№ას-1518-1438-2017 30 მარტი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) – თ. ბ-ძე, შ. ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – მისო შპს „ნ. კ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2014 წლის 24 ოქტომბერს თ. ბ-ძეს (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი მსესხებელი ან მოვალე), შ. ფ-სა (შემდეგში - მეორე მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი მსესხებელი ან მოვალე) და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს „ნ.“ (შემდეგში - მოპასუხე, გამსესხებელი ან კრედიტორი) შორის დაიდო #101403... და #101403... სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით, პირველმა მოსარჩელემ 1 თვით ისესხა 15 000 აშშ დოლარი, ხოლო მეორე მოსარჩელემ 20 000 აშშ დოლარი წლიური 30% სარგებლის დარიცხვით. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე თბილისში, სოფელ დიღომში, „ჩ.“, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #01.72.14... (შემდეგში - იპოთეკის საგანი), (იხ. იპოთეკის ხელშეკრულება, ს.ფ. 25-33. ტ.1).
2. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 2%-ით განისაზღვრა, ამასთან, ძირითადი თანხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე დაერიცხება მიუღებელი სარგებლისა და დარჩენილი ძირითადი თანხის ჯამს, შესაბამისად, 03% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ხელშეკრულება ს.ფ. 13-20. ტ.1).
3. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.8 პუნქტით განისაზღვრა, რომ, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, გამსესხებელი უფლებამოსილია, მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.
4. მსესხებლებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღების მიზნით, სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე.
5. ამ განჩინების პირველ და მეორე პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ.1, ს.ფ. 21-24), რომლითაც პირველი მოსარჩელის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირითადი თანხა - 15 000 აშშ დოლარით, სარგებელი - 382.19 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო - 6212.36 აშშ დოლარით; მეორე მოსარჩელის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა კი, დადგინდა შემდეგნაირად: ძირითადი თანხა - 20 000 აშშ დოლარით, სარგებელი - 509.59 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო - 8285.26 აშშ დოლარით, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 120 ლარით. ვალდებულების შესრულების მიზნით აღსასრულებლად მიექცა პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
6. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
7. 2015 წლის 21 ოქტომბერს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, სახელდობრ, პირველმა მოსარჩელემ პირგასამტეხლოს - 472.86 აშშ დოლარით, ხოლო მეორე მოსარჩელემ - 630.58 აშშ დოლარით განსაზღვრა მოითხოვა.
8. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ პირგასამტეხლო ხელშეკრულების შესაბამისად დაირიცხა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და პირველი მოსარჩელის აღსასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში - 1242.4 აშშ დოლარით, ხოლო მეორე მოსარჩელის - 1657 აშშ დოლარით განისაზღვრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლი გამოიყენა.
10. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ორივე მხარემ სააპელაციო წესით, მოსარჩელეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში უარყოფა მოითხოვეს.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი უარყოფილ იქნა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.1. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა; სააპელაციო პალატამ აპელანტის/მოპასუხის მსჯელობა, რომ პირგასამტეხლოს 0,06%-მდე შემცირებით სასამართლომ უხეშად დაარღვია მისი უფლებები, უარყო და განმარტა, რომ კანონმდებლის მიერ ყოველდღიური პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობის დადგენა (სსკ-ის 625.1 მუხლი) არ მოიაზრებდა სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს განსაზღვრას კანონის მიერ. ამასთან, 2014 წლის 25 ნოემბრიდან დაუყოვნებლივ სააღსრულებო ფურცლის მოპოვების უდავო შესაძლებლობის მიუხედავად, კრედიტორმა მხოლოდ ექვსი თვის შემდგომ აიღო სააღსრულებო ფურცელი, რითაც ხელი შეუწყო მოსარჩელეთა მიერ ვადაგადაცილების პერიოდის გაზრდას. მართალია, ეს გარემოება თავისთავად არ შეიძლება, შეფასებულიყო უფლების ბოროტად გამოყენებად, თუმცა იმ ვითარებაში, როდესაც აშკარად იკვეთება, რომ მოპასუხემ თავისი პასიურობით ხელი შეუწყო მოსარჩელეთა მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების პერიოდის და, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდის გაზრდას, პალატამ მიიჩნია, რომ სადავო სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული პირგასამტეხლოს განსაზღვრაზე ძირითადი გავლენა სწორედ ვადის დაახლოებით ექვსი თვით გადაცილებამ იქონია.
11.2. სააპელაციო პალატამ მოსარჩელეთა პრეტენზია, რომ სასამართლოს კიდევ უფრო უნდა შეემცირებინა პირგასამტეხლო, დავალიანების მოცულობის გათვალისწინებით, არაგონივრულად მიიჩნია, რამდენადაც პირგასამტეხლოს კიდევ შემცირება, განსახილველ შემთხვევაში, აზრს დაუკარგავდა პირგასამტეხლოს დანიშნულებას.
12. განჩინება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით. კასატორების მტკიცებით, განსახილველ შემთხვევაში, ვლინდება კრედიტორის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება, სახელდობრ, ხელშეკრულების ვადის ექვს თვემდე გაგრძელებით მან ხელყო და ზიანი მიაყენა მოსარჩელეების სამართლებრივ სიკეთეს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
15.1. სსსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მოთხოვნის - დარიცხული პირგასამტეხლოს შესაბამისი ოდენობით (შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის) დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). კასატორის იურიდიული ინტერესი ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში პირგასამტეხლოს შემცირების გზით ცვლილების შეტანაა. ამ სამართლებრივი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე პროცესუალური თვალსაზრისით დაამტკიცებდა პირგასამტეხლოს ოდენობის არსებით შეუსაბამობას ვალდებულების დარღვევის ხარისხთან და ამით გამოწვეულ ზიანთან მიმართებით. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა.
15.3. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ 2014 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულებით მხარეები ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე შეთანხმდნენ, ასევე, უდავოა, რომ მსესხებლებმა ვალდებულება დაარღვიეს.
15.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
15.5. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
16. კასატორთა პრეტენზია, სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, უკავშირდება გამსესხებლის მიერ სააღსრულებო ფურცლის დაგვიანებით წარდგენის ფაქტს, რასაც მოვალეები მიიჩნევენ არამართლზომიერად და ამ გზით სურთ, კრედიტორის ქმედება უფლების ბოროტად გამოყენებად წარმოაჩინონ. კასატორთა ამ მსჯელობასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მისი დადგომისათვის სავალდებულოა ვლინდებოდეს კრედიტორის იმგვარი ქმედება, რომელიც სხვა პირისათვის მხოლოდ ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად (სსსკ-ის 115-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის დაგვიანებით აღება თავისთავად არ შეიძლება, შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად, თუმცა საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ იმ ვითარებაში, როდესაც აშკარად იკვეთებოდა, რომ მოპასუხემ თავისი უმექმედობით ხელი შეუწყო მოსარჩელეების მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებასა და პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდის გაზრდას, სადავო სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებული პირგასამტეხლოს განსაზღვრაზე ძირითადი გავლენა სწორედ ვადის დაახლოებით ექვსი თვით გადაცილებამ იქონია.
17. ამდენად, 15.2-15.5 პუნქტებში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გამოიყენეს სსკ-ის 420-ე მუხლი და დავალიანების მოცულობის გათვალისწინებით, პირველი მოსარჩელიოსათვის პირგასამტეხლოს - 1242.4 აშშ დოლარით, ხოლო მეორე მოსარჩელისათვის - 1657 აშშ დოლარით განსაზღვრა, გონივრული და სამართლიანია, ხოლო მისი კიდევ უფრო შემცირება აზრს დაუკარგავს პირგასამტეხლოს დანიშნულებას.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ბ-ძისა და შ. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს: თ. ბ-ძესა (3100102...) და შ. ფ-ს (310010...) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გ. მ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის (368 ლარი, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 18.12.2017; 232 ლარი, საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 08.01.2018) 70% – 420 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი