Facebook Twitter

ბს-516-125-კს-03 23 თებერვალი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 19 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მოსარჩელე შპს “ს.-მ” მოპასუხე საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სახელმწიფო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიმართ და სარჩელის საფუძველზე მოითხოვა მიწის გადასახადისა და საურავის – 7448808 ლარის გადახდის თაობაზე მოპასუხის საგადასახადო შეტყობინებების ბათილად ცნობა და ზედმეტად გადახდილი 277194 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 5000 ლარის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში ჩათვლა.

სარჩელის წარმოებაში მიღებისას სასამართლო კოლეგიამ 2002წ. 25 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, შეაჩერა გასაჩივრებული აქტის, მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2000წ. 22 სექტემბრის ¹11-38-34 საგადასახადო შეტყობინების მოქმედება საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

2003წ. 29 ოქტომბერს მოსარჩელე შპს “ს.-მ” განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე დროებითი განჩინების გამოტანა, რომლითაც მოპასუხეს დაევალებოდა საქმის არსებითად გადაწყვეტამდე თავი შეეკავებინა საქართველოს რკინიგზისათვის მიწის გადასახადის დარიცხვისა და 2002წ. 29 აგვისტოს ¹11/2835 საგადასახადო შეტყობინებაში მითითებული მოთხოვნისაგან.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 30 ოქტომბრის დროებითი განჩინებით, იმ მოტივზე მითითებით, რომ საგადასახადო შეტყობინების დაუყოვნებელი აღსრულება არსებით ზიანს მიაყენებდა მოსარჩელეს, შპს “ს.-ის” განცხადება დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული განჩინება გასაჩივრდა როგორც ფინანსთა სამინისტროს, ისე ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიერ. კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებულ განჩინებას მიიჩნევდნენ კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიღებულად და ითხოვდნენ მის გაუქმებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 19 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, გააანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები და შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრები საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო შეტყობინება პირებს ბარდება არა უგვიანეს ყოველი წლის 1 ივნისისა. ამავე კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი გადაიხდება თანაბარწილად, საანგარიშო წლის 15 აგვისტომდე და 15 ნოემბრამდე.

ხოლო ამავე კოდექსის 283-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადახდა ხდება ამ კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ ვადებში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადასახადის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან და საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის I ნაწილის დებულებებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის დარიცხულ თანხასთან დაკავშირებით ზემდგომ საგადასახადო ორგანოში გასაჩივრების ან სასამართლოში აპელაციის შემთხვევაში გადასახადის დარიცხული თანხა ექვემდებარება გადახდას, საგადასახადო ორგანოები უფლებამოსილი არიან, კანონით დაგენილ ვადაში მოახდინონ საგადასახადო შეტყობინების წარდგენა და მოითხოვონ გადასახადის გადახდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დავის შპს “ს.-ის” სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი უფლებამოსილია, გამოიყენოს საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლება, რის გამოც საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას არსებითი ზიანის თაობაზე და თვლის, რომ აღნიშნული მოტივი არ წარმოადგენს შპს “ს.-ის” განცხადების დაკმაყოფილების საფუძველს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის II ნაწილით სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 30 ოქტომბრის განჩინება;

3. შპს “ს.-ის” განცხადება, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციას დაევალოს, საქმის არსებითად გადაწყვეტამდე თავი შეიკავოს 2002წ. 29 აგვისტოს ¹11/2835 საგადასახადო შეტყობინებაში მითითებული მოთხოვნისა და რკინიგზისათვის მიწის გადასახადის დარიცხვისაგან, არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და რა საჩივრდება.