საქმე № ას-65-2020 04 მარტი, 2020 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები - გ. მ-ი, ნ. მ-ი, ა. ლ-ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს..“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.12.2019წ. განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ს. ბ.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-ის, ნ. მ-ის, ა. ლ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“, "კერძო საჩივრის ავტორები“ ან "პირველი მოპასუხე," "მეორე მოპასუხე", "მესამე მოპასუხე") მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისთვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. გორის რაიონული სასამართლოს 01.02.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ 19 275.36 აშშ დოლარის გადახდა. ასევე, პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 519.36 ლარის გადახდა. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვა უარი. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება - მდებარე: ქ. გორი, ქუჩა ს. N..., საკადასტრო კოდი N 66.05.17.270..... დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, აღსრულება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა. მათ განმარტეს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იყო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება 150 000 აშშ დოლარზე. წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად წარმოებდა გადახდები. ვალუტის კურსის ცვლილების შემდეგ, მიუხედავად არაერთი თხოვნისა, მოსარჩელემ არ შეცვალა ვალუტა და უარი უთხრა მსესხებელს საკრედიტო ხაზით სარგებლობაზე. მოსარჩელემ თავად არ შეასრულა ვალდებულება და სარჩელით ითხოვს თანხის დაბრუნებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.12.2019წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 01.02.2019წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.07.2019წ. განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოში წარედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.2. სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ თავდაპირველად გაეგზავნათ მესამე მოპასუხეს, ასევე, პირველი და მეორე მოპასუხის წარმომადგენელს, ე. პ-ს. ე. პ-ის მიერ სასამართლოში წარდგენილ იქნა განცხადება იმის თაობაზე, რომ მას აღარ აქვს კონტაქტი მარწმუნებლებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გზავნილები ხელახლა, ორჯერ გაეგზავნა პირადად აპელანტებს მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე. კერძოდ, პირველ მოპასუხეს გზავნილი გაეგზავნა მისამართზე - გორი, სოფელი ..., მეორე მოპასუხეს - გორი, ს. ქ. N../..., ხოლო მესამე მოპაუხეს - გორი, გ. ქუჩა N.... სასამართლო გზავნილი ორივე შემთხვევაში დაბრუნდა შეუსრულებელი სახით.
4.3. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 71.1 მუხლზე, ასევე ამავე კოდექსის 73.1 მუხლზე და განმარტა, რომ აპელანტებისთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო ადრესატებთან კურიერის მიერ განხორციელებული ბოლო ვიზიტიდან, კერძოდ, მესამე მოპასუხის შემთხვევაში - 30.11.2019წ.-დან, მეორე მოპასუხისათვის - 03.12.2019წ.-დან, ხოლო პირველი მოპასუხისთვის 01.12.2019წ.-დან. შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსება პირველ მოპასუხეს შეეძლო 10.12.2019წ.-ჩათვლით, მეორე მოპასუხეს - 12.12.2019წ. ჩათვლით, ხოლო მესამე მოპასუხეს - 09.12.2019წ. ჩათვლით.
4.4. აპელანტებს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ.
4.5. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5 მუხლებზე და დაასკვნა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტების მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
კერძო საჩივრის საფუძვლები
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.12.2019წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა. კერძო საჩივრის ავტორები განმარტავენ, რომ:
5.1. კერძო საჩივრის ავტორები ცხოვრობენ იმ მისამართზე, რაც მითითებულია საკრედიტო ხელშეკრულებაში, სასარჩელო განცხადებაში და სააპელაციო საჩივარში. მოპასუხეებს არცერთი გზავნილი არ ჩაბარებიათ, მათთვის უცნობი იყო ასეთი გზავნილების არსებობა. ასევე, მესამე მოპასუხე, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს შვილი, ფაქტობრივად არ გადის სახლიდან.
5.2. არასწორია სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ სსსკ-ის 73.1 მუხლის საფუძველზე უწყება ჩაბარებულად ითვლება ყველა მოპასუხისთვის. სასამართლო უფლებამოსილი იყო ამავე კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად გამოეტანა განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. ასევე, შეეძლო გამოეყენებინა ჩაბარების სხვა წესი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2020წ. განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.07.2019წ. განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღიანი საპროცესო ვადა სასამართლოს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად და სასამართლოში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად. აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
10. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლოს განჩინება გაეგზავნა პირველი და მეორე მოპასუხის წარმომადგენელს - ე. პ-ს, ასევე, მესამე მოპასუხეს (ს.ფ. 251,252). გზავნილი პირადად ჩაბარდა ე. პ-ს ...08.2..წ. (ს.ფ.253), რაც შეეხება მესამე მოპასუხეს, მას გზავნილი ვერ ჩაბარდა მისამართზე არყოფნის გამო (ს.ფ. 254,255).
1....08.2..წ. ელიზა პავლიაშვილმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ მარწმუნებლები მასთან აღარ კონტაქტობდნენ, იგი თავად ვერ გადაიხდიდა სახელმწიფო ბაჟს და მოითხოვა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სასამართლოს გაეგზავნა მის მარწმუნებლებთან (ს.ფ. 257). პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია პირველი და მეორე მოპასუხის მიერ ელიზა პავლიაშვილის სახელზე გაცემული მოქმედი რწმუნებულებები (ს.ფ. 75,76) და საქმის მასალებით არ დასტურდება მათი გაუქმების ფაქტი. ასეთი მტკიცებულება არ ერთვის არც წარმომადგენლის განცხადებას, რწმუნებულების დადგენილი წესით გაუქმებაზე არ მიუთითებს არც რწმუნებული. მიუხედავად აღნიშნულისა, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა წარმომადგენლის განცხადებაში მითითებული გარემოებები და სასამართლოს გზავნილი ხელახლა, ორჯერ გაუგზავნა უშუალოდ აპელანტებს მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე. კერძოდ, პირველ მოპასუხეს - მისამართზე, გორი, სოფელი ბერბუკი; მეორე მოპასუხეს - გორი, ს. ქ. N.../..; მესამე მოპასუხეს - გორი, გ. ქუჩა N... (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ს.ფ. 232; გზავნილები - ს.ფ. 263, 262, 259; 268-270). ვერც ერთი გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა. მესამე მოპასუხის შემთხვევაში გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად საფოსტო შეტყობინებაზე აღნიშნულია, რომ მისამართზე მცხოვრები პირის განმარტებით, ადრესატი მისამართზე არ ცხოვრობს (ს.ფ. 260, 271). ადრესატის მისამართზე მოუძიებლობა გახდა პირველი მოპასუხისთვის გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზი, კერძოდ, საფოსტო შეტყობინების თანახმად, ადრესატი სოფელში არ ცხოვრობს (ტ.1, ს.ფ. 267, 275). რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, გზავნილები ადრესატს ვერ ჩაბარდა იმის გამო, რომ მისამართზე არავინ იყო. ფოსტის თანამშრომელმა კარზე დატოვა შეტყობინებები, თუმცა, შენახვის ვადის გასვლის გამო, კორესპონდენცია დაბრუნდა გამგზავნთან (ს.ფ. 264,265,266; 272,273,274).
11. სსსკ-ის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, თუ მხარეს სასამართლო გზავნილი მის მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა, იგი ჩაბარებულად ითვლება იმის მიუხედავად, საპროცესო დოკუმენტები ადრესატმა მიიღო თუ არა (სუსგ. 28.11.2019წ. საქმეზე, №ას-1461-2019). შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება ადრესატებისთვის ჩაბარებულად ითვლება კურიერის ბოლო ვიზიტის დღეს (შდრ. იხ.: სუსგ. 11.07.2019წ., საქმეზე №ას-511-2019; სუსგ 08.09.2017წ., საქმეზე № 862-805-2017).
12. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და სადავო არაა, რომ აპელანტებს (მოპასუხეებს) სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსიათ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი და დატოვა განუხილველად მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი.
13. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ 04.11.2016წ., საქმეზე №ას-851-817-2016; სუსგ 14.01.2020, საქმეზე №ას-1615-2019).
14. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5; სუსგ 14.01.2020, საქმეზე №ას-1615-2019).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (სუსგ. 28.06.2019წ., საქმეზე N ას-693-2019; 14.01.2020წ., საქმეზე Nას-1615-2019).
15. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. მ-ის, ნ. მ-ის და ა. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.12.2019წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ზურაბ ძლიერიშვილი