალებებია სამოქალქო ბრუნვაში (შდრ. ლ.ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012, 44. iegand in Staundinge BGB Komm, §1204, Rn.3.4.).

67. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუ მოვალე არ ასრულებს, ანდა არაჯეროვნად ასრულებს ვალდებულებას, კრედიტორს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ზომის გამოყენებით აიძულოს მოვალე, შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს როგორც კანონით, ისე ხელშეკრულებით. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებათა არსებობა დამოკიდებულია რაიმე ვალდებულების არსებობაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც ისინი არსებობენ. ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფაც ხდება, წარმოადგენს მთავარ (ძირითად) ვალდებულებას, ხოლო მისი შესრულების უზრუნველყოფის საშუალებები დამატებით (აქცესორულ) ვალდებულებებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ მეტად გავრცელებულ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა. იპოთეკის ლეგალური დეფინიცია მოცემულია სსკ-ის 286-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმადაც, უძრავი ნივთი შეიძლება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

68. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული იპოთეკა უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებს განეკუთვნება. ერთი მხრივ, ის განმტკიცებულია სანივთო სამართალში, ხოლო მეორე მხრივ, წარმოადგენს რეგისტრირებულ სანივთო უფლებას ინდივიდუალიზებულ და კონკრეტულ უძრავ ნივთზე. იპოთეკა, როგორც სანივთო უფლება, აფუძნებს სანივთო პასუხისმგებლობას, რომელიც დგება მესაკუთრის ბრალის მიუხედავად (შდრ. ლ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, თბილისი, 2012, გვ.63. Lüke, Sachenrecht, 2.Aufl.,2010, §18,Rn. 674).

69. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, რომ როგორც გირავნობის, ისე იპოთეკის შემთხვევაში, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს განსაზღვრული ნივთი, მაგრამ, თუკი გირავნობის დროს მოთხოვნის უზრუნველყოფა ხდება მოძრავი ნივთით ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთით, იპოთეკის დროს მოთხოვნის უზრუნველყოფა ხდება მხოლოდ უძრავი ნივთით. სსკ-ის 149-ე მუხლის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. იპოთეკის უპირატესობა არა მხოლოდ იმაშია, რომ იპოთეკარს (კრედიტორს) კონკრეტული უძრავი ნივთიდან შეუძლია დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა, არამედ იმაშიც, რომ მას სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში შეუძლია მიიღოს დაკმაყოფილება (იხ. დამატებით: თ. შოთაძე, იპოთეკა, როგორც საბანკო კრედიტის უზრუნველყოფის საშუალება, თბილისი, 2012, 22). წარმოშობის საფუძვლების მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავდება სახელშეკრულებო და კანონისმიერი იპოთეკა (იხ. დამატებით: ლ. ჭანტურია, საკუთრება, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, თბილისი, 1999, 18. ბ.ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, თბილისი, 200, 330; თ. შოთაძე, სანივთო სამართალი, თბ., 2014, 366; თ.ზარანდია, სანივთო სამართლის საფუძვლები – ქონება, მფლობელობა, საკუთრება, თბილისი, 2016).

70. განსახილველ შემთხვევაში კასატორებმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენის გზით ვერ დაადასტურეს მათი არგუმენტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულება გაიქვითა მსესხებელი მოპასუხის კუთვნილი ბინით სარგებლობისას წარმოშობილი მოსარჩელის დავალიანების გაქვითვით.

71. ზემოთ მითითებულ სამოქალაქო საპროცესო სამართლაში არსებული მტკიცების სტანდარტის დაცვით კასატორებმა ვერ დაამტკიცეს მხარეთა შორის უძრავ ნივთზე ქირავნობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, შესაბამისად, ვერ დადასტურდა ვერც მოსარჩელის სადავო დავალიანების წარმოშობა, რისი გაქვითვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს. აღნიშნული კი უსაფუძვლოს ხდის შეგებებული სარჩელის მოთხოვნებს.

72. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსეჯლობას შეგეგებულ სარჩელზე დართულ აქტთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული დოკუმენტი მხარეთა შორის სასყიდლიანი ქირავნობის არსებობას ვერ ადასტურებს. მასში კონკრეტულ მისამართზე მცხოვრები პირები მიუთითებენ მოსარჩელის მიერ სადავო ბინის ფლობაზე. სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება ბინით სარგებლობისათვის 300 ლარის ოდენობის ქირაზე შეთანხმება. დასახელებული ფაქტის დასასაბუთებლად საკმარისი არ არის მხოლოდ მსესხებელი მოპასუხის ვარაუდი, რომ სესხის თანხის საპროცენტო სარგებელი და ქირის ოდენობა იდენტურია, რამაც განსაზღვრა ქირად 300 ლარის დაწესება.

73. სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ როგორც 2013 წლის 7 თებერვალს, ისე 2015 წლის 26 იანვარს სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული არ ყოფილა პროცენტი და უსაფუძვლოა მსჯელობა, რომ მხარეთა შეთანხმებით უნდა მომხდარიყო ქირის თანხის გაქვითვა საპროცენტო სარგებელში.

74. ზემოაღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

75. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

76. ამასთან, ზემოთ განხილულ ნაწილში საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

77. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე, გარდა იმ ნაწილისა, რომლითაც კასატორები ასაჩივრებენ სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.

78. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

79. მოცემულ შემთხვევაში, არსებობს სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის ზემოაღნიშნული საფუძველი.

80. სსსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

81. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში განხილულ უნდა იქნეს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. და თ. ქ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის დამატებითი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში ცნობილ იქნეს დასაშვებად;

2. საქმის განხილვა ჩატარდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც ეცნობოთ მხარეებს;

3. მ. და თ. ქ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ნაწილში დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური