საქმე №ას-56-56-2018 5 ნოემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ვ. კ-ძე, თ. ბ-ძე, ს. პ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ. ტ. ...“, ჯ. ქ-ძე, გ. ჯ-ვა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ნებართვის ბათილად ცნობა, ხელშეშლის აღკვეთა, საფლავის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ვ. კ-ძემ, თ. ბ-ძემ და ს. პ-ამ (შემდგომში _ პირველი, მეორე და მესამე მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეები ან კასატორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ქ. ტ. ...“-ის“, ჯ. ქ-ძისა და გ. ჯ-ვას (შემდგომში _ პირველი, მეორე და მესამე მოპასუხე, აპელანტები, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვეს პირველი მოპასუხის მიერ საოჯახო საფლავის მეორადი გაცემისა და კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების შესახებ გაცემული ბრძანების გაუქმება, საოჯახო საფლავის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა (საფლავიდან 2014 წლის ივლისში გარდაცვლილი და ამავე წლის ოქტომბერში გადასვენებული პ. ჯ-ვას ამოსვენება), საფლავის მოაჯირისა და ქვების აღდგენა, ასევე, მორალური ზიანის _ 30 000 ლარის ანაზღაურება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეები გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან ფლობენ ქ.ქუთაისში, „...“ სასაფლაოზე ოთხადგილიან, სტანდარტულ საოჯახო საფლავს, რომელშიც განისვენებენ მათი ბებია-პაპები: ვ. და ს. ნ-ები (ნ-ები), ლ. ნ-ი (ნ-ი) და ლ. შ-ია. საფლავის მფლობელობა დასტურდება სახაზინო საწარმოს „ქ. ტ.“ მიერ გაცემული საოჯახო საფლავის #.. პასპორტით. 2014 წლის 14 ნოემბერს, როდესაც მოსარჩელეები იმყოფებოდნენ განსვენებულების მამის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, დ. ნ-ის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოზე, გადაწყვიტეს ბებია-პაპების საფლავის მონახულებაც, რა დროსაც აღმოჩინეს, რომ იქ დაკრძალულია მათთვის უცნობი პირი _ პ. ჯ-ა, მოშლილია გალავანი და განადგურებულია საფლავის ქვები. სასაფლაოს მმართველი ორგანიზაციის პასუხით, არ დასტურდება მათი მფლობელობის უფლება აღნიშნულ საფლავებზე, ამავე დროს გაირკვა, რომ 2014 წლის 25 ოქტომბერს შპს „ქ. ტ. ...““ მიერ განხორციელდა სადავო საოჯახო საფლავის მეორადი გაცემა, რისთვისაც, მოწმეების ჩვენებების საფუძველზე, დაადგინეს ვინმე მ. გ-ასა და ჯ. ქ-ძის ბიძაშვილ-მამიდაშვილობა, ამ უკანასკნელის განმარტებით კი, სადავო სასაფლაოზე განსვენებული პირები იყვნენ მისი ქმრის _ გ. ნ-ის ნათესავები.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. პირველმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი პასპორტი არ შეიცავს აუცილებელ რეკვიზიტებს, კერძოდ, არ არის მითითებული თარიღი, ნომერი, სასაფლაო, თუ სად არიან დაკრძალული მასში მითითებული პირები;
2.2. მეორე და მესამე მოპასუხეებმა ასევე არ ცნეს სარჩელი იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელეებს არ გააჩნიათ უფლებები სადავო სასაფლაოზე, რადგან მათ მიერ წარმოდგენილი პასპორტი არ შეიცავს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას. ჯ. ქ-ძის მფლობელობის უფლება კი, სადავო სასაფლაოზე დადგენილია, ისევე, როგორც მათი ნათესაური კავშირი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი მოპასუხის მიერ საოჯახო საფლავის მეორადი გაცემისა და საფლავის კეთილმოწყობითი სამუშაოების ჩატარების ნებართვის შესახებ ბრძანება და მოპასუხეებს დაევალათ საოჯახო საფლავის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა, კერძოდ, საფლავიდან 20... წლის ივლისში გარდაცვლილი და ამავე წლის ოქტომბერში გადასვენებული პ. ჯ-ას ამოსვენება, ასევე, სასაფლაოზე არსებული მოაჯირისა და საფლავის ქვების აღდგენა. მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოსარჩელეები წარმოადგენენ თუ არა საოჯახო საფლავის მართლზომიერ მფლობელებს და აქვთ თუ არა მათ სანივთო მოთხოვნის წარდგენის უფლებამოსილება მოპასუხეების მიმართ. ამ თვალსაზრისით სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის მტკიცება მოსარჩელეებმა ვერ დაძლიეს, რის გამოც, მათი მოთხოვნა წარუმატებელი იყო.
1.2. კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს და ძირითადად სასამართლოს მხრიდან საპროცესო სამართლის წესების დარღვევაზე მიუთითებენ, კერძოდ, მიიჩნევენ, რომ სასამართლომ არასრულყოფილად შეაფასა საქმის მასალები, რის გამოც არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ამისა, კასატორები პრეტენზიას აცხადებენ გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობის თაობაზე.
1.3. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორთა პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით, ისე _ 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევები, კერძოდ, მიღებული გადაწყვეტილება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ამასთანავე, სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ ემყარება საქმის მასალების სრულყოფილ კვლევას (სსსკ-ის 105-ე მუხლი).
1.4. საკასაციო პალატა მიუბრუნდება განსახილველ საკითხს. სარჩელის ფაბულიდან იკვეთება, რომ მოსარჩელეები პრეტენზიას აცხადებენ საფლავის მეორადი გაცემის შესახებ სასაფლაოს მმართველი ორგანიზაციის თანხმობის კანონიერებაზე, რამდენადაც მიიჩნევენ, რომ სადავო საფლავში განისვენებენ მათი წინაპრები, რაც ნივთის მართლზომიერ მფლობელობას ადასტურებს. ამ მოცემულობის ფარგლებში კი, პრეტენზიას აცხადებენ მათი მფლობელობის ობიექტის ხელყოფაზე და მოითხოვენ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი და მეორე წინადადება წარმოადგენს. განსახილველი ნორმის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. ნორმის წინაპირობების ამომწურავად დადგენის მიზნით საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს მასში მოხსენიებული სუბიექტის _ კეთილსინდისიერი მფლობელის ცნებას. სამოქალაქო კოდექსის 155-ე-164-ე მუხლებით მოწესრიგებულია მფლობელობის ინსტიტუტი, თუმცა, რიგ შემთხვევაში, არ არის გამიჯნული მფლობელობის იურიდიული ბუნება. ნორმათა სისტემური განმარტებიდან შეიძლება მფლობელობის რამდენიმე სახის გამოყოფა: მართლზომიერი მფლობელი, კეთილსინდისიერი მფლობელი და არაკეთილსინდისიერი მფლობელი. მათ შორის ძირითადი სხვაობა მფლობელობის წარმოშობის საფუძველი და მის მიმართ პირის სუბიექტური დამოკიდებულებაა, რამდენადაც მართლზომიერი მფლობელი არის პირი, რომელსაც უფლება ნივთზე კანონიერად აქვს მოპოვებული. თავად კეთილსინდისიერი მფლობელი კი შეიძლება არ იყოს მართლზომიერი მფლობელი, არამედ, ფლობის იურიდიული ხარვეზის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულება იყოს კეთილსინდისიერი (არ იცის და არც შეიძლება იცოდეს უფლების ხარვეზი), რაც შეეხება არაკეთილსინდისიერ მფლობელს, ეს არის პირი, რომელმაც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა კანონსაწინააღმდეგოდ მოიპოვა და აღნიშნულის თაობაზე მისთვის იმთავითვე იყო ცნობილი. შესაბამისად, განსხვავებულია თითოეული ამ მფლობელის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც. განსახილველი ნორმის მიზნებისათვის კანონმდებელი მოიაზრებს მართლზომიერ კეთილსინდისიერ მფლობელს, რომელსაც ნამდვილი სანივთო უფლება გააჩნია.
1.5. სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარმატებულობისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ არის ნივთის მართლზომიერი მფლობელი; მას ჩამოერთვა მფლობელობა; მოპასუხე ნივთს არამართლზომიერად ფლობს. რაც შეეხება შესაგებელს, თუკი სარჩელის ფორმალური გამართულობის საკითხი დაძლეული იქნება, ახალ მფლობელს გარდა ზემოხსენებული წინაპირობებისა, უფლება აქვს, მიუთითოს საკუთარი მფლობელობის უპირატესობაზე, რაც სარჩელის წარმატებას აფერხებს. რაც შეეხება ფაქტების მტკიცების ტვირთს, შესაგებელში გამოთქმული შედავებების გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება სამოქალაქო კოდექსის 160-ე მუხლის პირველ წინადადებაში გადმოცემული ფაქტების მტკიცების მოვალეობა, ხოლო მოპასუხეს, თუკი იგი საკუთარი მფლობელობის უპირატესობაზე აპელირებს _ ამავე ნორმის მე-2 წინადადების აღწერილობით ნაწილში მოცემული ელემენტებისა.
1.6. საკასაციო სასამართლო მიუბრუნდება სარჩელის ფაბულასა და მოპასუხეთა შედავების საფუძლიანობას და მიიჩნევს, რომ სარჩელი ფორმალურად გამართულია, მასში გადმოცემულია მოთხოვნის განხორციელების წინაპირობები. რაც შეეხება შესაგებელს, მოპასუხეთა ძირითადი შედავება ემყარება მოსარჩელის მფლობელობის მართლზომიერებას, კერძოდ, მოპასუხეები არ ეთანხმებიან მოსარჩელეთა მითითებას იმის თაობაზე, რომ მათ გააჩნიათ მფლობელობის უფლება. სწორედ ხსენებული ფაქტი წარმოადგენს მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, რომლის მტკიცებაც, როგორც უკვე ითქვა, მოსარჩელეს ეკისრება.
1.7. მტკიცების მიზნით მოსარჩელეებმა წარადგინეს საფლავის პასპორტი. ხსენებულ მტკიცებულებასთან მიმართებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე ფაქტობრივ საკითხზე:
1.7.1. პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას სასამართლომ დაადგინა და მხარეთა შორის სადავო არაა, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ექიმი დ. ა. ძე ნ-ი, ეროვნებით ქართველი, გარდაიცვალა ქალაქ ქუთაისში 19... წლის ... თებერვალს, მისი მეუღლე იყო ტ. ა-ო. დ. ნ-ის შვილი _ ვ. ნ-ი გარდაიცვალა 19... წლის .. მაისს, მეორე შვილი _ ლ. ნ-ვი _ 1958 წლის 14 იანვარს. ლ. ნ-ის მეუღლე იყო ლ. შ-ია, მათ შვილი არ ჰყოლიათ.
1.7.2. ვ. ნ-ის მეუღლე იყო ს. ვ. ასული ნ-ვა, რომელიც გარდაიცვალა 19... წლის .. იანვარს. ვ. და ს. ნ-ების შვილები იყვნენ ტ. ნ-ი, რომელიც გარდაიცვალა 20... წლის ... სექტემბერს და რ. ნ-ვი, გარდაცვლილი 19... წლის ... მარტს. ტ. ნ-ს დარჩა შვილი _ ს. პ-ია, ხოლო, რ. ნ-ვს _ შვილი, თ. ბ-ძე და სიძე _ ვ. კ-ძე;
1.7.3. ტ. ნ-ის დაბადების შესხებ სააქტო ჩანაწერში მშობლებად მითითებულია მამა – ვ. დ. ძე ნ-ვი, ქართველი და დედა – ს. ვ. ასული ნ-ვისა, რუსი, ანუ მიუხედავად იმისა, რომ მშობლები არიან ნ-ვებად რეგისტრირებული, შვილი ჩაწერილია ნ-ად.
1.7.4. რ. ნ-ვას სახელზე გაცემულ ყველა დოკუმენტში მითითებულია მამის სახელი ვ.ი, გარდაცვალების მოწმობაში კი, დამატებით დედის სახელი _ ს., მისი საპენსიო მოწმობა გაცემულია ნ-ი-ნ-ვას გვარზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ დ. ნ-ვის სახლ-მუზეუმი გახსნილია დ. ნ-ის სახელზე და ასევე ჰქვია ერთ-ერთ ქუჩას ქ.ქუთაისში, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ოფიციალური დოკუმენტი გაცემულია დ. ნ-ვის სახელზე.
1.7.5. ქ.ქუთაისის სახაზინო საწარმო „ქ. ტ.“ მიერ გაცემულია საოჯახო საფლავის პასპორტი ვ. კ-ძის სახელზე. პასპორტის თანახმად, განისაზღვრა საოჯახო საფლავის მიწის ნაკვეთი 12 კვ.მ, სადაც დაკრძალულია ნ-ი ს. ვ. ასული, დასაფლავების წელი – 19...; ნ-ი ვ. დ. ძე, დასაფლავების წელი – 19...; ნ-ი ლ. დ. ძე, დასაფლავების წელი – 19....; ლ. თ. ასული შ-ია, დასაფლავების წელი – 19...; მასში მითითებულია საფლავის ადგილმდებარეობის ნახაზიც და დამოწმებულია ბეჭდით, ასევე ხელმოწერილია შემდგენის, ვინმე მ.მ-ძისა და დირექტორ თ.კ-ის მიერ. პასპორტზე არ არის მითითებული თარიღი.
1.7.6. პასპორტში აღნიშნული პირების დასაფლავების წლები ემთხვევა მოსარჩელეთა წინაპრების დაკრძალვის წლებს, იგივეა სახელები და მამის სახელები, განსხვავებულია მხოლოდ გვარები (ნ-ი-ნ-ი).
1.7.7. შპს „ქ. ტ.“ დირექტორის წერილობითი განმარტებით, საარქივო ჩანაწერების წიგნები, რომელიც მოიცავს 1945 წლიდან დღემდე ინფორმაციას, მხოლოდ კონკრეტულ სასაფლაოებზე მიცვალებულების წლების მიხედვით დაკრძალვის, გადახდილი სარიტუალო თანხის ოდენობისა და შესაბამისი ქვითრის ნომრების შესახებ გადაცემული აქვს შპს „ქ. ტ. ...“.
1.7.8. 2014 წლის 11 სექტემბერს გ. ჯ-ვამ განცხადებით მიმართა შპს „ქ. ტ. ...“ ადმინისტრაციას, სადაც მიუთითა, რომ გარდაეცვალა შვილი _ პ. ჯ-ვა, რომლის გადმოსვენებაც სურს ქალაქ ქუთაისის ... სასაფლაოზე, მისი მეუღლის _ მ. გ-ას ბიძაშვილის _ ჯ. ქ-ძის საოჯახო საფლავში და ითხოვა შესაბამისი ნებართვა. შპს „ქ. ტ. ...“ დირექტორმა 2014 წლის 15 სექტემბერს გ. ჯ-ვას წერილობით უპასუხა, რომ თუ მოხდებოდა საფლავის იდენტიფიკაცია, სახეზე იქნებოდა საოჯახო საფლავის წევრების თანხმობა და წარედგინებოდათ ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, განცხადებას განიხილავდნენ. 2014 წლის 9 სექტემბერს ნ. გ-ძემ, მ. თ-ძემ და პ. ჯ-ძემ ნოტარიულად დაადასტურეს, რომ ჯ. ქ-ძე და მ. გ-ია იყვნენ ბიძაშვილ-მამიდაშვილები. ვინაიდან ჯ. ქ-ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 19... წლის ... ოქტომბერს ქ.თბილისში გარდაცვლილ გ. ნ-ვთან, ჯ. ქ-ძემ ნოტარიულად განაცხადა თანხმობა, პ. ჯ-ვა დაესაფლავებინათ მათი ოჯახის სასაფლაოზე. გარდაცვლილი პირებისა და გ. ნ-ის ნათესაური კავშირი შპს-ს „ქ. ტ. ...-ს“ არ დაუდგენია და არც შესაბამისი დოკუმენტი მოუთხოვია განმცხადებლისათვის.
1.7.9. 2014 წლის 10 ოქტომბერს გ. ჯ-ვას განცხადება შვილის გადმოსვენებაზე შესასრულებლად იქნა მიქცეული შპს „ქ. ტ. ...“ დირექტორის რეზოლუციით, ამავე განცხადებაზე დართულია ადმინისტრატორის მიერ შედგენილი საფლავის ნახაზი, სადაც გადმოსვენების ადგილზე მიწერილია ნ-ი 19..., ლ.დ. ნ-ვი 19.., მეზობელ საფლავებზე კი მიწერილია გვარები: ა-ი, კ-ი, ლ-ი, წ-ი, თ-ძე, ხოლო ერთ საფლავზე გვარი არ იკითხება. ვ. კ-ძის სახელზე გაცემულ საოჯახო საფლავის პასპორტში ნ-ების საფლავის გვერდით განლაგებულ საფლავებზე გაკეთებულია წარწერები კ-ი, კ-ი, წ-ი, უცნობი.
1.7.10. 2014 წლის 25 ოქტომბერს შპს „ქ. ტ. ...“ დირექტორმა გამოსცა #3/217-2014 ბრძანება, რომლითაც გ. ჯ-ვას მიეცა უფლება, ჩაეტარებინა საფლავის კეთილმოწყობის სამუშაოები.
1.7.11. საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ პ. ჯ-ვას გადასვენების ადგილას დაკრძალული იყვნენ ჯ. ქ-ძის ქმრის _ გ. ნ-ვის ნათესავები. გადმოსვენების ნებართვაზე შესრულებულ ნახაზზე მითითებული ნ-ების გარდაცვალების წლები და სახელის ინიციალები ზუსტად ემთხვევა მოსარჩელეთა წინაპრების მონაცემებს, ასევე, ნაწილობრივ ემთხვევა მეზობლად განთავსებულ საფლავებზე დაკრძალული პირების გვარები.
1.7.12. აღნიშნული დასკვნების საწინააღმდეგოდ, სააპელაციო სასამართლომ ისე უარყო მოსარჩელეთა მფლობელობა სადავო საფლავზე, რომ გადაწყვეტილება არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას, თუ რატომ არ იზიარებდა სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებს, რომელთა ანალიზიდან გამომდინარე, მოსარჩელეთა მართლზომიერი უფლება საფლავზე დადასტურებულად იქნა მიჩნეული. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა საოჯახო საფლავის მონაცემების უარყოფის თაობაზე არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივი კვლევის სტანდარტს (მომიჯნავე საფლავთა ნაწილის მიუთითებლობა ამ დოკუმენტის უარყოფის საკმარისი საფუძველი არ არის), გარდა ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სასამართლოს ლოგიკურ ანალიზს სააპელაციო წარმოების ეტაპზე დანიშნული ექსპერტიზის კვლევის შედეგების თაობაზე.
1.8. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ თუკი დადებითად გადაწყდება სადავო ნივთზე მოსარჩელეთა მართლზომიერი მფლობელობის საკითხი, მხოლოდ ამის შემდგომ იქნება სამართლებრივად ღირებული უკეთესი უფლების მქონე პირის საკითხის კვლევა, რამდენადაც, გ. ჯ-ვას მფლობელობის საფუძველს წარმოადგენს სასაფლაოს მმართველი ორგანიზაციის თანხმობა საფლავის მეორად გაცემაზე („თვითმმართველ ქ.ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ და „ს“ ქვეპუნქტებისა და მე-8 მუხლის თანახმად, საფლავის მეორადი გაცემა არის ადრე არსებული საფლავის წინამდებარე წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად ხელახალი გაცემა. საფლავის მეორადი გაცემა ან/და ზემოდან დაკრძალვა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ჭირისუფლის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით. ჭირისუფლის მიერ საფლავის სასაფლაოს მმართველისათვის ჩაბარების შემთხვევაში, საფლავი შეიძლება გაიცეს მეორადად. ჭირისუფლად კი მიიჩნევა გარდაცვლილის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი, ან მის სიცოცხლეში ანდერძით ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტით დასახელებული პიროვნება, რომელიც ახორციელებს დაკრძალვის ცერემონიალს და იხდის მომსახურების ხარჯებს).
1.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო სამართლის წესების დარღვევით დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაბამისად, სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. ამასთანავე, რადგანაც საჭიროა მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძვლით, პალატა საქმეს ხელახლა განსახილვად უბრუნებს იმავე სასამართლოს, რომელმაც ამ განჩინებაში განვითარებული მსჯელობის შესაბამისად უნდა გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, შეაფასოს საქმის მასალები, დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შემდგომ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.
2. პროცესის ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. კ-ძის, თ. ბ-ძისა და ს. პ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი