Facebook Twitter

№ას-1316-2018 30 სექტემბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – ლ. შ-ძე, პ. შ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „კ.“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „კ. ბ.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტის მიმცემი, ბანკი ან კრედიტორი) და ლ. შ-ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, კრედიტის ამღები, მსესხებელი ან მეორე მოპასუხის უფლებემონაცვლე) შორის 2014 წლის 10 ოქტომბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი სესხის ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი - 5 000 აშშ დოლარი 24 თვით, ყოველთვიური სარგებელი - 2,45%-იანი კლებადი საპროცენტო განაკვეთით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი თანხის 0,27 %, უნდა გადახდილიყო მხოლოდ 150 დღის განმავლობაში (იხ. სესხის ხელშეკრულება ს.ფ. 20-21. ტ.1).

2. 2015 წლის 19 ივნისს ბანკსა და მსესხებელს შორის საქონლის განვადებით შესაძენად სესხის ხელშეკრულება დაიდო(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე სესხის ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე გაიცა - 3041 ლარი 18 თვით, ყოველთვიური 1,85% -იანი სარგებლით.ხელშეკრულება ითვალისწინებდა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოვალეს უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირითადი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო - შემდეგ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირითადი თანხის 0,27%, არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში (იხ. ხელშეკრულება, ს.ფ. 23-25. ტ.1).

3. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელეს, ვ. შ-ძესა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან თავდები) და პ. შ-ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან თავდები) შორის 2015 წლის 10 ოქტომბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდებობის ხელშეკრულება), რომლის თანახმად, თავდებებმა სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე 6972.47 აშშ დოლარის ფარგლებში (იხ. განცხადება და თავდებობის ხელშეკრულება ს.ფ.28-31, ტ.1).

4. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2016 წლის 15 აგვისტოს შემდგომ თანხა არ გადაუხდია.

5. მსესხებლის დავალიანება ბანკის მიმართ პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1077,09 აშშ დოლარი, ხოლო მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2 124,24 ლარია.

6. 2017 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების მოთხოვნით.

7. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ძირითადი თანხის გადახდის ნაწილში ცნეს და განმარტეს, რომ პირველი მოპასუხე კეთილსინდისიერად იხდიდა სესხს და მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა. ამასთან, სესხის ხელშეკრულებით გათვლისწინებული პროცენტი არასწორადაა განსაზღვრული, გაანგარიშდა არა 1.41%-ის გათვალისწინებით, არამედ 2.45%-ის მიხედვით.

8. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 1077.09 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ, ხოლო, მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირველ მოპასუხეს 2 124.24 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 416-ე, 417-ე, 420-ე, 873-ე, 895-ე, 896-ე და 898-ე მუხლები გამოიყენა.

9. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხეებმა გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

10.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება (წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტები) და უარყო აპელანტების პრეტენზია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად განსაზღვრა გადასახდელი სარგებლის ოდენობა და აღნიშნა, რომ პირველი ხელშეკრულების 3.7. პუნქტით, სესხის სარგებელი სწორედ კლებად 2,45%-ს შეადგენდა, რაც მყარი 1,41%-ის ტოლია. გადახდის წესი და გადასახდელი სარგებლის ოდენობა მხარეებს შეთანხმებული ჰქონდათ სესხის დანართი გადახდის გრაფიკით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტებს გადასახდელად სესხის ძირითადი თანხა - 785,28 აშშ დოლარი დაეკისრათ, ხოლო სარგებელი 2016 წლის 15 აგვისტოდან 2016 წლის 15 ოქტომბრამდე, გრაფიკის მიხედვით - 39,92 აშშ დოლარია, რაც მოსარჩელის მოთხოვნას (20.01 აშშ დოლარს) აღემატება.

10.2. აპელანტების მსჯელობასთან მიმართებით, რომ დაირღვა სესხის გაცემის პროცედურა, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მართალია, სესხი 5000 აშშ დოლარი იყო, თუმცა შეიძლებოდა განაღდებულიყო როგორც აშშ დოლარით, ასევე - გაცემის დროისათვის ვალუტის უნაღდო გაცვლით ოპერაციებზე დადგენილი კომერციული კურსით, რაც იმას ნიშნავდა, რომ გაცემისა და ვალდებულების შესრულების წესი და ვალუტა მხარეებმა იმთავითვე შეათანხმეს და კურსის ცვლილება აპელანტების ვალდებულებაზე გავლენას ვერ მოახდენდა.

10.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, როგორც გადახდის ისტორიიდან დგინდებოდა, პირველ მოპასუხეს მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გრაფიკით შეთანხმებული ვადით არცერთხელ არ გადაუხდია, რის გამოც ჯარიმა/პირგასამტეხლო ერიცხებოდა. შესაბამისად, სესხის ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორია.

11. გადაწყვეტილება საკასაციო წესით მოპასუხეებმა გაასაჩივრეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:

11.1. კასატორების მტკიცებით, პირველი ხელშეკრულების მიხედვით მსესხებელმა ისესხა 5000 აშშ დოლარი 24 თვით, ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილში - გადახდის ცხრილში ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი არის 1.41%, ხოლო მოსარჩელე გადახდას ითხოვს 2.45% განაკვეთით და მოთხოვნის საფუძვლად უთითებს ამავე ცხრილში მითითებულ ციფრებზე. საბოლოოდ, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 1.41% და გადახდის ცხრილში მითითებული ციფრი 2.45% განსხვავდება ერთმანეთისგან.

11.2. კასატორების მითითებით, პირველი ხელშეკრულების თანახმად, პირველმა მოპასუხემ ისესხა 5000 აშშ დოლარი, ხოლო ბანკმა ნაცვლად აშშ დოლარისა, მისცა კონვერტირებული ლარი, რაც 5000 აშშ დოლარზე ბევრად ნაკლებია.

11.3. მეორე ხელშეკრულების მიხედვით, ძირითადი თანხის, პროცენტისა და დაზღვევის თანხის სახით, მსესხებელს შესატანი ჰქონდა - 4194,08 ლარი, გადაიხადა - 2800,25 ლარი, ხოლო სასამართლომ, დამატებით, დააკისრა 2124,24 ლარი, რომლის ჯამი 4924,49 ლარია.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ნოემბრის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

15. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.

18. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს“ (შდრ. ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები (იხ. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 1, „თ“ პუნქტი).

19. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები/კასატორები უთითებენ, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განსაზღვრეს სარგებლის ოდენობა, ამ მსჯელობას საკასაციო სასამართლო უარყოფს და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პირველი ხელშეკრულების თანახმად, ყოველთვიური სარგებელი - 2,45%-იანი კლებად საპროცენტო განაკვეთს შეადგენდა, რაც მყარი 1.41%-ის ტოლია. ამდენად, სესხის გადახდის გრაფიკით, გადახდის წესი და სარგებლის ოდენობა, მხარეებს შეთანხმებული ჰქონდათ, იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელს 2016 წლის 15 ოქტომბრიდან ვალდებულება არ შეუსრულებია, ხოლო 2016 წლის 15 ოქტომბრამდე გადასახდელი სარგებელი 39,92 აშშ დოლარია, რაც მოსარჩელის მოთხოვნას აღემატება, სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა.

20. კასატორების ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ დაირღვა სესხის გაცემის პროცედურა, სახელდობრ, პირველი ხელეკრულების თანახმად, სესხის ოდენობა 5 000 აშშ დოლარით განისაზღვრა, ხოლო ბანკმა, ნაცვლად აშშ დოლარისა, მისცა კონვერტირებული ლარი, რაც 5000 აშშ დოლარზე ბევრად ნაკლებია, მითითებული ოპერაციით კი, მიადგათ ზიანი. კასატორების ამ პრეტენზიას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ სესხი, 5 000 აშშ დოლარს შეადგენდა, შეიძლება, გაცემულიყო როგორც ლარით, ასევე დოლარით და ვალუტის უნაღდო გაცვლით ოპერაციებზე დადგენილი კომერციული კურსით. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ თანხის გაცემის, ვალდებულების შესრულების წესი და ვალუტა მხარეებმა იმთავითვე შეათანხმეს. ამასთან, უსაფუძვლოა კასატორების მითითება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის #151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის“ დარღვევაზეც, რადგან ამ ბრძანებით დამტკიცებული წესი, წინა წლებში გაცემულ სესხებზე ვერ გავრცელდება.

21. მსესხებლის/კასატორის მსჯელობასთან მიმართებით, რომ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მხოლოდ 4194 ლარს გადაუხდიდა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მსესხებელს მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე გრაფიკით შეთანხმებული ვადის მიხედვით არცერთხელ არ გადაუხდია, შესაბამისად, გადასახდელად ეკისრება ჯარიმა/პირგასამტეხლო. პირველმა მოპასუხემ 2 607,95 ლარი გადაიხადა, რასაც ემატება სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული სესხის ძირითადი თანხა - 1182,66 ლარი, პროცენტი - 363,93 ლარი, სადაზღვევო შესატანი - 39.54 ლარი, რაც სწორედ მის მიერ მითითებულ თანხას შეადგენს. ამრიგად, საკასაციო პალატის განსჯით, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა და არ იკვეთება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

22. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით არსებობს მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკა.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, ხოლო კასატორებს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, ლ. შ-ძეს (3700102...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 22.10.2018), 70% – 210 ლარი, ხოლო პ. შ-ძეს (37001014..) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. შ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 22.10.2018), 70% – 105 ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. შ-ძისა და პ. შ-ძის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ. შ-ძეს (370010...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 22.10.2018), 70% – 210 ლარი;

3. პ. შ-ძეს (37001014...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ლ. შ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 22.10.2018), 70% – 105 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი