საქმე №ა-4791-შ-150-2019 26 სექტემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – ავსტრიის რესპუბლიკის ქ.ლინცის სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მზრუნველობის უფლების მინიჭება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ავსტრიის რესპუბლიკის ქ.ლინცის სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით (განჩინებით) ს. ე-ოვსა (დაბ: 2...11.20...წ.) და ბ. ე-ვაზე (დაბ: 2...04.20...წ.) მზრუნველობის უფლება მთლიანად დაეკისრა მხოლოდ ზემო ავსტრიის ფედერალური მიწის ბავშებზე და არასრულწლოვნებზე ზრუნვის უწყებას, რომლის წარმომადგენელიც არის ლინცის მუნიციპალიტეტის სოციალური, ახალგაზრდობისა და ოჯახის საკითხების უწყება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ავსტრიის მეურვეობის ორგანო უფლებამოსილი იქნება წარმომადგენლობა გაუწიოს არასრულწლოვან სამეურვეო პირებს საქართველოს შესაბამის სამსახურებთან და უწყებებთან პასპორტის გაცემა-მიღების საქმეზე, შესაძლებელი გახდება მოწესრიგდეს როგორც არასრულწლოვნების პირადი დოკუმენტაცია, ისე _ დადგინდეს მათი მოქალაქეობრივი კუთვნილების საკითხი და განხილულ იქნას ბავშვების მუდმივი, დროებითი ან სხვა ლეგიტიმური სტატუსით ბავშვების ცხოვრების საკითხები, აგრეთვე მიეცემათ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დაუბრკოლებლად გადაკვეთონ სახელმწიფო საზღვრები და ისარგებლონ შესაბამის სახელმწიფოში კანონმდებლობით გათვალისწინებული მატერიალური და არამატერიალური სიკეთეებით, რაც მათი საუკეთესო ინტერესების დაცვას მოემსახურება.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ:
- გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, შესულია კანონიერ ძალაში;
- გადაწყვეტილება მიღებულია უფლებამოსილი სასამართლოს მიერ;
- გადაწყვეტილების გამოტანისას შეფასებულ იქნა არასრულწლოვანთა წარმომადგენლების პოზიცია.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ავსტრიის რესპუბლიკის ქ.ლინცის სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით (განჩინებით) ს. ე-ოვსა (დაბ: 2...11.20...წ.) და ბ. ე-ვაზე (დაბ: 2...04.20...წ.) მზრუნველობის უფლება მთლიანად დაეკისრა მხოლოდ ზემო ავსტრიის ფედერალური მიწის ბავშებზე და არასრულწლოვნებზე ზრუნვის უწყებას, რომლის წარმომადგენელიც არის ლინცის მუნიციპალიტეტის სოციალური, ახალგაზრდობისა და ოჯახის საკითხების უწყება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ავსტრიის მეურვეობის ორგანო უფლებამოსილი იქნება წარმომადგენლობა გაუწიოს არასრულწლოვან სამეურვეო პირებს საქართველოს შესაბამის სამსახურებთან და უწყებებთან პასპორტის გაცემა-მიღების საქმეზე, შესაძლებელი გახდება მოწესრიგდეს როგორც არასრულწლოვნების პირადი დოკუმენტაცია, ისე _ დადგინდეს მათი მოქალაქეობრივი კუთვნილების საკითხი და განხილულ იქნას ბავშვების მუდმივი, დროებითი ან სხვა ლეგიტიმური სტატუსით ბავშვების ცხოვრების საკითხები, აგრეთვე მიეცემათ შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დაუბრკოლებლად გადაკვეთონ სახელმწიფო საზღვრები და ისარგებლონ შესაბამის სახელმწიფოში კანონმდებლობით გათვალისწინებული მატერიალური და არამატერიალური სიკეთეებით, რაც მათი საუკეთესო ინტერესების დაცვას მოემსახურება.
3. „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ 1996 წლის კონვენციის (შემდგომში _ კონვენცია) 25-ე და 28-ე მუხლების თანახმად, იმ სახელმწიფოს ორგანო, სადაც იგზავნება მოთხოვნა შემოიფარგლება ფაქტის დადგენით, რომლის საფუძველზე იმ სახელმწიფოს ორგანო, სადაც მიღებულია ზომა, ახორციელებდა თავის იურისდიქციას. ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიღებული და შესრულებას დაქვემდებარებული ან დარეგისტრირებული ზომები სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში გამოყენების მიზნით, სრულდება უკანასკნელ სახელმწიფოში ისე, როგორც ისინი მიღებული რომ ყოფილიყო ამ სახელმწიფოს ორგანოების მიერ. შესრულება ხორციელდება მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სამართლის შესაბამისად ასეთი სამართლის მიერ გათვალისწინებულ ფარგლებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
3.1. მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, გარდა ამ განჩინების აღწერილობითი ნაწილის მე-3 პუნქტში მითითებული, დადგენილად ცნობილი გარემოებებისა, ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ არასრულწლოვანთა დაბადების მოწმობებზე, რომელთა თანახმადაც სამეურვეო პირები დაბადებული არიან ავსტრიის რესპუბლიკაში, ლინცში. დახურული ზეპირი მოსმენის ოქმის თანახმად, საქმის განხილვას ესწრებოდნენ: არასრულწლოვანთა დედა (სასამართლოს მიერ დანიშნულ წარმომადგენელთან ერთად), ბებია, სოციალური, ახალგაზრდობისა და ოჯახის საკითხების უწყების წარმომადგენელი და არასრუწლოვანთა ძმა (რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იქნა წარმოდგენილი). სასამართლომ მოისმინა გამოცხადებულ მხარეთა პოზიციები, ასევე, სოციალური, ახალგაზრდობისა და ოჯახის საკითხების უწყების წარმომადგენლის პოზიცია და ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმადაც ამ ეტაპზე ბავშვების დედას შეუძლებელია, ჰქონდეს შვილებზე მზრუნველობის უფლება, ხოლო, ბებიის განცხადებით, ის ამ ეტაპზე ვერ იზრუნებს ბ. და ს., ვერ დაეხმარება სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებში, რის გამოც, თანახმაა ბავშვებმა დროებით დატოვონ კიდეც საცხოვრისი, ხოლო, ერთი ან ორი წლის შემდეგ, როდესაც ბებია შეძლებს მუშაობის დაწყებას და გაიუმჯობესებს საცხოვრებელ პორობებს, სურს დაიბრუნოს ბევშვებზე მეურვეობა.
4. საკასაციო პალატა მიუთითებს კონვენციის 23-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშემკვრელი სახელმწიფოების ორგანოების მიერ მიღებული ზომები აღიარებულია კანონის შესაბამისად ყველა სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია, უარი განაცხადოს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საკუთარ ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნაზე (ა) თუ ზომა მიღებულია იმ ორგანოს მიერ, რომლის იურისდიქციას არ გააჩნდა II თავში აღნიშნული საფუძვლებიდან არც ერთი; ბ) თუ ზომა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მიღებულია სასამართლო ან ადმინისტრაციული პროცესის მიმდინარეობისას, ბავშვის მოსმენის გარეშე, მოთხოვნილი სახელმწიფოს ძირითადი საპროცესო პრინციპების დარღვევით; გ) ნებისმიერი პირის მოთხოვნით, რომელიც აცხადებს, რომ აღნიშნული ზომა არღვევს მშობლის მის პასუხისმგებლობას, თუ აღნიშნული ნორმა, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მიღებულია ამ პირისთვის მოსმენის გარეშე; დ) თუ ასეთი აღიარება აშკარად ეწინააღმდეგება იმ სახელმწიფოს საჯარო წესრიგს, სადაც გაგზავნილია მოთხოვნა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით; ე) თუ ზომა შეუთავსებელია ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის იმ სახელმწიფოში მიღებულ უკანასკნელ ნორმასთან, რომელიც არ წარმოადგენს ხელშემკვრელ სახელმწიფოს, სადაც აღნიშნული უკანასკნელი ნორმა შეესაბამება მოთხოვნებს აღიარებისთვის მოთხოვნილ სახელმწიფოში; ვ) თუ არ არის დაცული 33-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა), თუმცა, საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე ავსტრიის რესპუბლიკის ლინცის სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება (განჩინება), რომლითაც ს. ე-ვსა (დაბ: 2....11.20...წ.) და ბ. ე-ვაზე (დაბ: 2....04.20..წ.) მზრუნველობის უფლება მთლიანად დაეკისრა მხოლოდ ზემო ავსტრიის ფედერალური მიწის ბავშებზე და არასრულწლოვნებზე ზრუნვის უწყებას, რომლის წარმომადგენელიც არის ლინცის მუნიციპალიტეტის სოციალური, ახალგაზრდობისა და ოჯახის საკითხების უწყება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ 1996 წლის კონვენციის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.1, 35120.2, 408.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შუამდგომლობა არასრულწლოვნების: ს. ე-ვისა (დაბ: 2...11.20...წ.) და ბ. ე-ვასათვის (დაბ: 2...04.20..წ.) მეურვეობის დაწესების თაობაზე ავსტრიის რესპუბლიკის ლინცის სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ავსტრიის რესპუბლიკის ლინცის სამხარეო სასამართლოს 2018 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება (განჩინება), რომლითაც ს. ე-ოვსა (დაბ: 2....11.20...წ.) და ბ. ე-ვაზე (დაბ: 2...04.20...წ.) მზრუნველობის უფლება მთლიანად დაეკისრა მხოლოდ ზემო ავსტრიის ფედერალური მიწის ბავშებზე და არასრულწლოვნებზე ზრუნვის უწყებას, რომლის წარმომადგენელიც არის ლინცის მუნიციპალიტეტის სოციალური, ახალგაზრდობისა და ოჯახის საკითხების უწყება.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი