Facebook Twitter

№ას-918-2019 26 დეკემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „კ. დ. ვ. ჯ.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „თ. ჯ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – აღნაგობის ხელშეკრულების და მის საფუძველზე წარმოშობილი აღნაგობის უფლების შეწყვეტილად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2017 წლის 31 აგვისტოს შპს ,,თ. ჯ.’’ (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი) და შპს „კ. დ. ვ. ჯ.“ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კერძო საჩივრის ავტორი) შორის, თანამშრომლობის მემორანდუმისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2017 წლის 30 აგვისტოს N32.04.628 განკარგულების საფუძველზე, გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის მიზნით, მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთიდან (მდებარე: გ., სოფელი ნ., თბილისის საყოფაცხოვრებო ნაგავსაყრელი პოლიგონი, ს/კ: 81.09...-დან და ს/კ: 81.09.33...-დან, ნახაზის შესაბამისად) 503 085 კვ.მ ფართზე მოპასუხეს გადაეცა აღნაგობის უფლება სიმბოლურ ფასად, 1 (ერთ)ლარად.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მხარეთა შორის გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულება და მის საფუძველზე წარმოშობილი აღნაგობის უფლება აღიარებულ იქნა შეწყვეტილად.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 მაისის განჩინებით, 2019 წლის 22 მაისს, 10:00 საათზე დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.

5. სასამართლო სხდომის შესახებ აპელანტს, სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (თბილისი, შ. ქუჩა N.., საოფისე ფართი 3, სართული მე-2), 2019 წლის 6 მაისს გაეგზავნა სასამართლო უწყება, რომელიც ამავე წლის 7 მაისს საზოგადოების დირექტორს ჩაჰბარდა.

6. სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ, აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იშუამდგომლა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის საოქმო განჩინებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

8. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მიასი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა.

8.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას სასამართლო კორესპონდენციის სახით ჩაჰბარდა მხოლოდ სააპელაციო შესაგებელი და 2019 წლის 22 მაისს დანიშნული სასამართლოს სხდომის თაობაზე მისთვის უცნობი იყო.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

11. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ის სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლომ აპელანტის სახელზე მოამზადა მიმართვა, რომლის თანახმად, აპელანტს ეგზავნებოდა მოწინააღმდეგე მხარის სააპელაციო შესაგებელი, სასამართლომ ამავდროულად შეადგინა აპელანტის სხდომაზე დაბარების თაობაზე სასამართლო უწყებაც და საქართველოს ფოსტის მეშვეობით, აპელანტს წერილობითი კორესპონდენცია (სააპელაციო შესაგებელი და სასამართლო უწყება) ერთდროულად გაუგზავნა. დასახელებული გზავნილი აპელანტს ჩაჰბარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით (73.8 მუხლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ... ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.), კერძოდ, იგი ჩაიბარა საზოგადოების დირექტორმა. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საფოსტო გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (უკუგზავნილს), საიდანაც ირკვევა, რომ საფოსტო გზავნილის მიმღებმა პირმა საკუთარი ხელმოწერით დაადასტურა, სასამართლო უწყებისა და სააპელაციო შესაგებლის (იხ. ტ.2, ს.ფ. 167) მიღება. საკასაციო პალატის განსჯით, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულებები, რაც უკუგზავნილზე დატანილი ინფორმაციის ნამდვილობას გააქარწყლებდა, ამასთან, პალატის მოსაზრებით, ვინაიდან გზავნილის ჩაბარებისას აპელანტს პრეტენზია არ გამოუთქვამს მისთვის გადაცემული წერილობითი კორესპონდენციის სისწორე/სისრულესთან დაკავშირებით, პრეზუმირებულია, რომ მან სააპელაციო შესაგებელთან ერთად სასამართლო უწყებაც ჩაიბარა. პალატის განსჯით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გზავნილი მართლაც იყო ხარვეზიანი და საფოსტო კონვერტში არ იყო მოთავსებული უწყება, აპელანტს უარყოფითი საპროცესო შედეგის თავიდან ასაცილებლად კორესპონდენცია მიღებისთანავე უნდა შეემოწმებინა და საკუთარი სამართლებრივი პრეტენზიაც დაუყოვნებლივ, საფოსტო გზავნილის ჩაბარების აქტზევე გამოეხატა. იმ პირობებში კი, როდესაც აპელანტი საკუთარი ხელმოწერით ადასტურებს სასამართლო უწყების მიღებას, კერძო საჩივრის ავტორის მიერ საჩივარზე მტკიცებულებად დართული დოკუმენტაცია და სასამართლო სხდომის თარიღის შეუტყობინებლობის თაობაზე მისი განმარტება, ვერ აბათილებს უკუგზავნილზე მითითებული ინფორმაციის მნიშვნელობას, მის ნამდვილობას და ვერ უზრუნველყოფს კერძო საჩივრის ავტორის იურიდიულ ინტერესში შემავალ სამართლებრივ შედეგს. საბოლოოდ, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა საპროცესო სამართალურთიერობის მომწესრიგებელი იმ საკანონმდებლო დანაწესით, რომელიც აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობის დროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას განსაზღვრავს (სსსკ-ის 387-ე, 229-ე მუხლები).

12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „კ. დ. ვ. ჯ.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 მაისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი