Facebook Twitter

საქმე №ას-27-2019 15 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ქ-ის უფლებამონაცვლე გ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ი, ე. გ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სანოტარო აქტის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. ქ-მა (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ-ისა (შემდგომ – პირველი მოპასუხე) და მისი დროებითი მხარდამჭერის – ე. გ-ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 19 აგვისტოს დამოწმებული „სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების“ შესახებ მოსარჩელის მიერ ხელმოწერილი განცხადების (რეესტრის N13084...) ბათილად ცნობა, ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 27 აგვისტოს კ. გ-ის (შემდგომ – მამკვიდრებელი) სამკვიდრო ქონებაზე მოპასუხეთა სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ – 1/3 ნაწილში ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის 1/3 ნაწილზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობა, მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ შპს „ს. და გ. მ. კ. კ.“ (შემდგომ – შპს) 50% წილის გაყიდვისას მიღებული თანხიდან 163 000 აშშ დოლარიდან 1/3 წილის, 54 333 აშშ დოლარის ეკვივალენტი 132.659.4528 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მეუღლესთან ერთად გააჩნდა საკუთრების უფლება ორდერის საფუძველზე მიღებულ უძრავი ქონებაზე. მისი გასხვისების შედეგად მიღებული ქონებიდან თანხის ნაწილი მშობლებმა გადასცეს შვილს – მამკვიდრებელს სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, ხოლო დარჩენილი ნაწილით იყიდეს სამოთახიანი ბინა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბინაში ცხოვრება გააგრძელა მოსარჩელემ.

3. 2013 წლის 29 იანვარს მამკვიდრებელი გარდაიცვალა. მის დანაშთ სამკვიდროს წარმოადგენდა სადავო უძრავი ნივთი და 50% წილი შპს-ში. მოსარჩელესთან კარგ ურთიერთობაში მყოფმა რძალმა – პირველმა მოპასუხემ, ისარგებლა რა მისი განსაკუთრებული ნდობით, ხანდაზმულობით, მძიმე ფსიქოლოგიური და ჯანმრთელობის მდგომარეობით, გამოუცდელობით, წაიყვანა იგი 2013 წლის 19 აგვისტოს ნოტარიუსთან და მოტყუებით მოაწერინა ხელი ცარიელ ფურცელზე იმ მოტივით, რომ ხელმოწერა დაკავშირებული იყო მამკვიდრებლის გარდაცვალებასთან და არ ჰქონდა კავშირი მემკვიდრეობის მიღებასთან. ნოტარიუსს არ განუმარტავს მოსარჩელისათვის ხელის მოწერის სამართლებრივი შედეგები, არ დაუცავს კანონით დადგენილი მოთხოვნები და ისე დაადასტურა განცხადება. განმარტების მიცემის შემთხვევაში მემკვიდრე ქონებაზე არ იტყოდა უარს, მოტყუების გარეშე აღნიშნული გარიგება არ დაიდებოდა. მოსარჩელის გულუბრყვილობით ბოროტად სარგებლობა მოპასუხეთა მხრიდან ამორალურ, გასაკიცხ ქმედებას წარმოადგენს.

4. მოსარჩელის მითითებით, განცხადების რეალური შინაარსი მისთვის ცნობილი გახდა მოგვიანებით. აღმოჩნდა, რომ მოპასუხეებმა 2013 წლის 27 აგვისტოს მიიღეს სამკვიდრო მოწმობა, აღირიცხნენ სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად, ხოლო 2014 წლის 19 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს-ს 25-25%-იანი წილები გაასხვისეს 163 000 აშშ დოლარად.

5. მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეებს შვილის სამკვიდროდან კუთვნილი 1/3 წილის გადმოცემის მოთხოვნით, ხოლო ნოტარიუსს 2013 წლის 19 აგვისტოს დამოწმებული სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ დოკუმენტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.

6. მეორე მოპასუხემ სარჩელი წარადგინა ზემოხსენებული სამოთახიანი ბინიდან ბებიის – მოსარჩელის გამოსახლების შესახებ.

7. დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით მოსარჩელემ მიიჩნია, რომ არსებობს 2013 წლის 19 აგვისტოს დამოწმებული განცხადების სრულად ბათილად ცნობის, 2013 წლის 27 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობის 1/3 ნაწილში ბათილად ცნობის, სამკვიდრო ბინის 1/3 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის, ხოლო გასხვისებული ქონებიდან მიღებული სარგებლის 1/3 ნაწილის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების საფუძველი.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხეებმა წარადგინეს მოთხოვნის განხორცილების შემაფერხებელი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოსარჩელემ, სამკვიდრო ვალდებულებებისგან თავის არიდების მიზნით, თავისი სურვილით განაცხადა უარი შვილის მარწმუნებლის დანაშთ ქონებაზე მის მიმართ მოტყუებას, ნდობის ბოროტად გამოყენებას, ამორალური ან სხვა სახის უკანონო ქმედების გარეშე. განმცხადებელი ხელმოწერის მომენტში იცნობდა სანოტარო აქტის ტექსტს, აცნობიერებდა სრულად მის შინაარსსა და შედეგებს, ხოლო ამჟამად სარჩელის წარდგენა განპირობებულია მხოლოდ შვილის – გ. გ-ის (შემდგომ – მოსარჩელის შვილი, უფლებამონაცვლე) მხრიდან განხორციელებული ზეწოლით.

9. სარჩელის განხილვისას გასათვალისწინებელია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ სამკვიდრო აქტივს თან ახლდა მნიშვნელოვანი ოდენობის სასესხო ვალდებულებები სხვადასხვა პირების მიმართ, რის შესრულებასაც დასჭირდა უდიდესი ფიზიკური, ფსიქიკური და მატერიალური ძალისხმევა. 2013 წლის შემდეგ მოსარჩელემ აწარმოა სასამართლო დავა, განახორციელა საფოსტო გზავნილები, წარადგინა სარჩელი, რაც მის სრულ ქმედუნარიანობაზე მიუთითებს. მოსარჩელემ თავისი ნებით განაცხადა უარი სამკვიდროზე, მისი განცხადება შეუქცევადია, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი წინაპირობები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და სარჩელის წარდგენისასაც ცხოვროობდა და რეგისტრირებული იყო კუთვნილ ბინაში.

13. 2017 წლის 6 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება და გამოეყო ერთჯერადი ფინანსური დახმარება 200 ლარის ოდენობით.

14. 2016 წლის 20 აპრილს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეებს მამკვიდრებლის სამკვიდროდან კუთვნილი 1/3 წილის გადაცემის მოთხოვნით.

15. 2017 წლის 20 აპრილს მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს 2013 წლის 19 აგვისტოს დამოწმებული სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ სანოტარო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით მეორე მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, იგი დაინიშნა ოჯახის წევრის, დედის – პირველი მოპასუხის დროებით მხარდამჭერად: 1) სახელმწიფო გასაცემლის (პენსია და სხვ.) დანიშვნის, აღდგენის, მიღებისა და განკარგვის სფეროში, ამავე მიზნით, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში; 2) მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში; 3) მედიკამენტების (მათ შორის, რეცეპტით გასაცემის) შეძენის სფეროში; 4) სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობისას, წარმომადგენლობის განხორციელების სფეროში; 5) მოსარჩელის სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლოში საპროცესო წარმომადგენლობის (გარდა სარჩელის ცნობისა) სფეროში.

17. მოსარჩელე, მკურნალობის მიზნით, არ განთავსებულა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, არ იმყოფებოდა ფსიქიატრის ზედამხედველობის ქვეშ, არ იღებდა ფსიქიატრის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს.

18. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2013 წლის 29 იანვარს. გარდაცვალების მომენტისათვის მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ დედა – მოსარჩელე, შვილი – მეორე მოპასუხე, მეუღლე – პირველი მოპასუხე.

19. მამკვიდრებლის სახელზე გარდაცვალების მომენტისათვის ირიცხებოდა სადავო უძრავი ქონება, ასევე, 50%-იანი წილი შპს-ში.

20. 2013 წლის 27 აგვისტოს ნოტარიუსმა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე შვილისა და მეუღლის სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა, რის საფუძველზეც მემკვიდრეები აღირიცხნენ მამკვიდრებლის დანაშთი ქონების მესაკუთრეებად.

21. 2014 წლის 19 აგვისტოს დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მოპასუხეებმა გაყიდეს კუთვნილი წილი შპს-ში 163 000 აშშ დოლარად.

22. პირველი მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება, რომელიც 2016 წლის 21 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მეორე მოპასუხის სახელზე.

23. 2014 წლის 30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ №2/15889-13 სამოქალაქო საქმეზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით სოლიდარული მოვალეები, მოპასუხეები აღიარებენ საკრედიტო დაწესებულების წინაშე არსებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და მისგან გამომდინარე შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებას, სულ 16 046.13 აშშ დოლარის ოდენობით, აგრეთვე, სოლიდარულად კისრულობენ ვალდებულებას 2014 წლის 16 მაისამდე სრულად დაფარონ დავალიანება მორიგების აქტზე თანდართული გრაფიკით დადგენილი წესით, რომელიც წარმოადგენს მორიგების განუყოფელ ნაწილს.

24. ნოტარიუსთან 2013 წლის 19 აგვისტოს შედგენილი სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ სანოტარო აქტის მიხედვით, მოსარჩელემ დაადასტურა, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის განმავლობაში არცერთი ფორმით არ მიუღია აწ გარდაცვლილი შვილის, მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება, არც განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით, არც სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და არც სამკვიდროს მართვით. მისთვის ცნობილია, რომ სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობენ და სამკვიდროს იღებენ მამკვიდრებლის შვილი და მეუღლე. აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ აქვს და არც მომავალში ექნება, მას არ ხდის სადავოდ და აცხადებს თანხმობას მთელ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა სრულად მიიღონ მოპასუხეებმა.

25. სააპელაციო სასამართლო არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უმართებულოდ არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ აპელანტი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ აცნობიერებდა 2013 წლის 19 აგვისტოს შედგენილი განცხადების შინაარსს.

26. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 105-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და, ასევე, მათ ერთობლიობაში შეფასება. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი მოიცავს როგორც დამოუკიდებლად თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას, ასევე, მათ ერთობლიობაში შეფასებას. სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

27. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიუთითა, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელზეც აპელირებს მოსარჩელე, გაცემულია 2017 წლის 6 დეკემბერს და მასში მითითებული დოკუმენტებიდან არცერთი არ ასახავს პირის ფსიქიკურ მდგომარეობას 2013 წლის 19 აგვისტოსათვის, ანამნეზური მონაცემები მოიცავს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, სსიპ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ მიერ 2014 წლიდან 2017 წლის 6 დეკემბრამდე გაცემული სამედიცინო ბარათებს, შპს-ს მიერ 2015 წლის 28 სექტემბერს გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სასწრაფოს მიერ გამოძახებისას პაციენტის გასინჯვის ბარათებს, ამასთან, სასამართლო სხდომაზე დაკითხული სპეციალისტის მითითებით, სამედიცინო ბარათებში, ფსიქიატრიული დარღვევის გამო, გამოძახებას, თვითდაზიანების მიყენების ან სუიციდის მცდელობას ადგილი არ ჰქონია, დასკვნის მიღებისას კი გათვალისწინებულ იქნა გარემოება იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 19 აგვისტო იყო სტრესის უახლოეს პერიოდში, ხოლო პასუხის კატეგორიულობა კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხის მითითების სავალდებულო ფორმატმა გამოიწვია.

28. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, უჩიოდა თუ არა მოსარჩელე ფსიქიატრიული სახის პრობლემებს, მიმართა თუ არა მან როდესმე ფსიქიატრს კონკრეტული ჩივილებით, დაისვა თუ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დიაგნოზი, ჩაუტარდა თუ არა შესაბამისი მკურნალობა და ა.შ. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია ექსპერტიზის დასკვნა არასარწმუნოდ და არადამაჯერებელად. ხსენებული მტკიცებულება ვერ იქნება მიჩნეული აპელანტის ოთხი წლის წინანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ შესაბამის მტკიცებულებად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა 2013 წლის 19 აგვისტოს ნოტარიუსთან შედგენილი ხელწერილის შინაარსი, მით უფრო მაშინ, როდესაც სამართალში მოქმედებს ე.წ. პრეზუმფციები, ანუ ვარაუდი ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ.

29. საქმეში წარმოდგენილია ნოტარიუსთან 2013 წლის 19 აგვისტოს შედგენილი სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ სანოტარო აქტი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ნოტარიუსმა შეამოწმა ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა, უფლებამოსილება და ნების ნამდვილობა. ნების გამომვლენს ნოტარიუსმა განუმარტა გარიგების შინაარსი და მისი თანმდევი შედეგები. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მოქმედებდა პრეზუმფცია, რომ მხარე იცნობდა განცხადების ტექსტს და სრულად იზიარებდა მას. საწინააღმდეგო გარემოება კი საქმეზე სხვა შესაბამისი მტკიცებულებით არ დადასტურებულა, იმ ობიექტური გარემოების დადასტურება კი, რამაც პირს არასასურველი ნების გამოვლენაში შეუწყო ხელი, აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რაც მოსარჩელეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და არც სააპელაციო საჩივრის ფარგლებში არ შეუთავაზებია სასამართლოსათვის.

30. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ სამი თვის გასვლის შემდეგ მემკვიდრეს აღარ ჰქონდა შესაძლებლობა, უარი ეთქვა მემკვიდრეობის მიღებაზე, იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. მოცემულ შემთხვევაში კი, დოკუმენტის შედგენის თარიღია არა კანონით დადგენილი ვადა – სამკვიდროს გახსნიდან სამი თვე, არამედ იგი შედგენილია სამკვიდროს გახსნიდან ექვს თვეში. აღნიშულთან დაკავშირებით პალატამ აღნიშნა, რომ მხოლოდ მემკვიდრეობის მისაღებად აუცილებელია მემკვიდრემ კანონით გათვალისწინებული წესით მიიღოს მემკვიდრეობა. მან უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს განცხადებით, ან ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს სამკვიდროს. ამ პირობების დაცვის გარეშე შეუძლებლია სამკვიდროს მიღება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 1421-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში კი თვით მოსარჩელის 2013 წლის 19 აგვისტოს განცხადებაში მან დაადასტურა, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის განმავლობაში არც ერთი ფორმით არ მიუღია აწ გარდაცვლილი შვილის, მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება, არც განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით, არც სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და არც სამკვიდროს მართვით. როგორც იგი აღნიშნავდა, მისთვის ცნობილი იყო, რომ სამკვიდროს ფაქტიურად ფლობდნენ და სამკვიდროს იღებდნენ მამკვიდრებლის შვილი და მეუღლე, აღნიშნულთან დაკავშირებით მას არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და ამავე ხელწერილით განმარტა, რომ არც მომავალში ექნებოდა რაიმე პრეტენზია და არ გახდიდა სადავოდ. ამავე განაცხადით მოსარჩელემ თანხმობა გამოთქვა, რომ მთელ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა სრულად მიეღოთ მოპასუხეებს.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის შეფასებით, მითითებული აქტით, მოსარჩელემ ცალმხრივად გამოავლინა ნება და დაადასტურა ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მას სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ვადაში შვილის, მამკვიდრებლის სამკვიდრო არც ფაქტობრივი ფლობითა და არც სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენის გზით არ მიუღია.

32. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მსჯელობა იმის შესახებ, რომ აღნიშნული ქმედებით მოსარჩელემ გაზარდა სამკვიდრო ქონებაში სხვა მემკვიდრეთა წილის ოდენობა.

33. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნოტარიუსის მიერ 2013 წლის 19 აგვისტოს დამოწმებული მოსარჩელის განცხადება, თავისი შინაარსით, წარმოადგენს არა სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმას, არამედ იმ ფაქტის წერილობით დადასტურებას, რომ მას, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში არც ფაქტობრივი ფლობითა და არც სანოტარო ორგანოში განცხადების წარდგენის გზით, სამკვიდრო არ მიუღია. პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოხმობილ შეფასებას იმის თაობაზე, რომ წერილობითი განცხადებით პირის მიერ გამოხატულია ნება და აღიარებულია არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობა, რაც თავისი არსით არ მოიაზრება სსკ-ის 1434-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის ფაქტობრივ-სამართლებრივ განშლაში. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ 2013 წლის 19 აგვისტოს განაცხადზე ვერ გავრცელდება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმისთვის კანონით დადგენილი ვადები და შეზღუდვები.

34. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ დავამდე არსებული არცერთი სამედიცინო დოკუმენტით არ დგინდება მოსარჩელის შეზღუდული უნარიანობა. მეტიც, დღეისათვის სასამართლოში განსახილველი სარჩელის ავტორი სწორედ მოსარჩელეა. ასეთ დროს კი თუ იგი სწორად ვერ აღიქვამს არსებულ მოვლენებს, შეუძლებელია, სწორად დადგინდეს არსებობს თუ არა მისი რეალური ნება დავასთან მიმართებით.

35. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის მასალები, ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები ერთობლიობაში შეაფასა, მისცა მათ სწორი შეფასება და სამართლებრივი ნორმები განმარტა სათანადო წესით, რის გამოც, სააპელაციო საჩივრის პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას და საფუძვლიანობას დასაბუთებულ წინააღმდეგობას ვერ უწევს, სააპელაციო პალატა დაეთანხმა და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

36. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

37. კასატორის მითითებით, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. სააპელაციო პალატამ არასწორად არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე 2013 წლის 19 აგვისტოს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით მიიყვანეს ნოტარიუსთან, სადაც მან შეადგინა განცხადება, რომლის შინაარსიდანაც ირკვევა, რომ მამკვიდრებლის დანაშთ ქონებაზე უარს ამბობდა რძლისა და შვილიშვილის სასარგებლოდ.

38. კასატორის მოსაზრებით, სამედიცინო კვლევებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო, გაეცნობიერებინა და აღექვა დოკუმენტის სამართლებრივი შედეგები, ერთადერთ საცხოვრებელ სახლზე ეთქვა უარი და დარჩენილიყო ღია ცის ქვეშ.

39. შპს „ფ. ჯ. და ნ. პ. ც.“ ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სადავო სანოტარო აქტის შედგენის მომენტისათვის მოსარჩელეს აღენიშნებოდა მძიმე დეპრესიული ეპიზოდი ფსიქოზური სიმპტომით, ინტელექტუალურ მნესტიური ფუნქციების დაქვეითებით.

40. აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელეს არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების მნიშვნელობა და შესაძლო შედეგები. აღნიშნულის თაობაზე ექსპერტი დაიკითხა კიდეც სხდომაზე.

41. კასატორმა მიუთითა სსკ-ის 1434-ე მუხლის დანაწესზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რადგან მოსარჩელემ სამკვიდროზე უარი განაცხადა არა სამთვიან, არამედ ექვსთვიან ვადაში.

42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორს სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის გადახდა გადაუვადდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

43. საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით განსახილველ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეჩერდა, კასატორის გარდაცვალების გამო, 6 თვის ვადით მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე. ამავე სასამართლოს 2019 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა და საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაება მოსარჩელის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - შვილი.

44. კასატორის უფლებამონაცვლემ წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მიუთითა, რომ სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის №82 დასკვნის სიყალბეზე შეტანილი იყო საჩივარი პროკურატურაში, რაზეც ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეში წარმოდგენილია შსს განყოფილების ორი სხვადასხვა გამომძიებლის დასკვნა, რომ ექსპერტიზის დასკვნა სწორია. გამოიკითხნენ აღნიშნულ დასკვნაზე პასუხისმგებელი სამივე ექსპერტი, რომლებიც დასკვნის უტყუარობაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი წესით აგებენ პასუხს. განმცხადებელმა მოითხოვა საქმეზე შსს ვაკე-საბურთალოს მეოთხე და მეშვიდე განყოფილების გამომძიებლების მოწვევა სხდომაზე, რათა წარმოადგინონ საგამოძიებო მასალები, რადგან მათი გამოთხოვა განმცხადებელმა ვერ მოახერხა. განმცხადებელმა მიიჩნია, რომ არსებობს განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროება ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ, რომელმაც თანხმობა გამოთქვა სიკვდილის შემდგომ ექსპერტიზის ჩატარებაზე.

45. კასატორის უფლებამონაცვლემ მიუთითა, რომ მოსარჩელეს მოტყუებით მოაწერინეს ხელი ნოტარიუსთან, აგრეთვე მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება ბათილია სსკ-ის 54-ე და 55-ე მუხლების საფუძველზე.

46. კასატორის უფლებამონაცვლემ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის დოკუმენტი ნოტარიუსთა პალატიდან, რომელშიც ნოტარიუსმა განმარტა, რომ 2013 წლის 13 აგვისტოს მასთან მივიდა მოსარჩელე და სთხოვა განცხადების პროექტის შედგენა, რადგან სურდა უარი ეთქვა პირველი რიგის მემკვიდრის პოზიციიდან გარდაცვლილი შვილის სამკვიდროს მიღებაზე. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ არსებობს. დედამისი ( მოსარჩელე) დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა. 2013 წლის 13 და 19 აგვისტოს განცხადებების შინაარსი ურთიერთსაწინააღმდეგოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

47. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების მიზნით, საქმეზე ჩაატარა ზეპირი განხილვა 2019 წლის 13 ნოემბერს, სადაც მხარეებს შესთავაზა დავის მორიგებით დასრულება. კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ უარი განაცხადა დავის მორიგებით დასრულებაზე. საკასაციო პალატამ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შედეგად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა გადადო ზეპირი მოსმენის გარეშე 2019 წლის 15 ნოემბერს.

48. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

49. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

50. 2016 წლის 20 აპრილს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეებს მამკვიდრებლის სამკვიდროდან კუთვნილი 1/3 წილის გადაცემის მოთხოვნით.

51. 2017 წლის 20 აპრილს მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს 2013 წლის 19 აგვისტოს დამოწმებული სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ სანოტარო აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

52. მოსარჩელე, მკურნალობის მიზნით, არ განთავსებულა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, არ იმყოფებოდა ფსიქიატრის ზედამხედველობის ქვეშ, არ იღებდა ფსიქიატრის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს.

53. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2013 წლის 29 იანვარს. გარდაცვალების მომენტისათვის მის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ დედა – მოსარჩელე, შვილი – მეორე მოპასუხე, მეუღლე – პირველი მოპასუხე.

54. მამკვიდრებლის სახელზე გარდაცვალების მომენტისათვის ირიცხებოდა სადავო უძრავი ქონება, ასევე, 50%-იანი წილი შპს-ში.

55. 2013 წლის 27 აგვისტოს ნოტარიუსმა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე შვილისა და მეუღლის სახელზე გასცა სამკვიდრო მოწმობა, რის საფუძველზეც მემკვიდრეები აღირიცხნენ მამკვიდრებლის დანაშთი ქონების მესაკუთრეებად.

56. 2014 წლის 19 აგვისტოს დადებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მოპასუხეებმა გაყიდეს კუთვნილი წილი შპს-ში 163 000 აშშ დოლარად.

57. პირველი მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება, რომელიც 2016 წლის 21 აპრილს დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მეორე მოპასუხის სახელზე.

58. ნოტარიუსთან 2013 წლის 19 აგვისტოს შედგენილი სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტის დადასტურების შესახებ სანოტარო აქტის მიხედვით, მოსარჩელემ დაადასტურა, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის განმავლობაში არცერთი ფორმით არ მიუღია აწ გარდაცვლილი შვილის, მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება, არც განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით, არც სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და არც სამკვიდროს მართვით. მისთვის ცნობილია, რომ სამკვიდროს ფაქტობრივად ფლობენ და სამკვიდროს იღებენ მამკვიდრებლის შვილი და მეუღლე. აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ აქვს და არც მომავალში ექნება, მას არ ხდის სადავოდ და აცხადებს თანხმობას მთელ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა სრულად მიიღონ მოპასუხეებმა.

59. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

60. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

61. წინამდებარე საკასაციო საჩივრის პრეტენზიას წარმოადგენს ერთის მხრივ ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გამოვლენილი ნება იყო ნაკლის მქონე, ხოლო მეორეს მხრივ, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა 2013 წლის 19 აგვისტოს მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება (საკასაციო საჩივრის შინაარსი სააპელაციო საჩივრის შინაარსის იდენტურია იხ. ტ.2 ს.ფ 195-198).

62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, კასატორის უფლებამონაცვლე თავის განცხადებებში მიუთითებს, რომ სანოტარო წესით დამოწმებული მოსარჩელის განცხადებაში გამოვლენილი ნება ბათილია სსკ-ის 54-ე და 55-ე მუხლების დანაწესების შესაბამისად, აგრეთვე როგორც მოტყუებით დადებული გარიგება ბათილია სსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუთველზე, თუმცა საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება მოსარჩელეს მითითებული საფუძვლით არ გაუსაჩივრებია, სააპელაციო საჩივარში აღნიშნული არ მიუთითებია (იხ. სააპელაციო საჩივარი ტომი 2, ს.ფ 193-203). შესაბამისად, არც სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ამ საკითხებზე (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ტ.3 154-178).

63. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

64. კანონის მითითებული დანაწესი გარკვეულ შეზღუდვას უდგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას, იგი ვერ გასცდება მხარის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი პრეტენზიის ფარგლებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა პრეტენზიას მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების სსკ-ის 54-ე, 55-ე, 81-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით ბათილად ცნობის შესახებ. სსსკ-ის 92-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მხარის საპროცესო უფლებამონაცვლეზე ამ მხარის საპროცესო უფლება-მოვალეობანი გადადის იმავე მოცულობითა და პირობებით, რაც ეს თავად მხარეს გააჩნდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის განხილვისას, მოკლებულია კანონით მინიჭებულ შესაძლებლობას, იმსჯელოს კასატორის უფლებამონაცვლის მიერ დამატებით მითითებულ იმ გარემოებებზე, რაც არ ყოფილა მითითებული სააპელაციო საჩივარში.

65. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება მოსარჩელის უფლებამონაცვლის საკასაციო პრეტენზია იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 19 აგვისტოს მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარი იყო, რომ მას არ შეეძლო საკუთარი ქმედების შედეგების სწორად აღქმა.

66. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

67. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. აღნიშნული წესის დაუცველობა კი მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

68. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

69. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

70. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 58-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, „ბათილად შეიძლება ჩიათვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს“. ნორმის გამოყენების წინაპირობა არის პირის მიერ ცნობიერების დაკარგვა ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობა, რომელიც არ იწვევს პირის მხარდამჭერის მიმღებად აღიარებას და დროებით ხასიათს ატარებს. მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც ამტკიცებს, რომ ნების გამოლენისას პირს ჰქონდა ცნობიერება დაკარგული ან იმყოფებოდა დროებითი ფსიქიკური მოშლილობის მდგომარეობაში (იხ. ლ.ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი პირველი, მუხლი 58, ველი 18, გვ. 340, თბილისი, 2017).

71. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა, რომ 2019 წლის 19 აგვისტოს სადავო ნების გამოვლენისას, მას მოვლენათა სწორი აღქმის შესაძლებლობა არ გააჩნდა. თავად მოსარჩელე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ნათლად, დეტალურად და გარკვევით იხსენებს დასახელებულ დღეს განვითარებულ მოვლენებს (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ტ.2.ს.ფ.178, პ.6.2. ეს გარემოება მოსარჩელის მიერ არ გასაჩივრებულა სააპელაციო წესით), ხოლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია და ექსპერტიზის დასკვნა ვერ ჩაითვლება სადავო პერიოდში მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობის – აღქმის უნარის არარსებობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებებად (იხ. წინამდებარე განჩინების პპ.27-29, 34).

72. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება აგრეთვე კასატორის უფლებამონაცვლის მოსაზრება, რომ 2013 წელის 19 აგვისტოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მოსარჩელის განცხადება წარმოადგენს მის უარს მამკვიდრებლის სამკვიდროში კუთვნილ წილზე. აღნიშნულ გარემოებაზე მხარე აპელირებს იმაზე მითითებით, რომ სამკვიდროზე უარი მოსარჩელეს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან სამ თვეში არ განუცხადებია, როგორც ამას სსკ-ის 1434-ე მუხლი ითვალისწინებს, შესაბამისად, ამგვარ უარს იურიდიული შედეგი არ უნდა მოჰყვეს.

73. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 52-ე მუხლის მიხედვით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

74. აღნიშნული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, თუ რას ფიქრობდა ნების გამომვლენი ან ნების მიმღები. სწორედ ამიტომაც, კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება (სუსგ 25.05.2010წ. საქმე №ას-1220-1480-09)

75. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ნების გამოვლენის განმარტება ემსგავსება კანონის განმარტებას: ორივე შემთხვევაში ხდება ბუნდოვანი, საეჭვო აზრის დაზუსტება. მაგრამ თუ კანონის განმარტებას ზოგადი ხასიათი აქვს, ე.ი. სავალდებულოა და გამოიყენება ყველას მიმართ და მიზნად ისახავს კანონის ბუნდოვანი ადგილების ერთიანი გაგების უზრუნველყოფას, გარიგების (ხელშეკრულების) განმარტების მიზანი უფრო ვიწროა – გარიგების (ხელშეკრულების) მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობის გარკვევა. ამიტომ ასეთ განმარტებას ძალა აქვს მხოლოდ გარიგების მონაწილეებისათვის.

76. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

77. განსახილველ საქმეზე სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის 2019 წლის 19 აგვისტოს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადების შინაარსი, კერძოდ, მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება წარმოადგენდა შვილის სამკვიდროს მიღებაზე უარის გაცხადებას თუ მან მოახდინა იმ ფაქტის კონსტატაცია, რომ მამკვიდრებლის სამკვიდრო მოსარჩელეს არც ფაქტობრივი და არც ნოტარიუსთან მიმართვის გზით არ მიუღია.

78. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულება გულისხმობს იმ ფაქტის დადასტურებას, რომ მოსარჩელეს, როგორც გარდაცვლილი შვილის - მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდერეს, სამკვიდრო ქონების მისაღებად ნოტარიუსისათვის განცხადებით არ მიუმართავს და არც ფაქტობრივი ფლობით ქონებას არ დაუფლებია, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია სააპელაციო პალატის შეფასების მიმართ, დაუსაბუთებელია (იხ. წინამდებარე განჩინების პ.33).

79. რაც შეეხება მოსარჩელის უფლებამონაცვლის განცხადებაში მითითებულ მოთხოვნას საქმეზე პროკურატურის თანამშრომლების დაკითხვისა და განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. შესაბამისად, კასატორის უფლებამონაცვლის აღნიშნული შუამდგომლობები, არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

80. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

81. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

82. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

83. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები 13.07.2018წ. საქმე №ას-777-771-2018, 13.10.17წ. საქმე №ას-1074-1032-2016).

84. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

85. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის 30%-ის – 1800 ლარის გადახდა.

86. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას, ახალი მტკიცებულების საქმეზე დართვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 11 ნოემბერს №ა-5158-2019 განცხადებაზე დართული წერილობითი მტკიცებულებები და მისი წერილობითი მოსაზრება სულ – 20 ფურცლად, 2019 წლის 12 ნოემბრის №ა-5186-2019 განცხადებაზე დართული CD დისკი, ასევე, 2019 წლის 14 ნოემბრის №ა-5219-2019 განცხადებაზე დართული 35 ფურველი, ვინაიდან სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ქ-ის უფლებამონაცვლე გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ გ. გ-ს (პირადი №01025005...) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის 30%-ის – 1800 ლარის გადახდა.

3. გ. გ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 11 ნოემბერს №ა-5158-2019 განცხადებაზე დართული წერილობითი მტკიცებულებები და მისი წერილობითი მოსაზრება სულ – 20 ფურცლად, 2019 წლის 12 ნოემბრის №ა-5186-2019 განცხადებაზე დართული CD დისკი, ასევე, 2019 წლის 14 ნოემბრის №ა-5219-2019 განცხადებაზე დართული 35 ფურცელი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი