№ას-916-2019 30 იანვარი, 2020 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ლ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე ( მოსარჩელე) – შპს „ს.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2017 წლის 30 ნოემბერს შპს "ს." (შემდეგში, მოსარჩელე, ლიზინგის გამცემი) სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც ლ. გ-ისათვის (შემდეგში მოპასუხე, კასატორი, ლიზინგის მიმღები) 1310 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა. მოსარჩელის მტკიცებით, 2016 წლის 23 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა ლიზინგის N01-37.. ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლიზინგის გამცემმა ლიზინგის მიმღებს ლიზინგით გადასცა ავტომობილი. ხელშეკრულების თანახმად, ლიზინგის მიმღები ვალდებული იყო ლიზინგის გამცემისათვის ყოველთვიურად გადაეხადა 171 აშშ დოლარი 12 თვის განმავლობაში, მთლიანად 2 052 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სალიზინგო გადასახადის ნაშთის 2%, არაუმეტეს 1 200 აშშ დოლარისა. მოსარჩელის განმარტებით, სარჩელის სასამართლოში შეტანის მომენტისათვის მოპასუხის დავალიანებამ - 1 310 აშშ დოლარი შეადგინა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარგდენით უარყო სარჩელის საფუძვლიანობა.
3. საქმე, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2018 წლის 20 სექტემბერს. მოპასუხეს სხდომის შესახებ ეუწყა 2018 წლის 4 ივლისს, სატელეფონო შეტყობინებით.
4. მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე არ უცნობებია სასამართლოსათვის.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს 1310 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 იანვრის საოქმო განჩინებით ძალაში დარჩა სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
8. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მათი გაუქმება მოითხოვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
9.1. სააპელაციო პალატის განსჯით, აპელანტის მიერ სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად დასახელებული გარემოება (აპელანტს აერია სასამართლოს სხდომის დრო, რის გამოც ნაცვლად 11 საათისა, სასამართლოში 12 საათზე გამოცხადდა) არ წარმოადგენდა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, ხოლო სარჩელში მითითებული გარემოებები, იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
10.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
10.2. კასატორის მტკიცებით, როგორც ქვემდგომ ინსტანციებში, ისე საკასაციო სასამართლოში მის მიერ საჩივრის წარდგენა ადასტურებს მოპასუხის იურიდიულ ინტერესს დავის მიმართ, რაც სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა. კასატორისვე მოსაზრებით, მოპასუხის სტატუსით მისი პროცესზე გამოცხადების შემთხვევაში, სასამართლო განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, შესაბამისად, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე უნდა შეემოწმებინა სარჩელის სამართლებრივი საფუძვლიანობა, თუმცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს სასარჩელო მოთხოვნის მართებულობა არ შეუმოწმებიათ.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
13.1. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სსსკ-ის 230-ე მუხლის შესაბამისად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
13.1.1. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმების გვერდის ავლით მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი გამოტანის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ამ საკითხზე მსჯელობისას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს სსსკ-ის 230-ე მუხლი, რომელიც მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას განსაზღვრავს. ამ დროს დამტკიცებულად ითვლება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, თუ ისინი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ იგი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაზე. საკასაციო საჩივარი, სააპელაციო საჩივრისაგან განსხვავებით, არ შეიცავს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. საგულისხმოა, რომ საპატიო მიზეზის არსებობის ფაქტი მოპასუხემ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში ვერ დაამტკიცა, უფრო მეტიც, თავადვე აღიარა, რომ სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის თაობაზე ის სასამართლოს მიერ ინფორმირებული იყო, თუმცა თავად სწორად ვერ გაიგო სასამართლო სხდომის დრო და სასამართლოში სხვა დროს გამოცხადდა.
13.1.2. კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე მხოლოდ მისი გამოუცხადებლობის გამო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა და სარჩელის სამართლებრივ უსაფუძვლობაზე ამახვილებს ყურადღებას. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო არ იკვლევს და არ აფასებს საქმეში არსებულ მასალებს, მათ შორის, არც მოპასუხის შესაგებელს. მოპასუხის გამოუცხადებლობა ქმნის პრეზუმფციას, რომ იგი სადავოდ არ ხდის (არ ედავება) სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სწორედ ეს ვარაუდი განაპირობებს იმას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამასთან, მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ისიც, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას.
13.1.3. სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და ქმნიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (შდრ. სუსგ: საქმე N ას 857-801-2017, 23 ოქტომბერი, 2017 წელი).
13.1.4. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე, 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა, რისი გაქარწყლებაც მოპასუხემ ამ დავის ფარგლებში ვერ შეძლო.
13.1.5. საკასაციო სასამართლო დასკვნის სახით კასატორის ყურადღებას დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივ ბუნებაზე მიაქცევს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას (შდრ. სუსგ: № ას-191-2019, 2019 წლის 24 აპრილის განჩინება). თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
13.1.6. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის სამართლებრივ პრეტენზიას სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის კანონშეუსაბამობასთან დაკავშირებითაც და მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს სსსკ-ის 3761 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, .... სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. საკასაციო პალატა მოხმობილი ნორმატიული დანაწესის გათვალისწინებით, კასატორს განუმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო მოქმედებდა მისთვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ამასთან, დადგენილია, რომ საქმის განხილვის ფორმის თაობაზე მხარეებს წინასწარ ეცნობათ, თუმცა აპელანტს სასამართლოს წინაშე ეს საკითხი სადავოდ არ გაუხდია და არც საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნით არ უშუამდგომლია სასამართლოს წინაშე, შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული და დაუსაბუთებელია კასატორის შედავება სააპელაციო საჩივრის განხილვის ფორმასთან მიმართებით.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: № ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება, № ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; № ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; № ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; № ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, Nას-1000-961-2014, 22 მაისი, 2015 წელი).
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ჯ. კ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 12.07.2019), 70% – 105 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ლ. გ-ს (0101301...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ჯ. კ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 12.07.2019) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი