Facebook Twitter

საქმე №ას-339-2019 5 ნოემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ. პ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის 29 799,27 ლარის დაკისრება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, გამგეობა ან შემკვეთი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ. პ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კომპანია ან მენარდე) მიმართ, 2017 წლის 2 სექტემბრის #112 და 2019 წლის 27 სექტემბრის #118 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს _ 29 799 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის სექტემბერში მოსარჩელის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვა მოპასუხემ, რომელთანაც გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებები, #118 ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენდა „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის #1543 განკარგულებით გამოყოფილი თანხით ა. მუნიციპალიტეტის სოფელ ა. მ. მოწყობა-რეაბილიტაცია, სოფელ ბ. და უ. ხიდების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა, ხოლო, #112 ხელშეკრულების ობიექტს ა-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს. და სოფელ ა. სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის, სოფელ ა. მილხიდის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა. #112 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 164 877 ლარს, ხოლო, #118 ხელშეკრულების _ 152 303 ლარს. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს გაწევასთან დაკავშირებულ მენარდის ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადებს, მათ შორის დღგ-ს _ 18%-ს. ანგარიშსწორება მოხდებოდა ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისა და დადასტურებული მოცულობების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გზით. მენარდეს სამუშაოები უნდა შეესრულებინა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქცია, ვალდებულების დამრღვევს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაეკისრებოდა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%. მოპასუხეს #112 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო - 19 290,57 ლარი, ხოლო #118 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევის გამო _ 10 508,7 ლარი, თუმცა ამ თანხის ანაზღაურებაზე აცხადებს უარს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაბგელით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას გამოვლინდა გაუთვალისწინებელი სამუშაოები, რომლებიც შეასრულა კომპანიამ. ამ სამუშაოთა შესრულება ხელშეკრულებით არ იყო განსაზღვრული და შესაბამისად მოსაძიებელი გახდა სხვა ტექნიკა, რაც დამატებით დროსთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, 2017 წლის სექტემბერ-ნოემბერში დაფიქსირდა ნალექი, რის გამოც, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულება შეუძლებელი იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, მენარდემ სამუშაოები საბოლოდ დაასრულა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დაცვით - 2017 წლის 28 დეკემბერს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გამგეობის სასარგებლოდ 2017 წლის 6 სექტემბრის #112 ხელშეკრულების დარღვევის გამო მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 164,88 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის 29 799,27 ლარის დაკისრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2017 წლის 27 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა #118 ხელშეკრულება, რომლის მე-2 მუხლის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის #1543 განკარგულებით გამოყოფილი თანხით ა. მუნიციპალიტეტის სოფელ ა. მილხიდის მოწყობა-რეაბილიტაციის, სოფელ ბ. და უ. ხიდების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესრულება წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 152 303 ლარით. მენარდეს სამუშაოები სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კალენდარული გრაფიკის შესაბამისად უნდა შეესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3% დაეკისრებოდა. 2017 წლის 27 სექტემბრის #118 ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოს შესრულების ვადა 84 კალენდარული დღით - 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით;

1.2.2. 2017 წლის 6 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #112 ხელშეკრულებას, რომლის მე-2 მუხლის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 ივლისის #1543 განკარგულებით გამოყოფილი თანხით, ა. მუნიციპალიტეტის სოფელ ს. და სოფელ ა. სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის, ა. მუნიციპალიტეტის სოფელ ა. მილხიდის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების განხორციელება წარმოადგენდა. სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 164 877 ლარით. ხელშეკრულების თანახმად, მენარდეს სამუშაოები უნდა შეესრულებინა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კალენდარული გრაფიკის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარიმო სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3% დაეკისრებოდა. სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა 91 კალენდარული დღით - 2017 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით;

1.2.3. 2017 წლის 6 ოქტომბერს მხარეები შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც #112 ხელშეკრულების #2 დანართში (ხარჯთაღრიცხვა და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი) შევიდა ცვლილებები ხელშეკრულების ღირებულების შეუცვლელად;

1.2.4. 2017 წლის 23 ოქტომბერსაც გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც #118 ხელშეკრულების #1 დანართში (ა. მუნიციპალიტეტის სოფელ ა. მილხიდის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. ხარჯთაღრიცხვასა და სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკში) შევიდა ცვლილებები ხელშეკრულების ღირებულების შეუცვლელად

1.2.5. 2017 წლის 22 ნოემბერს კომპანიის დირექტორმა მიმართა ა. მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ შემკვეთთან გაფორმებული #112 ხელშეკრულების თანახმად, მენარდე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ს. და სოფელ ა. სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის, სოფელ ა-ში მილხიდის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებს. ობიექტზე წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის თანახმად, შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებისას შეიქმნა გარკვეული შეფერხება, კერძოდ: მეტეოროლოგიური პირობები, 6 სექტემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ნალექიან დღეთა რაოდენობამ შეადგინა 24. ნალექის მოსვლის შემდგომ, მდინარეში მატულობდა წყლის დონე, რომელიც არსებითად აფერხებდა სამუშაოების წარმოების პროცესს; ს-სა და ა-ის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მოწყობის სამუშაოების (ხიდის ბურჯების ამოყვანა) მსვლელობისას, დამუშავებულ ქვაბულში ხიდის ბურჯების ამოყვანის დროს, ხდებოდა წყლის ნაკადის შედინება, რაც აფერხებდა ბეტონის სამუშაოების წარმოებას. წყლის ამოტუმბვა ვერ ხერხდებოდა მცირე ზომის სატუმბის (პომპა) გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო შეიქმნა დიდი ზომის სატუმბის (დ=15მმ) მოძიება. ამ სამუშაოთა შესრულება არ იყო გათვალისწინებული პროექტით, რამაც არსებითად შეაფერხა სამუშაოების მიმდინარეობის ტემპი; ხიდის მიმდებარედ განთავსებული იყო ენერგო კომპანიის საკუთრებაში არსებული ელ.გადაცემის ბოძი, რომლის გადატანა ენერგო კომპანიამ დაგვიანებით უზრუნველყო; პროექტი ითვალისწინებდა ხიდზე #36 და #40 ორტესებრი კოჭების მოწყობას. აღნიშნული კოჭები ბაზარზე არ მოიპოვებოდა და საჭირო გახდა მათი საზღვარგარეთიდან შემოტანა. დირექტორმა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინება და სამუშაოს მიწოდების ვადის 2017 წლის 31 დეკემბრამდე გაზრდა მოითხოვა;

1.2.6. 2017 წლის 22 ნოემბერს კომპანიის დირექტორმა მიმართა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერს და აცნობა, რომ #118 ხელშეკრულების თანახმად, მენარდე ა. მუნიციპალიტეტის სოფელ ა-ში მილხიდის მოწყობა-რეაბილიტაციის, სოფელ ბ-სა და უ-ში ხიდების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს. აღნიშნულ ობიექტზე წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის თანახმად, შესასრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას შეიქმნა გარკვეული შემაფერხებელი პრობლემები, კერძოდ: მეტეოროლოგიური პირობები, 27 სექტემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ნალექიან დღეთა რაოდენობამ შეადგინა 21. ნალექის მოსვლის შემდგომ, მდინარეში მატულობდა წყლის დონე, რომელიც არსებითად აფერხებდა სამუშაოების წარმოების პროცესს. სოფელ უ-ში ხიდის მოწყობის სამუშაოების (ხიდის ბურჯების ამოყვანა) მსვლელობისას, დამუშავებულ ქვაბულში ხიდის ბურჯების ამოყვანის დროს, ხდებოდა წყლის ნაკადის შედინება, რაც აფერხებდა ბეტონის სამუშაოების წარმოებას. წყლის ამოტუმბვა ვერ ხერხდებოდა მცირე ზომის სატუმბის გამოყენებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭირო შეიქმნა დიდი ზომის სატუმბის (დ=150მმ) მოძიება, რაც ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული და რამაც არსებითად შეაფერხა სამუშაოების წარმოების ტემპი; სოფელ ბენარაში ალტერნატიული გზის არარსებობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, მოსავლის ტრანსპორტირების მიზნით, დაგვიანებით განხორციელდა ხიდის მთლიანი დემონტაჟი; პროექტი ითვალისწინებდა ხიდზე #36 და #40 ორტესებრი კოჭების მოწყობას, რომელიც ბაზარზე არ მოიპოვებოდა და საჭირო გახდა მათი საზღვარგარეთიდან შემოტანა. დირექტორმა ამ გარემოებების გათვალისწინება და სამუშაოს მიწოდების ვადის 2017 წლის 31 დეკემბრამდე გაზრდა მოითხოვა;

1.2.7. 2017 წლის 7 დეკემბერს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც #118 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა, ხოლო, #112 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა _ 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით (ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით #118 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა მენარდეს 2017 წლის 21 დეკემბრიდან 8 კალენდარული დღის ვადით, 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით გაუგრძელდა, ხოლო, #112 ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების _ 2017 წლის 7 დეკემბრიდან 22 კალენდარული დღის ვადით, 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით გაუგრძელდა);

1.2.8. ქ.ახალციხის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2017 წლის 7 სექტემბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით ნალექი აღინიშნა: 07,22,25,27,28,29,30 სექტემბერს; 01,02,03,04,10,11,15,16,17,27,30,31 ოქტომბერს; 06,07,10,11,13 ნოემბერს;

1.2.9. 2017 წლის 29 დეკემბერს მენარდემ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიას აცნობა, რომ #112 და #118 ხელშეკრულებების შესაბამისად, დაასრულა სამუშაოები და მოითხოვა მათი შემოწმება, ასევე, სამუშაოების ღირებულების _ 19 696.38 ლარისა და 11 339.96 ლარის ჩარიცხვა;

1.2.10. 2018 წლის 10 იანვარს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა კომპანიის დირექტორს მიუთითა, რომ #118 ხელშეკრულებით განსაზღვრული კალენდარული გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო, ერიცხებოდა საჯარიმო სანქცია, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.3% - 456.90 ლარის ოდენობით, რომელიც გეგმა-გრაფიკის გადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით (23 დღე) 10 508.70 ლარს, ხოლო, #112 ხელშეკრულებით განსაზღვრული კალენდარული გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო _ (ჯამური ღირებულების 0.3% - 494,63 ლარი 39 დღეზე) 19 290.57 ლარს შეადგენდა, ასევე, სამუშაოების ვადის გადაცილების გამო, მასვე ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯამური ღირებულების 0.3% - 494.63 ლარის ოდენობით, რაც ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით (2 დღე) 989.26 ლარს შეადგენდა. ნალექიან დღეთა რაოდენობა, მოპასუხის მიერ გათვალისწინებული იქნა სამუშაოების შესრულებულის ვადაში;

1.2.11. #118 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში - 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით დაასრულა. როგორც #112, ისე _ #118 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია დამაკმაყოფილებლად (#112 ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა 91 კალენდარული დღით - 2017 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. ა-ის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 7 დეკემბრის ბრძანებით #112 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა მენარდეს 2017 წლის 7 დეკემბრიდან 22 კალენდარული დღის ვადით, 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით გაუგრძელდა. 2017 წლის 29 დეკემბერს კომპანიის დირექტორმა აცნობა ა-ის მუნიციპალიტეტის მერს სამუშაოების შესრულების შესახებ. მენარდემ სამუშაოები ერთი დღის ვადაგადაცილებით დაასრულა, შესაბამისად პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით, ხელშეკრულებით შეთანხმებული ოდენობის შესაბამისად, 494.63 ლარს შეადგენდა). საქმის მასალებში არ არსებობს დოკუმენტი, რომლითაც ადიგენის მუნიციპალიტეტი 2017 წლის 29 დეკემბერს სამუშაოების დასრულების შესახებ ინფორმაციას შეეწინააღმდეგა, ასევე არ დგინდება საპასუხო წერილის გაგზავნა ვალდებულების არა 29 არამედ _ 30 დეკემბერს დასრულების თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმე ა. ლ-ძემ დაადასტურა, რომ 2017 წლის 30 დეკემბერს, როდესაც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები გავიდნენ ადგილზე, მიმწოდებელი მოაჯირის სამღებრო სამუშაოებს ახორციელებდა, რომელიც დილის საათებში დაასრულა. საქმეში არსებული გეგმა-გრაფიკების თანახმად, სამღებრო სამუშაოების ჩატარების ვალდებულება მოვალეს არ ეკისრებოდა, შესაბამისად, მოვალის ვალდებულება 2017 წლის 30 დეკემბრამდე შესრულდა. მოწმე მ. გ-აძის ჩვენებით, საბოლოო ინსპექტირებისას მოვალეს ვადის დარღვევად ჩაუთვალეს 28 და 29 დეკემბერი,თუმცა, ვინაიდან ხელშეკრულების ვადა 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდა, კომპანიამ ვალდებულების შესრულება მხოლოდ ერთი დღით (29 დეკემბერი) გადააცილა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად მოიძია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები: სამოქალაქო კოდექსის 629.1, მე-400 და 417-ე მუხლები, რომლის ფარგლებშიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, შემკვეთის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მენარდის მხრიდან ვალდებულების დარღვევა (შესრულების ხარისხი ან ვადა), ამ მხრივ მოსარჩელემ სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენა ვერ უზრუნველყო, ხოლო რაც შეეხება #112 ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებას, საქმის მასალების ყოველმხრივი შესფასების შედეგად (სსსკ-ის 105-ე მუხლი), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სწორად იქნა დადგენილი მხოლოდ ერთდღიანი ვადაგადაცილება. ვინაიდან პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას მოვალის მხრიდან ვალდებულების ბრალეული დარღვევა წარმოადგენს, დასაბუთებულია ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შემკვეთს მხოლოდ #112 ხელშეკრულების შესრულების 1-დღიანი ვადაგადაცილების გამო წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად დასაბუთებულია, რომლის წინააღმდეგაც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა-ის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი