№ას-541-2019 26 დეკემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ლ. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ. გ-ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ლ. პ-ის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, იპოთეკარი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, რ. გ-ძის (შემდეგში - მოსარჩელე, კრედიტორი, განმცხადებელი) სასარგებლოდ დაკისრებული 20000 აშშ დოლარისა და ნ. დ-ძის (შემდეგში, მოსარჩელე) სასარგებლოდ დაკისრებული 15000 აშშ დოლარის ამოღების უზრუნველსაყოფად, განისაზღვრა ქ. ბათუმში, ა.. ქ. №...-ში მდებარე, იპოთეკით დატვირთული მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ 24.07.072...1 და ს/კ 24.07.072...) რეალიზაცია;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
3. 2019 წლის 21 იანვარსა და 13 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ, რომელმაც ამავე სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებაში და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება მოითხოვა.
3.1. განმცხადებლის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ნაცვლად უძრავი ქონების სწორი საკადასტრო კოდებისა (ს/კ05.24.07.072.... და ს/კ 05.24.07.072....), ქონების საიდენტიფიკაციო რეკვიზიტად მითითებული იყო ს/კ 24.07.072.... და ს/კ 24.07.072..., რამაც ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის უზუსტობა განაპირობა. ამასთან, განმცხადებლის მითითებით, ერთ-ერთი უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი - 05.24.07.072...., შეიცვალა საკადასტრო კოდით - 05.24.07.072.... ამ გარემოების დასადასტურებლად, მან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვლის სN493... წერილი წარადგინა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით, გასწორდა სააპელაციო სასამართლოს სადავო გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა. ამავდროულად, აპელანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით 2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც განმარტა და განჩინებით განსაზღვრა, სააღსრულებო ფურცელი გაცემულიყო და აღსრულება მიქცეულიყო მოპასუხის კუთვნილ N05.24.07.072... და N05.24.07.072... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე.
5. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება მოითხოვა.
5.1. კერძო საჩივრის ავტორმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება (გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.) მოიხმო და განმარტა, რომ დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევდა გადაწყვეტილების განმარტებას, მხოლოდ მხარეთა და აღმასრულებლის განცხადების საფუძველზე, შესაბამისად, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, საკუთარი ინიციატივით განემარტა გადაწყვეტილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
8. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების განმარტების უფლებამოსილების ფარგლებს შეეხება. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გადაწყვეტილების განმარტების ინიცირების უფლებით, მხოლოდ პროცესის მხარეები და აღმასრულებელი არიან აღჭურვილი, განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელეს სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება არ მოუთხოვია.
9. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მის მიერ გამოთქმულ პრეტენზიასთან კონტექსტში შემდეგ გარემოებებზე მიაქცევს: მოსარჩელის განცხადების შინაარსი ცხადყოფს, რომ განმცხადებელი (კრედიტორი) ითხოვდა განჩინების მიღებას, რომლითაც აღმოიფხვრებოდა აღსასრულებლად მიქცეულ გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური უსწორობა და, ამასთან, შესაძლებელი იქნებოდა სარეალიზაციოდ იმ ქონების მიქცევა, რომლის საკადასტრო კოდი გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ შეიცვალა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტის ნება, თუ რა სამართლებრივი შედეგის მისაღწევად მოქმედებს სამართალწარმოების სუბიექტი. შესაძლოა, მხარეს ზუსტად არ ჰქონდეს ფორმულირებული საკუთარი მოთხოვნა, მაგრამ სასამართლომ სწორად უნდა განსაჯოს მოთხოვნის შინაარსი. როგორც აღინიშნა, განმცხადებელმა სასამართლოს ხაზგასმით მიუთითა გადაწყვეტილებით სარეალიზაციოდ მისაქცევი ქონების საკადასტრო კოდის ცვლილებაზე, სასამართლოს მხრიდან კი, განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებასთან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის შესაბამისობაში მოყვანის სამართლებრივ მექანიზმს გადაწყვეტილების განმარტება წარმოადგენს, შესაბამისად, საკასაციო პალატის განსჯით, კრედიტორის განცხადება თავისი შინაარსით არამარტო გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორებას, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, გადაწყვეტილების განმარტებასაც გულისხმობდა. აქედან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია დაუსაბუთებელი და სამართლებრივად უსაფუძვლოა.
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი