№ას-294-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – მ. ბ-ძე (დ. ბ-ძის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ს. ყ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი _ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2016 წლის 2 მარტს ს. ყ-მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინაღმდეგე მხარე ან გამყიდველი) სარჩელი აღძრა დ. ბ-ის (კ-ის) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან მყიდველი) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გასვლის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, მან უძრავი ქონება 30 000 ლარად მიჰყიდა მოპასუხეს, რომელსაც ნასყიდობის ფასი ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე უნდა გადაეხადა. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და, მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად ნასყიდობის ფასი არ გადაიხადა. ამის გამო მოსარჩელემ უარი თქვა ხელშეკრულებაზე, რაც აცნობა მოპასუხეს და ნივთის დაბრუნება მოსთხოვა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა, რომ მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა, ხოლო უკვე შესრულებული ხელშეკრულებიდან მხარის გასვლას კანონი არ ითვალისწინებდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; უძრავ ქონებაზე აღდგა გამყიდველის საკუთრების უფლება და ეს ნივთი მარეგისტრირებელ ორგანოში აღირიცხა მოსარჩელის სახელზე; უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 477-ე, 352-ე, 405-ე, 428-ე, 170-ე და 172-ე მუხლები გამოიყენა.
4. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5.1. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. ხელშეკრულებიდან გასვლის დამახასიათებელი ნიშანი მხარეთა შორის ორმხრივი რესტიტუციის განხორციელებაა, რესტიტუცია კი, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს, რა დროსაც მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის გადაცემული ქონების უკუქცევა ხდება. ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღგენა ერთობლივი, განუყოფელი და მყისიერი ქმედებაა. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენამდე, მსჯელობისას, უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ხელშეკრულებიდან გასვლის წინაპირობები: ნამდვილი ორმხრივი ხელშეკრულების არსებობა; ხელშეკრულების დარღვევა (მნიშვნელოვანი დარღვევა); დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება); ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია, რაც ცალსახად ადასტურებს მის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, ამასთან, არც დამატებითი ვადის დაწესება იყო აუცილებელი, ვინაიდან აშკარა იყო, რომ მას არავითარი შედეგი არ მოჰყვებოდა.
5.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოპასუხის უფლებამონაცვლის მფლობელობას, რომლის წინაპირობაც გამყიდველსა და მყიდველს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა იყო, სადავო ქონებაზე მართლზომიერი საფუძველი აღარ გააჩნდა, რის გამოც იკვეთებოდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და იგი მართებულად დაკმაყოფილდა.
6. განჩინება მოპასუხის უფლებამონაცვლემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა, შემდეგი დასაბუთებით:
6.1. კასატორის მტკიცებით, ნასყიდობის ხელშკრულების მეოთხე პუნქტის შინაარსიდან თვალნათლივ ჩანს, რომ ჯერ ხეშეკრულება შეადგინეს, შემდეგ ხელი მოეწერა და ხელმოწერისთანავე გამყიდველს თანხა გადასცა, მხოლოდ ამის შემდეგ აღირიცხა ქონება საჯარო რეესტრში მყიდველის სახელზე. ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა კი, შეფასების გარეშე დატოვეს ის გარემოება, რომ მყიდველმა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამ გარემოებას ადასტურებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 აგვისტოსა და 2014 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებებიც, რომელთა თანხმადაც, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენდა არც თვალთმაქცურ, არც მოტყუებით და არც ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებას.
6.2. კასატორის მითითებით, ბუნებაში არ არსებობს ხელშეკრულება, რომლითაც მყიდველს გამყიდველისათვის უნდა გადაეხადა ნასყიდობის საფასური - 30 000 ლარი, შესაბამისად, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაუქმებულა, გამყიდველს თუ რაიმე პრეტენზია ჰქონდა მყიდველთან, უნდა მოეთხოვა 1500 ლარის გადახდა და არა ხელშეკრულებიდან გასვლა.
6.3. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უკანონოდ და ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მიანიჭეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებას პრეიუდიციული ძალა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
11. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გასვლა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა სსკ-ის 477-ე მუხლის 1-ლი და მეორე ნაწილებიდან (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება), 352.1 -ე მუხლიდან(თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება) და 172.1 მუხლიდან (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) გამომდინარეობს.
12. მოცემულ შემთხვევაში, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველმა გადასცა მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, თავის მხრივ მყიდველმა არ გადაიხადა შეთანხმებული ფასი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნას მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათი აქვს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი, მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს, მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-ე მუხლები). ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება, დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალური შეიძლება გულისხმობდეს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობას, ხოლო ფორმალური – დამატებითი ვადის დაწესებასა და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინებას.
13. განსახილველ შემთხვევაში, გამოვლინდა სსკ-ის 405.2 (არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება) მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც დამატებითი ვადის განსაზღვრა საჭირო არ არის, სახელდობრ, მყიდველს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2012 წლის 22 ოქტომბერს (ხელშეკრულების დამოწმების თარიღი), შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ვადა რამოდენიმე წლის წინ ამოიწურა, ნასყიდობის საფასური კი, არ გადახდილა, ამასთან, კასატორი დავალიანებას უარყოფს (მხარეებს შორის წლებია მიმდინარეობს სადავო ნივთზე სხვადასხვა სახის დავა), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამატებითი ვადის დაწესება უშედეგოა. შესაბამისად, მოსარჩელეს დამატებითი ვადის დაწესების გარეშე შეუძლია, მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (ნატურით დაბრუნება)(შდრ. სუსგ. #ას-38-38-2018, 08.06.2018წ).
14. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას მყიდველის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის თაობაზე და განმარტავს, რომ სსკ-ის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. განსახილველ შემთხვევაში, მყიდველის მიერ გამყიდველისათვის ნასყიდობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ წარდგენილა.ამ საკითხზე არსებობს სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკაც (შდრ. სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014, 12.07.2019წ., Nას-705-2019, 27.05.2019წ., Nას-194-2019).
15. კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ სასამართლომ უკანონოდ და ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მიანიჭა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებას პრეიუდიციული ძალა. კასატორის ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო უარყოფს და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება წინამდებარე დავის მიმართ პრეიუდიციული ძალისაა (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), რადგან, საქმის განხილვისას ერთი და იგივე მხარეები მონაწილეობენ, მოსარჩელე ითხოვდა 2012 წლის 22 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, სადაც დადგენილ სადავო გარემოებად მითითებულია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით, ნასყიდობის თანხად - 30 000 ლარი განისაზღვრა, რომელიც მოპასუხეს არ გადაუხდია.
16. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და აღნიშნავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხელშეკრულებიდან გასვლის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: ას-779-746-2014, 30.04.2015წ).
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
20. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში რჩება საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის 30%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო, წინამდებარე განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საკასაციო საჩივარი, პალატა თვლის, რომ კასატორს ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს გადავადებული ბაჟის (1500 ლარის), 30%-ის, 450 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2.მ. ბ-ძეს (6000106...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის (1500 ლარის), 30%-ის, 450 ლარის გადახდა;
3. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი