№ას-674-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ნ. ლ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ნ. ...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქალაქ ხ-ში, ი. ქუჩა #...-ში მდებარე უძრავი ქონება, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით #69.08.60... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის საკუთრება, მოსარჩელის მიწის ნაკვეთი, პირველი უძრავი ქონება ან პირველი მიწის ნაკვეთი), შპს „ნ. ...-ის“(შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 15-16. ტ. 1).
2. ქალაქ ხ-ში, ი. ქუჩა #...-ში მდებარე #2 შენობა, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით #69.08.... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის საკუთრება ან მეორე უძრავი ქონება) კი, ნ. ლ-ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მესაკუთრე) საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 18-20. ტ. 1).
3. მოპასუხემ კუთვნილ უძრავ ქონებაში სახურავიდან მომდინარე ატმოსფერული ნალექის მიმართულების შეცვლის მიზნით, უნებართვოდ ააშენა საჩრდილობელი, რომელიც მოქცეულია მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შიგნით.
4. 2018 წლის 1 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით, ის ამტკიცებდა, რომ საჩრდილობელი ხელს უშლიდა სათვალთვალო კამერების მოწყობას, ამასთან, ატმოსფერული ნალექი ჩაედინებოდა მის კუთვნილ ნაკვეთში.
5. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ უძრავი ქონება მოსარჩელისაგან არსებული სახით შეიძინა, ამასთან, არც დამატებით მოწყობილი საჩრდილობლიდან მომდინარე არსებითი ხასიათის ზემოქმედება არ დასტურდებოდა.
6. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა, მოშალოს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული #2 შენობის დასავლეთ ნაწილის (ნახევარზე) სახურავზე დამატებით მოწყობილი საჩრდილობელი, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის #1დანართი ნახაზის მიხედვით, მოქცეულია მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საზღვრების შიგნით. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 21.1. მუხლი და სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლები გამოიყენა.
7. გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.1. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მსჯელობა, რომ უძრავი ქონება მოსარჩელისაგან არსებული სახით შეიძინა და, ამასთან, არც დამატებით მოწყობილი საჩრდილობლიდან მომდინარე არსებითი ხასიათის ზემოქმედება არ დასტურდებოდა, არ გაიზიარა, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თავად აპელანტი არ გამორიცხავდა თავის საკუთრებაში არსებული ფართის გადახურვის ნაწილის მოსარჩელის საკუთრებაში გადასვლის ფაქტს, თუმცა განმარტავდა, რომ მხოლოდ ეს არ ადასტურებდა მესაკუთრის უფლების შელახვას. აღნიშნული დგინდებოდა საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომლის გამაქარწყლებელი არცერთი მტკიცებულება მოპასუხის/აპელანტის მიერ საქმეში არ წარდგენილა. უფრო მეტიც, მოპასუხის მიერ ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე შედგენილი განცხადებიდან და ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დადგენილებიდან ირკვეოდა, რომ მოპასუხემ, მის საკუთრებაში არსებულ სახურავიდან ჩამონადენი წყლის მიმართულების შესაცვლელად, სავაჭრო ფართში შესავლელ ორივე კარზე უნებართვოდ ააშენა საჩრდილობელი, რაც შესაბამისი ნებართვის წარუდგენლობისა და მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის გაფრთხილების საფუძველზე დაინგრა. მართალია, დადგენილებიდან ირკვეოდა, რომ მოპასუხემ დაშალა უნებართვო გადახურვა, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, მოპასუხის მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე ამჟამად არსებულ დამატებით მოწყობილ საჩრდილობელს, საქართველოს მთავრობის 24.03.2009 წ. #57-ე დადგენილების შესაბამისად, არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა, მანამდე აპელანტის მიერ უნებართვო მშენებლობა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც აპელანტი ადასტურებს სახურავზე ძველი თუნუქის ახლით შეცვლას, ამასთან, არ გამორიცხავს მის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობაზე მოწყობილი გადახურვის მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე გადასვლის ფაქტს, სააპელაციო სასამართლომ უარყო აპელანტის მსჯელობა, რომ გადახურვის სამუშაოები, რომელიც მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზეა მოქცეული, არ შეუსრულებია.
8.2. სააპელაციო პალატის დასკვნით, რაკი უდავო იყო, მოპასუხემ კუთვნილ უძრავ ქონებაში სახურავიდან მომდინარე ატმოსფერული ნალექის მიმართულების შეცვლის მიზნით, უნებართვოდ ააშენა საჩრდილობელი, რომელიც მოქცეულია მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შიგნით, ამ გარემოებათა ერთობლიობა მაღალი ალბათობით ქმნიდა პრეზუმფციას, რომ მოპასუხის მიერ მოწყობილი გადახურვის პირობებში ატმოსფერული ნალექი მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში ჩაედინებოდა, რაც დაუშვებლად ხელყოფდა მისი - როგორც მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებას.
9. აღნიშნული განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა შემდეგი დასაბუთებით:
9.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს მოპასუხის მხრიდან საკუთრებით სარგებლობის დაუშვებელი ხელყოფის ფაქტი, უტყუარად დადასტურებულად, რადგან, ისეთი რამ, რაც ხელს შეუშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში, რეალურად არ არსებობს. არც საჩრდილობელი და არც მისგან ჩამონადენი წყალი არანაირად არ უშლის მოსარჩელეს ხელს, ზემოქმედება უმნიშვნელოა. ამასთან, საჩრდილობელი არც ვიდეოკამერების მოწყობას არ უშლის ხელს.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, შედეგობრივი თვალსაზრისით (არსებითად), სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სავსებით მართებულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა.
15. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთი სწორად გადანაწილდა მხარეებს შორის. განსახილველ დავაში დაცულია კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი, რაც სამართალწარმოებისას, უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები) საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას.
16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა სსკ-ის 172.2 (თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) მუხლიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა, სახელდობრ:
16.1. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად განსაზღვრავს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესს. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (შდრ. სუსგ: №ას-1041-998-2016, 12.02.2016; №ას-843-809-2016, 26.10.2016).
16.2. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს პირველი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 15-16. ტ. 1). მოპასუხე მოსარჩელეს საკუთრებით სარგებლობაში ხელს უშლის, კერძოდ, მოპასუხის მიერ ატმოსფერული ნალექის მიმართულების შეცვლის მიზნით აშენებული საჩრდილობლიდან, რომელიც მოქცეულია მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შიგნით, ატმოსფერული ნალექი ჩაედინება მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთში და აზიანებს მას, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით.
16.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ უძრავი ქონება მოსარჩელისაგან არსებული სახით შეიძინა და არც საჩრდილობელი და არც მისგან ჩამონადენი ნალექი მოსარჩელეს ხელს არ უშლის და სასამართლო მხოლოდ მოსარჩელის მითითებას, რომ თითქოსდა წვიმა ჩადის მის ტერიტორიაზე, არ უნდა დაჰყრდნობოდა და ამ მითითების საფუძველზე არ უნდა დაედგინა ხელშეშლის ფაქტის არსებობის თაობაზე სადავო ფაქტობრივი გარემოება. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაქცევს ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე #2 შენობის დასავლეთ ნაწილის (ნახევარზე) სახურავზე, დამატებით მოწყობილი საჩრდილობელი სრულად მოქცეულია მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შიგნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხემ კუთვნილ უძრავ ქონებაში სახურავიდან მომდინარე ატმოსფერული ნალექის მიმართულების შეცვლის მიზნით, უნებართვოდ აააშენა საჩრდილობელი, რომელიც მოქცეულია მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს შიგნით, რითაც ამ უკანასკნელს ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
18. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (100 ლარი, გადახდის ქვითარი 20047797, გადახდის თარიღი 23.04.2019; 50 ლარი, გადახდის ქვითარი 10356539, გადახდის თარიღი 24.05.2019), 70% – 105 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ. ლ-ძეს (570010...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (100 ლარი, გადახდის ქვითარი 20047797, გადახდის თარიღი 23.04.2019; 50 ლარი, გადახდის ქვითარი 10356539, გადახდის თარიღი 24.05.2019), 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი