Facebook Twitter

საქმე №ას-133-2019 7 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს. ჯ. ე.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე –ა. ზ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ა. ზ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. ჯ. ე.“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან კომპანია) მიმართ შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობის, მარკეტინგის დეპარტამენტის .. თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა 2017 წლის თებერვლისა და მარტის ხელფასის _ 10 000 ლარის, ასევე, 2017 წლის მარტიდან დავის დასრულებამდე ყოველთვიურად 5 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში მარკეტინგის დეპარტამენტის .... თანამდებობაზე. ხელშეკრულების თანახმად, პირველი 3 თვე წარმოადგენდა გამოსაცდელ ვადას. თუ გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, 2017 წლის 1 თებერვლამდე დამსაქმებელი არ მოშლიდა ხელშერულებას და მხარეები ერთმანეთს ამის შესახებ არ შეატყობინებდნენ, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელებულად ჩაითვლებოდა. დამსაქმებლის უფლებამოსილ პირს მოსარჩელისათვის არც წერილობით და არც ზეპირად არ შეუტყობინებია სამსახურიდან გათავისუფლების ან შრომითი ურთიერთობის მოშლის თაობაზე, შესაბამისად, მოსარჩელემ განაგრძო მუშაობა გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომაც, კერძოდ _ 2017 წლის 2 და 3 თებერვალს. 2017 წლის 6 თებერვალს დასაქმებული კომპანიის დაცვამ არ შეუშვა შენობაში და შეატყობინა, რომ ის აღარ მუშაობდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა აღნიშნულზე შეადგინა რეაგირების ოქმი. ვინაიდან უფლებამოსილი პირებისგან არ ფლობდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, მოსარჩელემ 2017 წლის 27 თებერვალს წერილობით მიმართა დამსაქმებელს გათავისუფლების შესახებ ბრძანების გადაცემისა და გათავისუფლების მიზეზის განმარტების თაობაზე. 2017 წლის 7 მარტის შეტყობინებით ეცნობა, რომ იგი სამთვიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული თანამდებობაზე და მას ვადა ეწურებოდა 2017 წლის 1 თებერვალს. წერილის თანახმად, დასაქმებულს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისგან 2017 წლის 31 იანვარს სიტყვიერად ეცნობა, რომ კომპანია აღარ აპირებდა მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას. 2017 წლის 7 მარტს, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, დამსაქმებელმა წარადგინა მოსარჩელისთვის იქამდე უცნობი წერილი შრომითი ურთიერთობის მოშლის შეტყობინების თაობაზე, რომელიც სრულიად გაუგებრად იყო დათარიღებული ერთდროულად როგორც 2017 წლის 31 იანვრით, ასევე _ იმავე წლის 7 მარტით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ძირითადად იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის წერილობითი შეტყობინება მოსარჩელემ არ ჩაიბარა, რის გამოც, მას შეტყობინების შინაარსი ეცნობა სიტყვიერად, მოსარჩელესთან გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების მოშლის უფლება გააჩნდა დამსაქმებელს, ხოლო, ამ ვადის ამოწურვის შემდგომ სამუშაოს შესრულების ფაქტს ვერ ამტკიცებს მოსარჩელე. 2017 წლის 2 და 3 თებერვალს დასაქმებული კომპანიაში საკუთარი ნივთების წასაღებად და არა სამუშაოს შესასრულებლად გამოცხადდა. აღნიშნული ამტკიცებს იმას, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო დამსაქმებლის ნება და ეთანხმებოდა მას. საქმის მასალებით არ დგინდება უვადო შრომით ურთიერთობაში მხარეთა გადასვლის ფაქტი, შესაბამისად, სარჩელის ყველა მოთხოვნა უსაფუძვლოა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო) სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ, დასაქმებული აღდგენილ იქნა კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით 10 000 ლარის გადახდა, 2017 წლის თებერვლისა და მარტის თვის საზღაურის, ასევე, 2017 წლის მარტიდან დავის დასრულებამდე ყოველთვიურად 5 000 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება;

3.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განჩინებით დამსაქმებლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მათი გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო პალატის შეფასების საგანს სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის საპატიოობა და ის გარემოება წარმოადგენს, არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. ამ თვალსაზრისით, კასატორი ძირითადად ორ პრეტენზიას გამოთქვამს: ა) მოპასუხე არ ყოფილა სასამართლოში დაბარებული კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, უწყება მას, როგორც ორგანიზაციას არ ჩაბარებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, ეხელმძღვანელა ამავე ნორმის მე-7 ნაწილით და შესაბამისი სამსახურისათვის დაევალებინა უწყების ადრესატისათვის ჩაბარება, ხოლო, საქმეში წარმოდგენილი უწყების ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ ცნობით შეუძლებელია იმის დადგენა, საერთოდ გამოცხადდა თუ არა უწყების მიმტანი მოპასუხის მისამართზე; ბ) სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, კერძოდ, სასამართლოს შესაგებელში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტი, რომ გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება არ გაგრძელებულა უვადოდ, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულებას. გარდა ამისა, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილზე და ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი საშუალებით დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა, რომლის წინააღმდეგაც სასამართლომ კასატორს კანონით გათვალისწინებული სამივე პირობის ერთდროულად შესრულება დაავალა.

1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის მიზნებისათვის კანონდარღვევად განიხილება სასამართლოს მიერ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის არასწორი მოძიება ან მისი არასწორი გამოყენება ან/და განმარტება. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. თავის მხრივ, განსახილველი ნორმიდან გამომდინარეობს ის დასკვნაც, რომ საკასაციო საჩივრის წარმატებას თავად კასატორის მიერ ზემოხსენებულ საფუძვლებზე მითითება და ამ გზით საკასაციო შედავებათა დასაბუთება განაპირობებს.

1.3. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით სასამართლო უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე:

1.3.1. პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობისას მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 230-ე მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მხარე დადგენილი წესით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე და არასაპატიოდ არ უნდა გამოცხადდეს სხდომაზე; ბ) სარჩელში მითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას. მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმის სწორად მოძიებას, რომელიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და იძლევა ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ სასამართლო ამოწმებს მითითების ტვირთის მოსარჩელის მხრიდან დაძლევის საკითხს და ადგენს სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.

1.3.2. რაც შეეხება მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას, სამოქალაქო საპრპცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლების თანახმად, იგი დაიშვება, თუ მხარე, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, დაამტკიცებს, რომ:

ა) იგი მოწვეული არ იყო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ არსებობდა დაუძლეველი ძალა ან სხვა მოვლენები, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის;

გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

ე) არსებობს საპატიო მიზეზი, რის გამოც მხარე ვერ გამოცხადდა სასამართლოში და ამავდროულად, ვერ შეძლო სასამართლოს წინასწარ ინფორმირება.

1.4. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ:

1.4.1. დასაქმებულის სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეს ჩაბარდა შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ... მოედანი #.... სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენილ იქნა შესაგებელი, სადაც მისამართად მითითებულია: ქ.თბილისი, კ. ქ#.... გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, კომპანიის იურიდიული მისამართი ემთხვევა შესაგებელში მითითებულ მისამართს;

1.4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დასაქმებულის სარჩელთან დაკავშირებით მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 12 დეკემბერს, 14:30 საათზე, რომელზეც არ გამოცხადდა მოპასუხე;

1.4.3. სასამართლო სხდომის თაობაზე დამსაქმებელს ორჯერ გაეგზავნა სასამართლო უწყება შესაგებელში მითითებულ მისამართზე და ერთხელ _ სარჩელში მითითებულ მისამართზე (ქ.თბილისი, .... მოედანი #...). ადრესატის მისამართზე მოუძიებლობის გამო, სასამართლო გზავნილი საფოსტო სამსახურის მიერ ჩაუბარებელი სახით უკან იქნა დაბრუნებული.

1.5. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მას სასამართლო შეტყობინება არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები განსაზღვრავენ რა სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების წესებს, პირები, რომელთათვისაც ცნობილია მათ წინააღმდეგ ან სასარგებლოდ სასამართლოში მიმდინარე დავის თაობაზე, ვალდებული არიან დაიცვან ეს წესები, რადგანაც სასამართლო მათი ინფორმირების საკითხს სწორედ საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში შეამოწმებს. უდავოა ის გარემება, რომ მოპასუხე ჯეროვნად იყო ინფორმირებული დასაქმებულის სარჩელის სასამართლოს წარმოებაში არსებობის თაობაზე, მას მიეცა საპროცესო თავდაცვის საშუალების გამოყენების შესაძლებლოობა და შესაგებლის წარდგენით განკარგა კიდევაც შესაბამისი საშუალებები, ამდენად, შემოწმებას ექვემდებარება პროცესის შემდგომი ეტაპის _ სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა თუ არა მას კანონით დადგენილი წესით. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.4. პუნქტში მითითებული ფაქტების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს უწყების ჩაბარებასა და მისი ჩაუბარებლობის შედეგებს. მოხმობილი ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით (სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე) გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ უწყება მხარეს მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ორჯერ, თუმცა ვერ ჩაბარდა ადგილზე ადრესატის არყოფნის გამო, გარდა ამისა, სასამართლომ ალტერნატიულ მისამართზეც სცადა უწყების გაგზავნა, თუმცა, ვერც ამჯერად მოხერხდა მისი ჩაბარება, შესაბამისად, საპროცესო წესების თანახმად, მხარე ინფორმირებულად მიიჩნევა და მითითებულ მისამართზე არყოფნის ნეგატიური შედეგების მატარებელიც თავადვეა. საკასაციო პალატა აქვე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოპასუხე კერძო სამართლის იურიდიული პირია, შესაგებელში მითითებული მისამართი კი, მისი რეგისტრირებული იურიდიული მისამართია. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად). ამავე კანონის მე-5 მუხლი იურიდიული პირის რეგისტრაციის ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევს მისი იურიდიული მისამართის მითითების აუცილებლობას და იმ შემთხვევაში, თუკი პირს არ ექნება მითითებული ალტერნატიული მისამართი (ფაქტობრივი), რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად. გარდა ამისა, სასამართლო უარყოფს კასატორის ეჭვს, რომ უწყების მიმღები პირის მისამართზე გამოცხადება საერთოდ არ დგინდება. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტები _ საფოსტო უკუგზავნილები კურუერის მიერ მითითებულ მისამართზე გამოცხადებას ადასტურებს, საპირისპირო მტკიცებულება კი, საქმეში არ მოიპოვება, რაც მხარის პრეტენზიის გაზიარებას გამორიცხავს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის თაობაზე და იგი არასაპატიოდ არ გამოცხადდა დანიშნულ დროს სასამართლოში.

1.6. რაც შეეხება კასატორის მეორე პრეტენზიას _ მოთხოვნის იურიდიული მართებულობის თაობაზე, პალატა ნაწილობრივ იზიარებს მას (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის კონტექსტში) და ხაზს გაუსვამს იმ გარემოებას, რომ სარჩელის იურიდიული საფუძვლიანობის გამორკვევა სამართლის საკითხს წარმოადგენს და მიუხედავად მხარის მოთხოვნისა, სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული ამ კუთხით წარმართოს შესაბამისი კვლევა. მოთხოვნის იურიდიული საფუძვლიანობის შემოწმება ხდება შემდეგნაირად: სასამართლომ უნდა განსაზღვროს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა და შეამოწმოს ამ ნორმის ყველა წინაპირობა მითითებულია თუ არა სარჩელში. განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი, 44-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი და 408-ე მუხლის პირველი ნაწილია.

1.7. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების (იხ. აღწერილობით ნაწილის 1.2. პუნქტი) სამართლის ნორმებთან სუბსუმირებით დგინდება, რომ მხარეთა შორის წარმოიშვა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ურთიერთობა. შრომითი პირობები განისაზღვრა წერილობითი ხელშეკრულებით, რომლის ფარგლებშიც, ამავე კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ სამთვიან გამოსაცდელ ვადაზე. აღნიშნული ვადა ამოიწურა და დასაქმებულმა გააგრძელა სამუშაოს შესრულება, შესაბამისად, შრომის კოდექსის მე-6 მუხლის საფუძველზე, ფაქტობრივად უვადოდ გაგრძელდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. დამსაქმებელმა მოსარჩელესთან სამართლებრივ ურთიერთობაზე უარი განაცხადა გამოსაცდელი ვადის ამოწურვის მოტივით, რაც ამავე კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე დაუშვებელია. გამოსაცდელი ვადის ამოწურვის შემდგომ შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობაზე უარის თქმა დასაშვებია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით, რამდენადაც ხსენებული ნორმის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების გათვალისწინებით, დასაქმებულის პრეტენზია მოპასუხის ცალმხრივი ნების ბათილობის თაობაზე გამართლებულია.

1.8. შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან დამსაქმებლის ცალმხრივი ნება, როგორც კანონსაწინააღმდეგო, მიიჩნევა სამართლებრივი ძალის არმქონედ, იურიდიულად გამართლებულია ასევე სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილშიც სარჩელი.

1.9. რაც შეეხება თანხის დაკისრებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მხრიდან შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის გამო მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს ვალდებულების დარღვევით გამოწვეულ ზიანის ანაზღაურებას (აღნიშნული განსხვავდება შრომის კოდექსის 31.1 მუხლით გათვალისწინებული იძულებითი განაცდურისაგან, რომელიც შრომითი ურთიერთობის პროცესში იძულებით მოცდენას ადგენს და არა შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივად მოშლის შედეგად დასაქმებულისათვის ზიანის მიყენების საკითხს). შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ვინაიდან ორგანული კანონი არ ადგენს ზიანის ანაზღაურების სპეციალურ წესს, მისი პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საკითხი სამოქალაქო კოდექსის მოწესრიგების ფარგლებში უნდა გადაწყდეს. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. მოცემულ შემთხვევაში, ნორმის წინაპირობები დადასტურებულია (მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ბრალეული დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანი და მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ქონებრივ დანაკლისს შორის). ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელში მითითებული გარემოებით, რომლის თანახმადაც ის სამუშაოზე ფაქტობრივად 2017 წლის 6 თებერვლიდან აღარ დაუშვეს, სარჩელი კი, აღძრულია 2017 წლის 4 აპრილს. ზიანის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ფორმულირებულია შემდეგნაირად: მოპასუხეს დაეკისროს 2017 წლის თებერვლისა და მარტის განაცდურის _ 10 000 ლარის, ასევე, 2017 წლის მარტიდან დავის დასრულებამდე ყოველთვიურად 5 000 ლარის ანაზღაურება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გათავისუფლებიდან _ 2017 წლის თებერვლიდან ყოველთვიურად 5 000 ლარის დაკისრების ნაწილში გამართლებულია, ხოლო, მარტის თვის ხელფასის ორჯერ დაკისრება ეწინააღმდეგება ზიანის ანაზღაურების წესს და იწვევს პირის უსაფუძვლო გამდიდრებას. ამგვარ მოთხოვნას არც ფაქტობრივი საფუძველი გააჩნია და არც სამართლებრივი, რადგანაც სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

2. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად, აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და მიიჩნევს, რომ ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა: მოპასუხის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დადგენილად მიჩნეული ფაქტებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ აკმაყოფილებს დასაქმებულის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბათილად უნდა იქნას ცნობილი დამსაქმებლის ცალმხრივი ნება, დასაქმებული აღდგენილ უნდა იქნას დაკავებულ თანამდებობაზე, ამასთანავე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს _ 2017 წლის თებერვლიდან სასმართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 5 000 ლარის გადახდა, რაც შეეხება 2017 წლის მარტის თვის ხელფასის განმეორებით დაკისრებას, ამ ნაწილში სარჩელი ექვემდებარება უარყოფას.

3. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება:

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წის 4 აპრილის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო დამსაქმებელი კომპანიის საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო ანგარიშს 130 000 ლარის ფარგლებში.

3.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელი, გარდა 2017 წლის მარტის ხელფასის ორჯერ დაკისრების მოთხოვნისა, მიჩნეულ იქნა საფუძვლიანად, პალატა მიიჩნევს, რომ გამოყენებული აღსრულების უზრუნველყოფის ღინისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

4. სასამართლო ხარჯები:

4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მოიხმობს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის საფუძველზეც შრომის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან

4.2. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ნაცვლად 100 ლარისა, გადაიხადა 200 ლარი, შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი 100 ლარი ექვემდებარება დაბრუნებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი). რაც შეეხება ქონებრივი მოთხოვნის ნაწილს, ვინაიდან გათავისუფლებიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდი შეადგენს 3 თვეს, ქონებრივ ნაწილში სარჩელის საგნის ღირებულება (რომლის გადახდისგანაც გათავისუფლებულია მოსარჩელე ბიუჯეტის სასარგებლოდ), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა განისაზღვროს 15 000 ლარით. გარდა ამისა, მოპასუხემ სააპელაციო და საკასაციო განხილვისას ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა 8 550 ლარი. საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მის სასარგებლოდ უკვე გადახდილი თანხის ანგარიშში უნდა დაეკისროს 474,5 ლარი, ხოლო, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ _ 100 ლარი, საბოლოოდ ამ თანხების ურთიერთგაქვითვით მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის წინაშე უნდა განისაზღვროს 374,5 ლარით. ამასთან, ზემოხსენებული წესების შესაბამისად, მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებული იმ თანხის ფარგლებში, რომლის გადახდისგანაც გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 1991, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „ს. ჯ. ე.“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.

3. ა. ზ-ის სარჩელი შპს „ს.“ მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

3.1. ბათილად იქნას ცნობილი შპს „ს.“ გადაწყვეტილება ა. ზ-თან შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ;

3.2. ა. ზ-ი აღდგენილ იქნას შპს „ს.“ მარკეტინგის დეპარტამენტის ... თანამდებობაზე;

3.3. შპს „ს.“ (ს/კ #40447...) ა. ზ-ის (პ/#010070...) სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის, თვეში 5 000 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გამოკლებით) ანაზღაურება 2017 წლის აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2019 წის 4 აპრილის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღინისძიება დარჩეს ძალაში.

5. ა. ზ-ს (პ/#010070..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ა. ქ-ძის მიერ 04.04.2017წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით სარჩელზე გადახდილი 200 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 100 ლარი.

6. ა. ზ-ს (პ/#0100701...) შპს „ს.“ (ს/კ #4044..) სასარგებლოდ დაეკისროს 374,5 ლარის გადახდა.

7. შპს „ს.“ (ს/კ #40447...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 150 ლარის გადახდა.

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი