Facebook Twitter

საქმე №ას-133-2019 4 აპრილი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ა. ზ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ს. ჯ. ე.“ (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაშია შპს „ს. ჯ. ე.“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ ა. ზ-ის სარჩელის გამო, შპს „ს. ჯ. ე.“ მიმართ, შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ა. ზ-მა და მოითხოვა მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. განცხადების თანახმად, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა.ზ-ის სარჩელი შპს „ს. ჯ. ე.“ მიმართ და ბათილად იქნა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ცნობილი, მოპასუხე აღდგა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე და დამსაქმებელს მის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ზემდგომმა სასამართლომ, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერაა გასაჩივრებული საკასაციო წესით. ვინაიდან მოპასუხე გეგმავს მატერიალური აქტივის სხვა კომპანიაში გადატანას, იქმნება საფრთხე, რომ იგი თავს აარიდებს ვალდებულების შესრულებას, შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოში რეგისტრირებულ მოპასუხის ყველა საბანკო ანგარიშზე 130 000 ლარის ფარგლებში ყადაღის დადება. თანხის ოდენობა განმცხადებელმა დაუკავშირა იმას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა 2017 წლის თებერვლისა და მარტის ხელფასის 10 000 ლარის, ასევე, 2017 წლის მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 5 000 ლარის ანაზღაურება. სარჩელის აღძვრიდან განსახილველი შუამდგომლობის წარმოდგენამდე გასული დროის გათვალისწინებით, ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 130 000 ლარს.

საკასაციო სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ს. ჯ. ე.“ გადაწყვეტილება ა. ზ-თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ა. ზ-ი აღდგენილ იქნა შპს „ს. ჯ. ე.“ მარკეტინგის დეპარტამენტის ... თანამდებობაზე, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით 10 000 ლარის გადახდა 2017 წლის თებერვლისა და მარტის თვის საზღაურის, ასევე, 2017 წლის მარტიდან დავის დასრულებამდე ყოველთვიურად 5000 ლარის ანაზღაურება. ამავე სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის განჩინებით მოპასუხის საჩივარი უარყოფილ იქნა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ნოემბრის განჩინებით შპს „ს. ჯ. ე.“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება. საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით შპს „ს. ჯ. ე.“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად (ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც: სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როდესაც ამ ღონისძიების შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოწინააღმდეგე მხარისთვის მიყენებულ ზიანს; რომელიც უშვებს დროებითი მმართველისთვის მასობრივი ინფორმაციის საშუალების სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილებების მინიჭებას). ამავე კოდექსის 191-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე კი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მართლმსაჯულების რეალური განხორციელების ამოცანას ემსახურება და სასამართლოს მიერ ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი სიკეთით კრედიტორის სარგებლობისკენაა მიმართული, რათა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის, მისი ინტერესი მოვალის არაკეთილსინდისიერების გამო არ შეილახოს, ხოლო მართლმსაჯულება ფორმალური არ გახდეს. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მოსარჩელის ინტერესების დაცვის ქმედით, თუმცა დროებით ზომას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ინსტიტუტის გამოყენებისას, ბუნებრივია, შეფასების ობიექტი იმ სამომავლო სიკეთის დაცვაა, რომელიც შედეგად მართლმსაჯულების განხორციელებას უნდა მოჰყვეს, თუმცა, ამავდროულად, გასათვალისწინებელია პროპორცია ამ სიკეთესა და მოპასუხის ინტერესის შეზღუდვას შორის, ანუ სასამართლო უნდა მივიდეს დასკვნამდე, რომ არსებობს სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობები და ამის პარალელურად მოპასუხისათვის დაწესებული შეზღუდვა უნდა იყოს პროპორციული (ამ საკითხის თაობაზე ფართოდ ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო).

წინასწარი სამართალწარმოება [სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება] ევროსასამართლოს განმარტებით, რიგ შემთხვევაში, ექცევა კიდევაც ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლით დაცულ სფეროში. საქმეზე - „მ. მ. წ.“ (საჩივარი N 17056/06) ევროსასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა შემდეგი: იმისათვის, რომ გამოყენებადი იყოს მე-6 მუხლი, მისი „სამოქალაქო“ ნაწილის მხრივ, უნდა არსებობდეს დავა სამოქალაქო უფლების ირგვლივ, რომელიც, თუნდაც სადავო საფუძვლებზე, აღიარებული უნდა იყოს ეროვნული კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, დაცულია თუ არა იგი კონვენციის მიერ. დავა უნდა იყოს ნამდვილი და სერიოზული; იგი შესაძლებელია, ეხებოდეს უფლების არა მარტო რეალურ არსებობას, არამედ მის მასშტაბსა და განხორციელების საშუალებასაც; და ბოლოს, სამართალწარმოების შედეგი უნდა იყოს უშუალოდ გადამწყვეტი განსახილველი უფლებისათვის, უფრო უმნიშვნელო კავშირი ან ზოგადი შედეგები არ არის საკმარისი მე-6 მუხლის 1 ნაწილის გამოსაყენებლად inter alia, Mennitto v. Italy [GC], no. 33804/96, § 23, ECHR 2000 X; და Gülmez v. Turkey, no. 16330/02, § 28, 20 მაისი 2008). იმ კანონმდებლობის ბუნება, რომელიც აწესრიგებს, თუ როგორ უნდა მოხდეს საკითხის განხილვა (სამოქალაქო, სავაჭრო, ადმინისტრაციული თუ სხვა კანონით), ისევე, როგორც ორგანო, რომელსაც აკისრია განხილვის უფლებამოსილება (საერთო სასამართლო, ადმინისტრაციული ორგანო თუ სხვა) ნაკლები მნიშვნელობისაა (იხ. J.S. and A.S. v. Poland, no. 40732/98, § 46, 24 maisi 2005). წინასწარი სამართალწარმოება, მსგავსად დროებითი ღონისძიებებისა, მაგალითად, შემაკავებელი ორდერი, ჩვეულებრივ არ მიიჩნევა სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განმსაზღვრელად და შესაბამისად, არ ხვდება ხოლმე მე-6 მუხლის დაცვის ქვეშ (იხ. inter alia, Wiot v. France, (dec.), no. 43722/98, 15 მარტი 2001; APIS a.s. v. Slovakia, (dec.), no. 39794/98, 13 იანვარი 2002; Verlagsgruppe News GMBH v Austria, (dec.), no. 62763/00, 16 იანვარი 2003; და Libert v Belgium, (dec.), no. 44734/98, 8 ივლისი 2004). აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო მე-6 მუხლს იყენებს მხოლოდ საქმის არსებითი მხარის განხილვისას და არა ამგვარი ღონისძიებების პირველადი მოთხოვნის მომენტიდან (იხ. Jaffredou v. France (dec.), no. 39843/98,15 დეკემბერი 1998, და Kress v. France [GC], no. 39594/98, § 90, ECHR, 2001-VI). მიუხედავად აღნიშნულისა, რიგ საქმეებში, სასამართლოს გამოუყენებია მე-6 მუხლი წინასწარი სამართალწარმოების დროსაც, კერძოდ კი, მათი გადამწყვეტი მნიშვნელობის გამო მომჩივნის სამოქალაქო უფლებების განსაზღვრაზე (იხ. Aerts v. Belgium, 30 ივლისი 1998, Reports 1998-V, და Boca v. Belgium, no. 50615/99, ECHR 2002-IX), მეტიც, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ პრინციპიდან, რომლის მიხედვითაც მე-6 მუხლი არ გამოიყენება წინასწარი სამართალწარმოებისას, გამონაკლისი უნდა გაკეთდეს, როდესაც დროებითი განჩინება გამონაკლისის სახით საჭიროებს განსხვავებულ მიდგომას, რადგანაც მოთხოვნილი ზომა არის რადიკალური, სათანადო ხარისხის არმქონე და აპელაციისას, მისი გაუქმების გარეშე, იგი გავლენას იქონიებს მხარეებზე მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში (იხ. Markass Car Hire Ltd v. Cyprus, (dec.), no. 51591/99, 23 ოქტომბერი 2001).

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იზიარებს შუამდგომლობის ავტორის მითითებას საკასაციო სასამართლოსათვის მომართვის დროისათვის დავის ქონებრივი მოთხოვნის მოცულობის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფის მოთხოვნილი ზომის პროპორციულია და ზედმეტად არ დაავალდებულებს მოვალეს, ასევე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მართლაც გააჩნია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინტერესი, რადგანაც იმ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილება შევა კანონიერ ძალაში, ხოლო, ამ დროისათვის აღარ იარსებებს აღსრულების საშუალება, სამართალწარმოება გაუმართლებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. დასახელებული ნორმების შინაარსიდან, ასევე, ზემოთ განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ზ-ის მოთხოვნა 130 000 ლარის ფარგლებში მოპასუხის ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე იურიდიულად გამართლებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, ამავე კოდექსის 195-ე მუხლის თანახმად, მოცემული განჩინება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განუმარტოს განმცხადებელს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუკი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგება, მოსარჩელეს შესაძლოა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება მოპასუხის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 193-ე, 194-ე, 195-ე, 198-ე, 271-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ზ-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

ყადაღა დაედოს შპს „ს. ჯ. ე.“ (ს/კ #404473...) საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საბანკო ანგარიშს 130 000 ლარის ფარგლებში.

3. განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით გაიცეს სააღსრულებო ფურცელი.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი