№ას-240-240-2018 30 ივლისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – გ. ჭ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ. თ-ძე
მოპასუხეები - რ. მ-ი, ა. ა-ვა, ტ. შ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2004 წლის 20 მაისს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების (შემდეგში - ხელშეკრულება) ფარგლებში დაფუძნდა ამხანაგობა ''ბ. წ. ...'', რომელიც ქ. თბილისის სახალხო დეპუტატთა ვაკის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 10 ოქტომბრის №12.23.1132 და 1991 წლის 27 თებერვლის №4.54.195 გადაწყვეტილებების საფუძველზე ჩამოყალიბებული ამხანაგობის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენდა. ამხანაგობის წევრებს - ტ. შ-ი (შემდეგში - პირველი მოპასუხე), რ. მ-ი (შემდეგში - მეორე მოპასუხე), ა. ა-ვა (შემდეგში - მესამე მოპასუხე), გ. ჭ-ძე (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე) და ნ. ჩ-ძე, ხოლო ამხანაგობის თავმჯდომარეს მეოთხე მოპასუხე წარმოადგენდა. ამხანაგობის თავმჯდომარეს ამხანაგობის სახელით ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღებისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიენიჭა. (იხ. კრების ოქმი, ს.ფ. 11-12. ტ.1).
2. ხელშეკრულების მე-3 მუხლით განისაზღვრა თბილისში, წყნეთის გზატკეცილის #...-ში მრავალსართულიანი/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. დადგინდა მონაწილეთა მიზანი - ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და ვადებში ერთობლივად იმოქმედონ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (შემდეგში - საცხოვრებელი სახლი) ასაშენებლად. ხელშეკრულების მე-4 მუხლით, ამხანაგობაში წევრთა შენატანების ოდენობა განისაზღვრა. ხელშეკრულების 7.3 და 8.2 მუხლით კი, დადგინდა, რომ მიზნის მიღწევისათვის საჭირო ქონების ფორმირებისათვის თავმჯდომარეს შემოჰყავს ახლი წევრები და, ამხანაგობის წევრთა თანხმობის გარეშე დებს ამხანაგობის წევრად მიღების შესახებ ხელშეკრულებას (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 119-124. ტ.1).
3. 2006 წლის 12 სექტემბერს ამხანაგობასა და ნ. თ-ძეს (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის 2.1 მუხლის თანახმად, მას ამხანაგობისათვის უნდა გადაეხადა 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. გადახდის სანაცვლოდ, 2007 წლის 31 აგვისტომდე, მოსარჩელეს გადაეცემოდა მშენებარე შენობის მე-2 სადარბაზოს მე-3 ფლიგელის, მე-2 სართულზე მდებარე 100 კვ.მ ბინა, რომელშიც არანაკლებ 12 კვ.მ საზაფხულო ფართი და ერთი ავტოსადგომიც უნდა შესულიყო. დასრულებული შენობა ექსპლუატაციაში უნდა შესულიყო არაუგვიანეს 2007 წლის 30 სექტემბრისა (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 13-15. ტ.1).
4. 2006 წლის 3 დეკემბერს ამხანაგობასა და მოსარჩელეს შორის ახალი ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, მოსარჩელეს 1 კვ.მ-ზე 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი უნდა გადაეხადა, ავტოსადგომისათვის კი, 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, სულ 34 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. ხელშეკრულების 2.3. მუხლის თანახმად, ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე მოსარჩელემ - 34 100 აშშ დოლარი სრულად გადასცა ამხანაგობას (იხ, ხელშეკრულება, ს.ფ. 16. ტ.1). მოსარჩელეს მშენებარე შენობის მე-2 სადარბაზოს მე-3 ფლიგელის, მე-2 სართულზე მდებარე 107 კვ. მ ფართი უნდა მიეღო, საიდანაც 86,2 კვ.მ საცხოვრებელი, ხოლო 20,8 კვ.მ საზაფხულო ფართია. ბინის გადაცემის ბოლო ვადად, 2008 წლის 30 ივნისი დადგინდა (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 16-17, ტ.1).
5. ამხანაგობის 2009 წლის 13 სექტემბრის კრების ოქმით დაინომრა ბინები, კომერციული ფართები და ავტოსადგომები და მოსარჩელის გამოკლებით გაპიროვნდა ამხანაგობის წევრებზე (იხ. კრების ოქმი, ს.ფ. 18-20. ტ.1).
6. 2010 წლის 7 ივლისს, ამხანაგობის თავმჯდომარემ 2010 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, წყნეთის გზატკეცილი #...-ში, მე-... სადარბაზოში, მე-3 სართულზე მდებარე ... კვ.მ ფართით, მოსარჩელის დაკმაყოფილებისა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულება იკისრა (იხ. წერილი, ს.ფ. 171. ტ.1).
7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 13 ნოემბრის #010031.. დასკვნით, თბილისში, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილ #...-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის (2006 წლის 12 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით) საბაზრო ღირებულება 2012 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ - 52 260 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ექსპერტიზის ჩატარების დროს მოქმედი გაცვლითი კურსით ეროვნული ვალუტაში - 86 977 ლარი იყო (იხ. დასკვნა, ს.ფ. 22-26. ტ.1).
8. 2014 წლის 23 ივნისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების მიმართ ზიანის, 86 977 ლარის, ანაზღაურების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა, კერძოდ, ნასყიდობის საფასური გადაიხადა. მოპასუხეებმა კი, ვალდებულება არ შეასრულეს. საერთო საკუთრებაში არსებული ფართები დაინომრა და სრულად განაწილდა ამხანაგობის წევრებს შორის, მისი გამოკლებით და აღირიცხა მარეგისტრირებელ ორგანოში. მისთვის გადასაცემი ბინა გასხვისებულია და ამჟამად ამხანაგობის საკუთრებაში თავისუფალი ფართი აღარ ირიცხება.
9. მეოთხე მოპასუხემ/ამხანაგობის თავმჯდომარემ სარჩელი არ ცნო და წარდგენილ შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელეს ბინის საფასური (34 100 აშშ დოლარი) სრულად არ გადაუხდია, მან მხოლოდ ღირებულების ნაწილი - 16 400 აშშ დოლარი გადაიხადა, შესაბამისად, ბინის სრული ღირებულების მოთხოვნის უფლება არ გააჩნდა.
10. პირველმა, მეორე და მესამე მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ თავადაც დაზარალებულები იყვნენ, მათ თანხა არ აუღიათ, ერთპიროვნულად წარმომადგენლობის უფლებამოსილება თავმჯდომარეს ჰქონდა მინიჭებული. მესამე მოპასუხის მტკიცებით, დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერაც მას არ ეკუთვნის.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს/მოპასუხეებს 86 977 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლო დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 317-ე, 52-ე, 930-ე, 934-ე, 629-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე და 414-ე მუხლები გამოიყენა.
12. გადაწყვეტილება მეოთხე მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13.1. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 2006 წლის 3 დეკემბრის ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, დგინდება ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე წევრის მიერ ამხანაგობისათვის წინამდებარე მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებული თანხის სრულად გადაცემა. ხელშეკრულებას ხელს აწერს ამხანაგობის თავმჯდომარე. ამდენად, ხელშეკრულების შინაარსიდან დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, 34 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხელშეკრულების დადებისთანავე გადაიხადა.
13.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების სრულად შესრულებას ადასტურებდა ამხანაგობის თავმჯდომარის 2010 წლის 7 ივლისის წერილიც, რომლითაც მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების შედეგად, ამხანაგობა მზადყოფნას აცხადებდა, შეესრულებინა ხელშეკრულებით განსაზღვრული თავისი წილი ვალდებულება და უზრუნველეყო მოსარჩელე საცხოვრებელი ბინით.
13.3. სააპელაციო სასამართლო ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილშიც დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს, კერძოდ, პალატა დაეყდრნო საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც ბინის ღირებულება 2012 წლის ნოემბრის მონაცემებით - 52 260 აშშ დოლარია, რაც ეროვნული ვალუტით - 86 977 ლარია. ეროვნული ვალუტა გამოანგარიშებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, რაც იმ დროისთვის წარმოადგენდა 1.6643-ს, შესაბამისად, პალატამ უარყო აპელანტის პრეტენზია, ექსპერტიზის მიერ ბინის ღირებულების ლარით დათვლის თაობაზე.
14. აღნიშნული განჩინება მეოთხე მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
14.1. კასატორის მტკიცებით, მოსარჩელე ითხოვს არა მის მიერ დასახელებული - 34100 აშშ დოლარის, არამედ - 86 977 ლარის დაკისრებას, რაც ექსპერტიზის დასკვნას დაეფუძნა. ლარისა და დოლარის ერთმანეთთან მიმართების ცვლილების გამო, ლარში გამოანგარიშებული თანხა სწორი და სამართლიანი ვერ იქნება. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთიც, კერძოდ, მყიდველის მიერ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი არასწორად დააკისრა მოპასუხეს. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს თანხა სრულად არ გადაუხდია, მან მხოლოდ 16 400 აშშ დოლარი გადაიხადა. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებიც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს 34 100 აშშ დოლარი არ გადაუხდია. სააპელაციო სასამართლომ ფაქტების ჯეროვნად შეფასების გარეშე მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
18. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 629.2 (თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება) და 937.1 (ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს) მუხლები.
20. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ მოსარჩელესა და ამხანაგობას შორის წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე წარმოადგენს შემკვეთს, ხოლო მოპასუხე მენარდეს და ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებაზე, ასევე, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულია ამხანაგობა.
21. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეუსრულებია, კერძოდ, არ გადაუხდია ხელშეკრულებით გათვალისწინებული 34 100 აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ეს ფაქტი მაინც დაადგინა, რა დროსაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, თანხის გადახდის მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარესაა (სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლები), ხოლო, თუ ის წარმატებით გაართმევს თავს საკუთარ საპროცესო მოვალეობას, მოპასუხეების სამტკიცებელი იქნება მოსარჩელის მიერ თანხის გადაუხდელობა. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ 2006 წლის 3 დეკემბერის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალიწინებული 34 100 აშშ დოლარი ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე სრულად გადასცა ამხანაგობას (იხ, ხელშეკრულება, ს.ფ. 16. ტ.1). ამხანაგობის მიერ მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულება, საკასაციო პალატის განსჯით, დასაშვები, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებაა სადავო ფაქტის დასადასტურებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელემ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვრითის წარმატებით რეალიზაცია. ამავდროულად, სადავო თანხის გადახდის ფაქტის დადასტურების მიზნებისათვის საგულისხმოა, 2010 წელს, ამხანაგობის მიერ წერილობით გამოხატული მზაობაც, მოსარჩელე უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი). ამგვარი ნების გამოვლენა, ცალკე აღებული ადასტურებს მოსარჩელის მიერ ამხანაგობის წინაშე მისი წილი ვალდებულების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაკლებ სავარაუდოა ამხანაგობას პასუხისმგებლობა ეკისრა მოსარჩელისათვის ბინის გადაცემის თაობაზე, ამასთან, მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, დოკუმენტში მითითებული იქნებოდა მოსარჩელის მიერ ვალდებულების დაფარვამდე ამხანაგობის საპასუხო ვალდებულების შესრულების დაყოვნების შესატყვის ქმედებაზე. დასახელებულ გარემოებათა გაანალიზება ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოსარჩელემ სრულად აანაზღაურა ნარდობის საზღაური და ამის წილ სწორედ მოპასუხეს უნდა წარმოედგინა იმგავრი მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოს წინაშე გააქარწყლებდა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა სამართლებრივ ძალას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხემ ამ დავის ფარგლებში ვერ შეძლო დაეძლია განჩინების ამ პუნქტში განხილული მტკიცებულებების სამართლებრივი მნიშვნელობა.
22. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას დაკისრებული თანხის ოდენობასა და მისი განსაზღვრის წესთან დაკავშირებითაც. დადგენილია, რომ 2012 წლის ექსპერტიზის დასკვნით, მოსარჩელისათვის შეპირებული/გადასაცემი ფართის საორიენტაციო ღირებულება განისაზღვრა 52 260 აშშ დოლარით, რაც დასკვნის შედგენის დროს მოქმედი გაცვლითი კურსით ეროვნული ვალუტაში - 86 977 ლარი იყო. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის სახელშეკრულებო ინტერესს იმ საცხოვრებელი ფართის დასაკუთრება წარმოადგენდა, რომლის ღირებულება 2012 წელს, 52260 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 86 977 ლარით შეფასდა, შესაბამისად მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანს არა მის მიერ გადახდილი 34100 აშშ დოლარი, არამედ მისთვის გადასაცემი ქონების საბაზრო ღირებულება წარმოადგენდა. ექსპერტიზის დასკვნით გამოანგარიშებულია ქონების საორიენტაციო ღირებულება 2012 წლის მდგომარეობით და მისი ღირებულება განსაზღვრულია 52260 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით. სხვა დასკვნა, რომელიც მოსარჩელისათვის გადასაცემი ქონების საბაზრო ღირებულების განსხვავებულ ფასს დაადგენდა საქმეში წარმოდგენილი არაა, შესაბამისად სასამართლომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის მოცულობის განსაზღვრისას სწორად იხელმძღვანელა საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით და კასატორის შედავებას ამ საკითხზე სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: #ას-547-510-2017, 04.05.2018წ).
24. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი