Facebook Twitter

საქმე №ას-1413-2019 21 თებერვალი, 2020 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ხ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ს. მ-ის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.

4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 387.3-ე, 229-ე, 70-ე, 73-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისს 13:00 საათზე გამართულ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. ამასთან, აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 5 ივლისს 13:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე 2019 წლის 20 მაისს ეცნობა, სატელეფონო შეტყობინებით.

5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის შუამდგომლობა, აპელანტის არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო (სსსკ-ის 215.3 მუხლი), სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 231.1, 275.1 „დ“ მუხლები).

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო იყო, რადგან მან სასამართლო შეტყობინების მიღებისას მოსამართლის თანაშემწეს აცნობა, რომ 2019 წლის 5 ივლისს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჰქონდა პროცესი, რომელიც უფრო ადრე ჩაინიშნა და რის გამოც ვალდებული იყო, რომ მცხეთის სასამართლოში გამოცხადებულიყო. ცნობას სხდომის თაობაზე კი მოგვიანებით წარადგენდა, რაზედაც მოსამართლის თანაშემწემ აპელანტის წარმომადგენელს განუცხადა, რომ მოსამართლეს ამ ინფორმაციას მიაწვდიდა. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მას დამატებით წერილობითი მტკიცებულების წარდგენა სავალდებულო არ ეგონა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

10. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კერძო საჩივრის ავტორის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით.

12. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 229.1-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275.1-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

13. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოწინააღმდეგე მხარე ამის წინააღმდეგი არ არის, აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ (იხ. სუსგ #ას-1380-2019, 24.12.19 წ.).

15. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუს. #ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ; #ას-1410-1330-2017; 30.01.2018 წ).

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე სასამართლომ დადგენილად მიიჩნიოს მისი სასამართლო განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიოობა. აპელანტს არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია, სსსკ-ის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებული, სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობაზე ემსჯელა. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს მხარეს, დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველჰყო მის მიერ მითითებული გარემოებების დასაბუთება შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, კერძოდ, მას სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია იმის დასადასტურებლად, რომ მას იმავე დღეს სხვა სასამართლოში ჰქონდა საქმის განხილვა და სწორედ ამით იყო განპირობებული სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა.

17. სსსკ-ის 215.3-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

18.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე, რასაც მხარე თვითონაც არ ხდის სადავოდ. იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილი, 372-ე, 387-ე მუხლები).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ხ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე