Facebook Twitter

საქმე №ა-5138-შ-156-2019 27 დეკემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ნ. მ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პირველი მაისის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პირველი მაისის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით 2013 წლის 27 ივნისს ქ.ალმაატის შარიატსკის სასამართლოს მიერ ა. კ-სა და ა. ნ. მ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, ამავე გადაწყვეტილებით ა. ნ. მ-ს (დაბ: 1...11.19..., იორდანიის ხაშიმიტსკის სამეფოს მოქალაქე) ა. კ-ის (დაბ: 2....06.19...წ.) სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის 2017 წლის 3 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე (დაბ: 1....05.20...წ.) დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა ყოველგვარი შემოსავლის 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ერთ სულ საშუალო მოსახლეზე საარსებო მინიმუმის 50%-ისა. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს ბელარუსის რესპუბლიკის სასარგებლოდ დაეკისრა 124,70 რუბლის გადახდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტრომ და მოითხოვა სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პირველი მაისის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო ბეჭდით დამოწმებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და მასზე დართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ:

ა) დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ბ) სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში იგი ექვემდებარება აღსრულებას და მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის აღსრულებული;

გ) ა. ნ. მ-ი მიწვეული იყო საქმის განხილვაზე ბელარუსის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა იგი სასამართლოში არ გამოცხადებულა;

დ) ა. ნ. მ-ის ადგილსამყოფელი საქართველოშია, კერძოდ, ის ცხოვრობს ქ.თბილისში და დასაქმებულია „ი. მ.“ მდებარე სავაჭრო ობიექტ „კ.“.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და ის საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს (სამუშაო ადმინისტრაციას). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ა. ნ. მ-დს საკუთარი საპროცესო უფლებების დაცვის მიზნით არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს შუამდგომლობა პროცესის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პირველი მაისის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პირველი მაისის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით 2013 წლის 27 ივნისს ქ.ალმაატის შარიატსკის სასამართლოს მიერ ა. კ-სა და ა. ნ. მ-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, ამავე გადაწყვეტილებით ა. ნ. მ-ს (დაბ: 1...11.19..., იორდანიის ხაშიმიტსკის სამეფოს მოქალაქე) ა. კ-ის (დაბ: 2...06.19..წ.) სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის 2017 წლის 3 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე (დაბ: 1....05.20...წ.) დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა ყოველგვარი შემოსავლის 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ერთ სულ საშუალო მოსახლეზე საარსებო მინიმუმის 50%-ისა. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს ბელარუსის რესპუბლიკის სასარგებლოდ დაეკისრა 124,70 რუბლის გადახდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტრომ და მოითხოვა სახელმწიფოს სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პირველი მაისის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო ბეჭდით დამოწმებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებითა და მასზე დართული დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ:

ა) დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ბ) სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში იგი ექვემდებარება აღსრულებას და მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის აღსრულებული;

გ) ა. ნ. მ-დი მიწვეული იყო საქმის განხილვაზე ბელარუსის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა იგი სასამართლოში არ გამოცხადებულა;

დ) ა. ნ. მ-ის ადგილსამყოფელი საქართველოშია, კერძოდ, ის ცხოვრობს ქ.თბილისში და დასაქმებულია „ი. მ.“ მდებარე სავაჭრო ობიექტ „კ.“.

4. საქართველოს უზნაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და ის საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს (სამუშაო ადმინისტრაციას). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ა. ნ. მ-ს საკუთარი საპროცესო უფლებების დაცვის მიზნით არ მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

5. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში _ მინსკის კონვენცია) 51-ე მუხლის „а“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე იუსტიციის დაწესებულებების მიერ სამოქალაქო საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ამავე კონვენციის 53-ე მუხლის თანახმად კი, შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება... შუამდგომლობას თან ერთვის: а) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე- ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ იგი ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან; б) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი; в) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისთვის; г) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე. შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე და მისი თანდართული დოკუმენტები აღიჭურვება დამოწმებული თარგმანით თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ენაზე ანდა რუსულ ენაზე. რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების წესს, მას ადგენს კონვენციის 54-ე მუხლი, რომლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საკითხის განმხილველი სასამართლო ადგენს, შეესაბამება თუ არა შუამდგომლობა ამ კონვენციის 53-ე მუხლის მოთხოვნებს. მინსკის კონვენციით დადგენილია, ასევე, იმ მხარის თავდაცვის საშუალებები, რომლის წინააღმდეგაცაა გამოტანილი აღსასრულებლად მისაქცევი გადაწყვეტილება, კერძოდ, 55-ე მუხლის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება, უარი ეთქვას, თუკი: а) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; в) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა, თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; г) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; д) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; е) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს. ანალოგიურ დათქმებს ითვალისწინებს „საერთაშირისო კერძო სამართლის შეახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე და 71-ე მუხლები.

6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს შუამდგომლობა და თანდართული მასალები სრულად შეესაბამება კონვენციისა და კანონის მოთხოვნებს, რის გამოც ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პირველი მაისის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ა. ნ. მ-დს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა 124,70 რუბლის გადახდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5, 70.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს შუამდგომლობა სახელწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პირველი მაისის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის პირველი მაისის რაიონის სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ა. ნ. მ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრა 124,70 რუბლის გადახდა.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი