Facebook Twitter

საქმე №ას-343-2019 5 ნოემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ყ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. პ-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ ნ. ბ-ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. გ. პ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ყ-ისა და ნ. ბ-ის (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების დავალდებულება, ხელი არ შეუშალონ მოსარჩელეს კუთვნილი ქონებით (ქ.ქუთაისში, გ. ქ#...-ში მდებარე ქონების 1/2 ნაწილი) სარგებლობაში.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები თანასაკუთრებით ფლობენ 933.60 კვ.მ მიწის ნაკვეთს, საიდანაც 1/2 (საერთო ფართი: 87.66 კვ.მ) ეკუთვნის მოსარჩელეს, 2/8-2/8 _ მოპასუხეებს. სახლს აქვს 2 შესასვლელი, ერთი ეზოდან, მეორე _ ქუჩის მხრიდან. ქუჩიდან შესასვლელი პირველი მოპასუხის ფართის წინა მხარეა, ხოლო ეზოდან _ მეორე მოპასუხისა. მოპასუხეებმა გამოცვალეს კარების საკეტი და მოსარჩელე ვერ ახერხებს საკუთარ ფართში შესვლას. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, მან ვერ მიაღწია სასურველ შედეგს.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. პირველ მოპასუხეს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია, სასამართლო სხდომაზე კი, განმარტა, რომ არ არის თანახმა, მოსარჩელემ გაიაროს მის საკუთრებაში, რის გამოც, უმჯობესია ქონების გასხვისების გზით საზიარო უფლების გაუქმება;

2.2. მეორე მოპასუხემ მარტივი შესაგებელი წარადგინა, რომლის თანახმადაც 19... წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ.თბილისში. 20... წლიდან მხარეები წარმოადგენენ სადავო ქონების თანამესაკუთრეებს. ფართს შესასვლელი აქვს ქუჩის მხრიდან სადარბაზოს სახით. მოპასუხის საკუთრებაში არსებული 23 კვ.მ და თანასაკუთრებაში არსებული 87 კვ.მ ფართი წარმოადგენდა დამოუკიდებელ საცხოვრებელ ობიექტებს რომლებიც მისმა მეუღლემ გააერთიანა. 23 კვ.მ-ს შემოსასვლელი ჰქონდა ეზოდან, რომელიც არის მოპასუხის საკუთრება და მოსარჩელეს არავითარი უფლება არ აქვს ისარგებლოს ამ ფართით. ამ უკანასკნელს არასდროს უცდია პრობლემის მოლაპარაკების გზით მოგვარება. მოსარჩელე არ თანხმდება არც საზიარო უფლების გაუქმებაზე, ხოლო კანონი არ ადგენს ვალდებულებას, რომლის ძალითაც მოპასუხეს დაევალება კუთვნილი 23 კვ.მ ფართით ასარგებლოს მოსარჩელე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს აეკრძალათ ქ.ქუთაისში, გ. ქ#...-ში მდებარე უძრავი ქონებიდან მოსარჩელისათვის კუთვნილი 1/2 ნაწილით სარგებლობის ხელშეშლა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აპელანტის მიმართ სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ქ.ქუთაისში, გ. ქ#...-ში მდებარე 933.00 კვ.მ დაზუსტებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული 87.66 კვ.მ ფართი თანასაკუთრებაა, სადაც მოსარჩელის წილია 1/2, აპელანტის _ 2/8, ხოლო, თავდაპირველი თანამოპასუხის _ 2/8. მასზე, როგორც ინდივიდუალური საკუთრების საგანზე ან ცალკე უფლების ობიექტზე, კონკრეტული პირის სახელზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის;

1.2.2. ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივში დაცული საცხოვრებელი სახლის საკადასტრო აზომვითი ნახაზებით, თავად მხარეთა განმარტებებით, შპს „ა. ფ.“ მიერ შედგენილი დასკვნით, სიტუაციური გეგმითა და ადგილის დათვალიერების ოქმებით ირკვევა, რომ მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული ფართი, რეალურად ოთხი ოთახი და სანიტარულ კვანძია, რომელშიც მოხვედრა შესაძლებელია ქუჩის მხრიდან არსებული სადარბაზოს შესასვლელითა და სახლის უკან, ეზოში არსებული კიბით;

1.2.3. უძრავი ქონების თანამესაკუთრეთა შორის საზიარო უფლება გაუქმებული არ არის. მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა ქუჩის მხარეს სადავო შესასვლელიც, რომლითაც ვერ სარგებლობს მოსარჩელე;

1.2.4. აპელანტი ფაქტობრივად ფლობს ს.ფ.143-ზე განთავსებულ, საკადასტრო აზომვით ნახაზზე დაფიქსირებულ #3-6 ოთახს. ამ ოთახში მოხვედრა შესაძლებელია გ. ქუჩის მხრიდან არსებული სადარბაზო შესასვლელით;

1.2.5. მოსარჩელე ფლობს ს.ფ.143-ზე განთავსებულ, საკადასტრო აზომვით ნახაზზე დაფიქსირებულ #3-7 და #3-9 ოთახს, ასევე, #3-8 სანიტარული კვანძის ნაწილს. ამ ოთახებში მოხვედრა, ამჟამად შესაძლებელია, მხოლოდ ეზოს მხრიდან, კიბესთან დამაკავშირებელი კარითა და ოთახით, რომელიც თავისი დანიშნულებით დერეფანია.

1.2.6. საკადასტრო აზომვით ნახაზზე აპელანტის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული #3-6 ოთახსა და მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ #3-7 ოთახებს შორის გამავალი კარი, რომლითაც შესაძლებელი იყო, ამჟამად, მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ოთახებში შესვლა, ამოშენებულია, რის გამოც, ამ უკანასკნელს ეზღუდება გ-ის ქუჩის მხარეს არსებული სადარბაზო კიბით სარგებლობის შესაძლებლობა;

1.2.7. მეორე მოპასუხე სარგებლობს საკადასტრო აზომვით ნახაზზე #3-8 სანიტარული კვანძის ნაწილით, ასევე, ეზოს მხრიდან კიბესთან დამაკავშირებელი დერეფნით. ამ დერეფნიდან გამავალი კარით იგი უკავშირდება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ 23,92 კვ.მ ფართის #3-12 ოთახს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას პროცესუალუარ საკითხებზე და მიიჩნევს, რომ კასატორის მხრიდან საქმის მომზადების ეტაპზე შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლისა და 219-ე მუხლის შესაბამისად, მან დაკარგა დავის ფაქტობრივი გარემოებების შედავების უფლება, შესაბამისად, სარჩელში მის მიმართ გამოთქმული ფაქტობრივი გარემოებები, შეუდავებლობის გამო, დადასტურებულად მიიჩნევა, ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ვლინდება კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა _ საზიარო საგანი და სარჩელის ფარგლებში ნივთის თანამესაკუთრე მოითხოვს თანასაკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას. შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის ძიებისას უნდა გაიმიჯნოს მისი სანივთო და ვალდებულებითი საფუძვლები: სამოქალაქო კოდექსის 953-ე და 955.2 მუხლები განსაზღვრავენ საზიარო საგნის თანამესაკუთრის უფლებებს და დადგენილია, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს უფლება აქვს საზიარო საგნით ისარგებლოს თანაბრად. გარდა ამისა, უდავოა, რომ საზიარო საგნის მართვის რაიმე წესზე მხარეები არ შეთანხმებულან, ხოლო, თამესაკუთრეთა თვითნებური მოქმედება ლახავს მოსარჩელის უფლებას _ მას ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში. ამ ვითარებაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა/განმარტა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც ადგენს მესაკუთრის უფლებას, სასამართლო წესით მოითხოვოს საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად დასაბუთებულია, ხოლო საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაბუთებულ პრეტენზიას.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ხელშეშლის აღკვეთის შესახებ მოთხოვნებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს ლ. ბ-ძის მიერ კასატორის სახელით 22.03.2019წ. #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის 70% _ 105 ლარი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ყ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ლ. ყ-ს (პ/#6000112...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ლ. ბ-ძის მიერ კასატორის სახელით 22.03.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი