№ას-764-732-2016 16 დეკემბერი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ე.“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი, კრედიტორი, სამინისტრო) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებას, რომლითაც, კრედიტორის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შპს „ე.“ (შემდეგში: მოპასუხე, მოვალე, მიმწოდებელი) 2000 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
2. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
2.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ განსახილველ დავაზე დაადგინა მოვალის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, შესაბამისად გამოიკვეთა პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველიც. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა შეემცირებინა პირგასამტეხლო, მან დავის გადაწყეტისას არ გაითვალისწინა მხარეთა ურთიერთთანმხვედრი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეული შეთანხმება პირგასამტეხლოს რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის
განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
5.2.1. 2013 წლის 20 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N411 ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულებით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურება გაზრდილი კერძების რაოდენობითა და საკვების მრავალფეროვნებით, რაც გულისხმობდა რამდენიმე სახეობის სხვადასხვა კერძის შეუზღუდავი რაოდენობით მიწოდებას დღეში სამჯერ, საკუთარი კვების პროდუქტებით (ტრანსპორტირებითა და შენახვის პირობების დაცვით) და მომსახურე პერსონალით საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის N31, 2007 წლის 26 სექტემბრის #560, 2013 წლის 20 ივნისის 3629 ბრძანებებისა და წინამდებარე ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
5.2.2. მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვანი ან უხარისხო შესრულებისათვის (მათ შორის: მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, იჯარით გათვალისწინებული ნორმის არასრულად გაცემა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა), მხარეებმა ხელშეკრულებით 10 000 ლარის პირგასამტეხლო გაითვალისწინეს.
5.2.3 მოვალემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურეთა საკვები მენიუს მიხედვით, მოვალემ დაარღვია სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაზღვრული დღიური ხორცის ნორმის მიწოდება და ნაცვლად 480 გრამი ხორცისა, ხორცისა და ძეხვეულის ნორმამ ერთად შეადგინა 480 გრამი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის N 629 ბრძანებით დამტკიცებულ კვების ნორმებში კი, ხორიცს ნორმა დღიურად განსაზღვრული იყო 480 გრამით.
6. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 629.1 და (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლების შინაარსიდან გამომდინარეობს.
7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ხელშეკრულების კონტრაჰენტთა მიერ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლის არარსებობის თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე არსებობს უზენაესი სასამართლის ერთგვაროვანი პრაქტიკა. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.
8. განსახილველ დავაზე საკასაციო სასამართლოს შეფასებით, 10000 ლარის პირგასამტეხლოს დაწესება ვალდებულების დარღვევის შინაარსისა და დარღვევის ხარისხის, დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი შედეგების გაანალიზების საფუძველზე, მართებულად მიიჩნიეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობად. შესაბამისად, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი.
9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ სუსგ № ას-752-720-2016, 25.11.2016, 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება, №ას-800-756-2015, 22 სექტემბერი, 2015 წელი).
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი