Facebook Twitter

№ას-1415-2019 26 დეკემბერი, 2019 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – სს „ი. ი. ს. ს. ს. მ. კ. და გა. ს.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ს. გ. რ. და მ. ზ. დ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საჩივრის დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „ს. გ. რ. და მ. ზ. დ.“ (შემდეგში - მოსარჩელე, პირველი აპელანტი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სს „ი. ი. ს. ს. ს. მ. კ. და გ. ს.-ს“ (შემდეგში - მოპასუხე, მეორე აპელანტი, საჩივრის ავტორი) შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 807 770 ლარისა და პირგასამტეხლოს - 93 007,4 ლარის გადახდა, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისა და მოპასუხისათვის ჯარიმის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

2. მხარეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

3. 2019 წლის 30 აგვისტოს პირველმა აპელანტმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოპასუხის საბანკო ანაგრიშებზე 1 784 844 ლარის ფარგლებში ყადაღის დადება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინებით, განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; საქართველოს ყველა საბანკო დაწესებულებაში, ყადაღა დაედო მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებს, 652 327,42 ლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემლებისა.

5. აღნიშნული განჩინება მოპასუხემ შემდეგი საფუძვლებით გაასაჩივრა:

5.1. მოპასუხის მტკიცებით, ის კრედიტორთა წინაშე კეთილსინდისიერად ასრულებდა ვალდებულებებს და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გართულებაზე მითითება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უმკაცრესი ღონისძიების (ფულადი სახსრების დაყადაღების) გამოყენება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იყო.

5.2. საჩივრის ავტორის მითითებით, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დააფუძნა მცდარ ინფორმაციასა და მტკიცებულებებზე, კერძოდ, არასწორად მიუთითა მოპასუხის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის არსებობის თაობაზე, ვინაიდან განახლებული ამონაწერით მოპასუხის ქონება დატვრითული არ იყო ვალდებულებებით. ასევე, მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სატრანსპორტო საშუალებებიდან მხოლოდ 2 სატრანსპორტო საშუალებაზე იყო რეგისტრირებული ყადაღა.

5.3. საჩივრის ავტორის მტკიცებით, კომპანიას მოსარჩელის წინაშე ვადამოსული ვალდებულებები მხოლოდ იმიტომ ჰქონდა, რომ მხარეთა შორის სადავო იყო ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა და შესრულების დაყოვნებას მოპასუხის არაკეთილსინდისიერებასა თუ სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლას არ უკავშირდებოდა.

5.4. საჩივრის ავტორის განმარტებით, საბანკო ანგარიშების დაყადაღებით საფრთხე ექმნებოდა მის მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას, სახელმწიფოსთვის შესაბამისი ხარისხის მომსახურების დადგენილ ვადებში მიწოდებისათვის, მოპასუხისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, კომპანიის საბანკო ანგარიშებზე თავისუფალი სახსრების არსებობა.

5.5. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის განცხადება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194.5 მუხლის (სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.) საფუძველზე განუხილველად უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან 2019 წლის 30 აგვისტოს, განმცხადებელმა სასამართლოს მოპასუხის ფულადი სახრების დაყადაღების მოთხოვნით განმეორებით მიმართა, მანამდე, 2018 წლის 19 ოქტომბერს, მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე, რაც არ დაკმაყოფილდა. განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 სექტემბრის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

6.1. სააპელაციო პალატამ ყურადღება მოპასუხის მიერ ვალდებულებების - 400 000 ლარის სესხის ხარჯზე შესრულებაზე გაამახვილა, ამასთან, პალატამ ის გარემოებაც გაითვალისწინა, რომ მოპასუხეს საკუთრებაში არ ერიცხებოდა უძრავი ქონება, ხოლო მის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებანი დაყადაღებული იყო. პალატის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება განპირობებული იყო დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაცვის აუცილებლობით.

7. საჩივარი განსახილველად, საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას გადმოეგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივი გარანტიაა. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.

10. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადება სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა. საკასაციო პალატის განმარტებით, მართალია, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება უკიდურესი ღონისძიებაა, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში, სასამართლოს მიერ ამგვარი ღონისძიების გატარება გამართლებულია.

10.1. საკასაციო სასამართლოს განსჯით, მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას, სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს სარჩელის პერსპექტიულობას და იმ გარემოებას, რამდენად მოსალოდნელია მოპასუხის მხრიდან შესაძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების განკარგვა (თანხის გატანა საბანკო ანგარიშიდან). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების აუცილებლობა გამოწვეული იყო იმ საშიშროებით, რომ მოპასუხეს არ გააჩნდა უძრავი ქონება, ხოლო მის საკუთრებაში რიცხულ სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენებული იყო ყადაღის ღონისძიება. ამავდროულად, მოპასუხეს მესამე პირებისა და სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად აღებული ჰქონდა 400 000 ლარის ფინანსური კრედიტი. პალატის განსჯით, გარემოებათა ამგვარი ერთობლიობა სასამართლო გადაწყვეტილების შეუფერხებელი აღსრულების რისკზე მიანიშნებს, ამასთან უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართებულობის შეფასებისას პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, იკვეთება დაკმაყოფილებულ ნაწილში სარჩელის პერსპექტიულობა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა 191-ე მუხლით და მართებულად გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიება.

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ზოგიერთი ღონისძიების გამოყენება მართლაც უკავშირდება მოპასუხის მნიშვნელოვან კონსტიტუციურ უფლებას, კერძოდ, საკუთრების უფლებას. ანგარიშებზე ყადაღის დაწესება წარმოადგენს კანონმდებლის ჩარევას ადამიანის ძირითადი უფლების კონსტიტუციით დაცულ სფეროში, ხოლო ამგვარი ჩარევა (შეზღუდვის) უნდა გამართლდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესის ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ყადაღის დაწესებით, კანონმდებელმა აუცილებელ საჭიროებად მიიჩნია მოსარჩელის მატერიალურ უფლებათა რეალური განხორციელების უზრუნველყოფა სასამართლო პროცესის დასრულებამდე, რაც სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სასამართლო გადაწყვეტილებათა ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების საჯარო ინტერესის დაცვის მიზანს ემსახურება. ეს კი, უდავოდ მნიშვნელოვანია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის და დემოკრატიული ინსტიტუტების ქმედითობას უწყობს ხელს, შესაბამისად, ანგარიშებზე ყადაღის დადება ამგვარი მიზნის ლეგიტიმურია.

12. საკასაციო პლატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მტკიცებას, იმის თობაზე, რომ საბანკო ანგარიშებზე განთავსებული ფულადი სახსრების დაყადაღება საფრთხეს უქმნის კონტრაქტორებისა და სახელმწიფოს წინაშე მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიებად გამოყენებულია საბანკო ანგარიშების დაყადაღება პირველის ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების ანგარიშში დაკისრებული თანხის (652 327,42 ლარის) ფარგლებში, და არა მთლიანად მოპასუხის მთელ ფულად შემოსულობებზე. სარჩელის პერსპექტიულობის გათვალისწინებით, მოპასუხეს ისედაც აქვს დაყადაღებული თანხის მოსარჩელისათვის გადახდის ვალდებულება (უზრუნველყოფილი თანხის ფარგლებში მოპასუხემ სარჩელი ცნო) და იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე გამორიცხავს მისი მხრიდან მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებას, სამართლებრივ არგუმენტირებულობას მოკლებულია, რა ფინანსურ კრიზისს უნდა უქმნიდეს მოპასუხეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელება იმ ფულად სახსრებზე, რომლის გადახდის ვალდებულება მას სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ისედაც ეკისრება მოსარჩელის მიმართ, და თუ მოპასუხე ფინანსურად იმდენად დასუსტებულია, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მის მიერ გასაწევი მძიმე ფინანსური ტვირთია, ეს გარემოება კიდევ ერთხელ ამყარებს სასამართლოს ვარაუდს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის თაობაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე წარმატებული საწარმოა, როგორც ამას თავად ამტკიცებს, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მის საქმიანობას ვერ შეაფერხებს. საგულისხმოა ისიც, რომ მოპასუხეს ამ თვალსაზრისით სასამართლოსთვის დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

13. რაც შეეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე საჩივრის ავტორის აპელირებას, აპელანტის განცხადების განუხილველად დატოვების პროცესუალური შედეგის განმაპირობებელ წინაპირობებზე, საკასაციო პალატის განსჯით, მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის საგანი იგივეა, თუმცა საქმეში წარმოდგენილი განცხადებების შინაარსის შესწავლით არ დასტურდება წინმსწრები სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების იდენტური საფუძვლით სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა მიმართვა.

14. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, სსსკ-ის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, მოპასუხის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ი. ი. ს. ს. ს. მ. კ. და გ. ს.“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი