Facebook Twitter

№ას-540-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – ი. თ-ძე, მ. მ-ძე, ნ. თ-ძე, ა. და მ. მ-ძეები

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სს „ს. ბ.“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სს "ს. ბ." (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, კრედიტის მიმცემი, ბანკი ან კრედიტორი) სარჩელი დაკმაყოფილდა; ი. თ-ძესა (შემდეგში: მსესხებელი იპოთეკის საგნის მესაკუთრე ან კასატორი) და თავდებ პირებს 67 967.05 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ; ფულადი ვალდებულების დაფარვა დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით (იხ. გადაწყვეტილება, ს.ფ. 140-150. ტ.1)

2. იპოთეკის საგანი 125 000 ლარად, საჯარო აუქციონზე მოსარჩელემ შეიძინა (იხ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება და საჯარო რეესტრის ამონაწერი, ს.ფ. 13; 14-15).

3. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ქონებას პირველი მოპასუხე, მერიკო მიქელაძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ა. თ-ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ა. თ-ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ნ. თ-ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეხუთე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ნ. თ-ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეექვსე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ა. მ-ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეშვიდე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და მ. მ-ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მერვე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) უკანონოდ ფლობენ.

4. უძრავ ნივთს მოპასუხეები არ ათავისუფლებენ, მიუხედავად იმისა, რომ მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

5. 2016 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მტკიცებით, უძრავი ქონება შეიძინა საჯარო აუქციონზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხეები განაგრძობენ მისი ნივთის უკანონოდ ფლობას.

6. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მოგვიანებით, პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა/მხარდამჭერმა შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს პირველი მოპასუხის ჯანმრთელობა გაუარესებული იყო, ჰქონდა ფსიქიკური დარღვევები, რის გამოც მას არ შეეძლო, შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი, შესაბამისად, ასეთ პირთან დადებული გარიგება ბათილია.

7. შეგებებულმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობდა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი, პირველი მოპასუხე გარიგების დადებისას ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო და ნებას სრულყოფილად გამოხატავდა. ამასთან, პირველი მოპასუხე წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობდა ბანკსა და მსესხებელს შორის თანხის დაკირების, იპოთეკის საგნის რეალიზაციისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დავების განხილვაში და არასოდეს მიუთითებიათ გარიგების დადებისას პირველი მოპასუხის დაავადებაზე. ბანკმა ქონება საჯარო აუქციონზე შეიძინა, შესაბამისად, კეთილსინდისიერი შემძენია. მოსარჩელემ არც გარიგების დადებისას და არც ქონების შეძენისას არ იცოდა პირველი მოპასუხის ფსიქიკური მოვლენების შესახებ, შესაბამისად, გარიგების ბათილად ცნობა ვერ გამოიწვევს შეგებებული მოსარჩელისათვის სასურველ შედეგს.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელი დარჩა განუხილველად.

10.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, შეგებებულ მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა აღიარებითი სარჩელი და, სსსკ-ის 180-ე მუხლზე მითითებით, განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და, რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.

10.2. სასამართლომ მიუთითა, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი და სწორი, ანუ მიღწევადი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი - სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება დაუშვებელია. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია, აღიძრას მიკუთვნებითი სარჩელი. ამდენად, მატერიალურსამართლებრივი უფლების დაცვა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით, მაგრამ ასეთი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და უნდა გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრას.

10.3. პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებულ მოსარჩელეს აღიარებითი მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი, კერძოდ, თუ რა ფაქტობრივი შედეგის მიღება სურდა სარჩელის დაკმაყოფილებით, არ მიუთითებია. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მხოლოდ გარიგების ბათილად აღიარების შესახებ მოთხოვნა, საბოლოოდ არ იწვევდა მოსარჩელისათვის სასარგებლო იურიდიულ შედეგს, ვინაიდან აუქციონზე გატანილი ქონება მოსარჩელემ შეიძინა, შესაბამისად, გარიგების ბათილად ცნობით არ მიიღწეოდა მოსარჩელის საკუთრების უფლების მოპოვება სადავო ფართზე და ქონების დასაბრუნებლად მას მოუწევდა ახალი სარჩელის აღძვრა. აქეან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელი დაუშვებელია.

10.4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და იგი მართებულად დაკმაყოფილდა. პალატამ აღნიშნა, რომ რაიმე სახის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ფართზე მოპასუხეების მფლობელობის მართლზომიერება, საქმეში წარდგენილი არ ყოფილა. აპელანტები არც საჯარო რეესტრის ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შესდავებიან და მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად აღიარების შემთხვევაში, აპელანტებს სადავო ქონების ფლობის უფლება არ წარმოეშობოდათ, სხვა სახის მოთხოვნა კი, არ დაუყენებიათ.

11. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

11.1. კასატორების მტკიცებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა, რომ გარიგების დადების დროს პირველი მოპასუხის ჯანმრთელობა გაუარესებული იყო, ჰქონდა ფსიქიკური დარღვევები, რის გამოც მას არ შეეძლო, შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი, შესაბამისად, ასეთ მდგომარეობაში დადებული გარიგება უპირობოდ ბათილია.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილისა და იმავე წლის 17 მაისის განჩინებით, პირველი, მეორე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე მოპასუხეების, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი.

17. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

18. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეეები სადავო ქონების მფლობელები არიან. მათ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავიანთი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

19. საკასაციო საჩივრის მიხედვით, კასატორები მათი მფლობელობის მართლზომიერებას იპოთეკის ხელშეკრულებას უკავშირებენ, კერძოდ, მიიჩნევენ, რომ ეს ხელშეკრულება ბათილია, შესაბამისად, სადავო ნივთის აუქციონზე გასხვისებაც უკანონოა. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობაზე მხოლოდ პირველ მოპასუხეს შეუძლია დავა, რადგან ის ამ ხელშეკრულების მხარეა, დანარჩენი კრედიტორები კი, არ წარმოადგენენ რა მითითებული ხელშეკრულების მხარეს, მას ვერ შეედავებიან. ამასთან, პირველმა მოპასუხემ მართალია შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, მაგრამ რაკი მისი აღიარებითი სარჩელი დაუშვებელი იყო, სასამართლომ ის განუხილველი დატოვა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში კერძო საჩივრით გასაჩივრდა, რაც არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, აღიარებითი სარჩელის დაუშვებლად ცნობის მოტივებზე საკასაციო სასამართლო აქ დამატებით აღარ შეჩერდება და აღნიშნავს მხოლოდ იმას, რომ პირველ მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მესაკუთრედ ცნობა უნდა მოეთხოვა. სხვა მოპასუხეთა/კასატორთა სამართლებრივი პრეტენზიას კი, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

20. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც შესრულებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება ; № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მათ უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ჯუმბერ ქართველიშვილის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება 0, გადახდის თარიღი 06.05.2019), 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. თ-ძის, მ. მ-ძის, ნ. თ-ძის, ა. და მ. მ-ძეების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. მ. მ-ეს, ნ. თ-ძეს, ა. და მ. მ-ძეებს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ჯ. ქ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება 0, გადახდის თარიღი 06.05.2019), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი