Facebook Twitter

საქმე №ას-133-2019 27 ნოემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ა. ზ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ს. ჯ. ე.“ (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით ა. ზ-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „ს. ჯ. ე.“ საბანკო ანგარიშზებს 130 000 ლარის ფარგლებში. ამავე სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კი, შპს „ს. ჯ. ე.“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინება და ახალი გადაწყვეტილებით ა. ზ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილება;

ა.ზ-ი აღდგენილ იქნა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე;

შპს „ს. ჯ. ე.“ ა. ზ-ის სასარგებლოდ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისრა ყოველთვიურად 5 000 ლარის გადახდა;

საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება დატოვებულ იქნა ძალაში.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ა. ზ-მა და განმარტა, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების აღსრულება და საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების გამო ვერ ხერხდება მოვალისაგან თანხის ამოღება, შესაბამისად, განმცხადებელმა ითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების გაუქმება.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ა. ზ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით საფუძვლიანად იქნა მიჩნეული ა. ზ-ის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე, შესაბამისად, კრედიტორის ინტერესების სამომავლოდ დაცვის მიზნით საკასაციო სასამართლომ გამოიყენა უზრუნველყოფის საშუალება. საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კი, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა.ზ-ის სარჩელი, ფაქტობრივად, ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი თვის ხელფასის ოდენობით თანხის _ 5 000 ლარის ნაწილში შეიცვალა, ამდენად, გამართლებული აღმოჩნდა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საშუალების გამოყენება.

უდავოა, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი კრედიტორის სასარგებლოდ, ამასთანავე, სწორედ კრედიტორის განცხადებით ირკვევა, რომ იძულებითი აღსრულების პროცესი დაწყებულია და მოვალის ვალდებულების შესრულებას ხელს უშლის საკასაციო სასამართლოს განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რის გამოც, კრედიტორი მის გაუქმებას მოითხოვს.

საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლს, რომელიც საპროცესო სამართლის ქვაკუთხედია. ხსენებული ნორმის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. განსახილველი ნორმა, ფუნქციური დანიშნულებიდან გამომდინარე, ფართო განმარტებას ექვემდებარება და მხარის ნებისმიერ საპროცესო ნებას უდევს საფუძვლად, რადგანაც სწორედ დისპოზიციურობის გამოვლინებაა ის საკითხი, რომ სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ მხარის მოთხოვნის საფუძველზე და სწორედ მის მოთხოვნას უნდა უკავშირდებოდეს ამ დროებითი ღონისძიების გაუქმებაც. გარდა ამისა, ვინაიდან უკვე მიმდინარეობს გადაწყვეტილების აღსრულება, პალატა მიიჩნნევს, რომ აღარ არსებობს ამ ღონისძიების ძალაში დატოვების აუცილებლობაც.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ანა ზაქარეიშვილის შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ს. ჯ. ე.“ (ს/კ #40447...) საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო ანგარიშს 130 000 ლარის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 195-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ზ-ის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 აპრილის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს „ს. ჯ. ე.“ (ს/კ #404473...) საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო ანგარიშს 130 000 ლარის ფარგლებში.

3. განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი