Facebook Twitter

№ას-97-2020 2 აპრილი, 2020 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. კ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. პ-ი (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. პ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) წარადგინა სარჩელი ა. კ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მისთვის არასრულწლოვან შვილთან, 20.. წლის ... აგვისტოს დაბადებულ ნ. კ-თან, ურთიერთობისთვის დროის განსაზღვრა სასწავლო პერიოდის განმავლობაში ყოველი კვირის პარასკევ დღეს 18:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე ღამით დარჩენის უფლებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე და დასვენების დღეებში 15:00 საათიდან 19:00 საათამდე, არასრულწლოვანის დაბადების დღეს (... აგვისტოს) 15:00 საათიდან 19:00 საათამდე, ზაფხულის არდადეგების პერიოდში 10 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით და ზამთრის არდადეგების პერიოდში 3 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს განესაზღვრა 20.. წლის ... აგვისტოს დაბადებული ნ. კ-თან ურთიერთობისთვის დროის მონაკვეთი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ პირველი თვის ყოველი შაბათი დღის 11:00 საათიდან 14:00 საათამდე მოპასუხის თანდასწრებით ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამასთან მოსარჩელეს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის დროის მონაკვეთი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ოთხი თვის შემდეგ ყოველი კვირის შაბათი დღე 11:00 საათიდან 15:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანისა და თბილისის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ.179-195).

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 7 თებერვლის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 7 თებერვლის განჩინება პირადად ჩაბარდა კასატორს 2020 წლის 10 თებერვალს (იხ.: უკუგზავნილი, ტ.2, ს.ფ.123). გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე აღნიშნულია როგორც გზავნილის მიმღები პირის ხელმოწერა (ხელრთვა), ისე მისი პირადი ნომერი.

8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 11 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 20 თებერვალს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1460-2019, 10 თებერვალი, 2020 წელი; №ას-1803-2019, 5 მარტი, 2020 წელი).

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე