საქმე №ას-1703-2019 7 თებერვალი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. გ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ”ლ. ბ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ლ. ბ.“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ა. გ-ას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ მისი გაუქმების მოთხოვნით და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იშუამდგომლა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინებით აპელანტს დაევალა ხარვეზის შევსების მიზნით განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა 75 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
4. 2019 წლის 17 სექტემბერს აპელანტმა კვლავ მიმართა სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნით, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით გაუგრძელდა.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 70-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 23 სექტემბრის ხარვეზის განჩინება აპელანტს პირადად ჩაჰბარდა 2019 წლის 3 ოქტომბერს.
7. სსსკ-ის მე-60, 61-ე, 368.5, 374.1 მუხლების თანახმად ხარვეზის შევსების ვადა 2019 წლის 4 ოქტომბერს დაიწყო და იმავე წლის 8 ოქტომბერს ამოიწურა. აპელანტს ამ ვადაში სასამართლოსთვის არც სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაოქ საქმეთა პალატის 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ. ამ განჩინების 6-7 პუნქტები).
9. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის შეუძლებელი იყო სასამართლოსათვის მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები წარედგინა, რადგან, არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ აქვს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ სოციალურად დაუცველის სტატუსი, არის უმუშევარი და ჰყავს ავადმყოფი შვილი.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
13. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
14. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
15. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა.
16. აპელანტის თხოვნით აღნიშნული ვადა 5 დღით გაგრძელდა, ამასთან, მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
17. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის (იხ. ამ განჩინების 6-7 პუნქტები).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შდრ. სუსგ #ას-1397-2019, 21.11.19 წ.).
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1324-2018). კერძო საჩივრის ავტორი თავადვე აცხადებს, რომ თავისი შუამდგომლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები მას არ აქვს (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი).
20. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე (შდრ. სუსგ #ას-1397-2019, 21.11.19 წ.).
21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. გ-ას კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე