Facebook Twitter

№ას-1793-2019 12 მარტი, 2020 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „G...” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ა–ი, ნ.ა–ი, ს.ა–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, გაჩუქებულ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა, ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა/თანასაკუთრების საგნის მეუღლისთვის (1/2 წილის) მიკუთვნება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „G....-მა” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა ვ.ა–ის, ნ.ა–ისა და ს.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებულნი, როგორც „მოპასუხეები“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ ზიანის ანაზღაურების, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის, გაჩუქებულ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენის, ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის/თანასაკუთრების საგნის მეუღლისთვის (1/2 წილის) მიკუთვნების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 17.10.2018წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.11.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.01.2020 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

6. სასამართლოს მიერ დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, 2020 წლის 2 მარტს მოსარჩელემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. 2020 წლის 5 მარტს მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და საქმის წარმოების შეწყვეტა, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ის უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

8. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

9. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:

სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

10. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

11. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1573-2018, 26 სექტემბერი, 2019 წელი; №ას-795-2019, 20 ნოემბერი, 2019 წელი).

კასატორის დირექტორის (იხ.: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ტ.1, ს.ფ.26) განცხადება საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, სამართლებრივად წარმოადგენს საკასაციო საჩივარზე უარის თქმას. მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

შესაბამისად, რადგან კასატორმა საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მისი დასაშვებობის შემოწმებამდე, არსებობს მისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „G.....-ის“ დირექტორის ა.ძ–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება შპს „G.....-ის“ საკასაციო საჩივარზე ვ.ა–ის, ნ.ა–ისა და ს.ა–ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.11.2019წ. განჩინებაზე.

3. შპს „G....-ს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: ....) უკან დაუბრუნდეს ა.ძ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარი (საგადახდო დავალება #8951977338, გადახდის თარიღი 17.01.2020წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 30077 3150.

4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

5. განემარტოს კასატორს, რომ მას ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ზურაბ ძლიერიშვილი