საქმე №ას-1849-2018 14 თებერვალი, 2020 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ტ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. კ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, დივიდენდის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჯ. კ-ძე (შემდეგში: მოსარჩელე ან პირველი აპელანტი) შპს „ტ.“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი ან საწარმო) 6.6 %-იან წილს ფლობს, საიდანაც მოსარჩელე წლების განმავლობაში ხელფასსა და დივიდენდს იღებდა (ტ. 1, ს. ფ. 19-21).
2. მოსარჩელის მინდობილ პირსა და შპს „ე.“ (შემდეგში: აუდიტორული კომპანია) შორის, 2015 წლის 20 მაისს გაფორმდა აუდიტორული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ამ უკანასკნელმა ივალდებულა საწარმოს საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვიანობის სისწორე, 2012 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, შეესწავლა (ტ. 1, ს. ფ. 28-38).
3. საწარმოს წესდების მე-2 პუნქტის 2.6 ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ თუ საზოგადოების პარტნიორთა კრება, საზოგადოების წლიური მოგების ანგარიშგების დამტკიცების შემდეგ, პარტნიორთა შორის საზოგადოების წლიური მოგების განაწილებას გადაწყვეტს, თითოეულ პარტნიორს საზოგადოების წლიური მოგების ნაწილი (დივიდენდი) საწესდებო კაპიტალში მისი წილის პროპორციული ოდენობით მიეცემა (ტ. 1, ს. ფ. 97-110).
4. საწარმოს პარტნიორთა კრება 2015 წლის 15 ივნისს ჩატარდა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ იყო: 1. საწარმოს წესდებაში ცვლილებების შეტანა; 2. სამეთვალყურეო საბჭოს დაკომპლექტება; 3. საწარმოს დირექტორის არჩევა; 3. მოსარჩელის მიერ წამოჭრილი საკითხის განხილვა; 4. მიმდინარე საკითხების განხილვა. დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით, პარტნიორთა კრებამ დაადგინა, რომ დირექტორს თანხმობა მიეცეს, უზრუნველყოს მოსარჩელის დაქირავებული აუდიტის მიერ საწარმოში შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება (ტ. 1, ს. ფ. 25-26).
5. საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერებში, ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად საზოგადოების ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხები გამოვლინდა, რომლებზეც საწარმოს შესაბამისი დოკუმენტები: პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება თანხის გაცემის შესახებ, შესაბამისი დარიცხვისა და გადახდის უწყისები არ გააჩნდა.
6. აუდიტის დასკვნის თანახმად, 2012-2014 წლების პერიოდში თითოეულ დამფუძნებელზე ბუღალტრული ანგარიშები არ არის გახსნილი და ცალკეულ დამფუძნებელზე დივიდენდები ფაქტიურად გაცემულია წილების შეუსაბამოდ, არათანაბარი ოდენობით. მოსარჩელეზე 2012-2015 წლებში შემოსავალი (ხელფასი და დივიდენდი) გაცემულია, მაგრამ ეს თანხები მის მიერ მოთხოვნილ თანხაში არ შედის (ტ. 1, ს. ფ. 43-66).
7. საწარმოს პარტნიორთა საერთო კრება 2015 წლის 6 ნოემბერს გაიმართა, რომელმაც საწარმოში განხორციელებული აუდიტის შედეგები და მასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებანი ცნო და დაადასტურა, კერძოდ, საგადასახადო დეკლარაციებში განხორციელებული ცვლილებები, მათ შორის საზოგადოების პარტნიორთათვის დივიდენდის სახით თანხის/ხარჯის, საერთო მოცულობით 1 181 367 ლარის რამდენიმე პარტნიორზე განაწილება, რაც სამეურნეო წლების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: 2012 წელს - 517 720 ლარი, 2013 წელს - 309 100 ლარი, ხოლო 2014 წელს - 354 547 ლარი. პარტნიორთა კრების ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე საგადასახადო ორგანოში საშემოსავლო გადასახადის დეკლარირება მოხდა, რომლითაც საზოგადოების პარტნიორებს დივიდენდზე საშემოსავლო გადასახადი დაუკავდათ (ტ. 2, ს. ფ. 11-13).
8. საწარმოს უძრავ-მოძრავი ქონება, 2014 წლის 16 ივლისს, სააღსრულებო ფურცლის (საქმე №2/1046-...) საფუძველზე, შპს „ს. ...-ის“ (შემდეგში: კრედიტორი) მიმართ არსებული დავალიანების 54 280 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით დაკისრებული - 3 799 ლარის უზრუნველსაყოფად დაყადაღდა (ტ. 1, ს. ფ. 91-96).
9. საწარმოს პარტნიორმა კრებამ, 2015 წლის 18 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,C. C.-სა“ (შემდეგში: მეორე საწარმო) და სს ,,ვ. ბ. ჯ.“ შორის სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად საწარმოს მიერ თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებაზე (ტ. 1, ს. ფ. 89-90).
10. მეორე საწარმომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვა და 2015 წელს სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოები შეასრულა ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში (ტ. 1, ს. ფ. 113-147).
11. საწარმოს ერთობლივი შემოსავალი 2014 წელს, 2012 წელთან შედარებით, გაიზარდა (ტ. 2, ს. ფ. 14-17).
12. საწარმოს 6.6%-იან პარტნიორ ნატალია თავიდაშვილს, ლ. სილაგავას, საწარმოს ტექნიკურ დირექტორ თ. კ-ძეს და საწარმოს დირექტორის მოადგილე ა. ჟ-ნს დივიდენდი არ მიუღიათ.
13. საწარმოსა და ქუთაისის მერიას შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა კრედიტორთან დაკავშირებით არსებულ საქმეზე, იმავე თანხის დაკისრების მოთხოვნით.
14. სარჩელის საფუძვლები
14.1 მოსარჩელემ, 2015 წლის 5 ნოემბერს, სარჩელი აღძრა საწარმოსა და თ. ჩ-ძის (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან საწარმოს დირექტორი) წინააღმდეგ და 2015 წლის 6 ნოემბრის პარტნიორთა კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკუთარი წილის პროპორციულად დივიდენდის - 77 970 ლარის გადასახდელად დაკისრება, საწარმოს დირექტორისათვის, საწარმოს სასარგებლოდ, დაგვიანებით განხორციელებული დეკლარირების გამო, საურავის დარიცხვისათვის საწარმოსათვის მიყენებული ზიანისა და სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საწარმოსათვის დაკისრებული თანხისა და სახელმწიფო ბაჟის, ჯამში - 64 923.90 ლარის დაკისრება მოითხოვა; ასევე, საწარმოს დირექტორისათვის, საწარმოს სასარგებლოდ, მიუღებელი შემოსავლის სახით - 77 158 ლარისა და საწარმოსათვის მის მიერ აუდიტორული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 17 700 ლარის და საადვოკატო მომსახურების ხარჯის დაკისრება მოითხოვა.
14.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე დაყრდნობით განმარტა, რომ აუდიტორული დასკვნით დადასტურდა ეჭვი, რომ კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშგება ხორციელდება საზოგადოებისა და დამფუძნებელი პარტნიორების ინტერესების საზიანოდ, კერძოდ, საწარმოს საბუღალტრო ჩანაწერებში საზოგადოების ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული თანხები გამოვლინდა, რომელზედაც კომპანიას შესაბამისი დოკუმენტები არ გააჩნია: პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება თანხის გაცემის შესახებ, დარიცხვისა და გადახდის უწყისები, საქონლის შესყიდვის დოკუმენტები.
15. მოპასუხეების შესაგებელი
15.1 საწარმომ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ პარტნიორთა კრებამ შემოწმების შედეგად გაცემულ დასკვნაში აღრიცხულ თანხებზე გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად, აღნიშნული თანხები არ შეიძლება უკანონოდ გაცემულად ჩაითვალოს. საწარმოს პარტნიორებზე დივიდენდი ყოველწლიურად გაიცემოდა, მათ შორის - მოსარჩელეზეც, რომელიც თანხაა ხელფასის სახით ღებულობდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე საწარმოში არ იყო დასაქმებული.
15.2 პირველი მოპასუხის განმარტებით, კრედიტორთან დაკავშირებით არსებულ საქმეზე ამჟამად სასამართლო დავა ქალაქ ქუთაისის მერიასთან მიმდინარეობს, შესაბამისად, იმის მტკიცება რომ საწარმოს ზიანი მიადგა, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. ამასთან, საწარმოს მეორე საწარმოსთან ურთიერთობით ზიანი არ მიდგომია, საწარმომ სრულად მიიღო ყველა ის სარგებელი, რომელიც დაკავშირებული იყო მეორე საწარმოსთან ურთიერთობასთან, მათ შორის, წარდგენილი დოკუმენტაცია სათავდებო ხელშეკრულების გაფორმების მიზანშეწონილობას ადასტურებს და სწორ სამეურნეო ნაბიჯადაა მიჩნეული.
საწარმოს დირექტორმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნები მიმართული უნდა იყოს საწარმოს წინააღმდეგ, ხოლო დირექტორი, როგორც ფიზიკური პირი, არ არის სარჩელზე პასუხისმგებელი.
16. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
16.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
16.1.1 საწარმოს მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი დივიდენდის - 77 970 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის - 3 118 ლარის გადახდა დაეკისრა;
16.1.2 სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.
16.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით; „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-8, მე-9, 44-ე, 51 მუხლის 51 ქვეპუნქტით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 408-ე, 411-412-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
17. სააპელაციო საჩივრები
17.1 მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საწარმოსათვის აუდიტორული ხარჯის დაკისრება მოითხოვა.
17.2 პირველმა მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
18.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა:
18.1.1 საწარმოს მოსარჩელის სასარგებლოდ აუდიტორული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 17 700 ლარის გადახდა დაეკისრა;
18.1.2 პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
18.2 სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სპეციალური კანონის მე-8, 51 მუხლებისა და საწარმოს წესდების შესაბამისად, პარტნიორთა კრება უფლებამოსილია პარტნიორთა შორის წილების პროპორციულად წლიური და შუალედური მოგება - დივიდენდის სახით დაადგინოს და გაანაწილოს.
18.3 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საწარმოს მტკიცება, რომლის თანახმად, პარტნიორთა კრებაზე საწარმოს ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ქმედებებზე პარტნიორების ინფორმირება მოხდა და არა - დივიდენდების განაწილება.
18.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული 2015 წლის 6 ნოემბრის პარტნიორთა საერთო კრების ოქმის თანახმად, დგინდება, რომ დღის წესრიგით განსახილველი ერთ-ერთი საკითხი იყო - საწარმოს პარტნიორთათვის დივიდენდების განაწილების წესის დადგენა. პარტნიორთა კრებამ საწარმოში განხორციელებული აუდიტის შედეგები დაადასტურა და მასთან დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებანი, კერძოდ, საგადასახადო დეკლარაციებში განხორციელებული ცვლილებები, მათ შორის საზოგადოების პარტნიორთათვის დივიდენდის სახით თანხის/ხარჯის, საერთო მოცულობით 1 181 367 ლარის განაწილება, რაც სამეურნეო წლების მიხედვით გადანაწილდა შემდეგნაირად: 2012 წელს - 517 720 ლარი, 2013 წელს - 309 100 ლარი, ხოლო 2014 წელს - 354 547 ლარი.
18.5 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწარმოს პარტნიორთა კრების 2015 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ერთხმად იქნა მიღებული და დადასტურებული აუდიტის შედეგები და 1 181 367 ლარს მიეცა დივიდენდის კვალიფიკაცია. პარტნიორთა კრებამ ასევე დაადგინა, რომ საწარმოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით გასანაწილებლად გამოყოფილი თანხის საწარმოს პარტნიორთა შორის დივიდენდის განაწილება განხორციელდებოდა ორ ეტაპად, კერძოდ, თანხის ნახევრის ანაზღაურება პარტნიორთა წილების პროპორციულად საანგარიშო წლის არა უგვიანეს ივნისის ბოლოს მოხდა, ხოლო დივიდენდის მეორე ნაწილის გაცემა პარტნიორთა წილების პროპორციულად არა უგვიანეს საანგარიშო წლის დეკემბრის თვის ბოლომდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ პარტნიორთა კრებაზე დივიდენდები განაწილდა.
18.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ პირველი მოპასუხე პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს წარმოადგენს, რომლის 6.6%-იანი წილის მესაკუთრე და საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტნიორი მოსარჩელეა, შესაბამისად, მას კანონიერი უფლება აქვს პარტნიორთა კრების მიერ განაწილებული დივიდენდის - 1 181 367 ლარის 6.6% მიიღოს, რაც 77970 ლარია.
18.7 სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიუთითა სსსკ-ის 53-ე მუხლზე ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან“ და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ მოთხოვნაზე არ უმსჯელია, ამასთან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სარჩელი, ამ უკანასკნელს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ მოთხოვნილი აუდიტორული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი.
19 . საკასაციო საჩივრის საფუძვლები
19.1 პირველმა მოპასუხემ (საწარმომ) საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, საწარმოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.
19.2 კასატორი სპეციალური კანონის მე-8 მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ მოგების განაწილება შესაძლებელია მხოლოდ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, სხვაგვარად განხორციელებულ ქმედებას არ შეიძლება მოგების განაწილებისა და დივიდენდის კვალიფიკაცია მიეცეს. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა აუცილებელი კორექტირების საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავდა დოკუმენტაციის სრულ შესაბამისობაში მოყვანას, შესაბამისად, მოგება არ განაწილებულა და არც დივიდენდი გაუცია საწარმოს. პარტნიორთა კრებამ 2014 წლის საანგარიშო წლის წლიური ანგარიში განიხილა, ასევე - მხოლოდ მოგების განაწილების ზოგადი წესი.
19.3 კასატორის განმარტებით, დადგენილია, რომ მხოლოდ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით ხდება მოგების განაწილება, მეორე მხრივ კი, კორექტირებული თანხა ჩაითვალა დივიდენდად, მაშინ როდესაც პარტნიორთა კრების 2015 წლის 6 ნოემბრის ოქმით ნათლად ჩანს, რომ 2015 წლის 30 სექტემბერს მხოლოდ კორექტირება მოხდა და ამ კორექტირების შედეგად ფორმალური ნაწილის შესაბამისობაში მოყვანა, რის სამართლებრივ საფუძველსაც საგადასახადო კოდექსი სრულად იძლევა.
19.4 საწარმოსათვის აუდიტორული ხარჯის დაკისრების შესახებ კასატორმა განმარტა, რომ მოსარჩელემ ისარგებლა სპეციალური კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილებით და აუდიტის დასკვნაში მითითებული ინფორმაციით დადგინდა, რომ წლიურ ანგარიშში არანაირი შეცდომა არ ყოფილა დაფიქსირებული. აუდიტის დასკვნაში ასახული შენიშვნები, მხოლოდ საგადასახადო ორგანოებთან ანგარიშსწორებას ეხებოდა, რაც წლიურ ანგარიშთან ვერ იქნება კავშირში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალური კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი ითვალისწინებს, რომ საწარმოს აღნიშნული ხარჯები ეკისრება მხოლოდ მაშინ, როდესაც ანგარიშში არსებითი შეცდომა აღმოჩნდება.
20 . საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
20.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივრი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საწარმოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
23. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიები (შედავება).
24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ამ განჩინების 18.2-18.7 ქვეპუნქტებში ასახულ, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ დივიდენდი ეს არის მოგების ნაწილი, რომელსაც კომერციული იურიდიული პირი სამეურნეო წლის შედეგების მიხედვით ანაწილებს პარტნიორთა შორის... სპეციალური კანონის ნორმატიული მოწესრიგების პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პარტნიორს გააჩნია დივიდენდის მიღების უფლება, მხოლოდ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ ისინი წარმოადგენენ საწარმოს პარტნიორებს, მათ მხოლოდ მაშინ გააჩნიათ დივიდენდის მოთხოვნის უფლება კონკრეტული სამეურნეო წლის მოგებიდან, თუ პარტნიორთა კრება მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას მოგების განაწილების შესახებ. სახელდობრ, სპეციალური კანონის მე-8 მუხლი შეიცავს რეგულაციას კაპიტალურ საზოგადოებაში მოგების განაწილების წინაპირობებთან დაკავშირებით და ადგენს ქცევის წესს, რომლის თანახმად, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება“. ამასთან, აღნიშნული ნორმა არ შეიცავს კონკრეტულ, პროცედურულ წესზე მითითებას, რომლის დაცვაც აუცილებელია კომპეტენტური ორგანოს მიერ დივიდენდის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად და მათ მოწესრიგებას კანონი მთლიანად მიანდობს კომპანიის (კაპიტალური საზოგადოების) წესდებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებათა სამართლებრივი ანალიზიცხადყოფს, რომ დივიდენდის განაწილების მიზნებისათვის, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს პარტნიორთა ნება მოგების პარტნიორებს შორის გაყოფის თაობაზე, საზოგადოების მოგების დივიდენდად განაწილება რჩება საზოგადოების პარტნიორთა კრების დისკრეციულ უფლებამოსილებად (შდრ: სუსგ-ები №ას-771-732-2013, 31 იანვარი, 2014 წელი; №ას-378-359-2015, 21 დეკემბერი, 2015წელი; №ას-822-780-2013, 3 თებერვალი, 2014 წელი; Nას-863-813-2015, 17 დეკემბერი, 2015 წელი).
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სპეციალური კანონის 51 მუხლის 51 პუნქტი და 47-ე მუხლის პირველი პუნქტი წარმოადგენს განსახილველი საკითხის მარეგულირებელ ძირითად დანაწესებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დივიდენდის გაცემა საწარმოს საქმიანობის ჩვეულებრივი პროცესი კი არ არის, არამედ განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით ხორციელდება. დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს საწარმოში მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ. დივიდენდის მიღების უფლება განუყრელადაა დაკავშირებული პარტნიორად ყოფნასთან და მისი სხვა პირისათვის გადაცემა წილისაგან დამოუკიდებლად დაუშვებელია. დივიდენდის მოთხოვნის უფლება შეიძლება პარტნიორის თანხმობით სხვა პირმაც განახორციელოს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში პარტნიორი საზოგადოების კრედიტორს წარმოადგენს და მას, როგორც კრედიტორს, უფლება აქვს თავისი მოთხოვნა დივიდენდზე სხვა პირს დაუთმოს. თავად დივიდენდის მოთხოვნის უფლება, როგორც ითქვა, პარტნიორს წარმოეშობა იმ მომენტიდან, როცა პარტნიორთა კრება მიიღებს გადაწყვეტილებას საზოგადოების მოგების განაწილების შესახებ (იხ. სუსგ №ას-1328-1170-2010, 6 ივნისი, 2011 წელი).
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგების წილის (დივიდენდის) მიღების უფლება (იხ. სუსგ# ას-1328-1170-2010, 06.06.2011წ; შდრ: სუსგ-ებს # ას-1370-1290-2017, 16.03.2018წ; #ას-851-795-2017, 20.04.2018წ; 3ას0 1141-2018, 30.11.2019წ; # ას-1707-2018, 17.07.2019წ.).
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოში წლიური მოგების არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული მოგების დივიდენდების სახით განაწილება წარმოადგენს პარტნიორთა კრების უფლებამოსილებას და არა - ვალდებულებას, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მეწარმე სუბიექტის საქმიანობის მიზანს სწორედ მოგების მიღება წარმოადგენს და პარტნიორებს გააჩნიათ ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ მოგების არსებობის შემთხვევაში მიიღებენ დივიდენდებს, პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილების არმიღებას უნდა ჰქონდეს ასევე ლეგიტიმური სამეწარმეო მიზანი და სწორედ აღნიშნული მიზანი უნდა ამართლებდეს პარტნიორის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლების - მოგების მიღების უფლების შეზღუდვას (იხ. სუსგ #ას-552-527-2016, 06.04.17 წ.).
28. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მისთვის აუდიტორული მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ აუდიტორულ დასკვნაში საწარმოს ანგარიშში არსებითი შეცდომა არ აღმოჩენილა. კასატორის ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო უარყოფს და მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს, რომელმაც არაერთ საქმეზე აღნიშნა შემდეგი: „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმდენით, რამდენითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ გაიღეს სამოქალაქო უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“).
29. წინამდებარე განჩინების 27-ე პუნქტში მოხმობილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 53.1-ე მუხლის თანახმად მართებულია მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის დაკისრება, რადგან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
30. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ტ." საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ტ." (ს/კ 212817...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 5 028 ლარის (საგადახდო დავალება N697878.., გადახდის თარიღი 2018 წლის 29 აგვისტო), 70% – 3519,6 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე