Facebook Twitter

№ას-1302-2019 26 დეკემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „T. G. P. ...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ქ. ე-ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით - ქ. ე-ის (შემდეგში, მოსარჩელე, განმცხადებელი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სასამართლომ ბათილად ცნო დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე შპს „T. G. P. ...“-ის (შემდეგში დამსაქმებელი,მოპასუხე, საჩივრის ავტორი) დირექტორის 2017 წლის 7 ნოემბრის ბრძანება და შრომითი ურთიერთობის არსებითი პირობების შეცვლის შესახებ დამსაქმებლის 2017 წლის 20 სექტემბრის 02/09-159 წერილი; სასამართლომ დასაქმებული დაკავებულ თანამდებობაზე აღადგინა, ხოლო მოპასუხეს იძულებითი განაცდურის (2017 წლის 7 ნოემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში - 1610 ლარის), მიუღებელი შრომის ანაზღაურების (2017 წლის 1 სექტემბრიდან - 7 ნოემბრამდე), აგვისტოს ხელფასის (677.42 ლარის), ამავე თვის საშვებულებო თანხისა (1072.58 ლარის) და შრომითი პირგასამტეხლოს ანაზღაურება დააკისრა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფიელბაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. 2019 წლის 30 ივლისს დასაქმებულმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით - მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფინანსურ რესურსებსა (დასაქმებულის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ფარგლებში) და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფ. დ. მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი: 55.05..., დაზუსტებული ფართი 196927.00კვ.მ) (შემდეგში უძრავი ქონება) ყადაღის დადება მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით - გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; განმცხადებელს უარი ეთქვა მოპასუხის საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე.

4. აღნიშნული განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა და განმარტა, რომ დამსაქმებელი კომპანია ფინანსურად სტაბილურ იურიდულ პირს წარმოადგენდა, მისი კაპიტალი რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს ითვლიდა და მოსარჩელის აპელირება ქონების გასხვისების რისკთან და გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი იყო.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

6. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დავის საგნის დაცვის საჭიროებიდან გამომდინარე, არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ხოლო საჩივარში ასახული მსჯელობა და გარემოებები ვერ აბათილებდა სადავო უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

7. საჩივარი განსახილველად საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადმოეგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. სსსკ-ის 271-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია, უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მისი მოგვარების ფარგლებშია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხის გამორკვევაც, ამავდროულად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მიერ იმ შესაძლო რისკის გონივრულ დასაბუთებაზე, ამ ღონისძიების გაუტარებლობა, თუ რამდენად შეუშლის ხელს მართლმსაჯულების მიზნების განხორციელებას - საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 271-ე მუხლის სიტყვასიტყვითი ანალიზით ირკვევა კანონმდებლის ნება - უზრუნველყოფილ იქნეს გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ არის მიქცეული, ანუ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, გამონაკლისია მხოლოდ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული გადაწყვეტილება. კანონის ამგვარი განმარტება დასახელებული ნორმის მიზნებიდან გამომდინარეობს, რამდენადაც სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი მართლწესრიგის აღსრულებამდე, სავალდებულოა კრედიტორის ინტერესების გონივრულ ფარგლებში დაცვა, რათა სამართალწარმოება ფორმალური არ გახდეს (შდრ. სუსგ # ას -69-63-2015, 19.03.2015წ; #ას-1249-2018, 30.11.2018წ)

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივ გარანტიაა. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

11. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მითითებით, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის ქონების გასხვისების აკრძალვის აუცილებლობა გამოწვეული იყო მოპასუხის მძიმე ფინანსური ვითარებით. მოსარჩელის მტკიცების გასაბათილებლად, საკუთარი ქონებრივი მდგომარეობისა და მყარი ფინანსური შესაძლებლობების დასადასტურებლად საჩივრის ავტორმა საკუთრებაში რიცხულ ქონებაზე საჯარო რეესტრიდან 2015 წელს გაცემული ამონაწერები წარუდგინა სასამართლოს, რაც გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების რელევანტურ მტკიცებულებებად არ შეიძლება განვიხილოთ. საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირწონედ, მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილია მოპასუხის ქონებაზე საჯარო რეეასტრის მიერ გაცემული განახლებული (2018 წლის) ამონაწერები, საიდანაც ირკვევა, რომ, თითქმის მოპასუხის მთელ უძრავ ქონებაზე გამოყენებულია აკრძალვის (ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის) ღონისძიება კომპანიის კრედიტორთა სასარგებლოდ, ამავდროულად, ქონების დიდი ნაწილი იპოთეკით დატვირთულია დამფუძნებელი (დედა) კომპანიის სასარგებლოდ. საკასაციო პალატის განსჯით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს მოპასუხის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას, რამაც შესაძლოა, მომავალში გავლენა იქონიოს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების გართულებისა და შეუძლებლობის თაობაზე მოსარჩელის ვარაუდი დასაბუთებულია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია იმგვარი მტკიცებულებები და სამართლებრივი არგუმენტაცია, რაც გადაწყვეტილების აღსრულების ღინისძიების გამოყენების აუცილებლობას გააქარწყლებდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სსსკ-ის 271-ე და 191-ე მუხლებით და მართებულად უზრუნველყო სამომავლო გადაწყვეტილების აღსრულება.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვან კონსტიტუციურ უფლებას, კერძოდ, საკუთრების უფლებას. უძრავი ქონების გასხვისებისა და სანივთოსამართლებრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვის დაწესება, წარმოადგენს კანონმდებლის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო ამგვარი ჩარევა (შეზღუდვის) უნდა გამართლდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ყადაღის/აკრძალვის დაწესებით, კანონმდებელმა აუცილებელ საჭიროებად მიიჩნია მოსარჩელის მატერიალურ უფლებათა რეალური განხორციელების უზრუნველყოფა სასამართლო პროცესის დასრულებამდე, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სასამართლო გადაწყვეტილებათა ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების საჯარო ინტერესის დაცვის მიზანს ემსახურება. ეს კი, უდავოდ მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობას უწყობს ხელს, შესაბამისად, უძრავი ქონების გასხვისების/სანივთო უფლებით დატვირთვის აკრძალვის დაწესება, ამგვარი მიზნის ლეგიტიმურია.

13. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, სსსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, მოპასუხის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „T. G. P. ...“-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი