Facebook Twitter

საქმე №ას-170-2019 6 დეკემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს. კ. ე. ჯ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა. ო.ღ-ის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ (მოსარჩელე)

მესამე პირები: სს „ს. კ. ე.“, სს „მ. პ. ს.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ა. ო.ღ-ის სახელობის ეროვნულმა სამედიცინო ცენტრმა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. კ. ა. ს. ჯ-ისა“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მზღვეველი, ასევე, სს „ს. კ. ე. ჯ.“, საფირმო სახელწოდების ცვლილების თაობაზე იხ. სააპელაციო სასამართლოს 06.11.2018წ. საოქმო განჩინება) და მესამე პირების: სს „ს. კ. ე.“ და სს „მ. პ. ს.“ (შემდგომში _ მესამე პირები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 2014 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ პირთათვის გაწეული მომსახურების საზღაურის _ 42 457 ლარის, ასევე, თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება (2014 წლის იანვრის დავალიანების _ 39 197 ლარის 0,1%-ის გადახდა 2014 წლის 4 მარტიდან დავალიანების დაფარვამდე; 2014 წლის თებერვლის დავალიანების _ 2 400 ლარის 0,1%-ის გადახდა 2014 წლის 31 მარტიდან დავალიანების დაფარვამდე; 2014 წლის მარტის დავალიანების _ 860 ლარის 0,1%-ის გადახდა 2014 წლის 2 მაისიდან დავალიანების დაფარვამდე).

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილების (შემდგომში _ #177 დადგენილება) შესაბამისად, მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება გაუწია მოპასუხე კომპანიის მიერ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით დაზღვეულ პირებს, საიდანაც 2014 წლის იანვარში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა - 39 197 ლარი. მომსახურების გაწევის ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია 2014 წლის 4 თებერვალს წარედგინა მოპასუხეს #177 დადგენილების შესაბამისად. დადგენილების თანახმად, გადახდა უნდა განხორციელებულიყო საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან, 2014 წლის 4 თებერვლიდან 19 სამუშაო დღის ვადაში - 2014 წლის 4 მარტამდე, თუმცა, დავალიანება მოპასუხეს არ დაუფარავს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2014 წლის იანვარში გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის მოპასუხესათვის დარიცხული პირგასამტეხლო სარჩელის შეტანამდე შეადგენს 13 406.40 ლარს. 2014 წლის თებერვალში, „ა. ს. ჯ.“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 2 400 ლარი. სამედიცინო მომსახურების გაწევის ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია მოპასუხეს #177 დადგენილების შესაბამისად, გადაეცა 2014 წლის 4 თებერვალს. დადგენილების თანახმად, გადახდა უნდა განხორციელებულიყო საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან 19 სამუშაო დღის ვადაში - 2014 წლის 31 მარტამდე, თუმცა, დავალიანება მზღვეველს არ დაუფარავს, შესაბამისად, 2014 წლის თებერვალში გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილების გამო მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო ყოველდღიურად შეადგენს 2.40 ლარს (2400 ლარის 0.1%) 2014 წლის 31 მარტიდან სარჩელის შეტანამდე _ 2015 წლის 9 თებერვლამდე და 756 ლარია. 2014 წლის მარტში „ა. ს. ჯ.“ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 860 ლარი. სამედიცინო მომსახურების გაწევის ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია მოპასუხესთან #177 დადგენილების შესაბამისად, 2014 წლის 4 თებერვალს იქნა წარდგენილი, დადგენილების თანახმად, გადახდა უნდა განხორციელებულიყო საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენიდან _ 2014 წლის 4 თებერვლიდან 19 სამუშაო დღის ვადაში - 2014 წლის 2 მაისამდე, თუმცა, დავალიანება არ დაფარულა, შესაბამისად, 2014 წლის მარტში გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო ყოველდღიურად შეადგენდა 0.86 ლარს (860 ლარის 0.1%), 2014 წლის 2 მაისიდან სარჩელის შეტანამდე, 2015 წლის 9 თებერვლამდე კი _ 243.38 ლარს. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის და #177 დადგენილების შესაბამისად, 2014 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში მოპასუხე კომპანიაში დაზღვეულ პირთათვის გაწეული მომსახურებიდან გამომდინარე დავა უკვე განხილულია სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ. მისი რეკომენდაციით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნები, თუმცა, მოპასუხე არ ასრულებს მას.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ #177 დადგენილების თანახმად, ანგარიშსწორების საფუძველს წარმოადგენს ორმხრივად გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომელიც მხარეთა შორის არ გაფორმებულა. საანგარიშო პერიოდზე სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული საანგარიშო დოკუმენტაციის წარდგენა ანგარიშსწორებისათვის არ არის საკმარისი. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელის ანგარიშფაქტურითა და თანდართული ანგარიშგების უწყისით წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, მოთხოვნილი თანხა, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების და #177 დადგენილების პირობების შესაბამისად, დაექვემდებარა კორექტირებას. რამდენადაც, მომსახურების საფასურის გადახდის საფუძველს წარმოადგენს ურთიერთშედარების აქტი, მისი არარსებობის შემთხვევაში ვერც პირგასამტეხლოს დარიცხვა ვერ მოხდება იმ თანხაზე, რომლის გადახდის ვალდებულებაც არ დამდგარა. მოპასუხესა და სს „მ. პ. ჯ.“, ასევე, სს „ჩ. ო. კ.“ შორის გაფორმებულია შეთანხმება სამედიცინო მომსახურების გაწევასა და გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე დოკუმენტაციის დამუშავებისა და გაწეული სამუშაოს ღირებულების სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს მოპასუხე არ წარმოადგენს. „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აგვისტოს #479 დადგენილების თანახმად (შემდგომში _ #479 დადგენილება), საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით ვადის დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო გადასახდელი (დაგვიანებული) თანხის 0,02%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, აღნიშნულის გათვალისწინებით კი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 0.02%-ით, მიუხედავად იმისა, თუ რა პერიოდში განხორციელდა მომსახურების გაწევა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეული პირებისათვის 2014 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში გაწეული სამედიცინო მომსახურების საზღაურის _ 42 457 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს გადახდა (2014 წლის იანვრის დავალიანების _ 39 197 ლარის 0,02%-ის ოდენობით 04.03.2014 წლიდან ვალდებულების შესრულებამდე; 2014 წლის თებერვლის დავალიანების _ 2 400 ლარის 0,02%-ის _ ოდენობით 31.03.2014 წლიდან ვალდებულების შესრულებამდე; 2014 წლის მარტის დავალიანების _ 860 ლარის 0,02%-ის ოდენობით 02.05.2014 წლიდან ვალდებულების შესრულებამდე).

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მზღვეველმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2014 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში, #177 დადგენილების შესაბამისად, მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება გაუწია მოპასუხე კომპანიის მიერ დაზღვეულ ბენეფიციარებს/დაზღვეულებს. 2014 წლის იანვარში მოპასუხე სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული პაციენტებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებაა 39 197 ლარი; 2014 წლის თებერვალში გაწეული მომსახურების ღირებულებაა _ 2 400 ლარი; 2014 წლის მარტში _ 860 ლარი;

1.2.2. სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურის 18.08.2014წ. რეკომენდაციით დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა 2014 წლის იანვრის მომსახურების ღირებულება 39 197 ლარი, ასევე, 2014 წლის თებერვლისა და მარტის მომსახურების ღირებულება _ 3 260 ლარი. სადაზღვევო კომპანიას ასევე დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება;

1.2.3. მოპასუხის უარი 2014 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურების თაობაზე ძირითადად დაფუძნებულია მასზედ, რომ მოსარჩელეს სრულყოფილად არ ჰქონდა წარდგენილი საანგარიშგებო დოკუმენტაცია და მხარეთა შორის არ გაფორმებულა საქართველოს მთავრობის #177 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთშედარების აქტი;

1.2.4. მოპასუხეს 2014 წლის იანვარში გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და მისი ღირებულების შესახებ საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარედგინა 2014 წლის 4 თებერვალს, 2014 წლის თებერვლის - 2014 წლის 4 მარტს, ხოლო 2014 წლის მარტის _ 2014 წლის 2 აპრილს;

1.2.5. საქართველოს მთავრობის 14.05.2012წ. #177 დადგენილების მე-6 მუხლი ადგენს ანგარიშგების და ანგარიშსწორების პირობებს. მისი როგორც ძველი, ისე _ ახალი რედაქცია ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო, მზღვეველმა ჩაიბარა იგი. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მზღვეველი აგებს პასუხს ჩაბარებული დოკუმენტაციის დაკარგვისათვის ან შემთხვევითი განადგურებისათვის (პუნქტი 4). ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: მზღვეველი ვალდებულია, საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეული შემთხვევის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში. ამდენად, საანგარიშგებო დოკუმენტების ინსპექტირება და ურთიერთშედარების აქტის გაფორმება მზღვეველის მოვალეობაა. შესაბამისად, იმ პირობეში, როდესაც უდავოდაა დადასტურებული სადაზღვევო კომპანიის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღების ფაქტი, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მიღებული დოკუმენტაცია იყო ნაკლოვანი და არ შეესაბამებოდა #177 დადგენილების მოთხოვნებს, ეკისრება თავად მოპასუხეს. იმ პირობებში კი, როდესაც კლინიკას მზღვეველისათვის მიწოდებული აქვს საანგარიშგებო დოკუმენტაცია და მზღვეველს თანხების კორექტირების თაობაზე პრეტენზიის გაცხადების შესახებ რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მზღვევლის მხრიდან ურთიერთშედარების აქტის გაუფორმებლობა არ შეიძლება გახდეს კლინიკის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. ამასთან, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება სამედიცინო დაწესებულების მიერ არაზუსტი კვლევებისა და მომსახურების გაწევის ფაქტი, რამდენადაც, #177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებები დადასტურებული უნდა იყოს მხართა მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნით ან სამედიცინო მედიაციის სამსახურის აქტით, ან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

1.2.6. #177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის 01.09.2014 წლამდე მოქმედი რედაქციით, მზღვეველი ვალდებული იყო, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ამ წესით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლის სასარგებლოდ გადაეხადა ასანაზღაურებელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებდა მზღვეველს მთლიანი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან. 01.09.2014წ. განხორციელებული ცვლილებების შედეგად დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მზღვეველი ვალდებულია მიმწოდებლისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ამ წესით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლის სასარგებლოდ გადაიხადოს 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%, ხოლო, 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0.02%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მზღვეველს მთლიანი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, შეამცირა და მოპასუხეს დაეკისრა 2014 წლის იანვრის დავალიანების 39 197 ლარის 0.02%-ის გადახდა 04.03.2014 წლიდან თანხის გადახდამდე, ასევე, 2014 წლის თებერვლის დავალიანების - 2 400 ლარის 0.02% 31.03.2014 წლიდან თანხის გადახდამდე, ხოლო, 2014 წლის მარტის დავალიანების - 860 ლარის 0.02% 02.05.2014 წლიდან თანხის გადახდამდე. პირგასამტეხლოს დაანგარიშებას ან მის ოდენობას სადავოდ არ ხდის აპელანტი, მისი პოზიცია დაფუძნებულია იმაზე, რომ არ არსებობს გაწეული მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულება, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს დარიცხვას, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც დადასტურდა ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ანაზღაურების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრება გამართლებულია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ კლინიკის მხრიდან მოპასუხე კომპანიაში დაზღვეულ პირთათვის მომსახურების გაწევის ფაქტი, მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, შესაბამისად, სახეზეა ამ მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წინაპირობები. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომ სასამართლოთა შეფასებას საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თაობაზე და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის ავტორმა ვერ მიუთითა იმგვარ გარემოებებზე, რომლებიც შეაფერხებდა/გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნის საფძვლიანობას. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილშიც საფუძვლიანია სარჩელი, რამდენადაც სახეზე გვაქვს ვალდებულების დარღვევის ფაქტი, თუმცა, უნდა ითქვას, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ანაზღაურება, არა სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებით განსაზღვრული სახელშეკრულებო შეთანხმების, არამედ, საკანონმდებლო დათქმის შედეგია, შესაბამისად, ამგვარი პირგასამტეხლოს შემცირების საკითხი სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის რეგულაციას ცდება. გასათვალისწინებელია, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება საკასაციო საჩივრის საგანი არ არის, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის დებულების თანახმად, ამ საკითხზე პალატა ვერ იმსჯელებს. საბოლოოდ, სასამართლო ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სამედიცინო დაწესებულების მიერ დაზღვეული პირებისათვის გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (იხ. სუსგ-ებები: #ას-859-809-2016, 19 ნოემბერი, 2015 წ; #ას-231-220-2016, 27 აპრილი, 2016 წ; #ას-1205-1147-2014, 04 მარტი, 2015 წ; #ას-1284-1226-2013, 24 მარტი, 2014წ; #ას-1171-1116-2014, 02 თებერვალი, 2015წ). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში-პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 14.12.2018წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 122,85 ლარისა და მის მიერვე 14.02.2019წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 458 ლარის, სულ _ 2 580,85 ლარის 70% _ 1 806,595 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. კ. ე. ჯ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს. კ. ე. ჯ.“ (ს/კ #204491...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 14.12.2018წ. #1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 122,85 ლარისა და მის მიერვე 14.02.2019წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 458 ლარის, სულ _ 2 580,85 ლარის 70% _ 1 806,595 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი