Facebook Twitter

№ას-32-28-2017 29 ივნისი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ი. ს-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქალაქ თბილისის მერია სსიპ (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, კრედიტორი ან გამყიდველი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; იური სალუქვაძეს (შემდეგში მოპასუხე, მოვალე, შემძენი), 1327,41 ლარის გადახდა, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა; სარჩელი მოპასუხისათვის 11946, 69 ლარის დაკისრების ნაწილში უარყოფილ იქნა.

2. კასატორის პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:

2.1. კასატორის მითითებით, მოპასუხეს ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საფასურის, 34 300 ლარის გადახდის წესის დარღვევის გამო, 2012 წლის 19 მარტიდან (საპრივატიზებო საფასურის გადახდის ბოლო ვადა) 2013 წლის 10 აპრილამდე (2011 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულების მოშლის თარიღი) დაერიცხა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის, 34 300 ლარის, 0,1%. პირგასამტეხლოს საერთო რაოდენობამ - 13 274.1 ლარი შეადგინა. კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ ასებობდა სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით, პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, ამასთან, კასატორისვე განმარტებით, სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რა გარემოების საფუძველზე მიიჩნია პირგასამტეხლოს შემცირება მართებულად. კასატორმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მიუხედავად სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის არსებობისა, მოვალემ კრედიტორის წინაშე ორჯერ იშუამდგომლა ნასყიდობის თანხის გადახდის გადავადების მოთხოვნით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვალეს გაცნობიერებული ჰქონდა თანხის დროულად გადაუხდელობის სამართლებრივი შედეგი - მისთვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობის დაკისრების თვალსაზრისით, წინააღმდეგ შემთვევაში მოვალე თანხას დადგენილ ვადაში გადაიხდიდა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

5.2.1. 2011 წლის 16 სექტემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, ... დასახლებაში, მდებარე ხუთი უძრავი ქონება.

5.2.2. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის მიხედვით, მყიდველი ვალდებული იყო, ხელშეკრულების საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებიდან სამი თვის ვადაში, სრულად გადაეხდა ნასყიდობის ფასი - 34 300 ლარი.

5.2.3. ხელშეკრულების მე-6 მუხლით, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო, ნასყიდობის ფასის გადახდის პერიოდში გადაუხდელი თანხის 0,1%-ით განისაზღვრა, დარღვევის დღიდან ყოველ ვალდაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდებოდა გადასახდელი ნაწილის სრულად დაფარვამდე (იხ. ხელშეკრულება, ტ.1., ს.ფ. 16-19).

5.2.4. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 დეკემბრის განკარგულებით, თბილისის მთავრობას თანხმობა მიეცა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით ფიზიკურ პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე. შესაბამისად, მყიდველს 2011 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასური უნდა გადაეხადა - 2011 წლის 19 დეკემბრიდან, სამი თვის ვადაში, ანუ 2012 წლის 19 მარტამდე (იხ. განკარგულება, ტ.1. 20-24).

5.2.5. თბილისის მთავრობის 2012 წლის 19 აპრილის №11.11.366 დადგენილებით, მოპასუხეს ნასყიდობის საფასურის გადასახდელად დამატებით მიეცა სამთვიანი ვადა და შესაბამის პერიოდზე დაერიცხა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო (იხ. დადგენილება, ტ.1. ს.ფ. 25-26).

5.2.6. კრედიტორმა მოვალეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ნასყიდობის საფასურისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვადა, კიდევ ერთხელ 2013 წლის 1 იანვრამდე გადაუვადა (იხ. თბილისის მთავრობის 2012 წლის 30 ივლისის №19.21.729, ტ.1. ს.ფ. 27)-28).

5.2.7. მყიდველს ვალდებულება არ შეუსრულებია, მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საფასური არ გადაიხადა.

5.2.8. ქალაქ თბილისის მთავრობამ 2013 წლის 10 აპრილის N13.34.410 დადგენილებით, ცალმხრივად მოშალა მხარეებს შორის 2011 წლის 16 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. დადგენილება, ტ.1. ს.ფ. 29).

5.2.9. მერიის ეკონომიკური სამსახურის ეკონომიკური რესურსების მართვის განყოფილების მიერ გაცემული ინფორმაციით, მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო დაანგარიშდა 2012 წლის 19 მარტიდან - 2013 წლის 10 აპრილამდე პერიოდზე და მთლიანობაში 13274,1 ლარით განისაზღვრა (იხ. ტ.1. ს.ფ. 34).

6. განსახილველ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდის პირობის დარღვევის შედეგად პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა, 477.2 (მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება) და 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

7. საკასაციო სასამართლო საქმის გარემოებათა გაანალიზების შედეგად მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო). საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა (1327,41 ლარი) ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის კომპნესირებისათვის ადეკვატურ რაოდენობას წარმოადგენს. საკასაციო პალატის განმარტებით, პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სსკ-ის 420-ე მუხლში დეკლარირებული სასამართლოს უფლებამოსილება, ჩაერიოს თუნდაც მხარეთა ურთიერთთანმხვედრი ნებით დაწესებული პირგასამტეხლოს გონივრულობის განსაზღვრაში და, საჭიროების შემთხვევაში შეამციროს კიდეც მისი ოდენობა, სწორედ სახელშეკრულებო წონასწორობისა და კრედიტორის ზნეობრივად გაუმართლებელი ქმედების უკუქცევას ემსახურება, მართალია, მოვალე თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში თანხმდება კრედიტორის მიერ შეთავაზებულ პირგასამტეხლოს განსაზღვრის წესს, მაგრამ ამ დროს გასათვალისწინებელია მოვალის სუბიექტური დამოკიდებულება ვალდებულების შესრულების მიმართ, გარიგების დადების ინტერესის სანაცვლოდ, პირი შესაძლებელია, დასთანხმდეს არაგონივრულ პირგასამტეხლოს, ვინაიდან ხელშეკრულების დადების ეტაპზე ხშირია ვალდებულების დაურღვევლობის რწმენა მოვალის მხრიდან და, ამავდროულად, სარგებლიან გარიგებაში კონტრაჰირების სურვილი.

8. განსახილველ დავაზე, საკასაციო სასამართლოს მითითებით, 13 274.1 ლარის პირგასამტეხლო ძირითადი ვალდებულების შესრულების ანგარიშში გადასახდელის თანხის, 34300 ლარის, თითქმის მესამედ შეადგენს, რაც პალატის შეფასებით, ვალდებულების დარღვევის ხასიათის და სიმძიმის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს არაპროპორციულ მოცულობას ქმნის. ვალდებულების დარღვევის სიმძიმის შეფასებისას, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორმა მოვალეს მისი თხოვნის საფუძველზე საკუთარი ნების გამოვლენით, მისივე თანხმობით გაუგრძელა/გადაუვადა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ვადა, თავის მხრივ, მხარეთა სახელშეკულებო ურთიერთობის ამგვარი განვითარება, არ შეიძლება გავაიგივოთ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის პრიგასამტეხლოს სანქცირების სტანდართულ შემთხვევასთან, როდესაც, კრედიტორს აქვს შესრულების მოლოდინი, ხოლო მოვალე კრედიტორის გაფრთხილებისა და მოთხოვნის მიუხედავად, შეთანხმებულ ვადაში არ ასრულებს ვალდებულებას. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის განსჯით კრედიტორის თანხმობა ვალდებულების შესრულების გადავადებაზე 2013 წლის 1 იანვრამდე, ცხადყოფს, რომ კრედიტორისათვის მისაღები იყო სახელშეკრულებო ვალდებულების დაყოვნებით შესრულება და, ამავდოულად, პირგასამტეხლოს მაღალი საპროცენტო განაკვეთის ფარგლებში მას მოლოდინი ჰქონდა ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს სახით დამატებითი ფინანსურის სარგებლის მიღებისა. პალატის განსჯით, ვალდებულების დარღვევის შინაარსისა და დარღვევის ხარისხის, დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გაანალიზების საფუძველზე, კრედიტორის მიერ მოთხოვნილი თანხა, პირგასამტეხლოს არაგონივრული და ზნეობრივად გაუმართლებელი ოდენობაა. შესაბამისად, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.

9. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “. საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

8. საბოლოოდ, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ერთობლიობა, პალატის განსჯით, ქმნის 1327,41 ლარის ოდენობამდე პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივ საფუძვლიანობას, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დავაზე სწორად განსაზღვრეს პირგასამტეხლოს შესაბამისი მოცულობით განსაზღვრის სამართლებრივი წინაპირობების არსებობა, რაც საბოლოოდ დავის შედეგზეც აისახა.

9. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ.სუსგ № ას-752-720-2016, 25.11.2016, 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება, №ას-800-756-2015, 22 სექტემბერი, 2015 წელი, საქმე №ას-109-105-2016, 27 დეკემბერი, 2017 წელი).

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ.ძლიერიშვილი