საქმე №ას-1519-2019 24 იანვარი, 2020 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - რ. ხ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „პ.“ (ამხანაგობის თავმჯდომარე ირმა გეწაძე) (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რ. ხ-ას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივლისის განჩინება, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „პ.“ (შემდეგში: მოსარჩელე ან ამხანაგობა) სარჩელი დაკმაყოფილდა, აღკვეთილ იქნა ხელშეშლა და დადგინდა, რომ მოპასუხის მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთიდან, მდებარე - ქ. თბილისი, ვ. ჩიხი №.., ბინა №..-დან გაყვანილ უნდა იქნენ იქ მობინადრე ძაღლები და კატები, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხეს ცხოველები ჰყავდა მფლობელობაში (შეფარებული), ვინაიდან, მას ცხოველები ჰყავდა არა მფლობელობაში, არამედ, საკუთრებაში;
1.2. კასატორმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 175-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ ამ მუხლში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ: 1) ადგილი ჰქონდა ანტისანიტარიას, როგორც მოპასუხის ბინაში, ასევე, სადარბაზოში; 2) მოპასუხის ბინიდან მომდინარე ხმაური კანონით დადგენილ დასაშვებ ნორმებს აღემატება; 3) მოპასუხის საცხოვრებელი ბინიდან მომდინარე ზემოქმედება არ არის გამოწვეული საცხოვრებელი ბინის ჩვეულებრივი გამოყენებით (ამ კუთხით, მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა, რომ მოპასუხეს სახლში მოწყობილი აქვს ცხოველთა თავშესაფარი, რაზედაც, მხარე არ აპელირებდა). რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახულ მსჯელობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის 7-28 დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნასთან მიმართებით, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს ამ წესით ცხოველთა თავშესაფრისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება მოპასუხის ბინაში არსებული პირობების მოთხოვნილ სტანდარტებთან შეუსაბამობის შესახებ. სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის დადასტურება მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით შეუძლებელია.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.2.1. ქ. თბილისში, ვ. ჩიხი №...-ში მდებარე კორპუსში დაფუძნებულია ამხანაგობა, რომლის თავმჯდომარეც არის ი. გ-ძე. ამხანაგობა შედგება 50 რეგისტრირებული მესაკუთრისგან (ტ. 1, ს. ფ. 19-35, 54-60);
4.2.2. ამავე მისამართზე მდებარე №31 უძრავი ქონების (ს/კ 01.10.15.016.001...) მესაკუთრეა ე. ჯ-ძე (ტ. 1, ს. ფ. 23-35);
4.2.3. უძრავი ქონების ამჟამინდელი მფლობელია ე. ჯ-იძის შვილი - მოპასუხე (ამავდროულად, ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფონდ ,,ა.’’ დირექტორი), რომელსაც, საცხოვრებელ ბინაში ჰყავს 5 ზრდასრული და 12 ახალგაზრდა ძაღლი, 2 ზრდასრული და 5 ახალგაზრდა კატა;
4.2.4. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, აპელანტმა მის საცხოვრებელ სახლში და ღია აივანზე (ქ. თბილისი, ვ. ჩიხი №..., ბინა №..) განათავსა 24 კატა და ძაღლი. აღნიშნულის გამო, კორპუსის სადარბაზოში არის ანტისანიტარია და აუტანელი სუნი. სადარბაზოს გარდა აუტანელი სუნია აივნებზე ვ. ქუჩის მხარეს. ამხანაგობის ვერცერთი წევრი ვერ აღებს კარებს და ფანჯრებს, საერთოდ ვერ სარგებლობენ აივნებით, ვერ ფენენ სარეცხს. ცხოველებს და მათ საკვებს ეხვევა უამრავი მწერი, სადარბაზოში არის უამრავი რწყილი, ტკიპები, რაც საფრთხეს უქმნის კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს, რომელთა შორისაც არიან ბავშვები. ამხანაგობის წევრი მ. ე-ა და მისი შვილიშვილი დაკბინეს რწყილებმა. სუნის გარდა, აუტანელია ძაღლების მუდმივი ყეფა და კატების კნავილი დღე და ღამე, რასაც ემატება თავად მოპასუხის კივილი, როცა ის სცემს ცხოველებს.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანია მეზობელი ბინიდან მესაკუთრის (მოსარჩელის) პრეტენზია მოპასუხის წინააღმდეგ, რომელიც ეხება მოსარჩელის საკუთრების დაუშვებელ ხელყოფას. ამ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი მოძიებული უნდა იქნეს სამეზობლო სამართლის ნორმებში, კერძოდ, ესენია სსკ-ის 174-182 მუხლები და, კონკრეტული ნორმების წინაპირობების შემოწმების გზით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, უნდა მოხდეს საკასაციო მოთხოვნის განხილვა. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება აქვს გამოკვლეული, დადგენილია, რომ მოპასუხის საცხოვრებელ სახლში მყოფი ძაღლებისა და კატების რაოდენობისა და მოპასუხის ბინიდან მომდინარე სუნისა და ანტისანიტარიის გათვალისწინებით მოსარჩელეს (ამხანაგობის წევრებს) ხელი ეშლებათ თავიანთი საკუთრებით სრულყოფილად სარგებლობაში (საქმეში იხ. საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმები, ამხანაგობის მაცხოვრებელთა ჩვენებები).
7. საკუთრების, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული უფლების, საკანონმდებლო შეზღუდვა დადგენილია უზენაესი კანონის ამავე ნორმით და სსკ-ის მეორე თავით, რომელიც სამეზობლო სამართლის მომწერიგებელი ნორმების ერთობლიობას წარმოადგენს და მათი სისტემური ანალიზის გზით უნდა მოხდეს განსახილველი სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტა. კოდექსის მეორე თავი სულ ცხრა მუხლს აერთიანებს, რომელთაგან 174-176-ე მუხლებით მოწესრიგებული ურთიერთობების თაობაზე, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: „სსკ-ის 174-ე მუხლის შესაბამისად, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. აღნიშნული ნორმა, რომელიც სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთს. ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას, საკუთარ ვალდებულებას ეხება, პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება. სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილი, საკუთრებით სარგებლობის შესაძლო შეზღუდვისას, სწორედ თმენის ვალდებულებას ეხება, თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. ამავე ნორმის მეორე ნაწილი ეხება იგივე ვალდებულებას, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და მისი აღკვეთა არ შეიძლება ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. სსკ-ის 175-ე მუხლის მესამე ნაწილით, დადგენილია მესაკუთრის შესაძლებლობა, მოითხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენისას, თუკი ასეთი ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს...“ (ას-413-396-2016, 15.07.2016წ.).
8. სსკ-ის 176-ე მუხლის წინაპირობების შესამოწმებლად, შესაძლებელია 175-ე მუხლის მოწესრიგების გამოყენება, რომელიც სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებას ეხება და ადგენს ერთმანეთისაგან განსხვავებული იურიდიული შედეგის გამომწვევ წინაპირობებს. 175.1 მუხლით დადგენილია მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე იმგვარი ემისიები (გაზი, ორთქლი, სუნი, ჭვარტლი, კვამლი, ხმაური, სითბო, რყევები და სხვა მსგავსი ზემოქმედებანი), რომელთა ჩამონათვალი არ არის ამომწურავი, რომლებიც არ უშლიან ხელს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, შესაბამისად, ასეთ ზემოქმედებათა აკრძალვა არ შეუძლია მესაკუთრეს. თავის მხრივ, მითითებული ემისიების თმენის ვალდებულება იმთავითვე გათვალისწინებულია და მათი შემოწმება შესაძლებელია სსკ-ის 174-ე მუხლით დადგენილი ობიექტური და სუბიექტური ელემენტების კლასიფიკაციის მიხედვით: „მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება“. სამეზობლო ურთიერთპატივისცემის ელემენტები შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: „ა) დაიცვან კანონით დადგენილი წესი და აკრძალვები; ბ) პატივი სცენ ერთმანეთს. ჩამოთვლილთაგან, პირველი ობიექტურ ფაქტორს წარმოადგენს და მის დარღვევად ყოველთვის შეიძლება მივიჩნიოთ მატერიალური კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული აკრძალვები; რაც შეეხება მეორე ელემენტს, ის შეფასების საგანს წარმოადგენს და, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობის საგნად იქცეს“ (იხ. სუსგ # ას-122-116-2014, 25.05.2015წ.).
9. „სამეზობლო ურთიერთთმენის ვალდებულებას ადგენს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლი, რომლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობისა, ვალდებული არიან, პატივი სცენ ერთმანეთს. აღნიშნული ნორმა არ არის დეკლარაციული ხასიათის და გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვისი საკუთრებისა თუ სხვა სამოქალაქო უფლებას და თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენონ სხვის უფლებას. კანონი უშვებს მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების არსებობას კანონით დასაშვებ ფარგლებში (სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლი) და ამ ზემოქმედებათა თმენა სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც ეთანხმება მეზობლების ურთიერთპატივისცემის მოვალეობას. სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლი არეგულირებს დაუშვებელი ხელყოფასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს“ (იხ. სუსგ # 526-500-2013, 29.10.2013წ).
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სწორედ მოპასუხის საცხოვრებელი ბინიდან მომდინარეობს გარკვეული ზემოქმედება, მეზობელი მესაკუთრეების და მათი ოჯახების მიმართ, რაც გამოწვეულია აპელანტის (მოპასუხის) საცხოვრებელ ბინაში 17 ძაღლის და 7 კატის განთავსებით, რაც უდავო გარემოებას წარმოადგენს. ამასთან, ამ რაოდენობით შინაური ცხოველის ბინაში განთავსება ეწინააღმდეგება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა- პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესს. მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილიაუკანონო ხელშეშლა მოპასუხის მხრიდან. ხელშეშლა გამოიხატება იმაში, რომ განსახილველ შემთხვევაში, ამხანაგობის წევრები, სათანადოდ, ვერ სარგებლობენ კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტით გათვალისწინებული საკუთრების უფლებით, მათ ხელი ეშლებათ ბინიდან გამომავალი ხმაურით, სუნით და ა.შ, რაც სცილდება სსკ-ის 175-ე მუხლით გათვალისწინებულ სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებას, რადგან აღნიშნული ზემოქმედებები არ გამომდინარეობს საკუთრების ჩვეულებრივი გამოყენებიდან, ანუ ისეთი გამოყენებისაგან, რაც ამ ქონებისთვის არ არის უცხო. ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა კი, მრავალბინიან კორპუსში, დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანგობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა - პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესებს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის მიზნით დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ხ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. რ. ხ-ას (პ/ნ 01024...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ა. მ-ის (პ/ნ 010110...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 29 ოქტომბერი), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე