№ას-1476-2018 31 ოქტომბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სს „დ. კ. ქ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, დამზღვევი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ივნისის განჩინებას, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, სს „დ. კ. ქ.“ (შემდეგში მოპასუხე, მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია) მიმართ 2452 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე დამზღვევის სარჩელი, არ დაკმაყოფილდა.
2. საკასაციო პრეტენზია შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
2.1. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს დაზღვევის ხელშეკრულების 11.20 პუნქტი, რომელიც საგამონაკლისო შემთხვევებს შეეხება. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებით საერთოდ არ იმსჯელა, პირველი ინსტანციის სასამართლომ რამდენად საფუძვლიანად მიაკუთვნა სადაზღვევო შემთხვევა საგამონაკლისო კატეგორიას, რამაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
2.2. კასატორის მტკიცებით, დაზღვევის ხელშეკრულებით დაეზღვია დამზღვევი დაწესებულების უფლებამოსილი მძღოლების პასუხისმგებლობაც, აღნიშნული მსჯელობა კასატორის მითითებით, დაზღვევის ხელშეკრულების 5.1.2 მუხლიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, სადაზღვეო კომპანია ვალდებული იყო აენაზღაურებინა შემსყიდველის (დამზღვევის უფლებამოსილი მძღოლების) მიერ მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისათვის დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი. ამასთან, კასატორის მოსაზრებით, თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად საბოლოოდ დამზღვევის უფლებამოსილმა მძღოლებმა უნდა აანაზღაურონ ზიანი და, თავად დამზღვევს არ მიადგება ფინანსური და მატერიალური ზიანი, სადაზღვევო მომსახურების არსებობა აზრს მოკლებულია. კასატორის განსჯით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სადაზღვევო ხელშეკრულების 12.1. მუხლიც, როდესაც მიიჩნია, რომ სუბროგაციის წესით დამზღვევის უფლებამოსილ მძღოლს მაინც მოუწევდა სადაზღვევო კომპანიის წინაშე ზიანის ანაზღაურება, მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობა და ინტერესი დაზღვეული იყო თავად სადაზღვევო ხელშეკრულებით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
5.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
5.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:
5.2.1. 2016 წლის 2 მარტს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N109/2016 ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების საგანს მოსარჩელის ბალანსზე რიცხული ორი ერთეული ავტომანქანის დაზღვევის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით (სატენდერო განცხადების NSPA16000...), მომსახურების (CPV 6651...) შესყიდვა წარმოადგენდა.
5.2.2. დაზღვევის საგნად (ობიექტად) კონკრეტული ავტოტრანსპორტი და დაზღვეული ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი შემსყიდველის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრა.
5.2.3. 2016 წლის 1 ივლისს მოსაჩელის კუთვნილი ავტომობილი MITSUBISHI L200, სახელმწიფო ნომრით CNC6..., რომელსაც ამავე სააგენტოს რეგიონალური მართვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ზ. ა-ძე (შემდეგში მოსარგებლე, უფლებამოსილი მძღოლი) მართავდა, გზის სავალ ნაწილზე ქვეითად მოსიარულე 7 წლის მოზარდს (შემდეგში დაზარალებული) შეეჯახა. დაზარალებულმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
5.2.4. ავტომანქანით მოსარგებლე პირმა დაზარალებულს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი სრულად აუნაზღაურა.
5.3. მოცემულ შემთხვევაში, სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი უსაფუძვლობა სსკ-ის 839-ე მუხლის (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო.) წინაპირობების არარსებობამ განაპირობა.
5.4. საკასაციო პალატა არ იზიარებს, სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის თაობაზე კასატორის მსჯელობას. დადგენილია, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით განისაზღვრა მოსარჩელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანისათვის. დამზღვევის ავტომანქანის ექსპლუატაციას მოზარდისათვის ზიანის მიყენება მოჰყვა შედეგად. საკასაციო პალატის განსჯით, მოსარჩელეს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდა მზღვეველისგან მოეთხოვა, ავტოსაგზაო შემთხვევით დაზარალებული პირისათვის აენაზღაურებინა მის გამგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით მოსარგებლე, „უფლებამოსილი მძღოლის“ მიერ მიყენებული ზიანი. მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობს. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევით დამდგარი ზიანი თავად ზიანის მიმყენებელმა, ავტომანქანით მოსარგებლე პირმა აანაზღაურა, რამაც დამზღვევი (მოსარჩელე) დაზარალებულის მიმართ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან გაათავისუფლა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებით, მიუხედავად ზიანის ამნაზღაურებელი სუბიექტისა, დამზღვევის მიზანი გათავისუფლებულიყო ავტომანქანის ექსპლუატაციით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისგან, მიღწეულია, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
5.5. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადაზღვევო კომპანიისგან თანხის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობას აფუძნებს მტკიცებაზე, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით დაზღვევული იყო არა მხოლოდ მოსარჩელე, არამედ დამზღვევი დაწესებულების მძღოლიც, თუმცა კასატორის ეს მტკიცება, ამ დავის გადაწყვეტაზე სამართლებრივ გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან უფლებამოსილი მძღოლი ამ დავის სუბიექტს (მოსარჩელეს) არ წარმოადგენს და საკასაციო პალატაც ვერ იმსჯელებს უფლებამოსილი მძღოლის შესაძლო უფლებებსა და მოთხოვნებზე. ამასთან, ამ გარემოებაზე მოსარჩელის აპელირება არ წარმოადგენს იმ სამართლებრივ შედავებას, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელისათვის სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მართებულობას დაასაბუთებდა. როგორც წინამდებარე განჩინების 5.4. პუნქტში აღინიშნა, კასატორის მოთხოვნას იმთავითვე არ ჰქონდა სახელშეკრულებო სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი მოკლებულია შესაძლებლობას დაასაბუთოს მზღვეველის მიერ მის სასარგებლოდ თანხის გადახდის მოთხოვნის მართებულობა. უფრო მეტიც, თუკი არსებულ ვითარებაში სადაზღვევო კომპანიას დავავალდებულებდით დაზარალებულისათვის აენაზღაურებინა დამზღვევის სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი, ეს დაზარალებულის უსაფუძვლოდ გამდიდრებას, ხოლო მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის თანხის ანაზღაურების შემთხვევაში (რაზეც უსაფუძვლოდ აპელირებს კასატორი) დამზღვევის უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევდა, ვინაიდან ეს იქნებოდა არა მის მიერ დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების ანგარიშში მისაქცევი თანხა, არამედ სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის ხარჯზე მიღებული ფინანსური სარგებელი. სამოქალაქო პასუხისმგებლობის არსი კი, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მზღვეველმა დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების გზით, გასწიოს ის ხარჯი, რაც დამზღვევს დაზღვევის ხელშეკრულების არარსებობის პირობებში გადახდებოდა, და არა პირიქით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას დამზღვევმა მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, სადაზღვევო კომპანიისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება დამზღვევის სასარგებლოდ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ამ დავის ფარგლებში სარჩელს წარმატების პერსპექტივა არ აქვს.
5.6. პალატის მოსაზრებით, დამზღვევს შესაძლოა მზღვეველის მიმართ კონდიქციიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება ჰქონოდა, მაგრამ ეს მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, თუ ის დაზარალებულს თავად აუნაზღაურებდა ზიანს.
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
7. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
10. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #21321, გადახდის თარიღი 22.08.2018), 70% - 210 ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (205142...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა #21321, გადახდის თარიღი 22.08.2018) 70% - 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი