Facebook Twitter

საქმე №ას-524-2019 27 დეკემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ც. ჯ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ც. ჯ-ძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კომპანია) მიმართ, მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 14 500 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეს კომპანიამ უკანონოდ შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს ერიცხებოდა 2000-2012 წლებში წარმოშობილი დავალიანება. ამ პერიოდში მოსარჩელე, როგორც სოციალურად დაუცველი, საქართველოს ზამთრის გათბობის დახმარების პროგრამის აბონენტი იყო, თანაც იღებდა დახმარებას სახელმწიფოსგან, შესაბამისად, ელექტროენერგიის გადასახადს იხდიდა სახელმწიფო. მოსარჩელე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია, თუმცა მოპასუხის მიერ დარიცხულ ყველა დავალიანებას ფარავდა დროულად, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამდე არსებული დავალიანება ჩამოწერილია. სარჩელის შემოტანის მომენტისთვის მოსარჩელის სახელზე არსებული დავალიანება ფიქსირდება 1,62 ლარის ოდენობით. იმჟამინდელი დავალიანების ჩამოწერისთვის მან მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რადგანაც ტექნიკური უზუსტობით გამოწვეული შეცდომის გამო, მოპასუხემ არადამაკმაყოფილებელი პასუხი გასცა. საბოლოოდ, აღნიშნული დავალიანება სემეკმა ჩამოწერა, თუმცა იმ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება უკვე გვიანი იყო, რადგანაც მოსარჩელეს ჯანმრთელობას წლების შემდგომ მიწოდებული ელექტროენერგია ვეღარ აღუდგენდა. მოსარჩელე დაავადებულია ხორხის კიბოს ტრაქეოსტომიითა და ლარინგექტომიით (შ/პ III-ა სტადია), ელექტროენერგია მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან იტარებდა სხვადასხვა პროცედურას, რომელიც საჭიროებს ელექტროენერგიას, შესაბამისად, მისი მიწოდების შეწყვეტამ გამოიწვია ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესება. დღეისათვის მას ესაჭიროება მკურნალობა გერმანიაში და მისი ჯანმრთელობის გაუარესება სწორედ მოპასუხის უკანონო ქმედებიდან გამომდინარეობს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული არგუმენტი დავალიანების დროულად დაფარვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. სარჩელზე თანდართული აბონენტის ბრუნვის ისტორიის ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ მოსარჩელეს 2000 წლიდან 2015 წლის 22 დეკემბრამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურიდან არცერთი თეთრის გადახდა არ უფიქსირდება (თუ არ ჩავთვლით 2011 წლის 18 ივლისს და 2012 წლის 2 მარტს ელექტროენერგიის ვაუჩერით 20-20 ლარის ჩარიცხვას, რაც სოციალური დახმარების პროექტის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან ერიცხებოდა შესაბამისი კატეგორიის პირებს). უშუალოდ მოსარჩელეს ელ.ენერგიის საფასურის გადახდა დაწყებული აქვს სწორედ 2015 წლის 22 დეკემბრიდან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისადმი მიმართვის დროისთვის (2015 წლის ოქტომბრის) სააბონენტო ბარათზე #2478... აბონენტად ფიქსირდებოდა ვინმე ჯ-ძე. აბონენტთა ბაზაში მოსარჩელეს რეგისტრაცია განხორციელდა მოგვიანებით. მას შემდეგ, რაც უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა კონკრეტულ პირებზე, საჯარო რეესტრის ამონაწერის (ს/კ 01.12.11...) შესაბამისად სააბონენტო ბარათის რეკვიზიტები შეიცვალა და აბონენტებად ერთდროულად დაფიქსირდნენ ჯ-ძე ც. და ა-ი ზ., ხოლო, უშუალოდ ც. ჯ-ძე აბონენტად ფიქსირდება 2017 წლის 14 თებერვლიდან. სააბონენტო ბარათზე რეკვიზიტების შეცვლა მოთხოვნილი აქვს ერთ-ერთ მესაკუთრეს ზ. ა-ს. შემოწმებით დადგინდა, რომ სააბონენტო ნომერზე #2478... დამონტაჟებული მრიცხველით ელ.ენერგია მოსარჩელეს მიეწოდებოდა. სემეკის 2008 წლის 18 სექტემბერს #20 დადგენილების მიხედვით, მოსარჩელეს ელ.ენერგიის მიწოდების მიზნით თავად უნდა მიემართა განცხადებით, მოეთხოვა სააბონენტო რეკვიზიტების დაზუსტება და აბონენტად რეგისტრაცია. ამგვარი განცხადებით მას მოთხოვნა არ წარუდგენია, არამედ მოთხოვნილი აქვს მხოლოდ აბონენტის ბრუნვის ისტორია, რაზეც გაეცა სათანადო პასუხი. მოპასუხის მითითებით, თუ ჩაითვლება, რომ 2015 წლის ნოემბრამდე #2478... სააბონენტო ბარათზე რეგისტრირებული მომხმარებელი - ჯ-ძე და ამჟამად ამავე სააბონენტო ბარათზე (2017 წლის თებერვლიდან) რეგისტრირებული მომხმარებელი ურთიერთდაკავშირებული ან/და ერთი და იგივე პირები არიან, გამოვა, რომ მრიცხველის დადგმის დღიდან _ 2007 წლის ივნისიდან 2015 წლის 22 დეკემბრამდე, მას მრიცხველის ჩვენების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურიდან არცერთი თეთრი არ გადაუხდია. აბონენტი ჯ-ძე, ე.ი მოსარჩელე არც 2000 წლიდან იხდიდა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, რაც გასაკვირი არაა, რადგან მრიცხველის არარსებობის, შესაბამისად ინდივიდუალურად ელ.ენერგიის მიწოდების შეწყვეტის შეუძლებლობის პირობებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა პრობლემას არ წარმოადგენდა. მოსარჩელეს 2007 წლის სექტემბერსა და დეკემბერში, აქტების საფუძველზე, დაუფიქსირდა ელექტროენერგიის არალეგალური გზით მოხმარება. დავალიანების არსებობის გამო მას შეწყვეტილი ჰქონდა ელ.ენერგია და თვითნებურად მოახდინა ქსელში ჩართვა არალეგალური სადენის დაერთებით, რისთვისაც პირველ შემთხვევაში 115,27 ლარი, ხოლო, მეორე შემთხვევაში - 55,55 ლარი დაერიცხა. აბონენტის ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ დეკემბრამდე ელექტროენერგიის ვაუჩერის 20-20 ლარიანი დახმარებაა გატარებული, რასაც სახელმწიფო პროგრამა აფინანსებდა. გარემოება იმის თაობაზე, წარმოადგენს თუ არა მოსარჩელე სოციალურად დაუცველ პირს, არსებული დავის განხილვისთვის მნიშვნელოვანი ვერ იქნება, ისევე, როგორც უმნიშვნელოა საკითხი, თუ რომელი პროგრამის მონაწილეა მოსარჩელე და არის თუ არა ქონების ერთადერთი მესაკუთრე. მის მიერ კომპანიაში წარდგენილი განცხადებითაც კი დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ მოსარჩელე ჯერ კიდევ 1997 წლიდანაა დაავადებული ამ ავადმყოფობით. საქმეს არ ერთვის მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელის დაავადების წარმოშობა ან ზოგადად ჯანმრთელობის გაუარესება ელექტროენერგიის მიუწოდებლობას დაუკავშირდებოდა. სარჩელზე დართული სამედიცინო ცნობები არ შეიცავს რაიმე აღნიშვნას, რომ მოსარჩელე უშუქობის გამო დაავადდა ან/და გაუუარესდა ჯანმრთელობა. მოსარჩელის მითითება იმაზე, თითქოს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამ გამოიწვია ავადმყოფობის მნიშვნელოვანი გაუარესება უსაფუძვლო არგუმენტია, რაც სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება. მოსარჩელე ვერ ამტკიცებს ვერც მიზეზობრივი კავშირის არსებობას და ვერც მოთხოვნილი თანხის გონივრულობას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელე მოპასუხე კომპანიის აბონენტია და რეგისტრირებულია ქ.თბილისში, მ. ქუჩა #...-ში;

1.2.2. აბონენტის ბრუნვის ისტორიით დასტურდება, რომ 2000 წლიდან 2015 წლამდე #2478... აბონენტს მოხმარებული ელექტრო- ენერგიის საფასური არ გადაუხდია, გარდა 2011 წლის 18 ივლისსა და 2012 წლის 2 მარტს ელექტროენერგიის ვაუჩერით 20-20 ლარის ჩარიცხვისა, რაც სოციალური დახმარების პროექტის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან ერიცხებოდა შესაბამისი კატეგორიის პირებს;

1.2.3. #2478... აბონენტზე დარიცხული დავალიანება _ 2 549.67 ლარი ჩამოიწერა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ 2015 წლის 30 ნოემბერს. აბონენტს ელ.ენერგიის მიწოდება აღუდგა 2015 წლის დეკემბრიდან და მიეწოდება დღემდე;

1.2.4. 2013 წლის მდგომარეობით აპელანტი დაავადებული იყო ხორხის კიბოთი ტრაქეოსტომიისა და ლარინგექტომიის შ/პ IIIა სტადია;

1.2.5. სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისგან მორალური ზიანის სახით - 14 500 ლარის ანაზღაურება, რომელიც მოპასუხის მხრიდან ელექტროენერგიის მიუწოდებლობით მოსარჩელე ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუარესებას უკავშირებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი. აბონენტის ბრუნვის ისტორიით ცალსახად დგინდება, რომ აპელანტს ელექტრო-ენერგიის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა შესაბამისი საფასურის გადაუხდელობის გამო, რაც მოპასუხის არამართლზომიერ ქმედებას არ წარმოადგენს. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოწვეულია ელექტროენერგიის მიუწოდებლობით.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სარჩელის ფაბულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების (ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება) დარღვევის გამო მისი ჯანმრთელობის გაუარესებაზე და ამის შედეგად განცდილ სულიერ ტანჯვაზე, რომლის კომპენსირებაც უნდა მოხდეს ფულადი სახით. შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 394.1 და 413.2 მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებში მოსარჩელე სარჩელში უნდა მიუთითებდეს, რომ: მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში; მოპასუხემ ბრალეულად დაარღვია ეს ურთიერთობა, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება და არსებობს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის, იმის მიხედვით კი, მისათითებელ ფაქტებთან დაკავშირებით, თუ რა პრეტენზიას გამოთქვამს მოპასუხე, განისაზღვრება მტკიცების საგანი და ნაწილდება მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის. საქმეში წარმოდგენილი სარჩელისა და შესაგებლის შესწავლის შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცების საგანში, გარდა მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნისა, ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოება შედის, რომელთა დადასტურების ვალდებულება ეკისრება მოსარჩელეს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება თავად მოსარჩელემ დაარღვია, არ გადაიხადა ელექტროენერგიის საფასური, რის გამოც, მოპასუხემ, როგორც ელ.ენერგიის მიმწოდებელმა, იხელმძღვანელა სემეკის 18.09.2008წ. #20 დადგენილებით. შესაბამისად, სარჩელის წარმატების ერთ-ერთ წინაპირობას საფუძველი გამოეცალა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის გაუარესებასა და მოპასუხის ქმედებას შორის არ დგინდება მიზეზობრივი კავშირი, შესაბამისად, სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და ყოველგვარი შეფასების გარეშე ტოვებს მოთხოვნილი თანხის ოდენობის გონივრულობის საკითხს. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სხეულის/ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მრავალთა შორის იხ. სუსგ №ას-1156-1176-2011, 20 იანვარი, 2012 წელი). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

საკასაციო საჩივარს ერთვის მტკიცებულებები: კასატორის განცხადება და სამედიცინო ცნობები. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო მხარის მოთხოვნის საფუძვლიანობას ამოწმებს საკასაციო საჩივარში გამოთქმულ შედავებათა ფარგლებში, იმგვარად, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, არ არის უფლებამოსილი, მიიღოს ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, არამედ, პრეტენზიათა არსებითობა მოწმდება ქვემდგომი სასამართლოების მიერ უკვე მიღებული მტკიცებულებებისა და სხდომაზე მხარეთა მიერ მიცემული განმარტებების შეფასების სისწორის თვალსაზრისით, შესაბამისად, საკასაციო პალატა საქმეს ვერ დაურთავს ზემოხსენებულ დოკუმენტებს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მათ სრულად უბრუნებს მხარეს.

3. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩვარზე დართული მტკიცებულებები 7 (შვიდი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ.59-65).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი