Facebook Twitter

№ას-540-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ი. თ-იძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „ს. ბ.“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2008 წლის 17 აპრილს სს „ს. ბ.“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, კრედიტის მიმცემი, ბანკი ან კრედიტორი) და შპს „თ.“ (შემდეგში: კრედიტის ამღები ან მსესხებელი) შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის #508272 ხელშეკრულება (შემდეგში - საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება), რომლითაც მსესხებელს გამოეყო 300 000 აშშ დოლარის საკრედიტო ლიმიტი.

2. იმავე დღეს მოსარჩელესა და ი. თ-ძეს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან თავდაპირველი მესაკუთრე) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება (შემდეგში - იპოთეკის ხელშეკრულება), საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, შესაბამისად, იპოთეკით დაიტვირთა ქალაქ ბათუმში, ქ. შესახვევ #....-ში მდებარე პირველი მოპასუხის კუთვნული უძრავი ქონება, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტო კოდი #05.10....1 (შემდეგში იპოთეკის საგანი), (იხ. იპოთეკის ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 62-68;93. ტ.1).

3. 2009 წლის 11 სექტემბერს ბანკსა და მსესხებელს შორის დაიდო იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც დამტკიცდა კრედიტის თანხა - 115 790 აშშ დოლარი, 60 თვით.

4. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც, ბანკმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და სარჩელი აღძრა მსესხებლის, პირველი მოპასუხისა და თავდებების მიმართ დავალიანების 67 967.05 აშშ დოლარის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით. პირველი მოპასუხე საქმის განხილვაში მონაწილეობდა წარმომადგენლის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა; მსესხებელსა და თავდებ პირებს 67 967.05 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ; ფულადი ვალდებულების დაფარვა დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით (იხ. გადაწყვეტილება, ს.ფ. 140-150. ტ.1)

6. იპოთეკის საგანი 125 000 ლარად, საჯარო აუქციონზე მოსარჩელემ შეიძინა (იხ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულება და საჯარო რეესტრის ამონაწერი, ს.ფ. 13; 14-15).

7. მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ქონებას პირველი მოპასუხე, მ. მ-ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ა. თ-ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ა. თ-ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ნ. თ-ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეხუთე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ნ. თ-ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეექვსე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი), ა. მ-ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეშვიდე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) და მ. მ-ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მერვე მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) უკანონოდ ფლობენ.

8. უძრავ ნივთს მოპასუხეები არ ათავისუფლებენ, მიუხედავად იმისა, რომ მფლობელობა მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.

9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით, პირველი მოპასუხე ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად და მხარდამჭერად მეორე მოპასუხე დაენიშნა.

10. 2016 წლის 26 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 172-ე მუხლის პირველი ნაწილი). მოსარჩელის მტკიცებით, უძრავი ქონება შეიძინა საჯარო აუქციონზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხეები განაგრძობენ მისი ნივთის უკანონოდ ფლობას.

11. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მოგვიანებით, პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა/მხარდამჭერმა შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ იპოთეკის ხელშეკრულების დადების დროს პირველი მოპასუხის ჯანმრთელობა გაუარესებული იყო, ჰქონდა ფსიქიკური დარღვევები, რის გამოც მას არ შეეძლო, შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი, შესაბამისად, ასეთ პირთან დადებული გარიგება ბათილია.

12. შეგებებულმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობდა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი, პირველი მოპასუხე გარიგების დადებისას ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო და ნებას სრულყოფილად გამოხატავდა. ამასთან, პირველი მოპასუხე წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობდა ბანკსა და მსესხებელს შორის თანხის დაკირების, იპოთეკის საგნის რეალიზაციისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დავების განხილვაში და არასოდეს მიუთითებიათ გარიგების დადებისას პირველი მოპასუხის დაავადებაზე. ბანკმა ქონება საჯარო აუქციონზე შეიძინა, შესაბამისად, კეთილსინდისიერი შემძენია. მოსარჩელემ არც გარიგების დადებისას და არც ქონების შეძენისას არ იცოდა პირველი მოპასუხის ფსიქიკური მოვლენების შესახებ, შესაბამისად, გარიგების ბათილად ცნობა ვერ გამოიწვევს შეგებებული მოსარჩელისათვის სასურველ შედეგს.

13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. შეგებებული სარჩელი უარყოფილ იქნა.

14. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; პირველი მოპასუხის შეგებებული სარჩელი დარჩა განუხილველად.

15.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, შეგებებულ მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა აღიარებითი სარჩელი და, სსსკ-ის 180-ე მუხლზე მითითებით, განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა და, რაც ყველაზე მთავარია, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.

15.2. სასამართლომ მიუთითა, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი და სწორი, ანუ მიღწევადი. ერთია, მოსარჩელის სურვილი, ხოლო მეორე კი - სარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რომელთა ერთმანეთთან გაიგივება დაუშვებელია. იურიდიული ინტერესის ცნებაში ყოველთვის იგულისხმება ის მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომლის დაცვასაც უზრუნველყოფს აღიარებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია, აღიძრას მიკუთვნებითი სარჩელი. ამდენად, მატერიალურსამართლებრივი უფლების დაცვა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით, მაგრამ ასეთი სარჩელი უნდა უზრუნველყოფდეს სადავოდ ქცეული უფლების დაცვას და უნდა გამორიცხავდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრას.

15.3. პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებულ მოსარჩელეს აღიარებითი მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი, კერძოდ, თუ რა ფაქტობრივი შედეგის მიღება სურდა სარჩელის დაკმაყოფილებით, არ მიუთითებია. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მხოლოდ გარიგების ბათილად აღიარების შესახებ მოთხოვნა, საბოლოოდ არ იწვევდა მოსარჩელისათვის სასარგებლო იურიდიულ შედეგს, ვინაიდან აუქციონზე გატანილი ქონება მოსარჩელემ შეიძინა, შესაბამისად, გარიგების ბათილად ცნობით არ მიიღწეოდა მოსარჩელის საკუთრების უფლების მოპოვება სადავო ფართზე და ქონების დასაბრუნებლად მას მოუწევდა ახალი სარჩელის აღძვრა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელი დაუშვებელია.

15.4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, იკვეთებოდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი შემადგენლობა, სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანი იყო და იგი მართებულად დაკმაყოფილდა. პალატამ აღნიშნა, რომ რაიმე სახის მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ფართზე მოპასუხეების მფლობელობის მართლზომიერება, საქმეში წარდგენილი არ ყოფილა. აპელანტები არც საჯარო რეესტრის ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შესდავებიან და მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად აღიარების შემთხვევაში, აპელანტებს სადავო ქონების ფლობის უფლება არ წარმოეშობოდათ, სხვა სახის მოთხოვნა კი, არ დაუყენებიათ.

16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება შეგებებულმა მოსარჩელემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით გაასაჩივრა შემდეგ გარემოებაზე მითითებით:

16.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ, აქვს იურიდიული ინტერესი, კერძოდ, ამ გარიგების ბათილად ცნობის გარეშე უსაფუძვლოა აღმასრულებლის განკარგულების ბათილად ცნობის ან ბანკისაგან ქონების გამოთხოვის შესახებ სარჩელის აღძრა, რადგან ეს დავები სამართლებრივად უპერსპექტივოა, არ არსებობს მათი დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

18. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

19. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სარჩელი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი, რაც, სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას აღიარებითი სარჩელის განხილვისას იურიდიული ინტერესის არსებობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და, აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად: მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება, დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს, ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: # ას-437-409-17 29.09.17, #-ას 916—857-17 12.09.17, #ას-302-285-17, 16.06.17, #ას-244-232-17 19.05,17 #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას- 17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას- 773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას- 323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.)

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის სახეებად დაყოფა (მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი) პრაქტიკული მნიშვნელობისაა და უზრუნველყოფს პირის კანონით დაცული უფლებისა და ინტერესების სასამართლო წესით დაცვას. როგორც წესი, მოსარჩელის ინტერესი განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღწევას უკავშირდება (მაგ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ქონების დაბრუნება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ზიანის ანაზღაურება და ა.შ), რომელიც მხოლოდ მიკუთვნებითი სარჩელით მიიღწევა და, ასეთ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელის აღძვრა დაუშვებელია, რადგანაც, პროცესის ეკონომიის პრინციპიდან გამომდინარე, დარღვეული უფლების აღდგენასა და სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას პირმა ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უნდა მიაღწიოს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის მისთვის სასარგებლო შედეგი უნდა მოჰქონდეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის საჭიროება აღარ უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრული აღიარებითი სარჩელი არ პასუხობდა სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად, მხარე სრულად გარკვეულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა... (შდრ.სუსგ # ას-838-802-2014, 19.03.2015წ.).

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შეგებებული მოსარჩელის/კერძო საჩივრის ავტორის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, საჯარო აუქციონზე გატანილი ქონება ბანკმა/მოსარჩელემ შეიძინა, შესაბამისად, გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაშიც, ეს არ გამოიწვევს სადავო ნივთზე/იპოთეკის საგანზე შეგებებული მოსარჩელის საკუთრების უფლების მოპოვებას.

23. აქვე, საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას გაამახვილებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციაზე, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა იყოს ფორმალური, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტურ და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (შდრ. სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, რომლის წინააღმდეგაც არ არის წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება.

25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. თ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი