საქმე №ას-1409-2019 24 იანვარი, 2020 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. თ-ვა, ს. თ-ვა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ნ-ნი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ნ-ნის (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი ნ. თ-ვასა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან პირველი კერძო საჩივრის ავტორი) და ს. თ-ვას (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მეორე კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდათ და დაევალათ 10 დღის ვადაში სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი წარედგინათ.
4. 2019 წლის 1 ივლისს აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება ითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლოს ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი საპროცესო ვადის გაგარძელება სთხოვეს.
5. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით აპელანტებს უარი ეთქვათ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე და დაევალათ, 7 დღის ვადაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა.
6. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 6 აგვისტოს განცხადებით მიმართეს აპელანტებმა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება ითხოვეს, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირება და ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის გაგრძელება ითხოვეს.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა შემდეგ გარემოებათა გამო:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 73-ე, მე-4, 102-ე, 48-ე მუხლებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ თავიანთი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს საშუალებას მისცემდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე ემსჯელა.
7.2. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ არის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების კანონისმიერი საფუძველი, ვინაიდან შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.
7.3. სსსკ-ის მე-60, 61-ე, 386.5, 374-ე მუხლებზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორეს, რას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.
9. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, მათ სასამართლოს წარუდგინეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ცნობა, რომ მეორე მოპასუხის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის, ხოლო პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია ქ. ბათუმში და ამ ქონებაზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. შესაბამისად, აპელანტებს არ ჰქონდათ რაიმე უფლება უძრავ ქონებაზე და ფინანსური საშუალება, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაეხადათ.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნება მიღებული არსებითად განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
12. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
13. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
14. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტებს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა.
15. აპელანტთა თხოვნით აღნიშნული ვადა 7 დღით გაგრძელდა, ამასთან, მათი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მათი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
16. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და კვლავ შუამდგომლობით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთავისუფლებინა ისინი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე.
18. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
19. კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი მხარის სახელმწიფო ბაჟის გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
20. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შდრ. სუსგ #ას-1397-2019, 21.11.19 წ.).
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1324-2018).
23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. თ-ვას და ს. თ-ვას კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 აგვისტოს, განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე