საქმე №ას-120-2019 5 ნოემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – გ. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის 200 ლარით განსაზღვრა
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. კ-იამ (შემდგომში _ მოსარჩელე, მეორე აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. მ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, პირველი აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის _ მ. მ-ის (დაბ: 1....08.20...წ.) რჩენა-აღზრდისათვის 2017 წლის 20 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ალიმენტის სახით ყოველთვიურად 2 500 ლარის დაკისრება, ასევე, წარსული პერიოდის (3 წლის) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 1 000 ლარის, სულ _ 36 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ 2009 წლიდან 2012 წლამდე. 2010 წლის 15 აგვისტოს შეეძინათ შვილი. კონფლიქტური ურთიერთობის გამო მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია 2012 წლიდან, რა დროსაც მოპასუხეს, პირადი პრობლემების გამო, მოუხდა საქართველოდან გამგზავრება. პირველ თვეებში იგი ზრუნავდა შვილზე, გამოხატავდა მონატრებას, ცდილობდა ოჯახის წაყვანას, მოგვიანებით გაწყვიტა ურთიერთობა ჯერ ყოფილ მეუღლესთან, ხოლო შემდეგ _ არასრულწლოვანთან. 2012 წელსვე საქართველოში დაბრუნების მიუხედავად, არ მოუკითხავს ბავშვი, არ განუახლებია ურთიერთობა, არ შეუტყობინებია დაბრუნების თაობაზე. 2014-2015 წლებში მოსარჩელემ არაერთხელ სთხოვა მატერიალური დახმარება, მაგრამ მიიღო უარი იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი არ იმყოფებოდა საქართველოში, დაუკავშირდებოდა ჩამოსვლისთანავე, საბოლოოდ კი მოსარჩელეს განუმარტეს, რომ ეს არ იყო მოპასუხის საკონტაქტო ნომერი. ბავშვი ამჟამად 7 წლისაა, არის საჯარო სკოლის მოსწავლე, ცხოვრობს დედასა და უფროს ძმასთან ერთად, არ იცნობს მამას, ფლობს ინფრომაციას, რომ მშობელი იმყოფება საზღვარგარეთ და ელოდება მის ჩამოსვლას. ორივე მშობლის კანონისმიერ ვალდებულებებს ასრულებს მოსარჩელე, რომლის კმაყოფაზეც იმყოფება ასევე, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, 2000 წელს დაბადებული, გ. თ-ი. 2017 წლის აპრილიდან მოსარჩელე დასაქმებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტში და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1 172 ლარს. სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, მ. მ-ის ზედამხედველობისათვის დამხმარე პირისათვის გასაცემი ყოველთვიური ხელფასი 500 ლარია, ასევე, ბავშვი დადის ცეკვასა და ცურვაზე, ესაჭიროება კვება, ტანისამოსი, გასართობი ღონისძიებები, რაც შესაბამის ხარჯებთანაა დაკავშირებული. მოსარჩელე უზრუნველყოფს უფროსი შვილის ოთხ სავალდებულო საგანში მომზადებას, რომელიც არ იღებს ფინანსურ მხარდაჭერას მამის ოჯახისგან და აბიტურიენტის მომზადების საფასურს, თვეში 600 ლარს იხდის დედა, შესაბამისად, მას საკუთარი შემოსავლების ფარგლებში არ რჩება სახსრები სხვა აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მოსარჩელე იძულებულია, მუდმივად აიღოს სხვადასხვა სწრაფი მოხმარების სესხი, რომლის გადახდაც მას შემდგომ მძიმე ტვირთად აწვება. მოპასუხე უკანასკნელი წლებია ჩართულია სამშენებლო ბიზნესში, წარმოადგენს შპს „დ. კ.“ 51%-იანი წილის მესაკუთრესა და დირექტორს, შპს „ვ. დ.“, შპს „დ. ო.“ და შპს „ე. გ.“ დირექტორს. 2016-2017 წლებში იყო შპს „დ. დ.“ და შპს „დ. ბ.“, ამჟამად _ შპს „ვ. ბ.“ დირექტორი, მის საკუთრებაში ირიცხება 267,49 კვ.მ ფართის უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ს. ქ#..., სართული 2, რაც შეძენილი აქვს იპოთეკით დატვირთული, სოლიდური საკრედიტო ვალდებულებით, რომლის დაფარვასაც ყოველთვიურად ახორციელებს. ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხის მაღალშემოსავლიან ქონებრივ მდგომარეობაზე მიუთითებს. ამასთან, მოპასუხე არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და მის კმაყოფაზეა მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი შვილი - ნ. მ-ი. სამშენებლო კომპანიებში მისი კუთვნილი წილის, მის მიერ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიაში დაკავებული ხელმძღვანელობითი პოზიციებისა და მიმდინარე წელს შეძენილი, ძვირადღირებული უძრავი ქონების გათვალისწინებით, სარწმუნოდ სავარაუდოა, რომ მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი 7 000-დან 10 000 ლარამდეა,. შესაბამისად, იგი, როგორც მამა, ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვანი შვილის რჩენასა და აღზრდაში.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, ყოველთვიურად 150 ლარის გადახდის ნაწილში ცნო, ხოლო, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ალიმენტის სახით გადაიხდიდა 200 ლარს. მოპასუხის განმარტებით, მართალია იგი გარკვეულ პერიოდში იღებდა სამშენებლო კომპანიისგან შემოსავალს ხელფასის სახით, მაგრამ ამ ეტაპზე მშენებლობა დასრულებულია და მოპასუხე არის უმუშევარი. სამეწარმეო საზოგადოებებიდან, სადაც იგი ფიქსირდება დირექტორად, შემოსავალი არ აქვს, შპს „დ. ი.“ მიერ დაწყებული მშენებლობის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული დავა. მოპასუხის კმაყოფაზე იმყოფება ოჯახი, მას აქვს საბანკო ვალდებულებები, რომელთაც იხდის ოჯახის წევრთა დახმარების შედეგად, აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაძლებლობის მიხედვით მოპასუხე ყოველთვის ეხმარებოდა მოსარჩელეს, მაგრამ არ არის ვალდებული, უზრუნველყოს მისი უფროსი შვილი სხვა ქორწინებიდან. გარდა ამისა, მოპასუხის შეფასებით, მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტი არაგონივრულია და არ შეესაბამება არასრულწლოვანის რეალურ საჭიროებებს. მოპასუხემ უარი განაცხადა წარსული დროის ალიმენტის დაკისრებაზეც იმ საფუძლით, რომ იგი ყოველთვის ეხმარებოდა შვილს, ხოლო, რაიმე მტკიცებულება, რაც საწინააღმდეგოს დაადასტურებდა, მოსარჩელეს არ წარუდგენია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს არასწრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 750 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან (20.09.2017წ.) ბავშვის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე. დანარჩენ ნაწლში მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოპასუხემ მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, ხოლო, მოსარჩელემ _ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით პირველი აპელანტის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მეორე აპელანტის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არასწრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა თვეში 500 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან შვილის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის 200 ლარით განსაზღვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მხარეები იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2010 წლის 15 აგვისტოს შეეძინათ ერთი შვილი, რომელიც მხარეთა ფაქტობრივი დაშორების შემდეგ ცხოვრობს დედასთან. მოსარჩელის კმაყოფაზე იმყოფება კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი, 20... წლის ... სექტემბერს დაბადებული გ. თ-ი;
1.2.2. მხარეთა საერთო შვილი საჯარო სკოლის მოსწავლეა, დადის ქართულ ცეკვაზე და მისი სწავლების ყოველწლიურ საფასურს _ 800 ლარს იხდის მოსარჩელე. მოპასუხემ 2017 წლის 13 ივნისს სანოტარო წესით გასცა თანხმობა იმის თაობაზე, რომ მისმა შვილმა სრულწლოვანებამდე დედასთან ერთად იმოგზაუროს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. სს „ს. ბ.“ მიერ გაცემული სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, მეორე აპელანტის დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს 2 069.03 ლარს, სესხის დაფარვის ვადა 2018 წლის 20 ნოემბერია;
1.2.3. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერების თანახმად, მოპასუხე შპს „დ. ქ.“ 51%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი და დირექტორია, ის ასევე დირექტორის პოზიციას იკავებს შპს „ვ. დ.“, შპს „ე. გ.“, შპს „დ. დ.“, შპს „დ. ბ.“ და შპს „დ. ო.“;
1.2.4. საჯარო რეესტრის ამონაწრის თანახმად, მოპასუხეს 2017 წლის 3 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი აქვს ქ.თბილისში, ს.ქუჩა #..., მე-2 სართულზე მდებარე 267.49 კვ.მ უძრავი ქონება;
1.2.5. შპს „ვ. დ.“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მოპასუხე 2015 წლის იანვრიდან მუშაობს საწარმოში დირექტორად, დასაქმებულ პერიოდში მასზე დარიცხული და გაცემულია ხელფასის სახით 81 875 ლარი. 2016 წლის იანვრის შემდეგ დასაქმებულზე ხელფასი არ გაცემულა და აღარც მომავალში გაიცემა მშენებლობის დასრულების გამო. შპს „დ. დ.“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, გ.მ-ი მუშაობდა საწარმოს ... 2016 წლის 18 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 მარტამდე. დასაქმების პერიოდში მასზე ხელფასი დარიცხული ან გაცემული არ ყოფილა. შპს „დ. კ.“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, მოპასუხე მუშაობდა საწარმოს დირექტორად 2017 წლის 22 ივნისიდან 15 სექტემბრამდე. დასაქმების პერიოდში მასზე ხელფასი დარიცხული ან გაცემული არ ყოფილა. შპს „დ. ო.“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, აპელანტი მუშაობს საწარმოს დირექტორად 2016 წლის 17 მაისიდან დღემდე. დასაქმების პერიოდში მასზე ხელფასი დარიცხული ან გაცემული არ ყოფილა. შპს „ვ. ბ.“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად კი, მოპასუხე მუშაობდა საწარმოს ... 2016 წლის 7 აპრილიდან 2017 წლის 6 იანვრამდე. დასაქმების პერიოდში მასზე ხელფასი დარიცხული ან გაცემული არ ყოფილა;
1.2.6. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, გ. მ-ი შპს დ. ბ.“ 50%-იანი წილის მესაკუთრეა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით მას 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 21 ოქტომბრის ჩათვლით მიღებული აქვს 4 375 ლარი, მარტში – 6 250 ლარი, აპრილში _ 6 250, მაისში _ 6 250 ლარი. მაისის შემდგომ მას ხელფასი არ აუღია;
1.2.7. პირველი აპელანტის კმაყოფაზე, გარდა არასრულწლოვანი მ. მ-ისა, იმყოფება შვილი სხვა ქორწინებიდან, ნ. მ-ი. ოჯახის სხვა წევრთა მოპასუხის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება;
1.2.8. მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია მუშაობა და იგი შრომისუუნაროა;
1.2.9. საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ გ. მ-ს აქვს საქმის განხილვის პერიოდისათვის მუდმივი შემოსავალი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ საოჯახო საქმეთა განხილვის პროცესუალური თავისებურება სასამართლო ინკვიზიციურობაა (იხ. სსსკ-ის 354.1 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს შეუძლია, თავად განსაზღვროს გარემოებათა წრე, რათა მიღწეულ იქნას საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. განსახილველი საკითხი, გარდა იმისა, რომ უკავშირდება მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის დადგენას, მიმართულია ბავშვის საარსებო წყაროს განსაზღვრაზე. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბავშვის ინტერესთა უპირატესობის პრინციპი (იხ. ევროკონვენციის მე-8 მუხლი, ასევე, ევროსასამართლოს პრაქტიკა ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან მიმართებით, მაგ: Maslov v. Austria [GC], საჩ. ნომ. 1638/03, 2008 წლის 23 ივნისი). სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობა და „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლიდან გამომდინარე მართებულად დაადგინა სარჩოს ოდენობა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გონივრულ პროპორციას ადგენს ალიმენტის შინაარსობრივ დატვირთვასა და მშობლის ვალდებულებას შორის, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, დაადგინოს გონივრული თანაფარდობა ალიმენტვალდებული პირის (იხ. სკ-ის 1212-ე მუხლი) რეალურ მატერიალურ მდგომარეობასა და ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის ინტერესებს შორის და ისე განსაზღვროს სარჩოს ოდენობის საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სწორად მოიძია/განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი და არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, მართებულად ჩათვალა, რომ მოპასუხის მატერიალური მდგომარეობიდან და ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, ალიმენტის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 500 ლარით. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას. რაც შეეხება წარსული დროის ალიმენტის დაკისრების საკითხს, ამ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მოსარჩელეს საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებია, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში და მასზე საკასაციო პალატა ამავე კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, აღარ მსჯელობს.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ქ. კ-ას მიერ 12.02.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ გ. მ-ს (ს/კ /#0101500...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ქ. კ-ას მიერ 12.02.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი