№ას-548-520-2015 22 აპრილი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) – თ. ბ-ძე, ნ. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – გ. ბ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხის სარგებლის (პროცენტის) დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2006 წელს თ. ბ-ძემ (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამსესხებელი) და ნ. ბ-ძემ (შემდეგში - მეორე მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამსესხებელი) გ. ბ-ძეს (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მსესხებელი) ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე ასესხეს - 6 000 აშშ დოლარი, თვეში 4%-ის სარგებლის გადახდის პირობით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 623-ე მუხლი). 2008 წელს, მხარეთა შეთანხმებით, სესხის თანხა, 6 000 აშშ დოლარი, 4 000 ევროთი განისაზღვრა, თვეში 4%-ის სარგებლის გადახდის პირობით. სარგებელი მოპასუხეს 2009 წლის სექტემბრამდე უნდა გადაეხადა.
2. მხარეებს შორის სესხის დაბრუნების ვადა არ განსაზღვრულა.
3. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, არ გადაიხადა სესხი.
4. 2013 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის მიმართ სესხის ძირითადი თანხის - 4000 ევროსა და სარგებლის - 7 680 ევროს დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელეებმა, მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის -1000 ევროს, ხოლო მორალური ზიანის სახით - 2320 ევროს დაკისრებაც მოითხოვეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მხარეთა შეთანხმებით, თუ მოპასუხე 2010 წლის იანვარში, ხოლო შემდეგ 2010 წლის ივნისში არ დაუბრუნებდათ სესხის ძირითად თანხას, ისევ ამოქმედდებოდა თვეში 4%-ის სარგებლის გადახდის ვალდებულება.
5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სესხის ძირითადი თანხის, 4 000 ევროს, დაკისრების ნაწილში სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ ეს თანხა მოსარჩელეებისათვის 2010 წლის 1 იანვრამდე უნდა დაებრუნებინა, ხოლო დანარჩენ ნაწილში ითხოვა სარჩელის უარყოფა უსაფუძვლობის მოტივით.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 4 000 ევროს გადახდა დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ; სარჩელი მოპასუხისათვის - 7 680 ევროსა და მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით - 3 320 ევროს დაკისრების ნაწილში უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე, 317-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 361-ე, 403-ე, 427-ე, 992-ე, 412-ე და 413-ე მუხლები გამოიყენა.
7. გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სესხის სარგებლის გადახდევინების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ამ ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 1410 ევროს გადახდა დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ.
8.1. სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნას, საქმეში წარდგენილი, სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, რომ მხარეები შეთანხმდნენ 2009 წლის სექტემბრის შემდგომ, სესხზე პროცენტის გადახდაზე, ან/და, მსესხებლის მხრიდან რაიმე პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პროცენტის გადახდის ვალდებულების ხელახლა წარმოშობის თაობაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მოპასუხის მხრიდან დარღვევის ფაქტი. პალატის განმარტებით, მსყიდველუნარიანობის მაღალი ხარისხი ფულს ყველა შემთხვევაში ანიჭებს სარგებლის მოტანის უნარს, იგი ყოველთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, მას შეუძლია, მესაკუთრეს გარკვეული ოდენობის შემოსავალი შესძინოს პროცენტის სახით. ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება პირს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება ფულის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანის მიყენების ფაქტისა და არც ოდენობის დადგენას. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუღებელი შემოსავალი განსაზღვრა ძირითადი თანხის ყოველწლიური 9 %-ით 2010 წლის იანვრიდან (მოპასუხის მითითებიდან, რომ სესხი ამ დრომდე უნდა დაებრუნებინა) 2013 წლის 26 ნოემბრამდე (სარჩელის აღძვრამდე), (30X47= 1410).
9. გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სესხის სარგებლის (პროცენტის) დაკისრების მოთხოვნით.
9.1. კასატორების მტკიცებით, მართალია, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე 2009 წლის სექტემბრიდან აღარ გადაიხდიდა სარგებელს (პროცენტს), თუმცა ეს შეთანხმება მხოლოდ იმ პირობით დაიდო, რომ მოვალე სესხის ძირითად თანხას 2010 წლის იანვარში დააბრუნებდა, შემდგომ კი, იმავე პირობებით სესხის დაბრუნების ვადამ 2010 წლის ივნისამდე გადაიწია, მაგრამ უშედეგოდ. შესაბამისად, სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულებაც ხელახლა წარმოიშვა.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხემ ბრალეულად გადააცილა სესხის დაბრუნების ვადას. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსკ-ის 404-ე (კრედიტორს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლების საფუძველზე, ვადაგადაცილების ზიანის ანაზღაურება მას მართებულად დაეკისრა.
14.1. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ფულის განსაკუთრებულ თვისებასთან დაკავშირებით, მის მფლობელს მოუტანოს შემოსავალი და განმარტავს, რომ სყიდვითიუნარიანობის მაღალი ხარისხი, ყველა შემთხვევაში, ფულს ანიჭებს სარგებლის მოტანის შესაძლებლობას. ფული ყოველთვის შემოსავლის წყაროა, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტისა და არც მისი ოდენობის დადგენას (შდრ. სუსგ №ას-992-950-2013, 04.03. 2014).
14.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სესხის ძირითადი თანხის წლიური 9% წარმოადგენს იმ მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც მოსარჩელეები ამ თანხის საბანკო ანაბარზე განთავსებით უპრობლემოდ მიიღებდნენ, შესაბამისად, პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის ნაწილშიც.
15. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები უთითებენ, რომ, თუ მოპასუხე 2010 წლის იანვარში, ხოლო შემდეგ 2010 წლის ივნისში არ დაუბრუნებდათ სესხის ძირითად თანხას, ისევ ამოქმედდებოდა თვეში 4%-ის სარგებლის გადახდის ვალდებულება. კასატორების ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო უარყოფს და განმარტავს, რომ მხარეთა შორის ასეთი შეთანხმების არსებობა საქმის მასალებით არ დასტურდება. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. #ას-ას-903-848-2012; 04.10.2012წ).
17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. და ნ. ბ-ძეების საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მ1 ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი